ერთმა ბერმა თავისი ლოცვით შეიძლება მრავალი ადამიანი აცხოვნოს
12.08.2005
ღვთისმშობლის შობის სახელობის ბეთანიის მამათა მონასტერი მდინარე ვერეს ტყიან ხეობაში მდებარეობს. როგორც ისტორიკოსი სტეფანოზ ორბელიანი გადმოგვცემს, მონასტერი ჯერ კიდევ XI საუკუნეში არსებობდა როგორც დიდგვაროვან ფეოდალთა საძვალე.
მივიწყებული და გავერანებული ბეთანიის მონასტერი ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა გრიგოლ ორბელიანმა. ეს იყო XIX საუკუნეში, ხოლო XX საუკუნის მიწურულს მონასტრის წინამძღვრის, მღვდელ-მონაზონ სპირიდონისა და სავანის ძმობის ღვაწლით მონასტერი კვლავ ამოქმედდა.
მონასტრის მოვლა-პატრონობას დიდი ღვაწლი დასდეს ბერებმა - არქიმანდრიტმა იოანემ (მაისურაძემ) და არქიმანდრიტმა გიორგიმ, დიდ სქემაში - იოანემ (მხეიძემ). ისინი XX საუკუნის 30-იანი წლებიდან 60-იანი წლების დასაწყისამდე იღვწოდნენ მონასტერში და სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ მას.
2003 წლიდან, საქართველოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მამა გიორგი და მამა იოანე წმინდანებად შერაცხეს. მათი ხსენების დღედ დადგინდა ბეთანიობა - ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, 21(8) სექტემბერი.
1963-1978 წლებში მონასტერი უმოქმედო იყო. 1978 წელს უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი კვლავ ამოქმედდა.
ბეთანიაში სამონასტრო ცხოვრება დღესაც გრძელდება. იქაური მამები წინაპრების დანატოვარს სათუთად უფრთხილდებიან. კარგად იციან, რა დიდი მადლი დატოვეს წმინდა მამებმა და იქ მისულ მომლოცველებს ამაზე უყვებიან.
ვინც ბეთანიაში ხშირად დადის, მისთვის უცხო არ არის, რა რთულია მონასტრამდე მისვლა. უგზოობის გამო სასურველ ადგილამდე ტრანსპორტით მისვლა შეუძლებელია. თუმცა, როგორც მამა იაკობისგან გავიგეთ, მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ საბას (კუჭავას) ძალისხმევით, გზის შეკეთება მიმდინარეობს და მალე იქ მისვლა აღარ გაჭირდება; ხოლო თუ გზასთან ერთად შუქის საქმეც მოგვარდება, ბეთანიელი მამებისთვის ეს დიდად სასიხარულო იქნება.
მონასტერში ამჟამად თორმეტი წევრი ცხოვრობს, მათთან ერთად არიან სამორჩილეებიც, ისეთებიც, ვინც მონასტრულ ცხოვრებასთან ერთად, პირველ რიგში, საკუთარი თავის შესწავლას ცდილობს.
ბეთანიაში ლოცვა დილის სამ საათზე იწყება. დასვენების შემდეგ მონასტრის თითოეული წევრი პირად კანონს ასრულებს. ყველას თავისი მორჩილება აქვს. ხატების, ჯვრების, სანთლების გაკეთებასთან ერთად მამები სამეურნეო საქმიანობასაც ეწევიან.
მღვდელ-მონაზონი იაკობი (ბანძელაძე) ბეთანიის მონასტერში კარგა ხანია მსახურობს. სამონასტრო ცხოვრებაზე საუბარი მას ვთხოვეთ:
- ბეთანიის სავანეში, ისევე როგორც ყველა მონასტერში, განსაკუთრებული მადლი ტრიალებს. მონასტერში ადამიანი ღვთის სიყვარულით მიდის, საკუთარ თავთან განმარტოებული რჩება ღვთის წინაშე და მისი გონება მხოლოდ ღვთის სათნო საქმეებით არის დაკავებული. მონაზვნობა განმარტოებაა - საუბარი საკუთარ თავთან და ღმერთთან; აქედან გამომდინარე, ამ მარტოობის საჭიროების გარეშე დარღვევა მონაზვნობის აღთქმის დარღვევა იქნებოდა. ამიტომ მონაზვნური ცხოვრების კეთილგონიერი წინამძღვრები და მასწავლებლები განსაკუთრებით ასწავლიან და არწმუნებენ მონაზვნად აღკვეცილებს განმარტოებით ყოფნას, უჩვენებენ, ერთი მხრივ, ამ განმარტოების მადლიან ნაყოფს და მეორე მხრივ - მისი დარღვევის ცუდ შედეგებს. ვმოღვაწეობთ, ვმარხულობთ და ცხოვრებაში ბევრ რამეზე ვამბობთ უარს, რათა სასუფევლის ნეტარების ღირსი გავხდეთ. მონასტერში ადამიანის შინაგანი ფერისცვალება უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ერისკაცის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ერშიც არიან ისეთები, ვინც მართალი და ღვთივსათნო საქმეებით ცხოვრობს. მაგრამ მონასტერი მაინც განსაკუთრებული ცხოვრების ფორმაა. პირადად მე მის განსაკუთრებულობას არ მოვუხიბლივარ. ეს მდგომარეობა მე თითქოს უფრო მაახლოებდა ღმერთს. თითქოს ჩემი ადგილი აქ იყო. მშობლიურმა განცდამ მომიყვანა მონასტერში და არა რაღაც განსაკუთრებულმა შემთხვევამ.
- რა უნდა იცოდეს მონასტერში მიმავალმა ადამიანმა?
- მთავარია, იგი ეძებდეს უფალს. და თუ ეძებს, მიაგნებს კიდეც. როცა ადამიანი დაუფიქრდება ამქვეყნად მოსვლის მიზანს, მერე უკვე თავის ადგილს ეძებს ცხოვრებაში, უფლის ძიებაშია. ხვდება, რომ ღვთისთვის ორი რამ არის სათნო - ქალწულება და ოჯახის შექმნა. შესაბამისად, მათ შორის არჩევანს აკეთებს და თავისი ცხოვრების გზას ირჩევს. აუცილებელი როდია, ადამიანმა მონასტრულად იცხოვროს, შეიძლება შეუღლდეს კიდეც. ის თავად გრძნობს, სად არის მისი ადგილი. თითქოს უფალი მის გულს ხედავს და მოუწოდებს, სად წავიდეს. ადამიანი სხვისი მითითებით და რჩევით ვერ წავა მონასტერში. აქ რომ გაჩერდეს, ღვთის სიყვარული უნდა ჰქონდეს. ვიღაცის გასამწარებლად და ჭკუის სასწავლებლად ამ ნაბიჯს ვერ გადადგამს. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, - ვისაც არ გაუსიგრძეგანებია, რამხელა მადლია ოჯახი - მეუღლეობა, ის ქალწულების ფასს ვერასოდეს გაიგებსო. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა უფალი იპოვოს და მონასტერში წავიდეს. ვინც მონასტერში წასვლას აპირებს, მის სულში დიდი ფერისცვალების პროცესი მიმდინარეობს.
- როგორ ფიქრობთ, ვისთვის ცხოვრობენ ბერები მონასტერში?
- ბერი, უპირველესად, თავისი სულის საცხონებლად ცხოვრობს. ამავე დროს, შეიძლება ერთმა ბერმა თავისი ლოცვით მრავალი ადამიანი აცხონოს. ზოგადად, ბერის ცხოვრება არის ღვთისა და ერის სამსახურში ყოფნა. საქართველოში ბერ-მონაზვნები ყოველთვის ერის რჩეული ნაწილი იყო. შაჰ-აბასის დროს, როცა ქვეყანას ყველანაირად უჭირდა, ექვსი ათასი მოწამე ბერი ჰყავდა, ბერები, რომლებიც დავითგარეჯში ერთ ღამეში დაგვიხოცეს. ახლა, ჩვენი პატრიარქით რომ დავიწყოთ, მხოლოდ სამასი ბერი თუ გვეყოლება. ქვეყანაში როცა სულიერების დეფიციტია, რაოდენობას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდეს. თუნდაც უღირსი იყოს ადამიანი თავის მსახურებაში, ის მაინც ბერია. რადგან მისი უღირსობა მისივე სისუსტეებიდან გამომდინარეობს, უფალი მას განწმენდს და შეიძლება მთელი ერის მაკურნებელიც კი გახადოს. ერის შვილები ვართ ყველანი და ერთი მიზანი უნდა გვქონდეს - ჩვენი შრომა და ღვაწლი ქვეყანას მოვახმაროთ.
- მონასტერში ცხოვრების დროს თუ არის შინაგანი ბრძოლები?
- თუ ცოდვა არ დატოვა ადამიანმა, მას შინაგანი ბრძოლები სულ ექნება. შინაგანი ბრძოლა არის ბოროტ სულთან შებრძოლება, რომელიც ცოდვას უკვე აზრებში სთავაზობს. შინაგანი ბრძოლები არასწორი შინაგანი ცხოვრების ბრალია. თუ ადამიანი მორჩილია, ცდილობს თავისი სულიერი მდგომარეობა გამოამზეუროს მოძღვრის წინაშე. "უფალი მზე ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?" უფალი მეფობს, რისი უნდა გვეშინოდეს? მთავარია ღვთის ნებას დავემორჩილოთ.
- მამა იაკობ, თქვენ როგორ დაიწყეთ სულიერი ცხოვრება?
- ჩემი სულიერი მოძღვარი ერისკაცობიდან დღემდე არის არქიმანდრიტი საბა. მაშინ სამთავროს დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარი გახლდათ, სვეტიცხოველში ცხოვრობდა. როცა სასულიერო გზა ავირჩიე, მასთან მივედი. მამა საბამ და ახლანდელმა შემოქმედის ეპისკოპოსმა იოსებმა, რომელიც იმ დროს სვეტიცხოვლის არქიმანდრიტი იყო, სასულიერო ცხოვრების გზაზე კურთხევა მომცეს. 22 წლის ვიყავი, როცა სვეტიცხოველში მორჩილად წავედი. მერე, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ამავე ტაძრის მოძღვარმა მამა იოაკიმემ და მამა საბამ ბერად აღმკვეცეს. რამდენიმე თვეში მამა საბა სვეტიცხოვლიდან მარტყოფის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, მერე - ბეთანიაში, ბეთანიიდან კიდევ გაგრძელდა ეს მოძრაობა. ვიყავი ზედაზენზეც, მახათას მთაზეც. მერე ისევ ბეთანიაში დავბრუნდი. ასე ინება უფალმა და ასე მაკურთხა ჩემმა მოძღვარმა. ბეთანიაში 1997 წლიდან ვარ.
- მანამდე რას აკეთებდით?
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ეტყობა, მაშინ ძიების პროცესში ვიყავი, ფიზიკის საგნის სიმშრალემ არ დამაკმაყოფილა. მერე ფილოსოფიურზე გადავიტანე საბუთები. ბოლოს კი მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო. ყველაფერი დავტოვე და მონასტერში წავედი.
- ოჯახმა როგორ მიიღო თქვენი გადაწყვეტილება?
- რა თქმა უნდა, სიხარულით არ შეხვედრია. ყველა მშობელს უნდა, რომ შვილიშვილი ნახოს, შვილის გვერდით ცხოვრობდეს. პირველად ისე დაიბნენ ჩემი მშობლები, ისიც არ იცოდნენ, პროტესტი როგორი ფორმით გამოეხატათ. ქვეცნობიერად უფლის ეშინოდათ. პავლე მოციქული ამბობს: "თქვენ ამ სოფლისანი არ ხართ. ამ სოფლის რომ იყოთ, სოფელი შეგიყვარებდათ, მე გამოგარჩიეთო".
მერე ჩემი მშობლები მაზიარებლებიც გახდნენ.
მონასტერში ჩემი წასვლა მამაჩემმა ისე განიცადა, რომ წვერიც კი მოუშვა - შვილი მომიკვდა და მისი საფლავიც არა მაქვს, რომ დავიტიროო, ვიდრე ჩემთან არ გადმოვასვენებ, წვერს არ გავიპარსავო. როცა სასულიერო გზა ავირჩიე, მამა სულ შეიცვალა. მორწმუნე კაცმა გულიდან ჯვარიც მოიხსნა - ისეთ წინააღმდეგობაში ჩავარდა; მაგრამ, მადლობა ღმერთს, სიცოცხლის ბოლომდე აღმსარებელი იყო.
- მამა იაკობ, ბეთანიის წმინდა მამების - მამა იოანესა და მამა გიორგის შესახებ გვიამბეთ...
- ბეთანიის მონასტრის წინამძღვარი მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე), ბოლო პერიოდის წმინდანები არიან. მამა გიორგი მამა გაბრიელის (ურგებაძის) სულიერი მოძღვარი იყო. კომუნისტების დროს შემორჩენილი ერთ-ერთი ბერი იყო, რომელმაც რწმენისთვის მრავალი ტანჯვა-წამება გადაიტანა. ის რამდენიმე წელი მოღვაწეობდა იერუსალიმში და ამ მხრივაც სათანადო გამოცდილება და სულიერება შეიძინა. ბოლოს ბეთანიაში დაბრუნდა მამა იოანესთან ერთად, რათა საქართველოში ბერ-მონაზვნობა არ გამქრალიყო.
მამა იოანე კი 1907-1908 წლებში ათონის მთაზე წავიდა და იქ აღკვეცეს ბერად. ათონზე მან 15 წელი დაჰყო. 1922 წელს დაბრუნდა საქართველოში და მოღვაწეობას ბეთანიის მონასტერში შეუდგა. იგი ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა საქართველოში ბერ-მონაზვნური ცხოვრება გადაერჩინა.
მამა იოანე 1956 წელს გარდაიცვალა, მამა გიორგი - 5 წლის შემდეგ. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იგი დიდ სქემაში აღიკვეცა თავისი სულიერი ძმის იოანეს სახელით. ისინი ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს გვერდიგვერდ განისვენებენ.
მათი მადლი მუდამ ტრიალებს ბეთანიის მონასტერში. მადლობა უფალს, რომ მათი ლოცვით, დედა ღვთისმშობლის შეწევნით ბერმონაზვნობის ტრადიცია გრძელდება.
ბეთანიაში შემორჩენილია ერთ-ერთი მათგანის იღუმენის ვერცხლისფერი გულსაკიდი ჯვარი. მათი ხელით ჩაყრილი ვენახიც ხარობს, რომელსაც სათუთად ვუვლით.
მამა გიორგის და მამა იოანეს უთქვამთ, რომ გარდაცვალების შემდეგ ბეთანიაში დავრჩებით და მუდამ აქ ვიტრიალებთო. აღსრულდა სასწაული, რომელიც მამა გაბრიელმა საკუთარი თვალით იხილა: ერთ დღეს, როცა ბეთანიის გუმბათი სკებიდან გამოსული ფუტკრით იყო დაფარული, გაბრიელს იქ მყოფთათვის უთქვამს, მამა გიორგის და მამა იოანეს სთხოვეთ დახმარებაო. ამის თქმა იყო და ყველა ფუტკარი თავის სკას დაუბრუნდა.