ეს ჩვენთვის უბრალო მიწა არ არის, ის ჩვენი სულისა და გულის ნაწილია. გულს კი ვერ ამოიღებ და სხვას ვერ მისცემ
ეს ჩვენთვის უბრალო მიწა არ არის, ის ჩვენი სულისა და გულის ნაწილია. გულს კი ვერ ამოიღებ და სხვას ვერ მისცემ
დავითგარეჯის უდაბნო
"ამას უკან სულისათვის
უდაბნონი მოვილოცე,

წმინდას დავითს თაყვანი-ეც,
ერთი მადლი გაიოცე,
ბერთუბანი, ჩიჩხატურით,
ცოდვა ჩემი ამიხოცე,
ნათლისმცემლით წამებულო,
დოდოვ, მტერი დამიხოცე".
ვახტანგ VI

იშვიათია სიწმინდე თუ კულტურის ძეგლი, რომლის ბედსაც იმდენი ვნებათაღელვა გამოეწვიოს, რამდენიც გარეჯის მრავალმთის კლდეში კვეთილ მონასტრებს. მისი არსებობის ლამის 1500-წლოვანი ისტორია, არსებითად, საქართველოს ისტორიაა, სავსე ათასგვარი თავგადასავლით, აღზევებითა და დაცემით, ჭირითა და ლხინით.

"წმინდა დავითის ცხოვრება", რომლის ადრეული რედაქცია IX-X საუკუნეებს განეკუთვნება, გარეჯის მრავალმთაში პირველი მონასტრის - ლავრის დაარსების ამბავს მოგვითხრობს. წმინდა დავით გარეჯელი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად აქეთ წამოსულა, რათა ეპოვა მყუდრო და შესაფერისი ადგილი განმარტოებისა და ასკეტური ცხოვრებისთვის. "ხოლო ვითარცა მიიწივნეს პირველ თქმულსა მას უდაბნოსა, შეიშთვოდეს წყურვილითა და თანად სიცხითა შეიწუებოდნენ, რამეთუ ესე ადგილი მძაფრად შემწველი არს მზისა მცხინვარებითა მიერ ზედ მოფენილითა; ვინათგან... ყოვლითურთ განმარტოებით მდებარე უმეტეს ყოველთა აღმოსავლეთის სანახებთა სიცხისა მიერ შეიწვების, რომლისა ძალით წყლისაგან ნაკლულევან არს და სხვათა ყოველთავე სხეულისა ნუგეშინისმცემელთა სახმართაგან". ასეთ მკაცრ გარემოშიც კი აღმოჩნდა ადგილი, სადაც ნაპრალში დაგროვილი წვიმის წყალი "სვეს და დასხდეს განსვენებად ჩრდილსა რასმე კლდისასა". ასე გაჩნდა უდაბნოში პირველი მონასტრის სადგომი. შემდეგ და შემდეგ კი აქ "დაემკვიდრნეს სიმრავლენი მამაკაცთანი, უდაბნოებითსა ცხოვრებასა შემტკბობელნი, რამეთუ დღითი დღე შეეძინებოდა რიცხუსა მათსა სიმრავლე ფრიად", - მოგვითხრობს ჰაგიოგრაფი.

დავით გარეჯელის სიცოცხლეშივე გახდა აუცილებელი ახალი მონასტრების დაარსება. დოდო (დოდოს რქა) და ნათლისმცემელი მისმა მოწაფეებმა დოდომ და ლუკიანემ დააფუძნეს. შემდეგ მათ სიახლოვეს შეიქმნა წამებული, თეთრი სენაკები, უდაბნო, ჩიჩხითური და ბერთუბანი (ამჟამად აზერბაიჯანის ფარგლებშია მოქცეული).

IX საუკუნიდან იწყება კლდეში კვეთილი მონასტრების ახალი კომპლექსის მშენებლობა გარეჯის მრავალმთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ივრის შუაწელზე. ესენია:Pსაბერეები, პირუკუღმა, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, პატარა ქვაბები და სხვა, რომელთაც შემოგვინახეს ფრესკული მხატვრობისა და სხვადასხვა სახის დამწერლობის ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლი.

ამ წმინდა ადგილების დიდი სულიერი და ეროვნული მნიშვნელობა იმითაც დასტურდება, რომ აქ სხვადასხვა დროს ცხოვრობდა არაერთი ქართველი მეფე და საზოგადო მოღვაწე; დაკრძალულია ბევრი სასულიერო თუ საერო პირი. წმინდა დავითი ლუკიანესთან ერთად ლავრის ფერისცვალების ეკლესიაში განისვენებს.

ამ სავანეებს დიდი ამაგი დასდო წმინდა ილარიონ ქართველმა (IX ს.). უდაბნოში იღვწოდა წმინდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ვაჟი მეფე დემეტრე (ბერობაში - დამიანე), ავტორი საგალობლისა "შენ ხარ ვენახი" (XII ს.).

აქ ცხოვრობდნენ მეფე-პოეტები: თეიმურაზ პირველი, ავტორი ლექსისა "მეფის თამარის სახე დავით-გარეჯაში", და ვახტანგ VI.

XVIII საუკუნეში მოღვაწეობდნენ: ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, საქართველოს კათოლიკოსი 1730-1737 წლებში, სასულიერო მწერალი, მართლმადიდებლობის დამცველი და შესანიშნავი მოქადაგე; ტიმოთე გაბაშვილი, ქართლის მთავარეპისკოპოსი, განათლებული ღვთისმეტყველი და მწერალი; კათოლიკოსი ანტონ I; გაბრიელ მცირე, სასულიერო მწერალი; წინამძღვარი ონოფრე მაჭუტაძე; სვიმონ გარეჯელი, სასწაულთმოქმედი მამა; სულხან-საბა ორბელიანი, რომელმაც აქ შექმნა დიდებული ჰომილეტიკური ნაწარმოები "სწავლანი" და "სიტყვის კონის" დიდი ნაწილი, თარგმნა და შეასწორა მრავალი თხზულება; ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII და სხვანი.

აქ იწერებოდა და ითარგმნებოდა ქართული და უცხოური მწერლობის უმნიშვნელოვანესი თხზულებები. აქ აღესრულა უამრავი ქართველი მამულიშვილი, რომელთა უპირველესი საზრუნავი სამშობლო და ქრისტიანობა გახლდათ.

საუკუნეთა მანძილზე დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის არსებობას საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ მან მაინც გაუძლო ისტორიის ქარცეცხლს.

XIII საუკუნეში მონღოლთა შემოსევებმა შეაფერხა გარეჯის განვითარება. მათ გაძარცვეს და გაანადგურეს მონასტრები, ცეცხლს მისცეს ხელნაწერები და ხელოვნების ნიმუშები. შეწყდა ცხოვრება ბერთუბანში, აოხრდა ლავრის, დოდოს რქისა და ნათლისმცემლის მონასტრები და მხოლოდ საუკუნის ბოლოს გახდა შესაძლებელი მონასტრის კვლავ გამოცოცხლება.

1615 წელს შაჰ-აბასის ურდოებმა ერთ ღამეში გაწყვიტეს ბერები და გაძარცვეს მონასტერი.

XVII საუკუნის ბოლოს გარეჯის წინამძღვრის, ონოფრე მაჭუტაძის მოღვაწეობის შედეგად მონასტერს დაუბრუნდა დაკარგული მიწები. თავდაცვის მიზნით აიგო გალავნები, აშენდა კარიბჭე და სატრაპეზოები.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მონასტერი გაუკაცრიელდა. მხოლოდ ნათლისმცემელს შემორჩა რამდენიმე ბერი.

1917-1918 წლებში უდაბნო და ბერთუბანი გაძარცვეს და დაარბიეს. საბჭოთა ხელისუფლების დროს ისედაც გაპარტახებულ მონასტერში გაჩნდა უამრავი წარწერა, ამოკაწრული "ჭრილობა" და ყველაფერი ეს - უმეტესად ფრესკებზე. სიძველეთა "მოყვარულებმა" გაზიდეს უამრავი ფრესკული ფრაგმენტი.

უპატრონო სავანეს ცხვარ-მეცხვარე შეესია.

1948 წელს შეიქმნა სამხედრო საწვრთნელი პოლიგონი.

არ ესმოდათ გარეჯის ფასი და მნიშვნელობა...

აქ სამონასტრო ცხოვრება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 80-იანი წლების დასასრულს აღდგა. პირველი ბერი, ვინც აქ დაიწყო მოღვაწეობა, ამჟამინდელი ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) გახლდათ. მას შემდეგ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. მონასტერმა აღორძინება დაიწყო, თუმცაღა...

დღეს კვლავ აქტუალურია ფიქრი გარეჯზე და ბრძოლა მის გადასარჩენად. 2 ოქტომბერს ბარბაროსული ფაქტი მოხდა - აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გადაღმა მონასტრის ფრესკები ხელყვეს. მონასტრის წევრებმა მათ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს.

გვესაუბრება დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი (ჭიღლაძე).

- მამაო, იქნებ კიდევ ერთხელ განგვიმარტოთ, რაოდენ დიდი სიწმინდეა ქართველი კაცისთვის და, საერთოდ, ყველა მორწმუნისთვის დავითგარეჯის უდაბნო.

- გარეჯის როლი ისტორიულადაც გამორჩეულია (ამით, ცხადია, სხვა მონასტრების ღვაწლი და მნიშვნელობა არ კნინდება). აქ იყო დიდი სულიერი სკოლა, მოღვაწეობდნენ სასწაულთმოქმედი წმინდა მამები... ცნობილია, რომ მეფეები მარხვის პერიოდს აქ ატარებდნენ.

KARIBCHE



ასურელი მამების შემოსვლით, ფაქტობრივად, ქრისტიანობის ხელახლა აღორძინება, სარწმუნოების განმტკიცება მოხდა. ეს მამები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით მოვიდნენ საქართველოში.

წმინდა დავით გარეჯელი უდაბნოში დასახლდა, რათა განმარტოებულიყო, "გარე სჯად თვისა", მაგრამ, როგორც სახარება გვასწავლის, ანთებული სანთელი არ იმალება. წმინდა მამამ უამრავი ადამიანი შემოიკრიბა გარშემო და გაშენდა წმინდა ქალაქი, შედეგად, ქვეყანაც სულიერად განმტკიცდა.

დავითგარეჯის სულიერი მნიშვნელობის წარმოსაჩენად მარტო ის ხალხური გამონათქვამიც იკმარებდა, რომელიც საქართველოში დავით გარეჯელის დროიდანვეა ცნობილი: გარეჯის სამჯერ მოლოცვა იერუსალიმის მოლოცვის ტოლფასიაო. ასე სწამდათ და სჯეროდათ ჩვენს წინაპრებს და ცდილობდნენ, სამჯერ მოელოცათ ეს უდიდესი სიწმინდე.

- 1972 წელს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს კოლეგიამ გარეჯის მუზეუმის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. 1973 წელს "გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი" დაარსდა. რამდენად ექცეოდა ყურადღება საბჭოთა პერიოდში დავითგარეჯს, თუნდაც როგორც ქართული არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის თვალსაზრისით გამორჩეულ ძეგლს?

- შეიძლება ითქვას, არავითარი ყურადღება არ ექცეოდა. გარეჯი, ფაქტობრივად, მწყემსების თავშესაფრად, ცხვარ-ძროხის სადგომად აქციეს, ნაგვით დაფარეს წმინდა დავითის საფლავი, ტაძარი... თუმცა დროდადრო ადგენდნენ გარეჯის ეკლესიათა კონსტრუქციული გამაგრების პროექტებს, მუშავდებოდა მოსაზრებები "დავითგარეჯის კულტურის ძეგლების მდგომარეობის გაუმჯობესების" შესახებ, იქმნებოდა კომისია-ექსპედიციები, მიმდინარეობდა გამწმენდი სამუშაოები. 80-იანი წლების დასაწყისში ბევრს ლაპარაკობდნენ სამხედრო-საწვრთნელი პოლიგონის გარეჯიდან სხვაგან გადატანაზე... მაგრამ ეს მხოლოდ წვეთი იყო იმ ზღვაში, რასაც დავითგარეჯის დაცვა, მისი სათანადო დაფასება გულისხმობს.

- დავითგარეჯს ცოტა ხნის წინ რესტავრაცია ჩაუტარდა. დღესდღეობით რამდენადაა გამოცოცხლებული მონასტრის ცხოვრება?

- მონასტერში სამი მღვდელმონაზონი, ერთი ბერი, ორი კაბოსანი მორჩილი და ერიდან მოსული რამდენიმე ადამიანი ცხოვრობენ. ღვთის შეწევნით, უზრუნველყოფილნი ვართ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, ჩვენს მონასტერში ცხოვრების მსურველნი არცთუ ისე ბევრნი არიან. ზოგს ალბათ სახელი "უდაბნო" აშინებს, ზოგს - ქვეწარმავლები, სიცხე...

KARIBCHE


KARIBCHE


ოთხი წლის წინ, როცა დავითგარეჯის წინამძღვარი მამა ლუკა ლომიძე (ახლა უკვე საგარეჯო-ნინოწმინდის ეპისკოპოსი მეუფე ლუკა) გახლდათ, ბატონ ბადრი პატარკაციშვილის ფონდის მიერ ჩატარდა ძალზე მნიშვნელოვანი სარესტავრაციო სამუშაოები: აღდგა დანგრეული ბანები, სენაკები, სახლები, სატრაპეზო, რეზიდენცია... განახლდა კომპლექსის დიდი ნაწილი. თუმცა გასაკეთებელი კვლავაც ბევრია: გასამაგრებელია კლდის ქანები, რომლებიც დროთა განმავლობაში იფიტება. ზოგიერთი კედელი, ფაქტობრივად, ჰაერშია გამოკიდებული. ამას ყველაფერს მიხედვა სჭირდება, რაც, თავისთავად, ფინანსებთანაა დაკავშირებული. მხოლოდ ჩვენი ძალებით ამას ვერ შევძლებთ.

- არცთუ ისე დიდი ხნის წინ გამოითქვა მოსაზრება გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტურისტულ ზონად გამოცხადების შესახებ. სადავო გახდა კომპლექსის ის ტერიტორია, რომელიც ყარაღაის მინდვრებს (საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს) დაჰყურებს...

- სრულებით ვეთანხმები უწმინდესს: მიუღებელია და შეუძლებელიც გარეჯის ტურისტულ ზონად გადაქცევა. დავითგარეჯის მონასტერი ჩვენი უდიდესი სიწმინდე, სულიერი, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობაა და არავისთან გასაყოფი არა გვაქვს. ამდენად, საერთო პატრონობა, ვისგანაც არ უნდა იყოს, ყოვლად მიუღებელია. გარეჯი ქართველ ხალხს ეკუთვნის და მისად უნდა დარჩეს!

წარმოუდგენელია ისიც, რომ მონასტერს ნაწილი ჩამოეჭრას, მოშორდეს საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიას შეუერთდეს. ეს ხომ ის ადგილია, სადაც 6000 გარეჯელი მოწამე დაახოცინა შაჰ-აბასმა აღდგომის ღამეს. დღესაც ღაღადებს 400 წლის წინ დათხეული სისხლი. მღვდელმონაზონი კალისტრატე (XIX ს.) ერთგან წერს: "ამ მთის კლდეში გამოკვეთილ ერთ-ერთ ეკლესიაში, ტრაპეზის ორივე მხარეს, ამჩნევია დაღვრილი სისხლი; ტრაპეზის პირდაპირ არის მაცხოვრის, ღვთისმშობლის და ნათლისმცემლის ხატი, რომელთათვისაც თათრებს ხანჯლის წვერით თვალები ამოუთხრიათ. მეფე თეიმურაზ პირველმა ამ წამებულთა ძვლები ერთად შეკრიბა, მთის თავზე აღაშენა ეკლესია და საკურთხეველში ჩაასვენებინა მათი ძვლები". აი, ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. სალაპარაკო ჩვენ არაფერი გვაქვს. მათ უნდა შეიგნონ, რომ ეს ჩვენთვის უბრალო მიწა არ არის, ის ჩვენი სულისა და გულის ნაწილია. გულს კი ვერ ამოიღებ და სხვას ვერ მისცემ!

- ასეთივე პრობლემის წინაშე სხვა დროსაც თუ მდგარა გარეჯი?

- დავითგარეჯის უდაბნო ოთხჯერ აიკლეს სპარსელებმა და ლეკებმა. მაგრამ დავა იმაზე, ეკუთვნის თუ არა ის საქართველოს, ჩვენს დრომდე არასოდეს ყოფილა. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ, სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის სახით, ეს ტერიტორია "დარდიმანდულად" აჩუქა, გადაულოცა აზერბაიჯანს, თუმცაღა ეს ფაქტი ოფიციალურად ხელმოწერილი და დამტკიცებული არ არის. ამ საზღვრების დემარკაცია მიმდინარეობს და სწორედ დღეს უნდა დადგინდეს, ბოლოს და ბოლოს, სად გადის საზღვარი. ამიტომ სჯობს, სანამ მწვავეა, გადავწყვიტოთ კიდეც ეს პრობლემა, როგორც ჩვენთვის არის მისაღები, თორემ მერე უკვე გვიან იქნება. თავის დროზე ასეთივე მტკივნეული იქნებოდა ტაო-კლარჯეთის საკითხი, რომლის დაკარგვასაც, სამწუხაროდ, შევეგუეთ.

- ბოლშევიკების მოსვლამდე სად გადიოდა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარი?

- ნოე ჟორდანიას დროს დამოუკიდებელი საქართველოს საზღვარი 40 კმ-ით იქით, აზერბაიჯანისკენ იყო. დღევანდელი ე.წ. საზღვარი, როგორც გითხარით, პირობითად არის დადგენილი სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის დროს. თუმცა ჩვენ არ ვაცხადებთ პრეტენზიას იმ მიწებზე, რომლებიც სასაზღვრო ზოლშია დარჩენილი. მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ ჩვენი სიწმინდე არ შეურაცხყონ. ის ჩვენია და სადავო არ უნდა იყოს!

ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას. მართალია, მოლაპარაკებებში უშუალოდ არ ვმონაწილეობთ, მაგრამ სისტემატურად ვისმენთ კომისიის ანგარიშს.

- მამაო, შემთხვევით, ცხადია, არაფერი ხდება. ყველა მოვლენის, განსაცდელის მიღმა ფარული, მისტიკური აზრი, უფლისმიერი მინიშნება იმალება. როგორ ფიქრობთ, რატომ მოიწია ჩვენს თავს ეს განსაცდელი, რას მიგვანიშნებს ამით უზენაესი?

- განსაცდელს უფალი უშვებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი განგვცდის; განსაცდელი საჭიროა თუნდაც იმის გამოსავლენად, თუ როგორ მოვიქცევით, რას მოვიმოქმედებთ ამ დროს.

აი, აღმოვჩნდით ასეთი პრობლემის წინაშე. რას ნიშნავს ჩვენთვის იგი? ნუთუ მართლა სულერთია, იქნება თუ არა ჩვენი მიწა, სადაც მოწამეთა სისხლი დაიღვარა, სიწმინდეები, სადაც ჩვენი სულმნათი წინაპრები ლოცულობდნენ?! თუკი ასეა, ვაი ჩვენი ბრალი! გამოდის, ჩვენვე ვამბობთ უარს ყოველივეზე, რაც ღირებულია, რითაც ჩვენ ჩვენ ვართ და რითაც დღემდე მოვედით. ხოლო თუკი ამ საქმეში ჩვენც შევიტანთ წვლილს, ჩვენს ნებას გამოვხატავთ და რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვიღონებთ სიწმინდეების, წინაპართა ძვლების ხელყოფისაგან დასაცავად, რაღა თქმა უნდა, უფლის თვალშიც მოსაწონი ვიქნებით. ეს განსაცდელი ჩვენი ნების, პოზიციის გამოსაცდელად არის დაშვებული და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მკვიდრთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთსულოვანია. ეს ჩვენი ღირსების, მეობის, სულიერების საკითხია. ამიტომ ერიც და ბერიც ერთად უნდა დადგეს და იმედი მაქვს, დადგება კიდეც!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
19.10.2019
როგორც კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ტაო-კლარჯეთის კურაპალატების თაოსნობით საქართველოს ეკლესიური და კულტურული დამოუკიდებლობის მოპოვება,
01.10.2019
წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მამათა მონასტერი ცაგერის რაიონში მდებარეობს. VII საუკუნეში მოღვაწე წმინდა მამის საფლავიც იქვე, ტაძარში, გამშვენებულ ლუსკუმაშია ჩაბრძანებული.
17.09.2019
ჯვრის მონატრიდან დაღმართისკენ მიმავალი გზა წმინდა ნინოს სახელობის მცირე ტაძრისკენ მიუყვება.
23.08.2019
ქვემო რაჭაში,  ამბროლაურის ისტორიულ ცენტრში იმერეთის მეფეთა ყოფილი საზაფხულო  რეზიდენციის ტერიტორიაზეა აღმათულია მაჩაბლის ისტორიული კოშკი.
20.02.2019
რუის-ურბნისის ეპარქიის იეროდიაკონი ირინეოსი (შენგელია) ათონის ივერთა მონასტრის შესახებ მოგონებებს "კარიბჭის" მკითხველს უზიარებს.
13.02.2019
უწმინდესისა და ჩრდილოეთ ამერიკის მღვდელმთავრის, მეუფე საბას (ინწკირველი) ლოცვა-კურთხევით, არცთუ ისე დიდი ხანია რაც კანადაში, ვანკუერში მართლმადიდებლურ ტაძართან 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტერი დაფუძნდა,
05.02.2019
დიდი დიღმიდან როგორცკი დაადგებით მუხადგვერდის სავალ გზას, ხელმარჯვნივ სამანქანო, ვიწრო გზა ახალდაარსებულ მამათა მონასტერთან მიგვიყვანთ.
03.12.2018
ანჩისხატი ძველ თბილისში, საპატრიარქოს ახლოს მდებარობს. შესაძლოა ბევრმა არც კი იცის, რომ VI საუკუნის ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა.
27.10.2018
ვისაც კი ერთხელ მაინც მოულოცავს მცხეთის სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერი, მას კიდევ მრავალჯერ უჩნდება სურვილი, მიეახლოს და თაყვანისცეს ამ მადლმოსილ წმინდანთა ნატერფალის სავანეს...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მე მინდა, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგალობოთ ”ღირს არს ჭეშმარიტად”