ჩოხატაურის რაიონის სოფელ ერკეთში, მთის მწვერვალზე მდებარეობს მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერი.
აქვეა მთავარანგელოზთა უძველესი ტაძარი, რომელიც დაახლოებით IX-X საუკუნეების გახლავთ. შემოქმედელი მიტროპოლიტის იოსების ლოცვა-კურთხევით რამდენიმე წლის წინ, ამ მადლიან ტაძართან დაარსდა მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერი. ღვთის შეწევნით მონასტერში 13 მონასტრის წევრი ცხოვრობს. იღუმენია გახლავთ დედა მარიამი (ფოჩხუა). დედა მარიამი დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს მთავარანგელოზთა მონასტრის დაარსების წინაპერიოდს. - თავიდან ტაძრის ერთ-ერთ მინაშენში ვცხოვრობდი მორჩილ ფოტინესთან ახლა უკვე მონაზონ ფოტინესთან.. ღვთის მადლით გამრავლდა მონასტერის დების რაოდენობა და დღეს ცამეტამდე ვართ. ჩვენი მონასტერიეს წევრები არიან მონზონი ანტონინა, ოთხი სამონზვნე-მარიამი (გორგოშიძე), ბარბარე (ჯიშკარიანი), თეოდორა (შევარდნაძე) და თეოდორა (ანანიძე). მონასტერში ასევე ცხოვრობს შვიდი მორჩილი.
-დედა მარიამ, რატომ აირჩიეთ მონასტრული ცხოვრება?- მონასტერში ძირითდად ადამიანები ღვთის სიყვარულის გამო მიდიან და სურვილი აქვთ ღვთის გზა აირჩიონ, უფლის სამსახურში იყვნენ და თავიანთი ქალწულებრივი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნან.
მე მყავს ხორციელი შვილი, პატარა ნინო, რომელსაც მამა რუსეთში ყოფნის დროს გარდაეცვალა, ისე, რომ საკუთარი შვილი არ უნახავს. გაიყვანა უფალმა ამსოფლიდან. ღვთის მადლით მერე მივედი ეკლესიის კარებთან. თავიდანვე ძალიან მიზიდავდა მონაზვნური ცხოვრება. მოხდა ისე, რომ პირველად ვნახე მეუფე იოსები, მაშინ 2001 წლის დიდი მარხვის პერიოდი იყო. მეუფეს მოუყევი ჩემი ცხოვრება, როგორ დავქვრივდი და დავრჩი მარტო ჩემს პატარა ორი წლის ნინოსთან ერთად. ღვთის მადლით 2001 წლის ხარების დღესასწაულზე გადაწყვიტე სამუდამოდ დამეტოვებინა საერო ცხოვრება და შევდგომოდი უფლის გზას. გადაწყვეტილების მიღებაში ჩემი სულიერი მამა და მოძღვარი, მასწავლებელი, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები დამეხმარა. მეუფემ ძალიან დიდი თავმდაბლობა, უდიდესი სიყვარული მაჩვენა. ჩამაგონა უწმინდესის უდიდესი სიყვარული. მე ცოდვილი ვცდილობ, რომ უწმინდესს, ჩვენს მეუფეს ჯვარი არ დავუმძიმო. ასე თანდათან, სასწაულებრივად შევუდექი მონაზვნური ცხოვრების გზას.
-მონასტერში ღმერთს უფრო მეტად უახლოვდები? -რა თქმა უნდა. მონასტერში ცხოვრება მართლაც გმირობის ტოლფასია. აქ ბრძოლა გიწევს უხილავ ძალასთან. ბოროტ სულთან და ამ ბრძოლის ტექნოლოგიას თანდათან სწავლობ, მაგალითად როგორც ჯარისკაცი. როგორც ის სწავლობს და იწვრთნება საომარი მოქმედების დროს, ასევეა მონასტერში მოსული ადამაინი, რომელიც სწავლობს სულიერი ბრძოლის ხერხებს, რათა მათ გაიმარჯონ ბოროტის შემოტევებზე.
-თქვენ მონასტრის წინამძღვარი ბრძანდებით ალბათ დიდი ხომ პასუხისმგებლობაც?-ღმერთმა ასე ინება, რომ გავმხდარიყავი დედობის ღირსი. მყავს საკუთარი ხორციელი შვილი, რომელიც უფალმა ასე გამიმრავლა და ახლა ჩვენს მონასტერში უკვე 13 მონასტრის წევრი ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა დიდი პასუხისმგებობაა, პასუხს ვაგებ თითოეულ მათგანზე. არა მარტო ჩემს თავზე ვაგებ პასუხს ღვთის წინაშე რომ წარვდგები, არამედ თითოეული მონასტრის წევრზე. მთავარია, რომ მონასტრის დედები და დები გამართლდნენ ღვთის წინაშე როცა წარსდგებიან და ცხონდნენ. Mმეუფის ლოცვა-კურთხევით მონასტრის წევრებისგან აღსარებას ვიბარებ.
-თქვენს მონასტერში თუ გაქვთ სიწმინდეები?-მონასტერში დაბრძანებულია უძველესი დაახლოებით XVIII საუკუნის მთავარანგელოზის ხატი, რომელიც კანკელის ხატი იყო. იკარგებოდა ხოლმე პერიოდულად და მერე ღვთის მადლით ისევ ბრუნდებოდა მონასტერში. სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა შუბით გააპო მთავარანგელოზის ხატი, თან უთქვამს რა უნდა დამემართოსო. მის ოჯახში მერე დიდი ტრაგედია მოხდა. უფალმა ამქვეყნიდან ახალგაზრდა ოჯახის წევრი გაიყვანა. გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ამ ხატს რესტავრაცია გაუკეთა. ბატონ ავთოს ჰქონდა გამოცხადება მთავარანგელოზის, რომ ის უნდა ამოსულიყო მონატერში. როცა შეხედა ამ ხატს შეიცნო, მთავარანგელოზ მიქაელის ხატი. ამის შემდეგ სურვილი გაუჩნდა ხატისთვის რესტავრაცია გაეკეთებინა. ორი წლის რესტავრაციის შემდეგ, ხატი კვლავ დაბრუნდა მონასტერს.
მონასტრის ძირითადი მფარველი მთავარანგელოზ მიქაელის ხატია. მონასტრის სიწმინდეებიდან გამოვყოფ ასევე უძველეს სახარებას. როდესაც კომუნისტების დროს ანადგურებდნენ რელიგიურ ლიტერატურას, ანგრევდნენ ტაძრებს აქ მოღვაწე ბოლო მღვდელმა თურმე ცეცხლწაკიდებული სახარება ჩადო წყალში, შემდეგ გააშრო და სათუთად ინახავდა ოჯახში. შვილებს დაუბარა სახარება მაშინ გამოეჩინა როცა არ იქნებოდა დევნა, ნგრევა. ასე სასწაულებრივად გადარჩენილი სახარება ჩვენი მონასტრის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა. სასწაულია, მიუხედავად ქარიშხლისა, წყლისა და ათასი განსაცდელისა, სახარებას ერთი გვერდიც არ აკლია. გვაქვს უძველესი ვაზის კარი, რომელიც მოცულობით ძალიან დიდია და საუკუნეების განმავლობაში ამშვენებდა ჩვენს მონასტერს.
ჩვენს მონასტერს, მთავარანგელოზთა ტაძარს უნიკალური მდებარეობა აქვს. როცა მტერი შემოდიოდა, პირველ ცეცხლს გონიოს ციხეზე ანთებდნენ, რომელიც ჩანდა ჯუმათის მამათა მონასტერიდან. იქიდან ანთებული ცეცხლის კვამლით აგებინებდნენ მოსალოდნელ საფრთხეს ერკეთის მონასტერს. ჩვენს მონასტრში მობრძანდა სამოცამდე წმინდა ნაწილები. მათ შორის ხუთი დიდმოწამის-წმინდა გიორგის, წმინდა დიდმოწამე მინასი, წმინდა ქალწულმოწამე ბარბარესი, ქალწულმოწამე მარინესი და წმინდა მკურნალი პანტელეიმონის წმინდა ნაწილები. ოცდახუთამდე წმინდა მამის წმინდა ნაწილებია ჩამობრძანებული კიევ-პეჩორის ლავრიდან, ასევე არის სიწმინდეების ჩასაბრძანებელი, რომელიც 1870 წელს რომიდან ჩამოაბრძანეს. ეს სიწმინდეები ერთ-ერთ კათილიკე მღვდელს ეკუთვნოდა და სასწაულებრივად შემდეგ ინახებოდა ერთ-ერთი მართლმორწმუნე მართლმადიდებლის ოჯახში. სიწმინდეების ჩასაბრძანებელში მოთავსებულია წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი, მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს წმინდა ნაწილები, ამდენმა დიდმა სიწმინდეებმა სასწაულებრივად ინება ერკეთის დედათა მონასტერში დავანება. ეს წმინდანები არიან ჩვენი მონასტრის მფარველები და მეოხნი.
***
მონასტერთან ახლოს არის წყარო, რომელიც ცნობილი იყო მოსახლეობაში როგორც ეკლესიის წყაროს სახელით. ამ წყაროს ასევე მაკურნებელ წყაროდ მიიჩნევდა სოფლის მკვიდრი მოსახლეობა. თავდაპირველად უწყლობის გამო მონასტერში შემოსაყვანად ვეძებდით სასმელ წყალს. ამ წყაროზეც იყო საუბარი, მაგრამ აქ წყაროს წყალი იმდენად მოწამწკარებდა, რომ მისი შემოყვანა გადავიფიქრეთ. თითქოს უფალმაც დაფარა წყარო, რომ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის არ გამოგვეყენებინა. მონასტერის დების გადაწყვეტილებით სურვილი გვქონდა გაგვეკეთებინა მთავარანგელოზ მიქაელის საბანელი. გადავიღეთ ფოტოები და ფოტოებზე აღმოჩნდა კლდეში გამოკვეთილი უძველესი საფეხურები პატარა წყლის აუზით და თავისი სადინარით. ამის დანახვა ყველას გაგვიხარდა. ჩანს ეს ყველაფერი იქ მოღვაწე წმინდა მამების, ჩვენი წინაპრების მიერ იყო გამოკვეთილი. ინდა გითხრათ, რომ წყაროს წყალის მიღებისას უმარავი სასწაული ხდება. რწმენით მოსული ადამიანები წმინდა წყლის დალევის შემდეგ კურნებას იღებენ. უშვილო ოჯახები დღეს შვილის მოლოდინშია.
***
რამდენი წელია უკვე მონასტერს სამრეკლო არ ჰქონდა და ღვთის მადლით უფალმა ესეც მოგვცა. ძალიან ამშვენებს ჩვენს მონასტერს. ასევე შენდება ერთ სართულიანი ნაგებობა, სადაც უნდა განთავსდება მოძღვრის მოსასვენებელი და საკვირაო სკოლის ოთახები, ასევე სატრაპეზო ოთახი ძირითადად მომლოცველებისთვის, როცა გაითხარა ნაგებობისთვის საძირკველი, მიწა ჩაიშალა და აღმოჩნდა მიწის ქვემოთ ნაკვეთი მრგვალგუმბათოვანი, დაახლოებით 5-6 კვადრატული ფართობის მქონე ოთახი. ეს შეიძლება იყოს განმარტოვებული ბერის სალოცავი ადგილი. ესეც ძალიან გვახარებს, რამეთუ უფალმა ეს მადლიანი ადგილი არ დამალა ჩვენდა ნუგეშად და ჩვენს გასაძიერებად. სოფლის ადგილობრივი მკვიდრის ბატონ ნიკოლოზ შაქარიშვილის დაფინანსებით და თანადგომით მონასტრის დედებისთვის შენდება დიდი კომპლექსი, სადაც განთავსდება როგორც საპატრიარქო, სამღვდელმთავრო მისაღები, ასევე წინამძღვრის ოთახი, დედებისთვის სენაკები. აქ იქნება ბიბლიოთეკა, ხელსაქმის ოთახი, დიდი სატრაპეზო მისაღები ოთახები, მცირე ზომის ტაძარი. ზამთრის სუსხიან ამინდში აქ ჩავატარებთ ხოლმე მსახურებას. დედები ქარგავენ, ქსეოვენ, სანთელს ქნიან, მუშაობენ თექაზე. მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა. მონასტერი ცისკრის ლოცვებით იწყებს ცხოვრებას. იკითხება შვიდგზის ლოცვები, ასევე შვიდი პარაკლისი, სადაც ვიხსენიებთ მონასტრის ახლობლებს და ვლოცულობთ ასევე სრულიად საქართველოსთვის, რათა ქვეყანაზე იყოს მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ჩვენი პატრიარქის, ჩვენი მეუფეების ლოცვით ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ერთობა და სულიერი გაბრწყინება.