ძამის ხეობაში წმინდა ათანასე დიდის სახელობის ქართის მამათა მონასტერი მოვილოცე. მართლაცდა საოცარი და ყველასთვის ვერმისაწვდომი ადგილი ვიხილე. მონასტერში მისვლამდე ძნელი გზის გავლა მოგვიწია. ოკრობოკრო, აღმართდაღმართიანი ადგილების გარდა, მდინარე ძამის პატარ-პატარა შენაკადების გაშხაფუნებაც დაგვჭირდა. წმინდა ათანასეს მონასტერში შესვლისთანავე დაძაბულობაც გვეხსნება და მადლით ვივსებით. მონასტრის წინამძღვარი სქემმღვდელმონაზონი ისიდორე (ოქროპირიძე) შემოგვეგება. ლოცვა-კურთხევის და მისალმების შემდეგ მოძღვარი წმინდა ათანასეს ტაძრის მოსალოცად წაგვიძღვა. "კარიბჭისთვის" საუბარი ვთხოვე. ამხელა გზაგამოვლილს უარი ვეღარ მითხრა.
- ჩემი წინაპარი წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძე გახლდათ და ვფიქრობ, მისი მეოხებით უფალმა მადლი დაუშვა და გამომირჩია. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.
ისე მოხდა, რომ 18 წლის ასაკში დამაპატიმრეს. უნებლიეთ ავცდი გზას. რვა წელი მომისაჯეს. ხუთი წლის შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე, ეკლესიური ცხოვრება დამეწყო და ამ გზიდან არასდროს გადამეხვია. ეს აზრი მძიმე განსაცდელებმაც კი ვერ გადამაფიქრებინა. ეკლესიაში დავიწყე სიარული. უდიდესი სიმშვიდე შევიგრძენი, თითქოს თავიდან დავიბადე. მაშინ ციხეში დადიოდა ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი, მამა ზაქარია გოჩიტაშვილი. ის გახლდათ ჩემი პირველი მოძღვარი და სწორ გზაზე დამყენებელი. მონათლულიც არ ვიყავი მაშინ და მან მომნათლა ციხეში. მერე მითხრა, წირვა-ლოცვები ჩავატაროთო. მომიტანა წიგნები და დავიწყე ძველი ქართულის შესწავლა. მივეჩვიე ლოცვების კითხვას. ეკლესიის გარდა ვერსად ვნახულობდი სიმშვიდეს. უფალმა ჩემზე უდიდესი წყალობა დაუშვა და შემიწყალეს. პატიმრობისას ჯანმრთელობაც შემერყა და თვეობით მკურნალობა დამჭირდა. მოხუც მშობლებს პატრონობა სჭირდებოდათ და მუშაობაც დავიწყე. მოძღვრებიც აღარ მირჩევდნენ ერის დატოვებას და მონასტერში წასვლას. წელიწადნახევარი ვიცხოვრე მშობლებთან. მერე გაუსაძლისი გახდა ერში ცხოვრება და წამოვედი მონასტერში. ქოზიფას მამათა მონასტერში გავიცანი მამა შიო (ხარძეიშვილი) და დავრწმუნდი, რომ მონასტერში გავძლებდი. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, თითქმის ერთი წელი ვიცხოვრე ქოზიფაში. ახლა ვხვდები, რამხელა ამაგი მიუძღვის მამა შიოს ჩემს სულიერად ჩამოყალიბებაში. ღმერთმა ისე წარმართა ჩემი ცხოვრება, რომ მორჩილებაშიც მამა შიოსთან ვიყავი. დიაკვნადაც მამა შიოსთან ვმსახურობდი. მღვდლობაშიც ორმოცი დღე მის გვერდით ვიყავი. ღმერთმა ყველანაირად შემიწყო ხელი, რომ მამა შიოსგან ყოველგვარი სიკეთე შემეთვისებინა. მუდამ სიმყუდროვეს ვეძებდი, რაც მონასტერში ვიპოვე.
მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, დღეს ძამის ხეობაში წმინდა ათანასე ალექსანდრიელის სახელობის ქართის მამათა მონასტრის წინამძღვარი ვარ. ძალიან შევეჩვიე აქაურობას. მყუდრო და მადლიანი ადგილია. ეს ხის ტაძარი არქიმანდრიტის, მამა ზაბულონის (გელაშვილი) დახმარებით აშენდა. მამა ზაბულონის დიდი სურვილი გახლდათ, რომ ტაძარი წმინდა ათანასე დიდის სახელზე აეგოთ. მეუფის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ათანასეს ტაძარი აშენდა.
წმინდა ათანასეს მშობლები ქრისტიანები იყვნენ. ალექსანდრიაში გამორჩეული მდგომარეობა ჰქონდათ, მიუხედავად ამისა, ღარიბები გახლდნენ. წმინდა ათანასემ კარგი განათლება მიიღო. სრულად შეისწავლა საღმრთო წერილი. მისი ბავშვობის პერიოდიდან შემოგვრჩა ისტორიკოს რუფინუსის მიერ მოთხრობილი ამბავი: ერთხელ ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსმა ალექსანდრემ ფანჯრიდან ზღვის ნაპირას მოთამაშე ბავშვები დაინახა. ერთი მათგანი, ათანასე, ეპისკოპოსს განასახიერებდა და თანატოლ წარმართ ბავშვებს ნათლავდა. მთავარეპისკოპოსმა ბავშვებს უხმო და გამოჰკითხა, რას აკეთებდნენ. ბოლოს ნათლობა ჭეშმარიტად აღიარა და მხოლოდ მირონცხების ჩატარება ბრძანა, წმინდა ათანასე კი თავისთან დაიტოვა და შემდეგ გადამწერლად და მდივნად გაიხადა. წმინდა კირილე ალექსანდრიელი წმინდა ათანასეს ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ წერს, რომ "იგი აღიზარდა, როგორც სამოელი უფლის კარავთან".
წმინდა მთავარეპისკოპოსმა ალექსანდრემ წმინდა ათანასე ჯერ დიაკვნად, მერე კი მთავარდიაკვნად აკურთხა. ამ დროს, ანუ 319 წელს, 23 წლის წმინდანმა დაწერა თავისი პირველი საღვთისმეტყველო თხზულებები: "წარმართთა წინააღმდეგ" და "განხორციელებისათვის".
325 წელს საეკლესიო შუღლით შეფიქრიანებულმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ქალაქ ნიკეაში მოიწვია იმდროინდელი მსოფლიოს მრავალი ეპისკოპოსი, სულ 318 მამა. მათ შორის იყვნენ აღმსარებლები, რომლებმაც ქრისტესთვის წამება დაითმინეს - პაფნუტი, თებაიდის ეპისკოპოსი, წამების დროს ცალი თვალი ამოსთხარეს და ფეხებზე ძარღვები დააჭრეს; პავლე, მესოპოტამიის ეპისკოპოსი, რომელიც აკურთხებდა ნელ ცეცხლზე ნახევრად დამწვარი ხელით; პოტამონი, ჰერაკლიელი ეპისკოპოსი, რომელიც უდაბნოში ჩაკეტეს დევნის დროს, რომ სიცხისგან ჩამომხმარიყო; მღვდელმთავარი იაკობ ნაზიბიელი, თხის ტყავით შემოსილი, გარეგნობითა და ცხოვრების წესით იოანე ნათლისმცემელს რომ მოგაგონებდათ; წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი, საკვირველმოქმედი, რომელიც დავით წინასწარმეტყველის მსგავსად უბრალო მწყემსობიდან აიყვანეს ეპისკოპოსის კათედრაზე. აქ იყვნენ მიტროპოლიტი იოანე შორეული ინდოეთიდან და ქერათმიანი გერმანელი თეოფილე, უფლილას მასწავლებელი და წმინდა დიდმოწამე ნიკიტას მეგობარი. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, აქ იყო მღვდელმთავარი ნიკოლოზი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, რომლის შესახებაც წმინდა ათანასე შემდეგ წერდა: "ეს იყო მთელი ქვეყნისათვის ცნობილი, აბრაამის მსგავსი მოხუცი, კაცი წმინდა სახელითაც და ცხოვრების წესითაც". ჭეშმარიტად წმინდანთა საკრებულო იყო, ამას ეკლესიაც ადასტურებს, რომელიც ამ კრების მამებს უწოდებს "პირველი მსოფლიო კრების წმინდა და ღმერთშემოსილ მამებს".
მთავარდიაკვანი წმინდა ათანასე კრებაში მონაწილეობდა როგორც ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის ალექსანდრეს მდივანი. კრება გაიხსნა 325 წლის 5 ივლისს, ლიკონიუსზე კონსტანტინეს გამარჯვების წლისთავზე. ამ გამარჯვების წყალობით ქრისტიანობამ საბოლოოდ დაძლია წარმართობა რომის იმპერიაში. კრების ყველა მონაწილემ იმპერატორის სასახლის მთავარ დარბაზში მოიყარა თავი. მღვდლები, დიაკვნები და ერისკაცები კედლებთან განლაგებულ სკამებზე ისხდნენ, ეპისკოპოსები - ამ სკამების წინ, ცალ-ცალკე, სავარძლებში. დარბაზის შუაგულში დიდებული ტახტი იდგა და ზედ ესვენა სახარება, იმის ნიშნად, რომ კრებას ხილულად ესწრებოდა თვით იესო ქრისტე. დარბაზის ბოლოს იმპერატორის სავარძელი იდგა. კრება უსიტყვოდ ელოდა მას. ბოლოს იმპერატორის დაახლოებული პირები გამოჩნდნენ, დარბაზში მხოლოდ ისინი შემოვიდნენ, ვისაც უკვე მიეღო ქრისტიანობა. დიდებულებს მოჰყვა თვით იმპერატორი კონსტანტინე, ბრწყინვალედ შემოსილი. მაგრამ ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ შეხვედრისას ეპისკოპოსები კი არ შეკრთნენ მეფის ბრწყინვალების მხილველნი, არამედ შეკრთა იგი, პირველი ქრისტიანი მეფე, რამეთუ ეპისკოპოსები სახით იხილა.
კრების მთავარი მიზანი იყო, სარწმუნოების განსაზღვრების დადგენა, რომელიც იქნებოდა სიმბოლო ანუ ნიშანი სარწმუნოებისა.
კესარიის მთავარეპისკოპოსმა ევსებიმ, რომელსაც იმპერატორი პატივს სცემდა, კრებას შესთავაზა მთელი ქრისტიანული ეკლესიის სიმბოლოდ მიეღო კესარიის ეკლესიის სიმბოლო, რომელიც ღაღადებს: "გვწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ხილულთა ყოველთა და არახილულთა, და ერთი უფალი იესო ქრისტე, სიტყვა ღმრთისა, ღმერთი ღმრთისაგან, ნათელი ნათლისაგან, ცხოვრება ცხოვრებისაგან, ძე მხოლოდშობილი, რომლისაგან ყოველი შეიქმნა, ჩვენისა ცხოვრებისათვის ხორცნი შეისხნა".
ახალგაზრდა მთავარდიაკონი ათანასე თავისი მთავარეპისკოპოსის პირით აყენებს წინადადებას, რომ ევსების მიერ შემოთავაზებულ ფორმულას დაუმატონ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება: "ერთარსი მამისა". იმპერატორიცა და კრების ხელმძღვანელიც, აკორდოვის მთავარეპისკოპოსი ოსია, დაეთანხმნენ ამ დამატებას და იგი შეიტანეს სარწმუნოების სიმბოლოში, რასაც კრების მონაწილეთა უმეტესობა სიხარულით შეხვდა. იმ დროიდან მოყოლებული ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე სიტყვები "ერთარსი მამისა" არის მართლმადიდებლობის ძირითადი ნიშანი, მახვილი, რომლითაც მთელი შემდეგი საუკუნის მანძილზე მართლმადიდებლები არიოზის მომხრეთა ყველა მზაკვრობას სძლევდნენ.
პირველი მსოფლიო კრების დამთავრები წლის თავზე წმინდა მთავარეპისკოპოსი ალექსანდრე გარდაიცვალა და მის ადგილას ალექსანდრიის ეკლესიამ აირჩია წმინდა ათანასე, რომელიც 30 წლის გახლდათ. 46 წელი დაჰყო წმინდა ათანასემ ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსად და, გრიგოლ ღვთისმეტყველის თქმით, იყო "მთელი მსოფლიო ეკლესიის წინამძღოლი".
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა დაგვიტოვა ათანასე დიდის ყველაზე სრული აღწერა: "ენერგიული და ამავე დროს ტაქტითა და გონიერებით სავსე, მკაცრი და თანაგრძნობით გამსჭვალული, დიდებული, ღირსეული, გენიალურობითა და მახვილგონიერებით გამორჩეული. იგი თავისი მაღალი მდგომარეობით სარგებლობდა ყოველგვარი თავმოწონების გარეშე, სუსტებთან ფაქიზი იყო, მოგზაურებთან - სტუმართმოყვარე, მთხოვნელებთან - კეთილი, ყველასათვის მისაწვდომი, მრისხანებაში - სულგრძელი, სასიამოვნო საუბარი ჰქონდა, სარწმუნო სიტყვა, იყო საქმეში დაუღალავი, ღვთისმსახურებაში - მოშურნე".
წმინდა ათანასემ პახომი დიდის მიერ ჩამოყალიბებული მონასტრის ძმობის წევრები ნახა. თვით ღირსი პახომი დამხვდურთა შორის იყო, მაგრამ ეშინოდა, მთავარეპისკოპოსმა მღვდლად არ მაკურთხოსო და ამიტომ სხვა მონაზვნებს შეერია. მხოლოდ მღვდელმთავრის გამგზავრების წინ გამოეყო მათ, თვალებში შეხედა წმინდა ათანასეს და წინასწარმეტყველურად წარმოთქვა: "ესაა ღმერთის კაცი, რომელსაც მრავალი ჭირის დათმენა მოუწევს ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის".
მაშინ წმინდა ათანასეს მოწინააღმდეგეებმა ახალი ბრალდება წაუყენეს: მკვლელობა და ჯადოქრობა. თითქოსდა მან მოკლა არსენი, ოფსელსის ეპისკოპოსი, ხელი მოჰკვეთა და ამ ხელით ათასგვარ ჯადოქრობას ეწეოდა.
რაკი დაინახეს, რომ ეს ბრალდებაც დაირღვა, არიოზის მომხრეებმა ახალი მოიფიქრეს: წმინდა ათანასეს დასწამეს, თითქოს იმუქრებოდა, რომ ალექსანდრიიდან პურით დატვირთულ ხომალდებს არ გაუშვებდა კონსტანტინოპოლისკენ. თუმცა კონსტანტინე დიდს კარგად ესმოდა, რომ ესეც ცრუ ბრალდება იყო, ვნებათა ღელვის დასაცხრობად წმინდა ათანასე გადაასახლა ქალაქ ცრევში (ამჟამად ტრირი), რომელიც მაშინ რომის გალიის დედაქალაქი იყო.
ტრირში წმინდა ათანასე ორწელიწადნახევარი დარჩა. 337 წელს გარდაიცვალა იმპერატორი კონსტანტინე. წმინდა ათანასე თავის კათედრაზე აღადგინეს.
მღვდელმთავარი სახლიდან გავიდა და ნავში ჩაჯდა, რათა ნილოსის ზედაწელში მდებარე თავშესაფარს დაბრუნებოდა.
ალექსანდრიის მმართველმა, იმპერატორის ბრძანებით, მდევრები დაადევნა წმინდა ათანასეს. ისინი წამოეწივნენ მღვდელმთავარს. მაშინ წმინდა ათანასემ ბრძანა, უკან დაბრუნებულიყვნენ და მდევრის შესახვედრად გაეცურათ. როდესაც ნავები ერთმანეთს გაუსწორდნენ, მდევრებმა ჰკითხეს, - ათანასე ხომ არ გინახავთო. "იგი სადღაც ახლოსაა", - მშვიდად მიუგო მთავარეპისკოპოსმა და ნავები დაშორდნენ. წმინდა ათანასე თებაიდაში წავიდა. ნილოსის ნაპირზე მას შეხვდა უამრავი მონაზონი ჩირაღდნებით ხელში, რომელთაც წინ უძღოდა წმინდა პახომი დიდის მემკვიდრე, წმინდა თეოდორე, ტაბენისიოტის მონასტრის წინამძღვარი.
წმინდა ათანასე ერთხანს მათთან ცხოვრობდა. წმინდა განდეგილთა შესახებ იგი ამბობდა: "ეკლესიის ნამდვილი მამები მე კი არა, ესენი არიან, ვინც თავისი თავი მთლიანად სიმდაბლესა და მორჩილებას მიუძღვნა".
გამომშვიდობებისას წმინდა თეოდორემ სთხოვა წმინდა ათანასეს: "შენს წმინდა ლოცვებში მოგვიხსენიე, ამბა!" პასუხად ათანასემ მხურვალედ მიუგო: "უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ!"
370 წელს კესარიის კათედრაზე ავიდა მთავარეპისკოპოსი ბასილი დიდი და წმინდა ათანასემ უმალ დაინახა მასში თავისი ღირსეული ძმა. ამ დროიდან წმინდა ათანასე უკვე აღარ იყო მარტო.
წმინდა ათანასე გარდაიცვალა 373 წლის 2 მაისს. სიცოცხლეშივე აკურთხა მემკვიდრედ ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის კათედრაზე თავისი მეგობარი, პრესვიტერი პეტრე.
წმინდა მღვდელმთავარ ათანასეს ხსენება წელიწადში ორჯერაა - მისი გარდაცვალების დღეს - 2 მაისს და 18 იანვარს, მღვდელმთავარ კირილე ალექსანდრიელთან ერთად.
სახელი "ქართა" მონასტერს მამა ზაქარია ძინძიბაძემ დაარქვა. ქართა - ძველი ქართული სიტყვაა და ანგელოზების ადგილსამყოფელს ნიშნავს.
პირველად მამა ზაქარია ძინძიბაძემ დაიწყო ამ ადგილას მშენებლობა. მან აღმოაჩინა ეს ადგილი. თავიდან აქ უღრანი ტყე იყო. გასუფთავების შემდეგ ხის სახლი ჩადგეს და აქ ხალხი ცხოვრობდა თითქმის წელიწადზე მეტხანს. მერე მამა ზაქარიამ ეს ტერიტორია მეუფე იობს გადმოაბარა. თავიდან მონასტერს მამა მაკარი (ჯალაბაძე) წინამძღვრობდა. ერთი წლის შემდეგ მე მოვედი. ყველაზე დიდხანს მე მომიწია ქართაში მოღვაწეობა. ასეთი სიმშვიდე და კმაყოფილება სხვაგან არ მიგრძნია. თუ ღვთის ნება და მეუფის ლოცვა-კურთხევა იქნება, სურვილიც არ მაქვს სხვაგან გადასვლისა. ერთი სული მაქვს, აქ მონასტრის წევრებისა და სტუმრებისთვის საცხოვრებელი პირობები გავაუმჯობესო. ჭირს აქ ამოსვლა უგზოობის გამო. ღმერთის წყალობით, მალე მოწესრიგდება ჩვენთანაც სამონასტრო ცხოვრება. მადლობა ღმერთს, რომ თანდათან წინ მიდის ჩვენი მონასტრის ცხოვრება. ამჟამად მონასტერში ცხოვრობს ბერი კირიონი და მორჩილი გენადი. სტუმრებიც გვყავს. მონასტერი თავისი ტიბიკონით ცხოვრობს. ფიზიკურადაც ბევრს ვშრომობთ.
უფალი თავის მოციქულებს ეუბნება: თქვენ კი არ გამომირჩიეთ, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენო. მონასტერში ცხოვრება გაცილებით მძიმედ წარმომედგინა. მონასტერში წასვლა ჩვენი ნებით არ ხდება. ღმერთი აძლევს ადამიანს ძალას წავიდეს მონასტერში. ჩემს შემთხვევაში ისე მოხდა, რომ უფალს თავად მივყავდი თავისთან. მწამდა რომ ღმერთის წყალობით შევძლებდი ბერულ ცხოვრებას. ბერობა შინაგანი, გულის აზრების განწმენდაა. ყოველწუთს ღმერთს უნდა ესაუბრებოდეს ბერი და ამქვეყნიურ საზრუნავებში არ ჩაებას. ერის ხალხთან ხშირი ურთიერთობაც თავისებურად უარყოფითად მოქმედებს. მონასტერში დაბრუნების შემდეგ ისევ სიმშვიდე ისადგურებს სულში. მერე ლოცვის ძალაც გეძლევა. ღმერთის წყალობით მოვა დრო, როცა დალაგდება ჩვენი მონასტრები და შედარებით უკეთ ვიცხოვრებთ.
ერის ხალხისთვის სხვა რამეა საზრუნავი, ბერისთვის სულ სხვა. მონასტრის საზრუნავი ძირითადად მშენებლობაა. ლოცვითა და შრომით ადამიანი წინ მიდის. ხომ იცით, ნავი ერთი ნიჩბით წინ ვერ წავა, ორი ნიჩაბი თანაბრად უნდა მოუსვაო. ასეა ადამიანიც, თუ ზომიერად არ იშრომა და ილოცა, წინ ვერ წავა. მომეტებული შრომა სულიერ მდგომარეობაზე აისახება. მომეტებული ლოცვაც ცუდად მოქმედებს სულიერ მდგომარეობაზე. ვფიქრობ, რომ ღმერთზე მინდობით და თავმდაბლობით უნდა იცხოვრონ ერშიც და ბერშიც ადამიანებმა. რაც არ უნდა გავაკეთოთ, ის არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ყოველივე ჩვენით კეთდება. უფლის ნების გარეშე ხომ არაფერი ხდება. მადლობა უნდა ვუთხრათ უფალს, რომ კარგი საქმის თანაზიარნი ვხდებით. თუ ასე იცხოვრებს ადამიანი, მისი ცხოვრება კეთილად წარიმართება.
ღმერთმა დაგლოცოთ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ნამდვილად არ ველოდებოდი "კარიბჭის" სტუმრობას ჩვენს მონასტერში. რაც მეტ მონასტერს გაიცნობს მკითხველი, მით უკეთესი იქნება სულიერი ცხოვრების გასაძლიერებლად. იქნებ მონაზვნობის სურვილიც კი გაუჩნდეთ.