თბილისის ის ადგილი, სადაც წმინდა აბო აწამეს და შემდეგ მისი ნეშტი დაწვეს, არის ერთ-ერთი ვიწრო ადგილი აღმოსავლეთ-დასავლეთ საქარავნო გზაზე.
ნარიყალის და მეტეხის ციტადელები კარიბჭესავით არიან აღმართული და კეტავენ ქალაქს. ღვთის განგებით, წმინდა აბო თბილელმა სულიერი ზღუდე აღუმართა დედაქალაქს. მტკვრის ერთ მხარეს, ნარიყალის ციხესთან, წმინდა აბოს თავი მოჰკვეთეს, ხოლო დაწვეს მოპირდაპირე მხარეს, მეტეხთან, სადაც სასწაული გამოვლინდა. იმ დღიდან ამ ადგილმა შეიძინა კურნების მადლი, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს, თუკი რწმენით მივეახლებით მას. ამიტომაც არის წმინდა აბო თბილისის მფარველი.
არსებობს გადმოცემა, რომ შორეულ წარსულში ყოველ წელს, აბო თბილელის ხსენების დღეს (21 იანვარს), მისი ძვლები ამოიწეოდა მტკვრის ზედაპირზე და შემდეგ ისევ უჩინარდებოდა. სხვათა შორის, ეს გვახსენებს წმინდა შიო მღვიმელის ძვლების ამოწევას შიომღვიმობას. მტკვარი უწმინდესი მდინარე იყო, აბო თბილელის, 100000 ქართველი მოწამის, წმინდა დოსითეოს თბილელის და სხვა უამრავი მოწამის სისხლით შეღებილი.
წმინდა აბოს მარტვილობის შემდეგ მისი ნეშტის დაწვის ადგილას ჯვარი აღიმართა. აქ გადიოდა ხიდი, რომელიც ყოველთვის ხისა იყო. მტრის შემოსევის შემთხვევაში ხის ხიდს ადვილად შლიდნენ, რათა მტერი აღარ გადმოსულიყო. რაც მთავარია, ხიდზე გადასულ კაცს აუცილებლად უნდა გაევლო აბო თბილელის დაწვის ადგილი და ისე შესულიყო ქალაქის მეორე ნაწილში. ცნობილია, რომ კრწანისის ომში დამარცხებული ერეკლე მეფე, მიუხედავად იმისა, რომ მტერი მოსდევდა, ჩამოქვეითდა აბო თბილელის ჯვართან, ემთხვია, შეავედრა აბოს დედათბილისი, მთელი საქართველო და ასე წავიდა თიანეთში.
"1825 წელს გენერალმა პ. ერმოლოვმა ბრძანა წმ. აბოს წამების ადგილზე განახლება ნიშისა და წამებულის ხატის დასვენება იმ ნიშში. გრაფმა პასკევიჩ-ერევნელმა ორნამინტებით განამშვენიერებინა ეს ნიში, ხოლო კლდეში გამოქვაბულს კარები შეაბა და შიგ წმინდა ხატი დააბრძანა.
1843 წელს საქართველოს ეგზარქოსს, მთავარეპისკოპოს ევგენის კავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსი, გენერალი გურკო წერდა, რომ ხიდის მშენებლობისას გზის გაყვანასთან დაკავშირებით, კლდის ბურღვის დროს გაჩნდა საშიშროება, რომ მტკვრის მარცხენა ნაპირზე, კლდეში აგებული "პორტიკი" ორ სვეტზე, რომლის უკანაც მოთავსებული იყო წმ. აბოს ორი ხატი, ჩამოინგრეოდა. ამიტომ იგი ითხოვდა მის უსამღვდელოესობას გაეცა განკარგულება, რომ ახალი კარიბჭის მოწყობამდე, ეს ხატები ტაძარში გადაესვენებინათ. იგივე გენერალი თხოვდა პოდპოლკოვნიკ გრაუერტს, რომ "პორტიკის" დანგრევისას სამლოცველო, სადაც "წმინდა მოწამე აბოს წმინდა ნაწილებია", უვნებლად დატოვონ. 1848 წ. მეტეხის ტაძრის მღვდელი ზაქარია მჭედლოვი ქართლ-კახეთის ეგზარქოსს, არქიეპისკოპოს ევგენის წერდა: "თათრის მეჩეთის ხიდის მშენებლობა მდინარე მტკვარზე უკვე დიდი ხანია რაც დამთავრდა, მაგრამ წმინდა მოწამის განსასვენებელი დღემდე ყველაზე გულსაკლავ, მიტოვებულ მდგომარეობაში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოვალეობის გამო, ბატონ პოდპოლკოვნიკ გრაუერტს ხშირად ვახსენებდი წმინდა აბოს წამების ადგილას ახალი კარიბჭის მოწყობას, და თავად იგი იმედიანად მპირდებოდა, შემდეგ უარი მითხრა იმის გამო, რომ სახელმწიფო ხაზინიდან თანხები საკმაოდ არ გამოუყვეს". 1844 წ. 31 ოქტომბერს არქიეპისკოპოსმა ევგენიმ მთავრობას თხოვა კარიბჭის ხელახლა აშენება. 1845 წლის ზაფხულში ახალი კარიბჭის მშენებლობა სახელმწიფო ხარჯით განსრულდა და საჟამნე მიეწერა ფერისცვალების (დარიის) მონასტერს, რათა მას მოეხმარა წმ აბოს თაყვანისმცემლებისაგან გაღებული შემოწირულობანი (საარქივო დეპარტ. ფ. 488. საქ. საეგზარქოსოს კანცელარია, საქმე #9069).
1848-1850 წწ. საიდუმლო მრჩეველი, სენატორი ს. ვ. საფონოვი იღვწის წმინდა აბოს ნიშის განახლება-გამშვენიერებისათვის. მან აქ წმინდანის ხატი დაასვენა და მინის კარი გააკეთებინა კლდეში, მეტეხის კლდის ძირში, საიდანაც გადაჰყარეს მტკვარში აბოს ნეშტი. ეს იმიტომ მოიმოქმედა საფონოვმა, რომ განიკურნა წმინდანის მეოხებით. 1850წ. 29 ივნისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე წმინდა აბოს ნიში საზეიმოდ იკურთხა. სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტუგიის შემდეგ ნიკიფორე გორის ეპისკოპოსი შეკრებილი სამღვდელოების თანხლებით გაემართა "ძველ ნანგრევებზე ახლად აშენებულ პატარა სამლოცველოსაკენ". ლოცვის შემდგომ აკურთხეს საფონოვის მიერ შემოწირული, კ. გ. გაგარინის მიერ დაწერილი ხატი. ეს ხატი დასვენებული იქნა იმგვარად, რომ ყველა გამვლელს ხიდზე თაყვანი ეცა მისთვის... ამას იუწყებოდა 1850წ. 15 ივლისს ჟურю. "ზაკავკაზსკი ვესტნიკი".
1870 წ. მეტეხის ძირში პირველი ლითონის ხიდი აიგო. ხიდის სამუშაოებმა ჩანს კვლავ თავისი კვალი დაამჩნია წმ. აბოს ნიშს. ამ ახალი ხიდის მარჯვენა მხარეს მოწყობილი პატარა მოედანი, ყასაბ ზაქარია ტორგ-ზახაროვის საქონლის საყასბოს ჰქონდა დაკავებული, რის გამოც ხიდის შემოგარენი ძლიერ დაბინძურებული ყოფილა. ამას ხიდის მშენებელთა აღშფოთება გამოუწვევია: მოედანი დაუკეტავთ და უცხო პირთა შესვლაც აუკრძალავთ.
1874 წ. მაიორ გორსკინის ქვრივმა, ნინომ, წმ. აბოს ნიშის კარებს რკინის მოაჯირი შემოავლო. როგორც არქიმანდრიტი მაკარის 1877 წ. 28 აპრილით დათარიღებული წერილიდან ირკვევა, ნიშის კედლები და ხსენებული მოაჯირიც უკვე შეკეთებას საჭიროებდნენ. 1882 წლისთვის მიხეილ საბინინმა გაამშვენა წმ. აბოს ნიში და მანვე წმინდა მოწამის ახალი ხატი დაწერა, რომელიც "დიდის გამოჩინებითა და ლიტანიით დაასვენეს ნიშში". მ. საბინინისა და კ. გაგარინის მიერ დაწერილი ორივე ხატი დღეს ქ. თბილისის მეტეხის ღმრთისმშობლის შობის ტაძარშია დასვენებული. დიდმა მამულიშვილმა და საქართველოს ეკლესიის საუკეთესო შვილმა - ივერიელმა გობრონ (მიხეილ) პავლეს ძე საბინინმა - დიდი დაბრკოლებების გადალახვის შემდგომ 1872 წელს ქ. პეტერბურგში გამოსცა "საქართველოს სამოთხე" ანუ "სრული აღწერა ღუაწლთა და ვნებათა საქართველოს წმიდათა", რომლის შეკრებასაც მან შვიდი წელი შესწირა და იოანე საბანის-ძის თხზულებაც - "წამება წმიდისა და ნეტარისა მოწამისა აბოსი..", შეიტანა ამ ვრცელსა და მშვენიერი ხატებით მოკაზმულ წიგნში (გვ. 333-350).
XIX ს-ის დასასრულს წმინდანისადმი ყურადღება განსაკუთრებით გაძლიერდა ალავერდელი ეპისკოპოსის კირიონის ღვაწლით. 1899 წ. მისივე კურთხევით გამოიცა "გალობა სავედრებელი დიდისა მოწამისა აბოისი". რომლის შედგენის დროსაც მას უსარგებლია მიქაელ მოდრეკილის კრებულში არსებული წმ. აბოს სადღესასწაულო განგებით, კერძოდ სტეფანე ჭყონდიდელისა "გალობანით" ანუ "კანონით".
1900 წ. 12 იანვრის გაზეთი "ივერია" იუწყებოდა, რომ წმინდა აბოს ხსენების დღეს "8 იანვარს ხარფუხის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მწირველი ბრძანდებოდა ალავერდის ეპისკოპოსი ყოვლადუსამღვდელოესი კირიონი... წირვის დამთავრების შემდეგ, სამღვდელოება ყოვლადუსამღვდელოესის კირიონის მეთაურობით ლიტანიით გაემგზავრა ეკლესიისგან ვორონცოვის ქუჩით წმ. აბოს სამარტვილისკენ..." ამ დღეს წმ. აბოს სამარტვილესთან სამრევლო სკოლა იკურთხა მის სახელზე. წმ. კირიონისა და მისი თანამოაზრეების სურვილი აბოს სამარტვილე-სადილეგოს ადგილზე ტაძრის აგება იყო, რაც განუხორციელებელი დარჩა. საქართველოს მტრებმა მის მოღვაწეობას ქართველთა შორის ბოლო მოუღეს. მას უკან მისი ჩინებული ჰაზრი დავიწყებას მიეცა..." (ი. ფერაძე, გაზეთი "საქართველო" #7, 1916 წლის 10 იანვარი). მეუფე კირიონი როგორც პოლიტიკურად არასაიმედო პიროვნება, რუსეთში, კამინეც-პოდოლსკის ეპარქიაში გადაიყვანეს, ხოლო 1903 წელს ორიოლის ეპარქია ჩააბარეს.
1899 წ. ცნობის ფურცელი წერდა: "დღეს კი წმინდა მოწამის სახსოვრად ისეთი ღარიბულად მორთული ნიშია, რომლის არსებობაც ძალიან მცირე რიცხვმა ქართველებისამ იცის. ნუთუ ღირსი არაა წმინდა აბო, რომელიც ქალაქ თბილისის მფარველ ანგელოზად და მხურვალე მეოხად ითვლება, რომ ერთი მშვენიერი შესაფერისი ტაძარი აღშენებულ იქმნეს ამ ქალაქში მის სახელზედო..."(თინათინ მჭედლიშვილი)
უამრავი თბილისელი, მათ შორის სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებიც, მოდიოდა წმინდა აბო თბილელთან შეწევნისთვის.
1951 წ. ახალი დროის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებულმა რეკონსტრუქციებმა არსებითად იმსხვერპლა მეტეხის კლდის, დედაქალაქის "კლდოვანი გვირგვინის" იერსახე და მასთან ერთად მისი სიწმინდეები, როგორც ფიზიკურად, ასევე მხატვრულადაც. წმ. აბოს "სადილეგო-სამლოცველო", და "მოწამეთა ხიდი" ახალი ხიდის მშენებლობამ იმსხვერპლა - სამლოცველო ააფეთქეს, ხოლო ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდეგ, "მოწამეთა ხიდის" ბურჯი წყლით დაიფარა. აბო თბილელის ნიშის ადგილი მიწით ამოავსეს და გაამწვანეს, დარგეს ხეები, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მეხსიერებიდან საერთოდ წაიშალა ნიშის ადგილსამყოფელი. ერთადერთი, რაც კომუნისტებმა გააკეთეს, ის იყო, რომ კლდეზე მიაკრეს წმინდა აბოს რელიეფური გამოსახულება არასწორი წარწერით: აქ ეწამა აბო თბილელი. სინამდვილეში ეს იყო დაწვის ადგილი.
XX ს-ის მიწურულს ქალაქ თბილისის მფარველი წმინდანის წმ. აბოს სავანე კვლავ იქნა გახსენებული. სრულიადსაქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა მეტეხის კლდის ძირში, ახალი ხიდის მიმდებარედ, წმინდა აბო თბილელის ეკლესიის მშენებლობა.
კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე იხსენებს:
"კვლევა-ძიების პერიოდში ჩვენი ყურადღება მიიპყრო აგურის ნანგრევებმა, რომელიც მიწის ზემოთ ჩანდა. XIX საუკუნის ფოტომასალა და აგურის შემორჩენილი ნიში ერთმანეთთან დავაკავშირეთ. 1994 წელს, გიორგობას, წირვის შემდეგ წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან წავედით მე, მგალობელი ნიკოლოზ დადიანი, მედავითნეები: მამუკა არეშიძე და ბადრი ბურდილაძე (დღეს მამა ნიკოლოზი). სამოქალაქო ომის შემდგომი პერიოდი იყო. ჩვენთვის არავის ეცალა. დავიწყეთ გათხრა. სულ რაღაც ერთ საათში მივაგენით აბოს ნიშის საძირკველს, რაც აფეთქებას გადაურჩა. იქ დარგული რამდენიმე ფიჭვის ხე ხელს გვიშლიდა მუშაობაში, მოვჭერით და ფერისცვალების დედათა მონასტერს გავუგზავნეთ. რამდენიმე დღეში დედებმა უკან გამოგვიგზავნეს აბო თბილელის ნიშის თავზე ამოსული ფიჭვის ხის გადანაჭერი, რომელშიც ჯვარი იყო გამოსახული. ამ მორის ერთი ნაწილი დღეს ჩვენს ტაძარშია დაბრძანებული, მეორე კი წმინდა აბოს ეკლესიაში. თითქოს ღვთის ლოცვა-კურთხევა იყო, რომ ეს საქმე გაგვესრულებინა. მართლაც, ამ ჯვარმა დიდი როლი ითამაშა. პროექტი წარვადგინეთ ქალაქის მთავარი არქიტექტორის საბჭოზე. სკეპტიკურად შეხვდნენ იმ ადგილზე ტაძრის აშენებას. ხეში გამოსახულმა ჯვრის ფოტომ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ითამაშა პროექტის დამტკიცებაში. ასე დაიწყო ტაძრის მშენებლობა".
1994 წლიდან ეკლესიის პროექტზე მუშაობას აწარმოებდა საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრი (პროექტის ავტორი: რეზო ჯანაშია; კონსულტანტები: დეკანოზი ბესარიონ მენაბდე და ქეთევან აბაშიძე).
1995 წ. 21 იანვარს, წმ აბო თბილელის ხსენების დღეს, სამარტვილესთან სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ პარაკლისი გადაიხადა. 1996 წ. 21 იანვარს, წირვის შემდეგ, სიონის ტაძრიდან კათალიკოს-პატრიარქი თბილისის სამღვდელოებასთან ერთად წმინდა აბოს ნიშისკენ გაემართა, ამავე დროს კრწანისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სამღვდელოებამ და მრევლმა გაიარა 1900 წელს წმ. კირიონის მიერ განვლილი გზა აბოს ნიშამდე. მსვლელობას წინ უძღოდა წმ. აბო თბილელის ხატი (ხატმწერი ლაშა კინწურაშვილი). ნიშთან კათალიკოს-პატრიარქმა წმინდანის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. 1996 წლის 17 მარტს ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულის დღეს იკურთხა წმ. აბო თბილელის ტაძრის საძირკველი. კურთხევა აღასრულა კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ.
ახალი ტაძრის მშენებლობა ნიშის უკან გაწმენდილ ტერიტორიაზე დაიწყო. არქიტექტორთა მთავარი მიზანი წმ. აბოს ნიშის განახლება-აღდგენასთან ერთად, მისი ახალ ტაძართან გაერთმთლიანება და ამ კომპლექსის, მეტეხის კლდის ისტორიულ განაშენიანებაში ორგანულად ჩართვა იყო. ნაშთი "სამარტვილესა-დილეგოსი" იმ სახით, როგორითაც ის გადარჩა, რისი დანგრევაც უფალმა არ ინება, ხელუხლებლად დარჩა (ცხადია შესაბამისი გამაგრებით) და იგი პროექტის ხასიათის განმსზღვრელ ბირთვად იქცა. ახლადაშენებული ტაძარი მხატვრულ-კომპოზიციურად ისე გაერთმთლიანდა ორივესთან - კლდესთან და წმ. სადილეგო-სამარტვილესთან, რომ მათი დამოუკიდებელი არსებობა ე.ი. სამნაწევრიანი ერთმთელობა არ შთაინთქა. ეს არქიტექტურულად, ორ სივრცით-მოცულობად განყოფილი ერთი მთელია - კლდეს მიბჯენილი სადილეგო-სამლოცველო და ტაძარი. ტაძრის ინტერიერში კლდის მონაკვეთი სამხრეთ კედლად გვევლინება და თავისი ბუნებრივი სახითაა დატოვებული, ხოლო ეკლესიის დასავლეთი კედლის საძირკველი და ქვედა ნაწილის დიდი მონაკვეთი, წმინდა ნიშის დღეისათვის შემორჩენილი ნაშთია, ხელუხლებლად ჩაყოლებული. ფაქტობრივად, დასავლეთი კედელი მასზე ეყრდნობა და მის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს. დასავლეთ კედელში ჩაყოლებული წმ. აბოს ნიშის ფასადი ძველებურად კვლავ თბილისისკენ არის მომართული. გათვალისწინებულია ისიც, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი თვისება იყო წიაღი - ისტორიულად აქ იყო ქვაბი (გამოქვაბული), გამოყენებული დილეგად. უწინ "პორტიკად" წოდებული ნაშთის წინ, მისივე ზომის სივრცობრივ-მოცულობითი კარიბჭე-სამლოცველო შეიქმნა, რომელიც ქალაქის მხარეს, დასავლეთით - უშუალოდ წმინდა ნიშის პირდაპირ ნალისებური მოყვანილობის დიდი, ფართო თაღით არის გახსნილი, რაც შორიდან მაყურებელს წმ. ნიშის ადგილს ცხადლივ წარმოუჩენს. ნიშის წინ აღმოჩენილმა სისხლისფერმა ქვამ მნიშვნელოვანი ფერადოვანი აქცენტი შექმნა. აქვე ახლოს ძველი "მოწამეთა ხიდის" ნაშთია, რომლის დიდი ნაწილი ორთაჭალჰესის გამო მომატებულმა წყლის დონემ დაფარა; ხიდის თავს, სადაც "პატიოსანი ჯვარი" იყო აღმართული, კვლავ აღიმართება ჯვარი.
წმინდა აბოს სახელობის ტაძარი 2007 წლის 13 იანვარს აკურთხა გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა, მაღალყოვლადუსამღდელოესმა ექვთიმემ (ლეჟავა), კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად.