01.10.2022
იკორთის გუმბათოვანი ტაძარი სოფელ იკორთის განაპირას, მთის კალთაზეა აღმართული.
იგი აგებულია 1172 წელს. ეკლესიის აგების თარიღი აღნიშნული იყო დასავლეთის ფასადის დიდ წარწერაში. ფეოდალურ ხანაში იკორთა ქსნის ერისთავთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო შიდა ქართლში. ტაძარი გეგმით ოთხკუთხა შენობაა, რომლის გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს ეყრდნობა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ტაძარი გუმბათის მაღალ ყელში დატანებული თორმეტი სარკმლიდან უხვად ნათდება. კედელ-კამარები თავიდანვე შელესილი და მოხატული იყო (ფრაგმენტები შემორჩენილია აფსიდში, ჩრდილოეთ კედელსა და გუმბათზე), სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელებს მიშენებული ჰქონდა კარიბჭეები (დანგრეულია), ახლანდელი სამხრეთი კარიბჭე კი გვიანდელია. ტაძრის ფასადი და გუმბათის ყელი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული და შესრულების მაღალი ოსტატობით გამოირჩევა. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში იკორთის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ქრო-ნოლოგიური და მხატვრულ-სტილისტიკური თავისებურებებით იგი ადრეული ნიმუშია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შექმნილ ქართლის გუმბათოვან ტაძრებს შორის, რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური სახე. სამწუხაროდ ქართველ კაცს დღეს არა აქვს საშუალება თავისუფლად ილოცოს იკორთის დიდებულ ტაძარში, ვერც წმინდა მოწამეთა საფლავს მიეახლება, რადგან ტაძარი ეგრეთ წოდებულ "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზეა და მასში წირვა-ლოცვა არ აღესრულება (თუმცა ქართველებიცა და ოსებიც ფარულად დადიან იკორთის ტაძარში და ლოცულობენ).