(დასაწყისი "კარიბჭე" #19)
- კლდე იშლება! - გამაფრთხილა პირველმა "მესვეტემ". მართლაც ორიოდ ქვა, რომელთაც ხელი მოვდე, მოქანდა და სადღაც ქვევით, გრიალი მოიღო, სვეტის თავიდან ერთი წამით ჰაერში ჩავეკიდე, ძალუმად მოვწურე თოკი და კედელს თავზე მოვექეცი და მცირე ეკლესიის დანგრეულ საკურთხეველში შევძვერი.
ესეც სვეტის თავი, ალექსანდრე ხელს მართმევს მაგრად, ქვემოდან ძახილი და დოლის გრიალი ისმის.
მაშ ნამდვილად ამოვსულვარ. უცნაურია, რომ ქვემოდან მოღწეულმა ხალხის ხმამ ყველაზე უფრო მანუგეშა და დამაწყნარა.
სვეტის თავზე უკვე ორი "მესვეტე" ვიდექით.
უცნაური სანახავები ვიყავით: ორივეს კლდეზე ხოხვით წინდები დაგვხეოდა, მკლავები დაკაწრული გვქონდა, თმა აგვშლოდა, ხოლო მზედაკრულ სახეზე სიხარული დაგვთამაშებდა.
ხავსმოდებულ თაღის ქვაზე დავიმუხლე და მიმოვიხედე.
მუხისა და რცხილის ჩრდილში ორი ეკლესიის ნახევრები იდუმალად განისვენებენ.
...სადღაც სვეტზე გაკრული ვახტანგი ისვენებს და ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს კაცს ჭიდან ვეზიდებით, უძირო სიღრმის ჭიდან...
თოკებით ჯერ ბარგი ამოვზიდეთ: ჩანთები, ბარები, წერაქვები, ფეხსაცმელები. სოფლიდან ახალ-ახალი ჯგუფები მოდიან. ქვედა ბილიკზე ჭიანჭველებივით მოღოღავენ და უკვე ძღვენი მოაქვთ, ხილი, ხაჭაპურები, ყოველგვარი სანოვაგე. ჩვენ კი დაღლილნი, წყალს ვეხვეწებით. ქვევიდან ხელსაწყოებს ახლა საბნები ამოჰყვა, თან წერილობითი მოლოცვები, ათასი სურვილები.
ჩვენ უკვე შრომას შევუქედით. დავიწყეთ ბეჯითი დათვალიერება-გამოკვლევა, მაგრამ ქვევიდან არ გვაცლიან, წამდაუწუმ გვეძახიან, სათითაოდ უნდა გვნახონ, თითქოს არ სჯერათ, რომ ჩვენ, ყველანი ცოცხლები ვართ, ყველანი აქ, სვეტის თავზე ვიმყოფებით და ღამეც უნდა ვათიოთ აქვე.
აი, ისევ საყვირი დააქუხეს. გადავხედეთ. ქვემოდან დოქს გვაჩვენებენ.
- ეჰე, ახლა კი ყველას გვეყოფა წყალი! - ალექსანდრე ჩანთას უშვებს. დოქს საბანი შემოახვიეს და ისე ჩაგვიდგეს ჩანთაში. თან ახლა ძღვენი მოგვივიდა, თუმცა სურსათზე უარს ვაცხადებთ, საკმაოდ გვაქვს.
როცა დოქი ამოვიდა, ჯერ ალექსანდრე დაეწაფა, რაღაც საეჭვოდ მალე მოიკლა წყურვილი და გადმომცა, გამოვართვი:
- ეჰ, შენ არ გწყურებია!
- არა, ჯერ არა, მერმე. - როცა მოვსვი, მაშინ ჩავწვდი ალექსანდრეს პასუხს. დოქში შესანიშნავი ღვინო იდგა.
- ეჰ, რა მასპინძლობა სცოდნია იმერეთს!
ჩუმად ვსაქმიანობთ. სვეტის თხემზე საუკუნებრივი მყუდროება სუფევს, ხოლო ქვემოდან ხალხის ჟრიამული მაინც აღწევს ჩვენამდე.
შრომა გავინაწილეთ, ვახტანგი სვეტის თხემის ზოგად გეგმას იღებს. შუტუ უძველეს ეკლესიის დანგრეულ ქვაბულში გამოყვანილ საკურთხეველს ასუფთავებს. ალექსანდრე და პეტრე-მცირე, უკეთ შემონახულ ეკლესიის დარბაზს ქვა და მიწისგან ათავისუფლებენ. მე კი მათ ქვეშ დასავლეთის მხრივ გამოყვანილ ღია აკლდამას ვწმენდ. შესავალთან მუხლმაგარი მუხა ამოსულა და მის ფესვებს აკლდამაშიაც შემოუღწევიათ.
აკლდამას ნალისებრი შესავალი აქვს, შიგ შესანიშნავ თაღად არის გამოყვანილი, კარგადაც შენახულა.
შესავალი თავიდანვე ღია ყოფილა და ქარს შიგ ჭარბად შეუტანია შლამი და დამპალი ჟვერო.
როცა გამოვწმინდე და მოვთხარე ადამიანის ჩონჩხს წავაწყდი, მუხის ფესვებში გაკვალთულს და მყარად ჩაწნულს. ძლივს ამოვჭერ ფესვები, ძლივს ამოვთხარე.
ერთი ჩონჩხია, ძლიერ გამოფიტული. თავის ქალა სრულიად დაშლილა. ჩანს, თავი გასავლისაკენ, ე.ი. დასავლეთისკენ ჰქონია. იქვე თიხის ჯამის ნამსხვრევი ვნახეთ.
ალბათ უკანასკნელი მესვეტის ჩონჩხია და მას დამარხვა აღარც ღირსებია. სიკვდილის მოახლოების ჟამს თავად თუ შესულა აკლდამაში, იქ მიწოლილა სიკვდილის სარეცელზე და ისევე დაგვხვდა, იქნებ ათას წელიწადს შემდგომ მუხის ფესვებში ჩახლართული და ჩაჭდეული.
ღამის ბინდი თითქოს სვეტის ძირიდან ამოცოცდა. ჩვენს ნაკვალევს თუ ამოჰყვა, მეტად დავიღალეთ, ჯერ ასეთი დაძაბულობა მოსვლის ჟამს, მერმე ქვების ზიდვა, მიწის თხრა, ახლა შეშის დამზადებას მივყავით ხელი. სვეტის თხემი ოდესმე იქნებ შიშველი იყო, ახლა კი ხშირნარს მოუცავს. გავჩეხეთ ზოგან, ერთი ხმელი ნეკერჩხალიც წამოვაქციეთ და ორი კოცონი ავანთეთ: დასავლეთით და სამხრეთით. კოცონების მახლობლად იქვე, უკანასკნელი მესვეტის აკლდამასთან, სუფრა გავშალეთ და პირველ სმურად მისი შესანდობარი შევსვით.
და ალბათ, სვეტის თხემზე პირველად გატყდა მარხვა... ასეთი მრავალფერი და მრავალსტუმრიანი სუფრა, ალბათ არასდროს უხილავს თხემს, არც ასეთი კოცონი. ალის ტკრციალი სწვდებოდა მუხის ლორთქო ტოტებს და ნაპერწკლეპად იკარგებოდა სივრცეში.
ჩვენი კოცონის პასუხად სოფლიდან ზარის ხმა მოისმა. იქიდან გვიმზერენ. ახლომახლო სოფლებიდან გარკვევით ჩანს, თუ როგორი ნათელი დაადგა სვეტს.
ახლა კი კაცხსალიეთელი მოხუცი სვიმონ მასხარაშვილი სვეტის თავზე ნამდვილად დაინახავდა შუქს.
ხუთნი ვუსხედით ცეცხლს და ჩვენი ჩრდილები უცნაურ ზმანებად წვებოდნენ ხან სვეტის მიღმა, ხან აკლდამის ხაომოდებულ კედლებზე. ყველას რაღაც ზეაწეული და ზვიადი გრძნობა გვფლობდა. აქ ყოველი ბგერა და სიტყვა სხვანაირად ჟღერდა და გაისმოდა.
ერთი რამ შევამჩნიე კიდევ: ჩვენი საუბრის კილო ან ჩურჩული იყო, ან ზედმეტად ხმამაღალი. შემდეგ გვიამბეს - ჩვენი ხმა თურმე გაღმა სოფელშიც ისმოდა გარკვევით.
დიდხანს ვისხედით ინახად.
მალე სავსე მთვარეც ამოცურდა და ბრინჯაოსფერ ღამეში გაწოლილმა გარემომ სრულიად მისტიკური სახე მიიღო.
გვიან, მეტად გვიან მოვიკალათეთ. ორნი იქვე დაწვნენ ცეცხლთან. მე, ალექსანდრემ და ვახტანგმა კი სვეტის უვიწროეს ადგილას, ჭარბი ხავსით ჩაფენილ მცირე ტაფობში ჩავიგეთ საბნები და იქ დავწექით.
...გადავხედე ალექსანდრეს და ვახტანგს. თვალდახუჭულნი იწვნენ და მათ სახეზე მუხის ფოთლებში გაცხრილი მთვარისა და კოცონის ალის დაძრული შუქი ერთად ეფინა.
კრძალვით გავიხედე აკლდამისაკენ. იქ მის შესავალში, უკანასკნელი მესვეტის ძვლები აწყვია. კოცონის შუქზე მათ ნათლივ ვხედავ, ხოლო აკლდამის ნალისებრი შესავლის ქუფრი კი გამოუცნობ კითხვად დგას. ასეა მუდამ, ერთი დიდი კითხვის ნიშანი რომ გაიხსნება, სხვა მცირე კითხვები წიწილებივით მომრავლდებიან.
... და თითქოს ახლა, როცა ყველა ვიძინებთ, აკლდამის ქუფრიდან გამოვა ვინმე მწირი, უკანასკნელი მესვეტე, რომელსაც დამარხვაც არ ღირსებია, რომლის ძვლები მუხის ფესვების ტყვეობიდან ძლივს ამოვიხსენით. გამოვა, აკრეფს თავის გამოფიტულ ძვლებს, ისევ გადაიცვამს ჯვალოს ჩოხას, ალერდს თუ შეიბამს ქამარის მაგიერ, მისწვდება ჯამს, ნამსხვრევები მის სასთუმალთან რომ ვიპოვეთ, შეაკოწიწებს, აიღებს გამთელებულ ჯამსა და მარანში წავა, - აი, აქ, კლდის ზღურბლზე, სვეტის დამრეც ადგილას რომ მოუწყვია, წყალს ამოიღებს, თუმც შესაძლოა, ამ ქვევრებში ათას წელზე მეტია, წყალი არ მდგარა. შესვამს მწირი-მესვეტე, ათასწლოვან წყურვილს მოისალბუნებს.
...გახევებული და უმოძრაო ვუსმენ სიბნელეს და გულისყურით ვგრძნობ, რომ აქ კიდევ ვიღაც არის ჩვენს გარდა, კიდევ ვიღაც! ვიღაც მესამე! და ეს ვიღაც არის მთავარი ჭირისუფალი, მასპინძელი და ნამდვილი პატრონი სვეტისა, ჩვენ კი მოვედით, შემოვიჭერით მის სამყაროში და მისი ათასწლოვანი მყუდროება დავარღვიეთ...
დღეს ამ ექსპედიციის წევრთაგან ალბათ უმეტესობა აღარ არის ცოცხალი, ამიტომაც ჩავთვალეთ საჭიროდ მცირედი შემოკლებით გამოგვექვეყნებინა მწერალ ლევან გოთუას პუბლიცისტური ნარკვევი "კაცხის სვეტის საიდუმლო", სადაც შთამბეჭდავად არის გადმოცემული ის განცხადება და ემოციები, რაც ამ ისტორიულ მოვლენას თან ახლდა. "სვეტმა ორი დღეობა იცოდა სვეტობა ანუ სვეტიცხოვლობა აღდგომის შემდეგ პირველ პარასკევს და კოხინჯრობა 7 მაისს. ასე ყოფილა ძველთაგან, ხოლო მეოცე საუკუნეში სვეტის სახელს ერთი თარიღი და "დღეობაც" შეემატოს, 30 და 31 ივლისი, ჩვენი ასვლის თარიღი!" - წერს ლევან გოთუა თავის ნარკვევში. ჩვენ არ ვიცით, თუ როდესმე აღუნიშნავთ ეს თარიღი, არც იმის შესახებ გვსმენია რაიმე, აღნიშნავენ თუ არა მომავალი წლის ზაფხულში კაცხის სვეტზე მთამსვლელთა ასვლის 70 წლის იუბილეს, მაგრამ ფაქტია, რაც დრო გადის, ეს მოვლენა მეტ მნიშვნელობას შეიძენს და თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს დაიწყო ზრუნვა კაცხის სვეტის ისტორიული მემკვიდრეობისა და არქიტექტურული მნიშვნელობის მეცნიერული შესწავლისა და ჟამთა სვლის შედეგად დაზიანებული ძეგლების აღსადგენად.
- ბატონო თენგიზ, რამდენადაც ვიცი, თქვენ წლობით იმყოფებოდით კაცხის სვეტის მწვერვალზე სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად, მაშინ კიბეც არ იყო, ზემოთ როგორ ახვედით?
- ალპინისტების დახმარებით ე.წ. "ჟურმარებით", პირველად დაზვერვითი სამუშაოები ჩავატარეთ, დაახლოებით ნახევარი საათი დაგვჭირდა კაცხის ძირიდან რომ ზემოთ ავსულიყავით. უპირველესად, ძელიცხოვლის ტაძარი უნდა აღგვედგინა, მაშინ იქ გაუვალი ჯაგნარი იყო და ეკლესიიდან ჩამოცვენილი ქვები ერთად ეყარა. პირველად ბევრს, მათ შორის ბ-ნ ვახტანგ ცინცაძესაც ეგონა, რომ კაცხის თხემზე ორი ეკლესია იყო, მაგრამ როცა 2006-2007 წლებში ტერიტორია გაიწმინდა არქეოლოგ დავით ბერიშვილის მიერ, უკვე საბოლოოდ დადგინდა, რომ მხოლოდ ერთი ტაძარი იყო. მეორე შენობაში აღმოჩნდა სამეურნეო ჭურჭელი, რომელიც ოროთახიანი სენაკის ტიპის ბერების საცხოვრისი უნდა ყოფილიყო, აქვე აღმოჩნდა შვიდი ქვევრი და დიდი ხარო, სენაკის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, შიგნით თიხით შელესილი, სადაც, როგორც ჩანს, სახურავიდან ნაწრეტ წვიმის წყალს აგროვებდნენ განდეგილები. პირველად 1999 წელს ვიყავი კაცხში, სადაც ახალგაზრდებმა გამაცვნეს მამა მაქსიმე, მაშინ ის მართალია, კაცხის ქემოთ მოღვაწეობდა, მაგრამ შეძლებისდაგვარად, ზოგჯერ სვეტის მოსანახულებლადაც ადიოდა თხემზე. ერთხელ, ზამთარში რომ სოფლიდან დაუნახავთ ზემოთ ვიღაც მოძრაობდა, ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინათ, რომ იქ კაცი შეიძლებოდა ასულიყო, ხალხი შეშინდა, სვეტზე სული არ იყოსო და მჭადები მოჰქონდათ, რადგან მათი წარმოდგენით, თუ სულია, მჭადს არ შეჭამს, სული პურს ჭამს, თუ კაცია, მჭადს შეჭამს და ამით დავრწმუნდებითო. ერთ კაცს მჭადი, ლობიო, პრასი და ღვინოც კი აუგზავნია მამა მაქსიმესათვის, რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყო ხალხი, სვეტზე კაცი მიმოდიოდა თუ სული. მაშინ ალპინისტების დაუხმარებლად, ზემოთ ვერავინ მოხვდებოდა. 2-3 წელი ვზედამხედველობდი გაწმენდით სამუშაოებს. გადავწყვიტეთ, ერთდროულად ჩაგვეტარებინა გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები, რადგანაც ყველა ის ნაშალი ქვა რომ ქვემოთ ჩამოგვეტანა და ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ისევ აგვეტანა, მეტ შრომას და დროს მოითხოვდა, პირველად აღვადგინეთ ზემო ეკლესიის აღმოსავლეთი ნაწილი, რადგან საკურთხევლის ორი მესამედი უკვე ჩანგრეული იყო.
- ზომებით რა განსხვავებაა კაცხის ზედა და ქვედა ეკლესიებს შორის?
- ზედა ეკლესია ქვედაზე უფრო პატარაა, ზევით, დაახლოებით 3,5 ან 4-6-ზე უნდა იყოს, თავისი დაბალი აკლდამით - ძალიან დაბალი აკლდამაა თაღოვანი გადახურვით, ქვედა ეკლესია კი 8X5-ზეა. ფაქტობრივად, ზედა ეკლესია იქ ნაშალი ქვებით აღვადგინეთ. მშენებლობისთვის საჭირო სხვა მასალები ჭოჭონაქით აგვქონდა, როგორც იცით, ძველად ძირითადად კირს იყენებდნენ ტაძრების მშენებლობისას. ჩვენც კირით ავაშენეთ ზემო ტაძარი, ცოტა ცემენტს თიხაში მხოლოდ იმ ადგილას ვურევდით, სადაც გადახურვებში ლითონი იყო გამოყენებული, რომ ზამთარში ლითონი არ გაყინულიყო.
დასავლეთის მხარეს მეორე ქვაბულიცაა, რომელიც უფრო სკიტს მოგაგონებთ. შესაძლოა, აქ მარტოდმყოფი განდეგილი ბერის ადგილსამყოფელი იყო ან სხვა მონასტრებიდანაც ჩამოდიოდა ბერი მარხვის პერიოდში განმარტოებისთვის, რადგან ეს სკიტი მხოლოდ ერთი კაცისთვის არის განკუთვნილი. ადრე ამ სკიტში თოკებით ჩავდიოდით, ახლა იქაც კიბე გაკეთდა. როცა ზემოთა ტაძრის სარესტავრაციო-აღდგენით სამუშაოებს ვიწყებდით, სვეტის შუა წელამდე ხის ხარაჩო-ასასვლელი გავაკეთეთ, ზემოთა ნაწილში კი რკინის ზურგიანი კიბე გაკეთდა, მაგრამ გვინდა ეს კიბე შევცვალოთ და სვეტის იმ მხარეზე გავაკეთოთ, სადაც ასასვლელი შეუმჩნეველი იქნება თვალისათვის. დარჩენილი სამუშაოები წელს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ შეფერხებები მოხდა და ვერ შევძელით რესტავრაციის დაწყება.
- რამდენი დრო დასჭირდა ძირითად აღდგენით სამუშაოებს და კიდევ რა დაგრჩათ აღსადგენი?
- რესტავრაცია დავიწყეთ 2005 წელს. ყველაფერს, არქეოლოგიური გათხრების ჩათვლით, 2-3 წელიწადი მაინც დასჭირდა. 2011 წელს კაცხში ჩაბრძანდა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ამ ფაქტთან დაკავშირებით ბატონმა აკაკი გლურჯიძემ, რომელიც ჭიათურის მარგანეცში მუშაობს, მამათა მონასტრამდე გაიყვანა სამანქანო გზა და კიბეც მან გააკეთა, რისთვისაც მადლობის მეტი რა გვეთქმის. ზედა აღდგენითი სამუშაოები ბიძინა ივანიშვილის ფონდმა დააფინანსა. ახლა მსოფლიო ბანკის მატერიალური მხარდაჭერით ინფრასტრუქტურის ახალი პროექტი შედგა, რომელთაც თავიანთი არქიტექტორი ჰყავთ. რესტავრაციის თვალსაზრისით, ჩვენ ვაპირებთ დაწყებულ სამუშაოების დასრულებას. უნდა გავიყვანოთ სანტექნიკა, მიწისქვეშა საკომუნიკაციო კვანძებიც გასაკეთებელია. გვინდა აღვადგინოთ სამრეკლო სვეტის შუა წელში, როგორც ადრე იყო. სამრეკლოს ძველი ფოტო 1895 წლის გაზეთ "კვალში" გამოქვეყნდა და იმ სახით გვინდა სამრეკლოს აღდგენა. ზემოთ სენაკებსაც სჭირდება ხელის შევლება. დღეს, როგორც იცით, მამა მაქსიმე ქავთარაძე ცხოვრობს სვეტზე, რომელიც ერთ ზამთარს გაცივდა, დაუზიანდა ბრონქები და ასთმური შეტევები დაეწყო, მაგრამ მაინც სვეტზე მოღვაწეობს და პატრიარქის კურთხევით დაყუდებულ ცხოვრებას ეწევა. იგი ძალიან უყვარს სოფელს და რაც შეუძლია, ყოველნაირად ეხმარება მას. თავიდან სვეტის მოსახილველად უამრავი ხალხი ადიოდა, მაგრამ ახლა ისეთი კურთხევაა, მონასტრის მამებისა და სპეციალისტების გარდა, ყველას აღარა აქვს იქ ასვლის უფლება, რასაც ვეთანხმები. ამ წმინდა, მისტიკურ ადგილზე ნებისმიერ მომსვლელს არ უნდა შეეძლოს ასვლა.
- მადლობას მოგახსენებთ საუბრისთვის და გისურვებთ დარჩენილი სამუშაოებისთვისაც წარმატებით გაგერთვათ თავი.
- დიდი მადლობა.