ხაშურის რაიონში, სოფელ დუმაცხოვში მდებარეობს X-XI საუკუნეების წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის მცირე ზომის ტაძარი. 28 ივლისს, აქაურები კვირიკობის დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ამ დღეს სოფელში მთელი ხეობა იყრის თავს.
როგორც "ხაშური ნიუსიდან" ვგებულობთ, საისტორიო მწერლობაში დუმაცხოვი გვხვდება დუმაცხოს ფორმით. ამ ფორმით მოიხსენიებს XV საუკუნისის დასაწყისში ქუცნა ამირეჯიბი თავის ცნობილ სიგელში. დღევანდელი დუმაცხოვის ძველი სახელწოდება დუმაცხოა. ,,ოვ" სუფიქსი გვიანდელია და XIX საუკუნიდან უნდა მომდინარეობდეს.. დუმაცხოვი, როგორც ჩანს, ამირეჯიბების მამულია და პირველად სწორედ ქუცნა ამირეჯიბის სიგელში მოიხსენიება. ქუცნა ულუმბოს განახლებულ ღვთისმშობლის ეკლესიას დუმაცხოვიდან ორ კომლ გლეხს სწირავს: "ორი კუმლი დუმაცხოს". შემდგომში აქ ხერხეულიძეები გვხვდებიან.
წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი დაახლოებით შვიდი წელია ამოქმედდა. წინამძღვარია მამა ალექსანდრე მამაიაშვილი. მამა ალექსანდრე ასევე წინამძღვრობს სოფელ უწლევის ღვთისმშობლის მიძნების სახელობის ტაძარში.
- როცა ტაძარი გაიხსნა და ახალი ტრაპეზი დავდგით, ძველ ტრაპეზში წმინდა ნაწილები ვნახეთ,- აღნიშნა საუბრისას მამა ალექსანდრემ. პირადად მე, ხუთი წელია აქ ვმსახურობ. მადლობა ღმერთს ტაძარში მრევლმა იმატა და ნელ-ნელა რწმენაში ვიზრდებით. ახლახან დავამთავრეთ სამრეკლოს მშენებლობა. თანდათან დამშვენდა ჩვენი ტაძარი.
ღმერთმა გაგაძლიეროთ სულიერებაში, საქართველოს სიყვარულში.