ყინწვისის მონასტერი ქართლში მდებარეობს, ქარელიდან 12 კილომეტრის მოშორებით, თრიალეთის ქედზე. ამ ულამაზეს ბუნებაში ჩაფლულ სულიერ კერაში სამონასტრო ცხოვრება X საუკუნიდან მიმდინარეობს. XIX საუკუნეში შეწყვიტა ფუნქციონირება, ხოლო 1997 წლიდან იქ კვლავ განახლდა ბერ-მონაზვნების მოღვაწეობა.
ყინწვისის მონასტრის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპი ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ბრწყინვალე ეპოქას - "ოქროს ხანად" წოდებულ თამარ მეფის მოღვაწეობას უკავშირდება.
მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესიაა შემორჩენილი: ხევის პირას X საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის საკურთხეველიღაა დარჩენილი. წმინდა ნიკოლოზის დიდი გუმბათიანი ეკლესია XIII საუკუნის დამდეგს მიეკუთვნება. XV საუკუნისაა წმინდა გიორგის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მონასტრის კარიბჭის თავზე სამრეკლო (XVს.) იყო.
წმინდა ნიკოლოზის ტაძარი აგურით არის ნაგები და ამიტომ არა აქვს ქართული ტაძრებისთვის დამახასიათებელი ჩუქურთმები. შიდა სივრცე მთლიანად შემკულია კედლის მხატვრობით. ბრწყინვალე, შუქმნათი ლაჟვარდის ფონზე შესრულებული მხატვრობა შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების შესანიშნავი და გამორჩეული ნიმუშია. მისი თეოლოგიური პროგრამა განსაკუთრებით აღდგომისა და ხსნის იდეებზე არის დაფუძნებული. აქ შემორჩენილია წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების საკმაოდ ვრცელი ციკლი, წმინდა ნინოს ნახევარფიგურა სახარებით ხელში (სამხრეთის ბურჯზე) და ოთხი წმინდა ასურელი მამა დასავლეთ კედელზე.
გამაოგნებელია აღსაყდრებული ქრისტეს ხატისკენ მავედრებელი ბაგრატიონთა გვარის მეფეების საზეიმო პორტრეტები - გიორგი III, მისი ასული თამარი, თამარის ვაჟი ლაშა-გიორგი. მათ თავზე გამოხატულია აღდგომის მაუწყებელი ანგელოზის ფიგურა, რომელიც შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების შედევრებს განეკუთვნება.
სამეფო ჯგუფის პირისპირ, სამხრეთის კედელზე, გამოხატულია ჭყონდიდელი და თამარ მეფის მწიგნობართუხუცესი ანტონ გლონისთავისძე წმინდა ნიკოლოზის წინაშე ვედრებით მიმართული, ტაძრის მოდელით ხელში.
დასავლეთი მინაშენის კედლები მოგვიანებით, XVII-XVIII საუკუნეებში შეამკეს განკითხვის დღის ვრცელი კომპოზიციით, რომელიც მთელ სივრცეს ავსებს. იქვე გამოსახულია XV საუკუნის ქართველი მოღვაწე, ცნობილი საექიმო წიგნის ავტორი ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი.
ტაძრის თითოეული ფრესკა სალოცავად განგაწყობს და ბევრ რამეზეც გულწრფელად დაგაფიქრებს. ვინ იცის, რამდენს დაუღვრია სიხარულის და სინანულის ცრემლი ყინწვისის ანგელოზის წინაშე. ვინ იცის, რამდენს გაუხსნა ღვთისაკენ მიმავალი გზა, რომელსაც მარადიულობაში შევყავართ.
მონასტრისკენ მიმავალი სამანქანო გზა საგრძნობლად შელახულია. პირველად მნახველს ხეებში ჩაბურული ტაძრის გუმბათის ყელი შემოანათებს. ზაფხულში მნახველი არ ელევა, ზოგჯერ მონასტრის მყუდროებაც კი ირღვევა ხოლმე.
ყინწვისის მონასტერი ურბნისისა და რუისის ეპარქიაში შედის. აქ მამათა ცხოვრება, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, უკვე 7 წელია მიმდინარეობს. თავიდან მონასტერს იღუმენი ესაია (გოგიბერიძე) წინამძღვრობდა, ახლა შიო (ხარძეიშვილი) უძღვება. მონასტერში ორი მღვდელმსახურია - იღუმენი შიო და სქემმღვდელმონაზონი თეოდოსი (ხაჩიძე). აქ მოღვაწეობენ აგრეთვე ბერი ნაომი (მაჭუტაძე), მორჩილი ლაშა (გაბინაშვილი), სამორჩილეები ბასილი და რომანოზი (გოგიტიძე).
სქემმღვდელმონაზონ თეოდოსის "კარიბჭესთან" საუბარი ვთხოვე:
- 30-იან წლებში მონასტერში მღვდელმსახურება გაუქმდა. ექსკურსანტები საკურთხეველში შედიოდნენ და ტაძარი მთლიანად წაბილწული იყო. 60-იან წლებში ტაძარი თავიდან გადაიხურა, გამოიცვალა იატაკი. სამონასტრო ცხოვრება კი მეუფე იობმა (აქიაშვილი) განაახლა. ჯერ მცირე ხნით დედათა მონასტერი ფუნქციონირებდა. რამდენიმე წელია, რაც მამათა მონასტერია.
მე თავიდან არ ვფიქრობდი ბერობაზე, ღვთის ნებით მოხდა ყველაფერი. ხარაგაულის რაიონის სკოლაში ისტორიას ვასწავლიდი. ნამყოფიც კი არ ვიყავი ყინწვისში. ერთხელ წამოვედი აქაურობის მოსალოცად. ტაძრის და აქაურობის მადლმა მთელი არსებით შემბოჭა. ორი წლის ფიქრის შემდეგ წამოვედი მონასტერში დასარჩენად. არავინ იცოდა ჩემი განზრახვის თაობაზე.
მანამდე ეკლესიურად არ ვცხოვრობდი. წელიწადში სამჯერ თუ დავესწრებოდი წირვა-ლოცვას. მოსწავლეები დამყავდა ექსკურსიებზე ტაძრებში. მახსენდება, როგორ ამოვედი პირველად მონასტერში. არც მეუფეს ვიცნობდი, არც წინამძღვარს. შევხედე თუ არა მამა ისაიას, ვიგრძენი, ბერი იქნებოდა, თან წინამძღვარი. მამა ისაია ფეხშიშველი ეზოში ლობიოს სარს უსვამდა. მინდოდა, ერთი წელი მეცხოვრა ყინწვისში და ეკლესიური ცხოვრების აზრი გამეგო. სულიერ სიცარიელეს ვგრძნობდი მუდამ. გადამწყვეტი რა იყო, იცით? იერუსალიმის მოლოცვას ვაპირებდი და რატომღაც ვერ მომიხერხდა იქ წასვლა. მერე დავფიქრდი - უზიარებელს და აღსარებაჩაუბარებელს რა მინდოდა ამ წმინდა ადგილას. ცოტა შემეშინდა ამ ნაბიჯის გადადგმა. მინდოდა წმინდა საიდუმლოების მადლის მიღების შემდეგ, როგორც მორწმუნე, ისე წავსულიყავი იქაურობის მოსალოცად.
მონასტერში მოსვლიდან ორ თვეში მორჩილად მაკურთხეს. მიწას ვუვლიდი, ტრაპეზარიც ვიყავი და ეკლესიაში სტუმრების მიღებაც მევალებოდა. თითქოს თავი განათლებულად მომქონდა და ხუცურიც არ ვიცოდი, ლოცვაც არ ვიცოდი "მამაო ჩვენოს" და "მრწამსის" გარდა. ეს ყველაფერი 6 თვეში, ღვთის შეწევნით, მონასტრის წევრების დახმარებით დავძლიე.
მორჩილებაში წელიწადი და სამი თვე გახლდით. 2005 წლის 10 აპრილს მამა ისაიას დარიგებით და კურთხევით ბერად აღმკვეცა მეუფე იობმა. ბერდიაკვნად 19 აგვისტოს, ფერიცვალებას, ჩემს დაბადების დღეს დამასხეს ხელი. დიდ სქემაში კი წელს, დიდი მარხვის მეორე შაბათს აღმკვეცეს. მეორე დღეს მღვდელმონაზვნად მაკურთხეს.
სამ წელიწადში ასეთი დიდი წყალობა დაუშვა ჩემზე უფალმა. ამ ხნის განმავლობაში დედაც გარდამეცვალა. ბოლოს ქრისტიანულად იცხოვრა და ისე აღესრულა.
მადლობელი ვარ მთელი ეპარქიის, მეუფის, მამა შიოსი, გამოუცდელი ვარ და ყველაფერში მეხმარებიან. მეუფე რასაც დაგვავალებს და გვაკურთხებს, ჩვენთვის ყველაფერი უსიტყვოდ და მორჩილებით არის მისაღები.
მონასტერს ყოველდღიურად ბევრი სტუმარი ჰყავს. ნება ღვთისაა. ვცდილობთ, მომსვლელებს ავუხსნათ მონასტრული ცხოვრება, ტაძრის წარსულზეც ვესაუბროთ.
აქაური ცხოვრების წესის ანუ ტიპიკონის მიხედვით დილით 5 საათზე ცისკარი გახლავთ. ცისკრის ლოცვის შემდეგ რვა საათამდე თავისუფალი დრო გვაქვს. ნატრაპეზევს, ცხრა საათამდე მცირედ ვისვენებთ. რაზეც წინამძღვარი გვაკურთხებს, იმ მორჩილებას ვასრულებთ. მე დავალებული მაქვს ტაძრისთვის ყურადღების მიქცევა და მომლოცველების გასტუმრება. საღამოს 6 საათზე მწუხრის ლოცვას ვიწყებთ. 7 საათზე ტრაპეზი გვაქვს, შემდეგ ვისვენებთ და ვიწყებთ მეორე დღისთვის მზადებას.
ჩვენი მონასტერი ფრესკებით გამოირჩევა. ყინწვისის ანგელოზი ქართული აღორძინების ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია. მასში მთავარანგელოზის სული დევს, იმ პერიოდის მაღალი ღვთივკურთხეული სული, რომლითაც გამოირჩეოდა მაშინდელი ცხოვრება.
ხევს გადაღმა, 200 მეტრში ნანგრევებია. ეგებ აქ ტაძარი იდგა, უფრო ციხის ნანგრევს წააგავს. თამარის მეფობაში, ვიდრე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აშენდებოდა, აქ სამონასტრო ცხოვრება უკვე იყო.
- მამაო, ყინწვისის მონასტერში მამების საძვალეა. რომელ ტაძარში მიაკვლიეს?- წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოს საძირკველი მიწის ფენისგან გათავისუფლდა და საძვალესაც მიაკვლიეს. ასევე მოძიებულ იქნა ტაძრის ტერიტორიაზეც. როგორც ჩანს, მამების ძვლებია.
- მამაო თეოდოსი, სხვა ტაძრებსაც ემსახურებით?- ჩაბარებული მაქვს სოფლები - კეხისჯვარი, ყინწვისი, ზღუდერი, ორთუბანი, ელბაქიანთ კარამდე. ორი მოქმედი ტაძარი მაბარია - კეხისჯვრის და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, სადაც დედათა მონასტერია დაფუძნებული. გვინდა და მეუფის კურთხევაც არის, რომ აღდგეს VI საუკუნის ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია. სოფელ კეხისჯვარში შენდება ეკლესია.
მრევლი აქტიურად არის ჩართული საეკლესიო ცხოვრებაში, ფიზიკურადაც ეხმარება ეკლესიის მშენებლებს. ფინანსურად უჭირთ აქაურებს, ამიტომ ვცდილობთ, მოვძებნოთ ადამიანები, რომლებიც გაიღებენ შემოწირულობას და ეკლესიის მშენებლობას დააფინანსებენ. კეხისჯვარში სამი მღვდელმთავრის სახელობის ტაძრის მშენებლობაა დაწყებული. იმედი მაქვს, უფალი შეგვეწევა ტაძრის მშენებლობაში.
მეუფისგან კურთხევა მაქვს, რომ სოფლებში ვიმსახურო. ვერ დავმალავ და, გული მწყდება, ხშირად რომ აღარ მომიწევს ყინწვისის მადლიან მონასტერში ყოფნა. ხომ ხმაურია, მაგრამ მაინც ვერ ჯობნის ამ მადლის სიმაღლეს. აქედან გამომდინარე, ყინწვისში მოსული ადამიანი სულიერ სიმშვიდეს გრძნობს. ბევრი მოსულა გაღიზიანებული. როცა აქედან წასულა, მადლობა უთქვამს და ტაძრის წინ მუხლი მოუდრეკია, მერე მინახავს კიდევაც ბევრი მათგანი სხვა დროს ამოსული. გამორჩეული ადგილია. ბევრი წმინდა ადგილი მაქვს მოლოცვილი, მაგრამ მსგავსი რამ არ მიგრძნია. დავით მეფსალმუნე ამბობს: "ჭეშმარიტად შეუცნობელია გზანი უფლისანი". ვერ გაიგებს კაცი, როგორ მოიყვანს ღმერთი ეკლესიაში და შემდეგ როგორ ნელ-ნელა ხდება მისი სულიერებაში ჩაღრმავება და უფალთან მიახლოება.
- მამაო თეოდოსი, თქვენ რომელი წმინდანის სახელს ატარებთ?- მცირე სქემაში ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამის, ურბნისის ტაძრის ერთ-ერთი აღმშენებლის სახელი მერქვა - თადეოზი. თეოდოსი დიდი კი VI საუკუნეში პალესტინაში მოღვაწეობდა და ცნობილია, როგორც ზოგადცხოვნებულთა თავი. მისი ხსენების დღეა 24 იანვარი. გრიგოლ ხანძთელისა და საბა განწმენდილის დარი ღირსი მამა გახლავთ.
- მამაო, ყინწვისის მონასტრის გარშემო რაიმე სასწაული ხომ არ გახსენდებათ?- აქ ხშირად მოდიან ყველა ასაკის, ყველა კატეგორიის მუცელს გადაყოლილი ადამიანები, რომლებსაც უყვართ ქეიფი, მერე ცუდი მოქცევა. 2004 წლის მარიამობის მარხვა უნდა აეღო მეუფეს ჩვენს მონასტერში. მის მოსვლამდე სოფლიდან ამოვიდა ხალხით სავსე სატვირთო მანქანა. ორი დიდი ცხვარი ამოიყვანეს დასაკლავად. ჩვენ ავუხსენით, რომ მეუფეს ასეთი ჟრიამულით დახვედრა არ შეეფერებოდა. არ დაგვიჯერეს და მეუფის სენაკის მოპირდაპირე მხარეს დასხდნენ. პირობა დაავიწყდათ - წყნარად ვიქნებითო. არანაირმა შეგონებამ არ გაჭრა და უცებ მოწმენდილ ცაზე ღრუბელი შეიყარა, სეტყვა წამოვიდა. სუფრა მიატოვეს და გაიქცნენ. მეუფე როცა მობრძანდა, სასწაულებრივად გამოიდარა.
სარკის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში, რომელიც ყინწვისის მახლობლადაა, ასეთი სასწაული მოხდა: ადრე, ბოლშევიკების დროს, სარკის სალოცავში ყიფიანების გვარის ხალხი ასულა, თან ცხვარი აუყვანიათ. ეკლესიის ტერიტორიაზე ცხვარი ხელიდან გასხლტომიათ და ყინწვისისკენ წამოსულა. პატრონები დასდევნებიან, მაგრამ ვერ დაუჭერიათ. სამჯერ შემოუვლია ცხვარს ტაძრისთვის და ისევ უკან, სარკის მონასტერში გაბრუნებულა. მონასტრის წინ დაუჩოქია, თავი მიწაზე დაუდვია, მერე კი ყელი გამოუჭრიათ. სარკის მონასტრის წინამძღვარია იღუმენი ისაია (გოგიბერიძე). დღეს იქ ყინწვისიდან წასული ორი ბერი მოღვაწეობს - იოანიკე და ბარნაბა. არიან სამორჩილეები - ლევანი, დავითი, ამირანი.
- მამაო, ამ მადლიანი ადგილიდან რას ურჩევთ მრევლს, რა უნდა გაითვალისწინონ ცხოვრებაში?- აუცილებელია, სასწრაფოდ, უმოკლეს დროში ჩვენმა ერმა ეკლესიასთან მისასვლელი გზები გამონახოს, ვინაიდან ძალიან რთულ და მძიმე დროში გვიხდება ცხოვრება. გლობალიზაციის პროცესი ძალიან სწრაფად მიდის. ჩვენ, მცირე ერებს, ღვთის გარდა ვერავინ შეგვეწევა. ეკლესიას შეუძლია ჩვენი გადარჩენა. ჩვენი ერის მფარველი გახლავთ წმინდა გიორგი, ეკლესიის მფარველი - წმინდა ნიკოლოზი. წმინდა დიდი მღვდელმთავრის, სასწაულმოქმედის ლოცვა შეგვეწიოს მისი საბრძანებლიდან, ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრიდან.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ნუ მოგვიშალოს სასოება წმინდანთა მიმართ და გვქონდეს მორჩილება მოძღვრებისა, რამეთუ უფალს უყვარს მორჩილნი და მდაბალნი, ხოლო მაღალთ კი დაამდაბლებს.
ჟურნალ "კარიბჭეს" ხშირად ვკითხულობ. უფრო მეტად წმინდა მამების, განსაკუთრებით ქართველი მამების დარიგებებს თუ დაბეჭდავთ, მადლობელი დაგრჩებით.
გისურვებთ წმინდა ნიკოლოზის მფარველობას. დაიცვას წმინდა ნიკოლოზმა თქვენი საქმე და გეღვაწოთ ხალხის გასანათლებლად.