ეკლესიიდან მოპარული და დაკარგული ყველა ნივთი კვლავ ტაძარს უბრუნდებაღვთის შეწევნით კიდევ ერთხელ მოვილოცე მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია, კიდევ ერთხელ მივეახლე სვანეთის სიწმინდეებს.
"კარიბჭის" მკითხველს ამჯერად წმინდა იონა წინასწარემტყველის ტაძარს გავაცნობ.
ჩვენს წინაპრებს მხოლოდ ზემო სვანეთის ულამაზეს სოფელ ლატალში აუგიათ წმინდა იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი. XIV საუკუნის ეს უნიკალური ტაძარი ამავე საუკუნეში მოუხატავთ. ფრესკებიდან აღსანიშნავია იონა წინასწარმეტყველის ცხოვრების ამსახველი ეპიზოდი-მისი ხსნა ვეშაპისაგან, რომელიც სვანეთის არც ერთ ეკლესიაში არ გვხვდება.
ეკლესიის საგანძურშია XI საუკუნის მაცხოვრის დიდი ხატი. ხატი მთლიანად მოჭედილია ოქროთი დაფერილი ვერცხლით, მხოლოდ სახეა ფერწრული. მოჭედილობა მოგვიანებით გადაუტანიათ ახალ საფუძველზე. ჩარჩოს ქვედა ზოლზე სამსტრიქონიანი წარწერაა.
წარწერა გვამცნობს ეკლესიაში ხანძრის და საგანძურის ბედს: "ვნახეთ ეკლესია დარღვეული, ვპოვეთ სამკაული ეკლესიისა შენისაი მოპარული და დაფლული... რათა შენივე შენდა შევსწიროთ". როგორც წარწერა, ასევე ხატის ჩარჩო და ქრისტეს შარავანდი მისი მოძებნის შემდეგ უნდა იყოს შესრულებული.
სასწაულია, ეკლესიიდან მოპარული და დაკარგული ყველა ნივთი კვლავ ტაძარს უბრუნდება. ტაძარში დაბრძანებულმა XIV საუკუნის წმინდა თევდორეს ხატმა ლონდონში გადაინაცვლა, იქიდან-ჟენევაში და კვლავ სამშობლოში დაბრუნდა, ასევე 12 საუკუნის წყვილი მეომრის ხატი, რომლის წარწერა ოქრომჭედელ ივანეს იხსენიებს. წმინდა გიორგის ხატი, საწინამძღვრო ჯვრები და იტალიური ჯვარი, XIV საუკუნის წმინდა თევდორეს ხატთან ერთად, 1978 წელს გაიტაცეს ეკლესიიდან, მაგრამ ყველა ეს ნივთი კვლავ დაბრუნდა ოდესიდან. ეკლესიაში იანხება წმინდა იონა წინასწარმეტყველის ხატი, რომლის ზურგის წარწერა გვამცნობს, რომ ხატი მოუჭედავს მამია გურიელს სოფლის გასამარჯვებლად და მისი სულის საოხად. წარწერაში მოხსენიებული უნდა იყოს პირველი მამია გურიელი, რომელიც XIV საუკუნეში მოღვაწეობდა.
ავტორის ფოტოები