დედა ზოილესთან საუბარმა არა მხოლოდ სიმშვიდე მოგვანიჭა, არამედ ჩვენი ქვეყნის გაძლიერების იმედიც...
- დედაო, რაიმე განსაკუთრებული მომზადება ხომ არ გაგივლიათ, ვიდრე ასეთი მნიშვნელოვანი მისიის აღსრულებას შეუდგებოდით?
- სამივენი სამშობლოში სხვადასხვა მონასტერში ვმსახურობდით. ღვთის ძალითა და საქართველოს ეკლესიის ლოცვა-კურთხევით, მსახურება ყველგან უნდა შევძლოთ. 2000 წელს ერთი წელიწადი დავყავი ბერძენთა მონასტერში, ელეონის მთაზე... ზოგი ქართველი დედა რუსულ ტაძრებშიც მსახურობდა. რუსებს XVIII საუკუნიდან იქ დიდი საეკლესიო მისია აქვთ. როცა ჩვენ წმინდა მიწაზე სიწმინდეები დავკარგეთ, მათ შეიძინეს. დღეს კი იოანე ნათლისმცემლის მშობლების - ზაქარიასა და ელისაბედის - სახლის ადგილზე, რუსულ ტაძარში, 60 რუსი მონაზონი მოღვაწეობს...
- წმინდა მიწის ქართულ სავანეში მოღვაწეობის კურთხევა როდის მიიღეთ?
- გამგზავრებამდე თითქმის ერთი წლით ადრე უწმინდესმა და უნეტარესმა გამოგვიძახა, თითქმის ისე, როგორც ომში იხმობდნენ, და ეს ამბავი გვაუწყა. მაგრამ ძალიან გაჭირდა გამგზავრება, ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა - ხან ფინანსური საკითხი ვერ გვარდებოდა, ხან დოკუმენტებისა... ყველაფერი ღვთის ნებაა - ისე მოხდა, რომ ბზობის დღესასწაულზე გავემგზავრეთ. უწმინდესმა "იერუსალიმში დიდებით შესვლის", ბზობის, ხატი გვიწინამძღვრა - ასე დალოცოს ღმერთმა ქართველების შესვლა წმინდა მიწაზეო... მისი უდიდესი ნატვრა იყო, წმინდა მიწაზე ქართველს ფეხი მოეკიდებინა... დიდებით არა, მოკრძალებით, მაგრამ მაინც ხომ შევედით...
ყოველივე ღვთის ნებით ხდება და ალბათ რაიმე ნიშანია ის, რომ სწორედ ბეთლემში აღდგა ქართული ღვთისმსახურება: ბეთლემი დავით მეფის ქალაქია, ჩვენი მეფეები კი მისი შთამომავლები არიან - 72-ე შტოს წარმომადგენლები. მცირე დედათა სავანე მოვაწყვეთ ძალიან საყვარელ, პატარა, ტიპურ პალესტინურ სახლში. პირველ სართულზე სამლოცველო გვაქვს.
წმინდა მიწას მეხუთე სახარებად მოიხსენიებენ. იქ იმ ადგილებს ხედავ, იქ დადიხარ, სადაც იშვა და აღდგა მაცხოვარი, სადაც ღვთისმშობელი დაიბადა... ძველი აღთქმის მიწაც ის არის. უფრო წმინდა რა შეიძლება არსებობდეს ამ სამყაროში?
ადამიანებს "იერუსალიმის სინდრომი" ანუ იერუსალიმთან მიჯაჭვულობა ემართებათ - თუ ერთხელ დაადგეს ფეხი ამ მიწას, მერე განშორება უჭირთ. ეს იმიტომ, რომ ადამიანი ღვთისგან სიწმინდისთვის, სიკეთისთვის არის შექმნილი და შინაგანად სულ აქვს მოთხოვნილება, სიწმინდეს არ განეშოროს. თუმცა ამას ყოველთვის ვერ ახერხებს. ზეციურ იერუსალიმს უფრო ვართ მიჯაჭვულნი, ოღონდ ჩვენივე ცოდვებით ხელს ვუშლით საკუთარ თავს, რომ იქ დავმკვიდრდეთ. ამიტომაც ამბობენ, ყველაზე დიდი ნოსტალგია ზეციური სასუფევლის ნოსტალგიააო.
- მაგრამ წმინდა მიწაზე ყოფნის მიუხედავად, ადამიანური სისუსტე ალბათ ღვთისმსახურსაც ექნება...
- რა თქმა უნდა, მაგრამ ამ მიწის მადლი გეხმარება, რომ ნაკლებად იგრძნო სამშობლოს და ახლობლების სიშორე. ამდენი სიწმინდე განიჭებს განცდას, რომ სამშობლო ძალიან ახლოსაა. ყველა, ვისაც მოიხსენიებ, გვერდით გყავს, თუმც ადამიანურად მაინც განიცდი იმას, რომ ირგვლივ თითქოს არ არის კაცი, ვისაც, რაიმე რომ გაგიჭირდეს, რჩევას ჰკითხავ; ამიტომ იქ მხოლოდ ღვთის იმედად ხარ და თავს სისუსტისა და დაცემის უფლებას ვერ მისცემ. მართალია საკუთარ ბუნებას ვერსად გაექცევი, მაგრამ უნდა შეძლო, თავი დაიმორჩილო... მე შინაგანად სანტიმენტალური ადამიანი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ იქ ამის დრო არ არის, ამიტომაც ვევედრები ღვთისმშობელს, გონება გამიძლიეროს, რომ არ მოვეშვა. რადგანაც მე თუ მოვეშვი, ეს დანარჩენებსაც გადაედება. სხვა დედებიც ასე იქცევიან, ყველანი ერთმანეთს ვუფრთხილდებით. ღვთის ნებით, დიდი დაბრკოლებები არ გვქონია, მცირე განცდებს კი ერთმანეთს არ ვუმხელთ...
- ღვთისმსახურების აღსრულების შემდეგ რას საქმიანობთ?
- ჩვეულებრივ, ყოფით საქმიანობას ვეწევით. ხელსაქმესაც დავიწყებთ, შევეცდებით, ჩვენც შევიტანოთ წვლილი ჩვენი სავანის შემოსავალში. მანამდე კი მონასტერს ნელ-ნელა ვამყუდროებთ, ვალამაზებთ, მოლი დავაგებინეთ. სხვათა შორის, იქაურები ყველა საქმეში პროფესიონალები არიან და ბაღიც სწრაფად და ლამაზად გაგვიშენეს, მერე პალესტინური ტუიები დავრგეთ... გვინდა, ისეთი ქართული ყვავილების ნერგებიც ჩავიტანოთ, რომლებიც იმ ცხელ მიწაზე იხარებს. ეზოში უკვე მუშმალა და ბროწეულიც გვაქვს. იმხელა ბროწეულის ნერგი მოგვიტანეს, ალბათ მალე მოსავალიც გვექნება... სხვა დროს კი სულ ვლოცულობთ... მიკროსამყაროსაც იმიტომ ვქმნით, რომ ლოცვის ძალა და მოხსენიების უნარი მოგვეცეს... იმდენი განსაცდელია ირგვლივ, ლოცვის და ღვთის შეწევნის იმედად უნდა ვიყოთ...
- დედაო, სავანის ახლომახლო რა ხალხი ცხოვრობს?
- სხვადასხვა ერისა და სარწმუნოების: ქრისტიანიც, მუსლიმანიც, კათოლიკეც... გაივლი და ხედავ, გამოსულია არაბი, ზის თავის ორ ცოლს შორის ბედნიერად და იქვე ბავშვები თამაშობენ... ჩვენთვის ეს - გარდა იმისა, რომ რწმენითაც მიუღებელია - სანახავადაც უსიამოვნოა, მაგრამ ეს იმათი წესია, ჩვენ კი უნდა შევძლოთ, რომ ამ ხალხმა უცხოდ არ გვიგრძნოს. პირველად ცხოველი ინტერესი გამოვიწვიეთ. ყველა გვეკითხებოდა, - ვინ ხართ, რატომ ჩამოხვედითო. ახლა შეგვეჩვივნენ და ხანდახან არაბები თავიანთ პატარ-პატარა მაღაზიებში უფასოდაც კი გვაძლევენ რაღაცებს - აქაურები ხართო... ისე, არაბები ძალიან თბილები არიან. ადვოკატიც არაბი გვყავს - ახალგაზრდა, განათლებული კაცი, პარალელურად პალესტინაში იერუსალიმის საპატრიარქოს ადვოკატიც არის. თუ რაიმე საქმის მოგვარება გვჭირდება, გვეხმარება ხოლმე...
- თითქმის ისრაელისა და პალესტინის ბრძოლის ველზე ხართ...
- ამ ბოლო დროს ამ ველზე ასე თუ ისე სიმშვიდეა... ხანდახან ხდება შეტაკებები, სროლებიც ისმის. თუმცა ამ სიმშვიდეში დიდი შიში დევს, ისეთი, როგორიც ახალი აფეთქების წინ არის ხოლმე... იერუსალიმი და ბეთლემი, ფაქტობრივად, ერთი ქალაქია, ერთმანეთისაგან სულ 8 კილომეტრი აშორებთ, მაგრამ ახლა ორად არის გაყოფილი... პალესტინისა და ისრაელის გამყოფი კედელი 10 მეტრი სიმაღლისაა... ჩვენ იერუსალიმში გადასვლა არ გვიჭირს, მაგრამ ამისათვის საგანგებო საშვია საჭირო... სხვათა შორის, საშვის შემოწმებისას ზოგჯერ ქართველი ებრაელიც შეგვხვედრია... ერთხელ იმდენ ხანს დაგვიგვიანეს საშვის დაბრუნება, შეგვეშინდა კიდეც. თურმე ონელ ებრაელს უნახავს. მოვიდა გახარებული. პატარა წამოუყვანიათ ისრაელში და დამტვრეული ქართულით გველაპარაკა. ჩვენც გავიხარეთ... თვით პალესტინის ტერიტორიაზე საშვით დავდივართ. აქაც საგანგებო მდგომარეობაა. სწორედ ბეთლემში, შობის ტაძარში, შეაფარა თავი მშვიდობიანმა მოსახლეობამ საომარი შეტაკების დროს. მაშინ ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის მადლმა სიკვდილისაგან კათოლიკეც იხსნა, მუსლიმანიც და ებრაელიც...
ეს ტაძარი ჩვენს სავანესთან ახლოს არის. იქ არაბი მღვდლები წირავენ და ჩვენ ღვთისმსახურებას ვეწევით ხოლმე. არაბულ ენაზე ლოცვის აღქმა არ მიჭირს, რადგან ვიცი, მსახურების დროს როდის რა ლოცვა იკითხება... ჩვენი მონასტრიდან ბევრი წმინდა ადგილი მოჩანს... იქვეა ბეთლემის მწყემსთა ველიც, სადაც ანგელოზებმა ქრისტეს შობის დღეს იგალობეს "მაღალთა შინა და კაცთა შორის სათნოება"... ეს ველი დღესაც ისეთივეა, როგორიც ქრისტეს შობისას იყო, ხრიოკი, მზით გახურებული და მადლიანი. მწყემსებიც ისევე მწყემსავენ ისეთივე ოქროსფერ ცხვრის ფარას...
- ხალხის შეგუებაზე ისაუბრეთ, მაგრამ ალბათ არც იქაური კლიმატის შეგუება იქნებოდა იოლი...
- კი, კლიმატი რთულია. პირველ დღეებში ტუჩები სიცხით სკდება და შრება, აქ ხომ ბუნებრივი ტყეები არ არის, გამწვანება მხოლოდ ხელოვნურია. ამიტომ ქარიც ხშირია, საკმარისია, ოდნავ დაბეროს, რომ თან უდაბნოს უწვრილესი ქვიშა მოაქვს და ფილტვებში ლექავს, ეს კი ალერგიულ გართულებებს იწვევს. მაგრამ ეს ხომ წმინდა მიწაა, მაინც გასაოცრად ნაყოფიერი... ძველ აღთქმაში წერია, რომ მოსეს ხალხი იქ მიჰყავდა, სადაც მიწიდან თაფლი და რძე ამოდიოდა. სხვათა შორის, წმინდა მიწაზე დღესაც არის ადგილი, სადაც მიწიდან თაფლი გადმოდის... ძალიან მინდა, რომ ეს ადგილი ვნახო... მაგრამ სანამ ვნახავდე, იმის თქმა შემიძლია, რომ იქაურებს, მართალია, დიდი შრომის ფასად, მაგრამ გაცილებით მეტი მოსავალი მოჰყავთ, ვიდრე სხვა ხალხს თუნდაც კარგ ბუნებრივ პირობებში... თუმცაღა, კიდევ ვამბობ, რომ სხვა ქვეყნიდან ჩასულს იმ პირობებთან შეგუება უჭირს... მათ შორის სასულიერო მოღვაწეებსაც. აი, ასეთ პირობებს უძლებდნენ საუკუნეების მანძილზე იქაური ქრისტიანული ტაძრების მსახურნი... ახლა ამას ამ ტაძრებზე სასტიკი ბარბაროსული თავდასხმებიც ემატება... ჩვენს სავანესთან ახლოს, სამარიტელის ჭასთან მდებარე მონასტერში, ახლახან მოკლეს მოძღვარი; სამი წლის წინ ელეონის მთის მახლობელ მონასტერში, ღვთისმსახურებისას, ნიღბიანები შეცვივდნენ და მოძღვარი იოაკიმე აწამეს. დედამისი კი, ამავე მონასტრის მონაზონი დედა ანასტასია, წამებით მოკლეს... მანამდე მამა იოაკიმეს თურმე სულ უთვლიდნენ, აქედან წაეთრიეთო... სამი წლის შემდეგ დედა ანასტასიას საფლავი მირონის სურნელოვანი თეთრი ფიჭით დაიფარა. საფლავი გახსნეს და მიცვალებული უხრწნელად იხილეს. დედა ანასტასია წმინდანთა შორის შეირაცხა... ამ ტაძარს ახლახან ცეცხლი წაუკიდეს... და ასეთი ბოროტებანი დაუსჯელი რჩება ხოლმე...
- ქართული სავანეც შეიძლება ასეთ განსაცდელში ჩავარდეს?
- ღვთის შეწევნის იმედად უნდა ვიყოთ. ისე, როცა ასეთ ადგილზე ღვთისმსახურებას ეწევი, ბოროტის შემოტევისათვის მზად უნდა იყო, ყველაფერს უნდა ელოდე. უწმინდესმა სწორედ ასე გვითხრა, - ეს არა მარტო დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი ტვირთიაო, მაგრამ ერთი ადამიანის სიცოცხლე სხვა უკეთეს საქმეს რას უნდა მოხმარდეს, ვიდრე ღვთისმსახურებაა? ან თუნდაც ქვეყნისათვის უფრო მეტი რა უნდა შეძლო, ვიდრე მისთვის ლოცვაა? ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ეს შემიძლია. უწმინდესის კურთხევით, წმინდა მიწაზე მსახური დედების მონაცვლეობა დროდადრო მოხდება. მე ისევ მაქვს კურთხევა, რომ ბეთლემში გავემგზავრო...
- დედაო, ის ხალხი გავიხსენოთ, ვინც ქვეყანას შესაძლებლობა მისცა, წმინდა მიწაზე დაბრუნებულიყავით...
- ეს სავანე ვახტანგ რჩეულიშვილმა და მამუკა ჯინჭარაძემ შეიძინეს. ღვთის ნებით ხდება ყოველივე, ჩანს, მამუკა ჯინჭარაძეს ამ ქვეყნიდან ასე ნაადრევად გასვლა ეწერა და უფალმა მისი სულისთვის ინება, ასეთი რამ მომხდარიყო... ჩვენ სულ მოვიხსენიებთ მამუკას სახელს... საერთოდ, შემომწირველებისათვის, ჩვენი ქვეყნისათვის ბევრს ვლოცულობთ... ჩემი აზრით, ბეთლემის მონასტრისათვის გაღებულ შეწირულობას საქართველოსთვის რაღაც სახელდაურქმეველი დატვირთვა ენიჭება... თითქოს ერის ამქვეყნად არსებობისთვის მადლიერების გამოხატვაც არის ღვთის წინაშე. ბეთლემის მონასტერი მთელი საქართველოსია, ის არის ჩვენი წმინდა მიწაზე დაბრუნების წყალობა. ალბათ ამიტომ მისთვის შეწირულობა მთელმა ქვეყანამ უნდა გაიღოს, თუნდაც სულ მცირე, ერთი თეთრი მაინც, და ამას ორგანიზებული ხასიათი უნდა ჰქონდეს. ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ჯვარისმამის ტაძარს ასეთი სახელი იმიტომ ჰქვია, რომ იერუსალიმში ჯვრის მონასტერს ინახავდა თურმე. რაც ამ ქუჩის აყოლებაზე დუქნები იყო, თანხას აგროვებდნენ და ჯვარისმამას იერუსალიმში გასაგზავნად აბარებდნენ... ასე ვინახავდით წმინდა მიწაზე ქართველები, ქართველი მეფეები ეკლესია-მონასტრებს. სხვათა შორის, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა გვითხრეს, რასაც შევძლებთ, თუნდაც მცირეს, ჩვენი დიასპორაც შეკრებსო...
- დედაო, ღვთისმსახურის თვალი ალბათ უფრო ამჩნევს, რა დღეში არიან ახლა ბერძნების მფლობელობაში მყოფი ქართული ტაძრები...
- მძიმე დღეში... ალბათ ჩვენმა ცოდვებმა დაგვაკარგვინა ეს სიწმინდეები და დღესაც ჩვენი ცოდვების გამო არ უშვებს უფალი მათ დაბრუნებას, თუმცა რაც მისი ნებით უკვე მოგვენიჭა, ესეც დიდი მადლია... რაც ბერძენთა მფლობელობაში მყოფ ჩვენს ტაძრებში ხდება, დანაშაულია. რუსთაველის ფრესკის წაშლის ელდა ჯერ არ გადაგვიტანია და ახლა აღმოჩნდა, რომ ქართული წარწერები კატამონის (ირაკლი აბაშიძის "ხმა კატამონთან" ხომ გახსოვთ?) ტაძარშიც გაქრა. იქ სვიმეონ ღვთისმიმრქმელი ცხოვრობდა და მისი საფლავია. 1994 წელს, როცა იქ ჩვენი დედები იყვნენ, ეს წარწერები ნათლად და გარკვევით იკითხებოდა. ასე ნელ-ნელა იშლება იერუსალიმში ქართული კვალი...
- ხომ არ ფიქრობენ წმინდა მიწაზე ახალი ქართული ტაძრების აგებას?
- ბეთლემში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ახლომახლო ისეთი მიწებია, რომელთა შესყიდვაზეც საუბრობენ. თუ ეს მოხდა, ღვთის ნებით, ალბათ ახალი ტაძარიც აიგება. უახლოეს ხანში კი ქართული სასტუმროს აშენებაზე ფიქრობენ. იქიდან შემოსული თანხები იერუსალიმში ქართული ეკლესიის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. წმინდა ნინოს სავანეში უკვე მოდიან ქართველი მომლოცველები და რითაც შეგვიძლია, ვმასპინძლობთ. ხომ ხვდებით, რამხელა სიხარული იქნება ჩვენთვის და იმათთვისაც! - იმაზე ტკბილი რა უნდა იყოს, უცხოეთში შენი მშობლიური ენა რომ გესმის... ამას წინათ პარლამენტარებიც იყვნენ... ჩვენ ქართული დროშა სახურავზე ვერ ავიტანეთ, ჟალუზზე გვქონდა დამაგრებული. მათ - აქ რატომ უნდა იყოსო და სახურავზე აღმართეს. უნდა გენახათ, როგორ უხაროდათ. ახლა ქართულ დროშას ბეთლემის დიდი ნაწილი უყურებს... ისე კი, ღმერთმა ინებოს, რომ რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა მოილოცოს წმინდა მიწა... იქიდან ადამიანი სათნოებით აღვსილი ბრუნდება. ღვთის ნებით, ფერისცვალების დღესასწაულზე ისრაელში ქართველ მომლოცველთა ჯგუფი ჩამოვა... ფერისცვალებას უდიდესი სასწაული აღესრულება წმინდა მიწაზე - როგორც მაცხოვარს აგრილობდა ფერისცვალებისას, ისე დაადგრება ფერისცვალების ტაძარს ღრუბელი 19 აგვისტოს ღამეს, იმის მიუხედავად, რომ ისრაელში მაისიდან ოქტომბრამდე ღრუბელი არ ჭაჭანებს. ამის მოწმე თვითონ ვართ. როცა ფერისცვალების ტაძარში მივემგზავრებოდით, უფალი შემინდობს და, გაკვირვებული შევცქეროდი ცას - ამ პაპანაქებაში ღრუბელი რამ უნდა შექმნას-მეთქი... წირვა-ლოცვა ამ დღეს ტაძრის ეზოში აღესრულება და უკვე შუაღამისას, როცა ლოცვა დასრულდა, მთვარე ღრუბლით დაიბურა. ეს უკვე სასწაული იყო... მერე ნელ-ნელა ღრუბელმა ტაძრის თავზე გადმოინაცვლა, ფილმში რომ გინახავთ, ისეთი სისწრაფით გადმოდიოდა. როცა ლოცვა დასრულდა და ზიარება დაიწყო, ღრუბელი ჩვენ შორის ჩაეფინა და ყველაფერი დანამა... ზიარების დასრულების შემდეგ კი აიკრიფა და ცისკენ წავიდა... ამბობენ, ადრე ამ დღეს ნამდვილი წვიმაც მოდიოდა, მაგრამ ცოდვების გამრავლების გამო შემცირდაო...
- დედაო, ძალიან ადამიანური კითხვა უნდა მოგცეთ: ყველაზე უფრო რა გენატრებათ წმინდა მიწაზე?
- ქართული წყალი. იქ ონკანში მხოლოდ ტექნიკური წყალი მოდის, დასალევი კი იყიდება. წყალზე რაიმე ძვირის თქმა მიჭირს, მაგრამ, აბა, როგორ ვთქვა... იქ თითქოს წყალი უსიცოცხლოა. ჩვენს წყალს კი მადლი აქვს და მადლიანი ქართული სიტყვაც "წყალობა" წყლისგან მოდის... ჩვენი წყარო მენატრება წმინდა მიწაზე...
- გმადლობთ, დედაო.
ეთერ ერაძე