მაგრამ სიყრმიდანვე სიბრძნესა და ქრისტეს სიყვარულს ნაზიარებმა მეფემ იცოდა, რომ მარტოოდენ სამხედრო და სამეურნეო წარმატებებით ბობოქარი მაჰმადიანური ოკეანის განაპირას ჭეშმარიტად ძლიერი სახელმწიფოს აშენება შეუძლებელი იყო. მხოლოდ სულიერების აღორძინებას შეეძლო, ქვეყანა ჭეშმარიტი წინსვლის გზაზე დაეყენებინა. სწორედ ამიტომ უთმობდა ბრძენი მეფე უდიდეს ყურადღებას საქართველოში სარწმუნოებრივი ცხოვრების განმტკიცებას. ამ მიზანს ემსახურებოდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაც და ქვეყანაში ფართოდ გაშლილი საეკლესიო მშენებლობაც. ბევრი ახალი ტაძარი აიგო დავით აღმაშენებლის დროს საქართველოში და უამრავმა დანგრეულმა ეკლესიამ შეიძინა ახალი სიცოცხლე.
ჯერ კიდევ შორს იყო ქვეყნის საბოლოო გაერთიანება და თბილისის გათავისუფლება, ჯერ კიდევ მრავალი უთანასწორო ომი იყო მოსაგები, ვიდრე საქართველოს საზღვრებს საბოლოოდ დატოვებდნენ "თურქნი, სპარსნი და არაბნი", როცა 1106 წელს მეფე დავითმა ახალი, "აღმატებული ყოველთა წინანდელთა ქმნულთა" ტაძრის აგება ბრძანა.
ტაძრის მშენებლობა ქუთაისთან ახლოს, მდინარე წყალწითელას ხეობაში, "ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა" დაიწყო. ახალ მონასტერს დავით აღმაშენებელმა "უწოდა გენაათი, და აწ უწოდებენ გელათს". მეფე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა გელათის მონასტერს და დიდძალი ადგილ-მამული და საბრძოლო ნადავლი შეუწირავს მისთვის. დავითის ბრძანებით მთელ საქართველოში აგროვებდნენ საეკლესიო ჭურჭელსა და ხატებს, კრებდნენ წმინდა ნაწილებსა და წიგნებს.
გელათის მონასტერი მთის ფერდობის ხელოვნურად მოსწორებულ მოედანზე დგას. აღმოსავლეთიდან მას მთის კალთა იფარავს, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით კავკასიონის თოვლიან მწვერვალებამდე გადაშლილ ვრცელ, თვალწარმტაც ხეობას გადაჰყურებს. მონასტერი წყალწითელას ხეობიდან ამოზიდული უზარმაზარი ლოდებისგან გამოთლილი კვადრებითაა ნაგები. მისი ხუროთმოძღვრის სახელი უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ ტაძრის დაგეგმვასა და მშენებლობაში თავად დავით აღმაშენებელს მიუღია მონაწილეობა. გადმოცემით, მთავარი ტაძრის კუთხეში ჩადგმული ორი უზარმაზარი ქვა მეფეს ზურგით ამოუტანია წყალწითელადან.
დავით აღმაშენებლის ნებით გელათი უმნიშვნელოვანეს სამონასტრო და საგანმანათლებლო ცენტრად იქცა. ბრძენმა მეფემ აქ დააარსა საქართველოში პირველი აკადემია და "შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა". გელათში მოღვაწეობდნენ განთქმული ქართველი ღვთისმეტყველები და მოაზროვნეები, მათ შორის - იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. გელათის აკადემიის უმდიდრეს ბიბლიოთეკაში უძველესი უნიკალური ხელნაწერები იყო დაცული.
მთავარი ტაძრისა და აკადემიის გარდა გელათში ხელმწიფის ბრძანებით კიდევ ერთი ნაგებობა აშენდა - ქსენონი, საავადმყოფო სნეულთათვის. ხშირი ომების შუალედებში, როცა მეფე გელათში ჩადიოდა, ქსენონსაც მიაკითხავდა ხოლმე, ავადმყოფებს მოინახულებდა, ამხნევებდა, საგანგებოდ ამოწმებდა მათ სამოსელს, საგებ-საძინებელს, სასმელ-საჭმელს.
დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის დამთავრებას ვერ მოესწრო. იგი 1125 წელს გარდაიცვალა და, თავისივე ანდერძის თანახმად, იქვე, გალავნის სამხრეთ კარიბჭეში დაკრძალეს. მის საფლავის ქვაზე წარწერაა: "ესე არს განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე. ესე მთნავს; აქა დავემკვიდრო მე". მშენებლობა მისმა ძემ დემეტრე I-მა დაასრულა. 1130 წელს საქართველოს კათოლიკოსმა ტაძარი ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის სახელზე აკურთხა.
გელათის მონასტერი ყოველთვის იყო საქართველოს მეფეებისა და კათოლიკოსების განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის საგანი. XII საუკუნეში მონასტრის ეზოში წმინდა გიორგის გუმბათოვანი ეკლესია აიგო, ხოლო XIII საუკუნეში - წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და წყაროზე თაღებით დაშენებული სამრეკლო. მშენებლობები გელათის თავდაპირველი გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა. მრავალჯერ განახლდა მონასტრის ტაძრების მოხატულობა.
საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ გელათის მონასტერი იმერეთის მეფეთა ხელში გადავიდა. "გარნა [XVI საუკუნის დასაწყისში] მოსრულთა ოსმალთა დაწუეს ქუთათისი და გელათი". ბერებს მოუსწრიათ და ძვირფასი ხატების ნაწილი გადაუმალავთ, მაგრამ სწორედ მაშინ დაარბიეს ქართველ მეფეთა უძველესი აკლდამები, ხოლო ხანძარმა ტაძრის მოხატულობა დააზიანა.
გელათის მონასტერი კათოლიკოს ევდემონ ჩხეტიძის ხელმძღვანელობით აღადგინეს. საჭურჭლე ამისთვის იმერეთის მეფეს ბაგრატ III-სა და მის მემკვიდრეს, გიორგი II-ს გაუღიათ. გელათში მრავალი უნიკალური ხატი და ქართული ტიხრული მინანქრით დამშვენებული ჭედურობის ნიმუში ინახებოდა. აქ იყო დასვენებული XII საუკუნეში ხახულის მონასტრიდან ჩამოტანილი ხატიც, რომელიც, გადმოცემით, ლუკა მახარებლის დაწერილია.
დავით აღმაშენებლის დაკრძალვის შემდეგ გელათი ქართველ მეფეთა საძვალე გახდა. აქ განისვენებს გაერთიანებული საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დემეტრე I, გიორგი III, თამარი (თამარის ისტორიკოსთა ცნობით), ლაშა-გიორგი, დავით ნარინი, გიორგი ბრწყინვალე; იმერეთის მეფეები: ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I. გელათის ტაძრის კედლებზე მრავალი მათგანის ფრესკაა შემორჩენილი. მეფეთა და ქტიტორთა რიგი მონასტრის დამაარსებლის, დავით აღმაშენებლის, ფრესკით იწყება. იგი XVII საუკუნეშია შესრულებული დავით მეფის თავდაპირველი, დაზიანებული პორტრეტის ადგილას და ასეთი წარწერა აქვს: "დავით დიდი, მეფეთა შორის წარჩინებული, აღმაშენებელი, საუკუნომცა არს ხსენებაი მისი. ამინ".
ერეკლე ბიბიჩაძემ