ცნობისათვის: ნაქულბაქევი დიღმის ხეობაში შემავალი ერთ-ერთი სოფელი იყო, რომელიც მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა. იგი XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე არსებობდა. თავადაპირველად მცხეთის გარეუბნად ითვლებოდა. ვახუშტი ბატონიშვილის აღწერილობით, სოფელი ნაქულბაქევი ბარის სოფლებში შედიოდა. როგორც ირკვევა, ნაქულბაქევის წმინდა გიორგის ტაძარს ჯერ შუასაუკუნეებში განუცდია სახეცვლილება. ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, XVIII საუკუნეში, შემოსევის გამო დანგრეული ეკლესია აღუდგენია პაპუნა მაღალაშვილს. ტაძარს რესტავრაცია მას შემდეგაც ჩაუტარდა.
"კარიბჭის" მკითხველს კარგად ახსოვს ნაქულბაქევის მონასტრის თანამედროვე ცხოვრების შესახებ წინამძღვრის, არქიმანდრიტ იოანეს (გვაჯაია) მიერ გადმოცემული მასალები. მახსენდება, მოძღვარი როგორი სიხარულით იხსენებდა ხოლმე მამათა მონასტრის დაფუძნების პერიოდს, მის წინამძღვრად გამორჩევას. დროთა განმავლობაში იქაურობა იმდენად კეთილმოეწყო, რომ შეუძლებელი იყო, ეს გულწრფელად არ გეთქვა. ამის გაგონებით თავადაც ხარობდა და უფრო უჩნდებოდა სურვილი, მეტი და მეტი გაეკეთებინა მონასტრისა და მისი წევრებისთვის. დასანანია, რომ მამა იოანემ ვეღარ მოასწრო ბევრი სასიკეთო საქმის განხორციელება. გვწამს, მისი წმინდა ლოცვა მარადიული ქვეყნიდან კვლავ შეეწევა მონასტრის აღორძინებას, მის თითოეულ წევრს, სულიერ დებს და ძმებს.
ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი თითქმის ერთი წელია, რაც დედათა მონასტრად გადაკეთდა დაMიქ მამა იოანეს სულიერი შვილები აგრძელებენ მონასტრულ ცხოვრებას. წინამძღვრობას კი არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია) უწევს. მამა სერაფიმეს მონასტერში გავესაუბრე:
- თავიდან ამ უკაცრიელი მინდვრის შუაგულში მხოლოდ წმინდა გიორგის ტაძარი იდგა. ერთი კაცი, თომა უვლიდა ამ მადლიან ტაძარს. მონასტერს დაარსებიდან მამა იოანე წინამძღვრობდა. აქ ყველაფერი მისი ხელით არის დამშვენებული... მამა იოანეს გარდაცვალების შემდეგ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ნაქულბაქევში დედათა მონასტერი დაფუძნდა.. ხოლო მამები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, ზოგი ავჭალაში, წყალსადენის დასახლებაში მდებარე ნათლისღების მამათა მონასტერში ცხოვრობს, რამდენიმე ბერი და მღვდელმონაზონი სვეტიცხოველში მოღვაწეობს.
მამა სერაფიმე მონასტრის წევრებთან ერთად
ღმერთი ყოველთვის მოგვიწოდებს თავისთან. მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის ნების აღსრულება. მონასტერში ადამიანს უფრო მეტად შეუძლია სულის ცხონება, გადარჩენა... მონასტერში ნებაყოფლობით მიღებული, ერისგან განსხვავებული ცხოვრების წესია. ჭირისა და ლხინის გადატანა, როგორც ყველა ოჯახში, მონასტერშიც ისეთივეა. ჩვენი ნებაყოფლობით ხდება ამ გზის არჩევა, თუმცა ღვთის ნება აქაც აუცილებელია. იცით, რომ ვენახი უნაყოფო სარზეა დაყრდნობილი. ვაზს რომ მოაკლდება სარი, ის საყრდენი არ ექნება და გაფუჭდება. მონასტრის გარემო და ბერმონაზვნობა ხომ ის ბურჯია, რომელსაც ერი ეყრდნობა. ზუსტად ის მდგომარეობა აქვს ერს, რომ დაეყრდნოს ბერს, მონაზონს. მონაზონი მხედარია, რომელიც წინა ხაზზე იბრძვის. ჩემთვის მონასტერი ოჯახია, სადაც ამ მდგომარეობას ვემორჩილები. ეს წესი მე ავირჩიე და გამიზნულად მინდა აღვასრულო. მონასტერი მოღვაწეობის ის ადგილია, სადაც ამ წეს-ჩვეულებას ვეთანხმები. საქმეები, რომელსაც ვაკეთებთ, სადიდებლად იყოს ღვთისა და სულის საცხონებლად.
- მამაო, არჩევანს თავად აკეთებს ადამიანი, მაგრამ ამაში ღვთის ნებაც ხომ არის?
- საკუთარი ნებით კი ვაკეთებ არჩევანს, მაგრამ ღვთის ნებაც უნდა გამოვიძიოთ. აუცილებელია სრული განსჯა. ადამიანი უნდა ეძებდეს ღვთის ნებას ყველგან და ყველა საქმეში. პირადად მე ვეძებდი, იყო თუ არა ჩემი მონასტერში ყოფნა ღვთის ნება, ამ შემთხვევაში მოძღვარმა უწმინდესთან გადაწყვიტა ჩემი სასულიერო გზა. მან დამიძახა და მითხრა, რა იყო ჩემი ნება, რას ვფიქრობდი. იცოდა, მონასტერში ცხოვრება რომ მინდოდა. მეგონა, დრო გავიდოდა, ცოტა ასაკში შევიდოდი და მერე მოხდებოდა არჩევანის გაკეთება, მან კიდევ მაუწყა ღვთის ნება და ასე შევუდექი მონასტრულ ცხოვრებას. გავიგე ჩემი ნება, რომელიც მქონდა, მაგრამ ეს როდის მოხდებოდა, არ ვიცოდი. ველოდებოდი ღვთის ნიშანს. ეს ნიშანი მოძღვრისგან გაცხადდა. ერთმანეთს დაუკავშირდა ღვთისა და ჩემი ნება... სახარების სიტყვებს მოვიშველიებ: "ტვირთი ჩემი მსუბუქ არს". ეს ღვთის გარეშე არ ხდება. როცა ხდება ღვთის გარეშე, ადამიანებს უჭირთ მისი ზიდვა. ჩემი ცხოვრება უფალს რამდენიც უნდა მოეცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ გარემოს, მონასტრის წეს-ჩვეულებებს დავუთმობდი და ნდობას გამოვუცხადებდი. მიხარია, რომ ამ მძიმე ჯვარს ვტვირთულობ და ეტაპობრივად უფრო მეტი მინდა გავაკეთო.
- მონასტრულ ცხოვრებაში უამრავი სიხარული და მწუხარებაცაა...
ვცდილობთ, ვიცხოვროთ მორჩილებაში, ვისწავლოთ თავმდაბლობა, სიყვარული, თუმცა ხშირად გვინდა ხოლმე თავად ვუყვარდეთ.. ერთი პატერიკი მახსენდება: მონასტრიდან ბერი გაუშვეს. გზად მიმავალმა ერთი გაჭირვებული, მომტირალი კაცი ნახა. ბერი ცდილობდა გაეგო მისი მდგომარეობა. დამძიმებულმა აღსარება უთხრა ბერს - ცოდვა მემატებაო და ძალიან უჭირდა. ბერმა უთხრა, - მთელი სიცოცხლე რაც გამიკეთებია, კარგი, შენი იყოსო. ამის თქმაზე დამძიმდა ბერი. იგრძნო, მისგან მთელი ენერგია და მადლი რომ გავიდა. კაცი კი გამოჯანმრთელდა და წავიდა. ბერი მონასტერში მივიდა მოძღვართან და უთხრა, - თქვენს უკითხავად ასე გავაკეთე, რა მადლიც გამაჩნდა, გაჭირვებულ კაცს გავატანე და დიდი შეცდომა დავუშვიო. მოძღვარმა უპასუხა, - თუ რაიმე ცხოვრებაში გამიკეთებია, ყველაფერი შენი იყოსო. ეს არის ურთიერთის ტვირთვის ზიდვა, მონაზვნის უპირველი მისიაც ეს გახლავთ. გაგახაროთ ღმერთმა.
მორჩილი მაკრინე: - ღვთის შეწევნით და მამა სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით ვსწავლობ ხატწერას და ვცდილობ, ჩემი ცოდნა მონასტრის წევრებსაც გავუზიარო. ხატწერა ღვთისმეტყველებაა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება სჭირდება ამ საქმეს. ხატი ლოცვის გარეშე არ იწერება. ძალიან მძიმე შრომაც არის, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი. ვიდრე ადამიანი ხატის დაწერას შეუდგება, წინასწარ აუცილებლად უნდა მოემზადოს სულიერად და ჰქონდეს მოძღვრის ლოცვა-კურთხევა.