ბერმონაზვნობა ანგელოზებრივ ცხოვრებას უტოლდება
08.04.2005
ბერები და მონაზვნები - ამქვეყნიური ანგელოზები - მოწყვეტილნი არიან ამაო მიწიერ საზრუნავს და მთელი არსებით სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ. ბერმონაზვნურ ცხოვრებას უფრო მეტი სიღრმეები აქვს და ეს თავად უნდა განიცადოს ღვთისაგან რჩეულმა ადამიანმა.
ნათქვამია, თუ ბერ-მონაზვნობა ძლიერია, მაშინ ერიც ძლიერი იქნებაო. გასული წლებისგან განსხვავებით, დღეს მონასტრებში ზოგან ხუთი, ათი და მეტი ბერმონაზონია. სამთავროს დედათა მონასტერში, ღვთის სადიდებლად, ორმოცი წევრია. მისი წინამძღვარი იღუმენია ქეთევანი 1986 წლიდან სამთავროში მოღვაწეობს. დედების სულიერი მოძღვარია შიომღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე).
მამა მიქაელი სამთავროს მონასტრული ცხოვრების შესახებ გვესაუბრება:
- წმინდა ნინოს ლოცვით, სამთავროში წირვა-ლოცვა დღემდე არ შეწყვეტილა. დედათა მონასტერი აქ XVIII საუკუნის მიწურულსა და XIX საუკუნის დასაწყისში დაფუძნდა. მანამდე მღვდელმთავრები და ბერები მოღვაწეობდნენ. სამთავროს დედათა მონასტრის დამაარსებელი და პირველი წინამძღვარი იღუმენია ნინო ამილახვარი გახლდათ. მას შემდეგ მონასტერი, ღვთის წყალობით, ძლიერდება და მრავლდება.
- როგორია იქაური ცხოვრება, იქაური ტიბიკონი?
- ლოცვა დილით ოთხ საათზე იწყება, საღამოს - ცხრა საათზე. ამავე დროს, ყველას პირადი კანონები და მორჩილებები აქვს, ხელსაქმე - კერვა, ქარგვა, ქსოვა, ხატწერა...
- დღეში რამდენჯერ ტრაპეზობენ?
- დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. თუკი ვინმე უძლურებაშია, ლოცვა-კურთხევით - მესამედ იტრაპეზებს. მთავარი ყურადღება მონასტერში ხომ სულიერ მოღვაწეობას ეთმობა. წმინდა მამები საკვების მიღებას ზომიერად გვირჩევენ, უფრო - ასკეტურადაც.
- რა საფეხურები უნდა გაიაროს ადამიანმა მონასტერში მისვლამდე?
- თავიდან მონასტერში პატრიარქის, მღვდელმთავრის ან სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით მოდიან. სტუმარს რამდენიმე დღეს ვტოვებთ, ხოლო ვისაც მონასტერში დარჩენა უნდა, მოვა და თავის ბედს გამოცდის. რამდენიმე დღის შემდეგ მოძღვარი ან წინამძღვარი გაესაუბრება. თუ აქვს სურვილი მონასტრული ცხოვრებისა, შეიმოსავს მორჩილების კაბას. შეიძლება ერთი ან ორი წელი გავიდეს და მერე მიიღოს სამონაზვნეობა. შეიძლება მთელი სიცოცხლე მორჩილებაში გაატაროს. სამონაზვნემ კურთხევის შემდეგ გარკვეული სულიერი ეტაპები უნდა გაიაროს. შემდეგ წინამძღვარი და სულიერი მოძღვარი მის მონაზვნად აღკვეცაზე იმსჯელებენ და ამას ეპარქიის მღვდელმთავარს ამცნობენ. ჩვენ მის უწმინდესობას ვეახლებით, ვინაიდან ის ბრძანდება მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი. პატრიარქის კურთხევის გარეშე ბერმონაზვნად არავინ აღიკვეცება.
ამჯერად სამთავროში ორმოცამდე მონასტრის წევრია, მათგან თხუთმეტი - მონაზონი. მერე მოდიან სამონაზვნეები, მორჩილები და სამორჩილეები.
- რა ნიჭი უნდა ჰქონდეს მონაზონს?
- პირველ რიგში, მას მორჩილება და მოთმინება უნდა შეეძლოს. მორჩილება ანგელოზებრივ ცხოვრებას უტოლდება. ცათა სასუფეველში ან მიწაზე მოვლენილი ანგელოზები ღმერთის ლოცვა-კურთხევას ასრულებენ. უსათუოდ უნდა შესრულდეს ეკლესიის იერარქების მიერ გაცემული ლოცვა-კურთხევა. ვისაც მორჩილება შეუძლია, ის უფრო ადვილად გადალახავს ყველა სიძნელეს. მორჩილება ადამიანს აძლევს სიმდაბლეს და სხვადასხვა სათნოებას, რომელსაც უფალი დროდადრო გამოუჩენს. როცა ღვთის ნებით ივლი, არაფერი მოგივა და ყოველთვის ძლიერი იქნები. მთავარი მაინც ცათა სასუფეველში შესვლა ანუ ცხონებაა. ვინც ღმერთთან მივა, მას ღმერთი აცხონებს.
- მამაო, მაინც რა უბიძგებს ადამიანს მონასტრული ცხოვრებისკენ? ეკლესიურად ამას სხვადასხვა ახსნა აქვს?
- წმინდა მამები სამ მდგომარეობას გამოყოფენ: ერთია, როცა ადამიანი ბავშვობიდან გამორჩეულია და მონასტერში ცხოვრება სურს; მეორე მდგომარეობა ძიებაა - გარკვეული წლების შემდეგ პიროვნება მონასტერში მიდის და იქ პოულობს ნავსაყუდელს. არის კიდევ ერთი შემთხვევა: მძიმე ცოდვების გამო ადამიანი ცხონების გზას ერში ვერ ხედავს და მონასტერში მიდის სულის გადასარჩენად. ღვთის წინაშე სამივე ერთია. მნიშვნელობა არა აქვს, რომელი მდგომარეობიდან შეხვალ ღვთის სასუფეველში. მთავარია, მიხვიდე მონასტერში, უფალი ადიდო და იქ იცხოვრო სიცოცხლის ბოლომდე.
განსაცდელი ყოველ ადამიანს აქვს, კიდევ უფრო მეტი აქვთ ბერ-მონაზვნებს. იცით, რომ განსაცდელის დაძლევაში სული თანდათან იწრთობა და ძლიერდება? ღმერთი არასდროს მისცემს ადამიანს ისეთ ჯვარს ან სიმძიმეს, რომლის ზიდვაც არ შეუძლია.
- რატომ იმოსებიან ბერ-მონაზვნები შავი ფერის სამოსით?
- წმინდა პახუმი დიდს ანგელოზი გამოეცხადა და უჩვენა ბერის და მონაზვნის შესამოსელი. III-IV საუკუნეებიდან ამ შესამოსლით ვსარგებლობთ. ამ სამოსით ბერ-მონაზვნობა დაცულია ხილული და უხილავი მტრებისგან.
ეს არის მწირი გადმოცემა მონასტრული ცხოვრებისა. მას უფრო მეტი სულიერი სიღრმეები გააჩნია, რასაც მიაღწიეს ეკლესიის წმინდა მამებმა.
- დაგვლოცეთ, მამაო.
- წმინდა ნინოს, წმინდა შიო მღვიმელის და ყოველთა წმინდათა ლოცვა-კურთხევით ღმერთმა დალოცოს, გააერთიანოს და დაამშვიდოს ჩვენი სამშობლო. ამინ!