ათენის სიწმინდეების მოლოცვის დროს მოვილოცე მთავარანგელოზთა დედათა მონასტერი, რომელიც ნეა ეპიდავროს კუნძულზე მდებარე სოფელ დიმენაში მდებარეობს.
მონასტრის წინამძღვარია იღუმენია მაკარია. მთავარანგელოზთა მონასტრის მეტოქიონია ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერი. დედა მაკარიას ლოცვა-კურთხევით მოვილოცეთ მთავარანგელოზთა მონასტრის მეტოქიონი, ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერი. ამ მონასტრის შესახებ მინდა გადმოგცეთ დედა მაკარიას ნაამბობი.
- ღვთისმშობლის (აგნონდას) სახელობის დედათა მონასტერი ერთ-ერთი მთის ფერდობზე, ნეა ეპიდავროდან 7კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ლეგენდის მიხედვით, ერთ ღამეს მოულოდნელად რაღაც სინათლე გამოჩნდა, თითქოს ვარსკვლავი ჩანდა მთაზე. ერთ-ერთ მწყემსს, რომელსაც ამ გზაზე რაღაც შუქი უნათებდა მოულოდნელად დედა ღვთისმშობლის ხატი აღმოაჩინა. ამის შემდეგ გადაწყდა ამ ადგილას მონასტრის აშენება. აგნონდა ბერძნულიდან მოდის - აგნანტევო, რაც თვალყურის დევნას ნიშნავს. გადმოცემით, მონასტერი დაახლოებით XI საუკუნეშია აგებული.
მონასტერს გარს აკრავს მაღალი და მტკიცე ციხე-კოშკები, გალავანი, რომელიც მონასტერს თურქეთის შემოსევებისგან იცავდა. შუაგულ ეზოში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია. ეკლესია ფრესკებით არის მოხატული, რომელიც 1250 წლით თარიღდება. ამიტომაც შედის საბერძნეთის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. 1759 წელს ფრესკები მტრებმა გადაღებეს. მონასტრის კუთვნილებაში იყო ათასობით ზეთისხილის მარცვლეული, მინდვრები, ვენახები, ფიჭვის ტყეები. მონასტრის წევრები მეურნეობითაც იყვნენ დაკავებულნი. მონასტერს ჰქონდა აგრეთვე ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებული იყო დიდი რაოდენობით საუკეთესო წიგნები. აქვე ინახებოდა ოქროსა და ვერცხლის სურები. წიგნები და ძვირფასი სურები მტრის შემოსევას გადაურჩა და გადაიტანეს მთავარანგელოზთა დედათა მონასტერში. ამჟამად მონასტერი არ ფუნქციონირებს. მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის დაქვემდებარებაშია. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის მეტოქიონია. თავიდან იყო მამათა მონასტერი, მერე გადაკეთდა დედათა მონასტრად. ასეთია ღვთისმშობელ აგნონდას ხატისა და მონასტრის დაარსების ისტორია.