დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარი — თბილისში, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მდებარეობს.
შუა საუკუნეებში დიდუბეში, რომელიც ქალაქის სანახებს წარმოადგენდა, მეფის სასახლე იდგა. აქვე იყო ეკლესიაც, რომელშიც 1189 წელს დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა. საეკლესიო ტრადიციით, დიდუბის ეკლესიის მთავარი, ღმრთისმშობლის ხატი თამარ მეფის მიერ არის შეწირული. 1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა, მაგრამ მალევე შეკეთდა. 1795 წელს ის დაანგრია აღა მაჰმად ხანის ლაშქარმა. 1880-84 წლებში მღვდელ პეტრე იმნაძისა და დეკანოზ ბესარიონ ზედგინიძის ძალისხმევით, მეცენატ გიორგი ქართველიშვილის შემწეობით დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესია ხელახლა აშენდა (გუმბათი 1889 წელს დასრულდა). მისი არქიტექტურა ე. წ. რუსული სტილის ნიმუშია.
ეკლესია აკურთხეს 1884 წლის 23 სექტემბერს. მისი პირველი მღვდელი იყო კალისტრატე ცინცაძე, შემდგომში – კათოლიკოს-პატრიარქი.
გაზეთი "დროება" მოგვითხრობს
"კვირას, 23 სექტემბერს აკურთხეს დიდუბის ეკლესია. ეს ეკლესია იმ ძველ ნაშთთაგანია ჟამთა-ვითარებას ნახევრობით დანგრეულ-დაქცეული, რომ დაუტოვებია. აქ უკურთხებიათ მეფედ ქართველთა სათაყვანებელი თამარი. ეკლესია აკურთხა ეგზარხოსმა და წარმოსთქვა სიტყვა, რომელშიც, სხვათა შორის თამარ დედოფლის სახელიც იყო მოხსენიებული… ეკლესია აშენებულია სხვადასხვა პირთა შემწირველთა საშუალებითა და საფასით. ხოლო და გულის მოდგინება ყოფილა დეკანოზის იმნაძისა, მღვდელი ზედგენიძისა და აზნაურ გიორგი ქართველიშვილისა".
XIX საუკუნის ბოლოს აუცილებელი შეიქნა აგრეთვე ეკლესიის კანკელის შეკეთება.
"1897 წლის 6 ივლისს საქართველოს ეგზარხოსმა ვლადიმერმა, არქიმანდრიტ ლეონიდისა, დეკანოზ სოლომონ შოშიაშვილისა და სხვათა თანამწირველობით აკურთხა დიდუბის ახლად შეკეთებული კანკელი. შემდეგ ასხურა წმ. წყლით მთელი ეკლესია და წირვა გადაიხადა. წირვის დროს მღვდელმა კალისტრატე ცინცაძემ სიტყვა წარმოსთქვა".
ტაძრის ინტერიერი მოიხატა 1978 წელს (ალ. ბანძელაძის მიერ). სამლოცველო ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით აიგო 1900 წელს. ეკლესიის გვერდით პანთეონია, სადაც დაკრძალულნი არიან საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, პოეტები, მხატვრები, მსახიობები და პოლიტიკოსები, მათ შორის: პლატონ იოსელიანი, მიხეილ თამარაშვილი, პაოლო იაშვილი, არტურ ლაისტი,არჩილ ჯორჯაძე, დიმიტრი არაყიშვილი, დავით კაკაბაძე, ზურაბ ჟვანია და სხვანი.
ცოტამ თუ იცის ისტორია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა, რომელიც ამ ტაძარშია დავანებული.
იქ, სადაც ახლა დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარი დგას, ძველად საძოვრები ყოფილა. ერთ ქრისტიან მწყემსს, რომელიც დიდუბეში აძოვებდა ცხვარს და კარგად იცნობდა იმ არემარეს, ანგელოზი დასიზმრებია. უთქვამს: "დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია დასვენებული. ეახელ, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო". მწყემსმა ხილვა დედ-მამასა და მეზობლებს უამბო. ყველა მინიშნებული ადგილისკენ გაემართა. სასწაულის მოლოდინში თან ერთი ბრმაც წაიყვანეს. ღვთისმშობლის ხატმა მართლაც მოახდინა სასწაული: შობიდან უსინათლოს თვალი აეხილა. ეს ორშაბათ დღეს მომხდარა. სასწაულის ადგილას იმავე დღეს ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუბრძანებიათ და თაყვანი უციათ.
სასწაულთმოქმედი ხატის ამბავი მთელ საქართველოს მოსდებია. მოჰყავდათ თურმე სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი და ყველა განკურნებული ბრუნდებოდა შინ. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ, რომელიც ყოველ ორშაბათს მლოცველებით ივსებოდა.
დიდუბის ტაძრისთვის მორწმუნეთა მიერ შეწირული საგანძური ერთ სარდაფში ჰქონიათ გადამალული, მაგრამ კომუნისტებს შეუტყვიათ მისი არსებობა და საუნჯე გაუზიდავთ. მაშინ დაკარგულა დიდუბის ღვთისმშობლის ხატის პერანგიც. დღევანდელი პერანგი რუსეთის პატრიარქს ალექსი I-ს დაუმზადებინებია და 1950 წელს დიდუბის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს.
დიდუბის ღვთისმშობლის ხატი დღესაც ახდენს სასწაულებს მათთვის, ვინც რწმენით მიეახლება. შეგეწიოთ მისი მადლი!
აქვე წაიკითხეთ:დიდუბის ღვთისმშობლის ხატი დღესაც ახდენს სასწაულებს მათთვის, ვინც რწმენით მიეახლება.
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები.