მტკვრისა და არაგვის შესაყართან, ქართველი ერის ნათლობის ადგილას, წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელზე აგებული ტაძარი სხვაგვარად ანტიოქიად მოიხსენიება.
წმინდა სტეფანე პირველმოწამის ხსენება და ტაძრის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 9 იანვარს და 15 აგვისტოს აღინიშნება.
წარსულის ფურცლებიდან ვგებულობთ, რომ მირიან მეფის თხოვნით, ერის ნათლისღების წესის შესასრულებლად კონსტანტინე დიდმა იოანე ეპისკოპოსი გამოაგზავნა, რომელიც 325 წლის ნიკეის I-მა საეკლესიო კრებამ ანტიოქიის პატრიარქად აირჩია. ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ კრებამ საქართველოს ეკლესიაც ანტიოქიის საპატრიარქოს მიათვალა. შესაძლოა, ამიტომაც დაუკავშირდა ერის ნათლობის ადგილის სახელი ანტიოქიას.
"ქართლის ცხოვრება" მცხეთის სტეფანწმინდის აღმშენებლად პირველი ქართველი მოწამე მეფის, წმინდა მირდატ IV-ის შვილს, წმინდა ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილს მოიხსენიებს: "ხოლო ესე არჩილ იყო ფრიად მორწმუნე და მმატებელი ეკლესიათა"...
არაგვის პირას ქრისტეს სადიდებლად აგებული ტაძარი მცხეთის აღმოსავლეთ კარს იცავდა. ტაძრის ზღურბლში ინახებოდა ქვიშაქვის დიდი ფილა ბერძნული წარწერით: "მე ვარ ანი და ჰოე. გააკეთა აქილევსმა ხუროთა(უფროსი) რომ არის. ავრელიოს აქილიოსი. მხატვართუხუცესი და ხუროთმოძღვარი. მოსახსენებლად არსპაკორესი" (ეს ფილა ამჟამად დაცულია მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმში).
VIII საუკუნეში საქართველოში მურვან-ყრუს ლაშქრობების დროს ტაძარი გადაიწვა. XV-XVIII საუკუნეებში იგი საფუძვლიანად შეუკეთებიათ.
XIX საუკუნის დასაწყისში, ანტიოქიის ტაძარი ჯერ კიდევ მოქმედი ყოფილა. გერმანელი მოგზაური მორიც ვაგნერი "ცნობებში საქართველოს შესახებ" წერს: "მთის წვერზე, საიდანაც კაცს თვალწინ ეშლება საუცხოო სანახაობა მტკვრისა და არაგვის ნაპირზე, დგას ნახევარდ დანგრეული ძველი ეკლესია, რომელშიც ამ საუკუნის დასაწყისში ღვთისმსახურებას მისდევდნენ. მისი სახელია სტეფანწმინდა.
XIX საუკუნის 90-იან წლების ბოლოს ტაძრის ირგვლივ ხელოვნური მიწაყრილი გაკეთდა. დასავლეთის მხარე გალავნით და თაღოვანი შესასვლელით შემოიზღუდა, ტაძარი მოიხატა.
2002 წელს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სტეფანწმინდის ტაძართან ამოქმედდა წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის დედათა მონასტერი.
შეგვეწიოს წმინდა სტეფანე პირველმოწამის მადლი!