მადლობა ღმერთს, რომ ბერ-მონაზვნებთან მამაშვილურმა და მეგობრულმა ხშირმა ურთიერთობამ ამქვეყნიური ცხოვრება სულ სხვაგვარად დამანახა. მართლაც სულისმიერი სიხარული და სიყვარული სუფევს მათ სულებში. უფლისა და საკუთარი ნებით მონასტერში მყოფი თითოეული ადამიანი დროს ლოცვასა და შრომაში, მოყვასის სიყვარულში ლევს. მონასტერში სტუმარსაც ღვთისნიერად იღებენ და თავიანთი ცხოვრების წესით ცხოვრებასაც ასწავლიან.
ძამის ხეობაში, ტბეთის მამათა მონასტერში, წინამძღვარი სქემმღვდელმონაზონი იოსები შემოგვეგება. წირვის შემდეგ მადლიანად დაგვაპურეს. შემდეგ მამა იოსებსაც ვესაუბრე.
- ძამის ხეობაში, ღვთის წყალობით და მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, მრავალი მონასტერია. მონასტერი ის ძალა და საფუძველია, რომელზეც ერი დგას. მართლაც აუცილებელია საქართველოში მონასტრების გამრავლება. ბერ-მონაზვნების ლოცვას განსაკუთრებული ძალა აქვს. მონასტერი სულიერი საავადმყოფოა, სადაც ადამიანი სულიერად იწმინდება, მსუბუქდება, ცოდვებს ინანიებს და ღმერთს უახლოვდება. ჭეშმარიტ ბედნიერებას და სიხარულს კაცი მონასტერში განიცდის. მორწმუნე მართლმადიდებელს თუ არ უცხოვრია მონასტერში, ღრმად ვერ გაიგებს, რა არის მართლმადიდებლობა. მადლობა ღმერთს, რომ ბერი ვარ და მონასტერში ვცხოვრობ. ღმერთმა ამრავლოს საქართველოში მონასტრები.
ვურჩევ ყველა ადამიანს, მონასტერში იცხოვროს. რა თქმა უნდა, ბერული ჯვარი ყველას არ აქვს, მაგრამ ჭეშმარიტ რწმენას კი შეიძენს.
თავიდან სტუმრად მივედი მონასტერში, ვეცნობოდი იქაურ ცხოვრებას. ბევრ რამეში გავერკვიე, რასაც საერო ცხოვრებაში ვერასდროს ჩავწვდებოდი. შემდეგ დავრჩი და მორჩილი გავხდი. დღეს ტბეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი ვარ. ვმადლობ ღმერთს იმისთვის, რაც ჩემზე დაუშვა. ერში მუდმივმა ძიებამ, უფალმა მომიყვანა მონასტერში. როცა მიცვალებულს ვხედავდი, საკუთარი თავი წარმომედგინა - ოდესმე ხომ მეც მოვკვდებოდი. ვეძებდი იმას, თუ რა დანიშნულება აქვს ადამიანს ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ამ შეკითხვას ვერასდროს ვპასუხობდი. მონასტერმა გამაცემინა ამაზე პასუხი. მადლობელი ვარ უფლის, რომ მონასტერში ყოფნით დავინახე ჭეშმარიტი სიხარული, ბედნიერება, რასაც ღმერთთან ყოფნა ჰქვია. ერში ყოფილა ხორციელი სიხარული, წინსვლა, მაგრამ გული სანახევროდ ცარიელი რჩებოდა. ვხვდებოდი, რომ მიწიერი ყველაფერი დროებითი და წარმავალია. მონასტერში სიცარიელე შემევსო და გული მარადიული სიხარულით ამევსო. ღმერთთან მიახლოება ერთბაშად არ ხდება. ერთბაშად ვერ დაიტევს ადამიანის შინაგანი სამყარო. ეს პროცესი ნელ-ნელა მიმდინარეობს. ეგაა, ადამიანი თავის შინაგან, სინდისის ხმას არ უნდა გაექცეს.
უფალი ბრძანებს, - მე გამოგარჩიეთ თქვენ. გამორჩევას ადამიანის თავისუფალი ნების დამთხვევაც ემატება. როცა თავისუფალი ნება ღვთის ნებას ემთხვევა, მაშინ ადამიანი ცხონდება და გამართლდება ღვთის წინაშე. როცა ადამიანი ღვთის ნებით არ დადის, ის ეშმაკის გზაზე დგას. უფალი ბრძანებს: "ვინც ჩემთან არ არის, მტერ ჩემდა არსო". ასევე ბრძანებს, სასუფეველი თქვენ შორის არისო. როცა ღვთის მცნებებს ვასრულებთ, მაშინ მოდის მადლი, რაც ჭეშმარიტი ბედნიერების მომტანია.
ძალიან მიყვარს ტბეთის მონასტერი. მადლობა ღმერთს, რომ უფალმა აქ მომიყვანა. ამ მონასტერს წინამძღვრობდა მამა შიო (ხარძეიშვილი). ბედნიერი ვარ, რომ მამა შიოს დაფუძნებული მონასტრის წინამძღვრობა დამეკისრა. ჩვენთვის, ყველასთვის უკვდავია მამა შიო. 30 წლის ასაკში მრავალი მონასტერი ააშენა და სულიერი ცხოვრება ჩამოაყალიბა. მადლობა ღმერთს და დიდება ყველაფრისთვის.
დღეს მონასტერი მამა შიოს დადგენილი ტიპიკონით ცხოვრობს. ტიპიკონით, განსაკუთრებული ყურადღება ლოცვას ექცევა.
ყველა მონასტერს თავისი ტიპიკონი აქვს, ლოცვის დროც სხვადასხვაა. ჩვენთან ღამის სამ საათზე იწყება შუაღამის ლოცვა, მას ცისკრის ლოცვა მოსდევს. შემდეგ მოდის პირველი ჟამნი და წირვა. ცხრაზე ტრაპეზია, ათზე - მორჩილება. საღამოს ხუთ საათზე მწუხრის ლოცვა გვაქვს, რასაც მოსდევს სერობა, ტრაპეზი, შემდეგ ისევ სერობაზე გადავდივართ. მორჩილებაში შედის მიწაზე მუშაობა, მონასტრის კეთილმოწყობა. უპირატესად მაინც ლოცვას მივიჩნევთ. ფიზიკურად იმიტომ ვშრომობთ, რომ ლოცვა უკეთ შევძლოთ.
ლოცვის ძალა ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა განიცადოს. თავიდან ყველას უჭირს ლოცვაზე დგომა. ეშმაკი ათასგვარ ბილწ აზრს აწვდის. ლოცვის დროს შეუძლოდაც ხდებიან. ეს კი ადამიანის დაცემული ბუნებიდან მომდინარეობს. შეიძლება ადამიანები 5-6 საათი იდგნენ ქუჩაში, ბირჟაზე და ვერც გაიგონ დროის გასვლა, იმიტომ რომ მათი სხეული მიჩვეულია დროის გაყვანას. როცა სულის ცხონებაზე, ლოცვაზეა საუბარი, მაშინ უჭირთ დგომა. უფალი კი მაშინ იწირავს ადამიანის ლოცვას. უფალი ბრძანებს: "როცა განიწმინდება ტაძარი, მოვალთ მე და მამაი და დავემკვიდრებით". ჯერ დრო გვჭირდება განსაწმენდად, რომ სულიწმინდის ჭურჭელი გავხდეთ. ყველა ადამიანი სულიწმინდის ტაძარია და უნდა შევძლოთ დაცემული ბუნება განვიწმინდოთ ცოდვებისგან, გონება გავისუფთაოთ, რომ სულიწმინდა მოვიდეს ჩვენზე. მაშინ მივხვდებით, ლოცვას რა ძალა აქვს. მართლაც, ლოცვიდან გადმოდის მადლი და ჭეშმარიტ ბედნიერებას და სიხარულს გვანიჭებს. ჩვენ იმიტომ ვცხოვრობთ მონასტერში, რომ ჭეშმარიტმა ბედნიერებამ და სიხარულმა დაისადგუროს ჩვენს სულში, რომ სული გადავირჩინოთ.
ჩვენს გარშემო მრავალი მონასტერია. ტაძრის დღესასწაულებზე ერთად ვიკრიბებით ხოლმე. ერთი დიდი ოჯახი ვართ მეუფე იობის სულიერი შვილები. როცა მეუფე ამ ეპარქიის მღვდელმთავარი გახდა, მაშინ ხეობაში მონასტერიც არ იყო. ქოზიფას მონასტრის აღმოჩენის და აღორძინების შემდეგ ძამის ხეობაში მრავალი უძველესი მონასტერი აღორძინდა. ეს უდიდესი წყალობაა.
ღმერთმა ყველა ღვთის მადიდებელი და ჭეშმარიტ სარწმუნეობაზე მდგარი აცხოვნოს და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ.