- ბატონო პაატა, წინა შეხვედრისას იმ ღვაწლზე გვიამბეთ, თეკლათის დედათა მონასტრის აღშენებისას რომ გასწიეს ჩვენმა წმიდა მღვდელმთავრებმა. რას გვეტყვით წმიდა ალექსი შუშანიას როლზე ამ სავანის ისტორიაში?
- ყოვლადსამღვდელო გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ შედგენილი მონასტრის ტიპიკონი და ქრისტიანული სიბრძნით აღსავსე დედა იღუმენიათა მმართველობა იყო ის ზნეობრივი ორიენტირი, რომლითაც იმართებოდა თეკლათის დედათა მონასტრის დასის ცხოვრება. ცნობილია, რომ ნებისმიერი მონასტრის განაწესის მიხედვით, გარეგან მართვა-განწესებაში წინამძღვარს, როგორც უფროს დედას, კრებული უსიტყვოდ ემორჩილება, მაგრამ მონანული მონაზვნის სულიერი წრთობისათვის უპირველესი მზრუნველი მოძღვარია. ასე იყო თეკლათშიც.
სავანის დაარსების დღიდან მოწესეთა ცხოვრების ნაკლულევანებათა აღმოფხვრასა და კეთილმისწრაფებათა ზრდას გულისყურით მიადევნებდნენ თვალს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსნი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტნი. მეუფეთაგან საგანგებოდ იძიებოდა შესაფერისი ჟამისმწირველი ღვთისმსახური. ამიტომაც იყო, რომ კრებულის ყოველდღიურ ცხოვრებას გამორჩეული სიმაღლით უძღოდნენ თეკლათელი მამები. მაგრამ გამორჩევით აღსანიშნავია მენჯის მთავარანგელოზთა წინამძღვრის, წმინდა ალექსი ბერის ზენაარი მადლით აღსავსე მამობრივი ქომაგობა.
XIX-ის მიწურულისა და XX-ის პირველი ათწლეულების დასავლეთ საქართველოს ცხოვრებაში ბერმონაზონ ალექსი შუშანიას ღვაწლზე ქართულ პრესაში ბევრი რამ დაწერილა და დღესაც იწერება. ამ წმიდა მამის მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა თეკლათელ დედათა ქრისტიანული სისრულისათვის მზრუნველობას.
უნდა აღინიშნოს, რომ ალექსი ბერის ოჯახი გამორჩეული სიყვარულით იყო დაკავშირებული თეკლათთან. კრებულის წევრები იყვნენ დედამისი ელენე, დები - სოფიო და ევგინე, ბიძაშვილები - ფავსტო და აკეფსიმე.
ალექსი ბერი თეკლათელ დედათა დასის ჭირ-ვარამს ყმაწვილობიდანვე იზიარებდა, რაც ასახულია კიდეც მის შემოქმედებაში. მას არაერთი ლექსი, პოემა თუ ნარკვევი აქვს მიძღვნილი მონასტრისადმი.
1898 წელს ხობის მონასტრის დატოვების შემდგომ ავადმყოფი მამა ალექსი ორი წელიწადი ცხოვრობდა დედასა და დებთან, გამოჯანმრთელების შემდეგ კი სწორედ აქ, თეკლათში გადაწყვიტა მენჯის სავანის დაარსება და ეპისკოპოს გრიგოლ დადიანის ლოცვა-კურთხევის მიღებისთანავე იქ დაემკვიდრა.
ნეტარმა მამამ დაყუდებისთანავე აღუთქვა უფალს, რომ თავის სავანეს მხოლოდ თეკლათის მონასტრის მოლოცვისას დატოვებდა.
ღვთივკურთხეული მოძღვარი სიცოცხლის ბოლომდე მიურულებლად მიადევნებდა თვალს კრებულის ცხოვრებას. იგი დასის თითოეული წევრისთვის უპირველეს მამად და სულიერ მასწავლებლად მიიჩნეოდა.
არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება ალექსი ბერის მიერ საერო ხელისუფლების წინაშე მონასტრისათვის გაწეული ქომაგობიდან, მაგრამ თქვენს ყურადღებას მივაპყრობ მის ორ დიდად მნიშვნელოვან საღვთისმეტყველო შრომას: ერთია "სასულიერო წერილნი და მსჯელობანი. დაყუდებული მღ-მონაზონი ალექსი. გამოცემა დედათა თეკლათის მონასტრისა. 1902 წ." და მეორე - "ალექსი ბერი. მოკლე სახელმძღვანელო მონაზონთათვის. ტფილისი. 1910 წ." წიგნები გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის ლეონიდე ოქროპირიძის ნებართვითაა გამოცემული. ეს საინტერესო თეოლოგიური ნაშრომები ნათლად წარმოაჩენს ავტორის, განსწავლული ღვთისმეტყველის, მაღალ სულიერებასა და იმ მოთხოვნებს, რასაც ის უყენებს უპირველესად საკუთარ თავს, შემდგომ კი ყველას, ვისაც კი ბერ-მონაზვნობის მაღალი მისიის აღსრულება სურს.
თავს უფლებას ვერ მივცემ, ძირეულად განვიხილო ეს ნაშრომები, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ორივე წიგნი თეკლათელი მონაზვნებისათვის სახარებასთან, დავითნსა და სხვა აუცილებელ ლიტერატურასთან ერთად ყოველდღიურ საკითხავად იყო მიჩნეული. შემორჩენილია დასის რამდენიმე წევრისადმი ღირსი მამის მიერ პირადად შედგენილი დარიგებაც.
წლების გადასახედიდან გვაოცებს ალექსი შუშანიას ღვაწლის სიმაღლე და აუწონავი შრომა, მაგრამ ჩემთვის გამორჩეულად ძვირფასია ამ წმიდა მამის მიერ ჯერ კიდევ 1905 წელს ნაწინასწარმეტყველები: "ბატონებო, რა უფლებით ან რა ზნეობრივი სინდისით აფათურებთ ხელს ჩვენს რწმენის საყდარში, რომ ხმამაღლა კარნახობთ ეკლესიის მოსპობას?! პირიქით, გამხელენ დასაბამიდან ისტორიის მდინარების უძლეველი კანონი, თუნდაც ერთი საუკუნე გასტანოს ურწმუნოთა მიერ ბრძოლის გავლენამ და ჩვენი ეკლესიის მზე დაფაროს მათმა ანარეკლმა შავ ღრუბლებმა, მაინც სანამ იარსებებს დედამიწა, იარსებებს ეკლესია და მისი მორწმუნე ერი თაყვანსცემს ეკლესიის უსაღმრთოესს წარმომადგენელს, იესო ქრისტესა და მის წმინდანებს. რამეთუ ცხოვრება ბრუნვაა, ხოლო ბრუნვათა შედეგი მოქცევაა და ეს მოქცევა თავის ბუნების ურმის თვალთა ზედაპირზე ხან თქვენ ამოგასკუპებენ თქვენი საქვეყნო დროშით, ხან ჩვენ ზე მოვექცევით ჩვენი ზენაარი დროშით. ეს ისტორიის გაკვეთილია და არც ჩვენ შეგვიძლია მოვსპოთ ურწმუნოება და არც თქვენ შეგიძლიათ მოსპოთ ეკლესია და მისი მორწმუნენი".
ბედისწერამ ისე განაგო, რომ მამა ალექსის ცხედარი თითქმის 40 წელი იყო თეკლათში დავანებული. მხოლოდ გასული საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს მიეცა მის ბიძაშვილსა და აღზრდილს, იღუმენია ფავსტო შუშანიას, ცხედრის მთავარანგელოზთა სავანეში გადასვენების შესაძლებლობა. ასე რომ, თეკლათის მონასტერი და მენჯის მთავარანგელოზები თანასწორი სამოღვაწეო ასპარეზი იყო ამ წმიდა მამისათვის.
- თქვენი დიდი ბებია ელეონორა დადიანი 1918-1932 წლებში წინამძღვრობდა თეკლათის დედათა მონასტერს. თვით ეს ფაქტიც მეტყველებს მის დიდი სულიერებაზე. რას ჰყვებოდნენ შვილიშვილები ციცუ ბებიაზე - დედა ელეონორაზე?
- საქართველოს გასაბჭოების შემდგომ მომხდარი სოციალური ძვრებით გამოწვეული ტრაგიკული ამბების თანაზიარად წარიმართა ელეონორა დადიანის (1865-1933) ცხოვრების მეორე ნახევარი. სქემიღუმენია ელეონორა, ერობაში - ციცუ (ნათლობის სახელით ოლღა) მიხეილის ასული დადიანი, მონაზვნად 1914 წელს უნდა იყოს აღკვეცილი, იღუმენიად კი მას 1918 წელს დასხა ხელი ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაიამ).
ორი ეპოქის მკაცრი და დაუნდობელი შეჭიდების ჟამს ეკლესია-მონასტრების რბევა-აწიოკების, სასულიერო მოღვაწეთა დაუნდობელი დევნისა და არაერთი უახლოესი ადამიანის, ნათესავისა თუ მოყვრის ტრაგიკული ბედის უშუალო მომსწრე და მხილველი შეიქმნა სულკურთხეული. მისი ცხოვრების პირუთვნელი აღწერა თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება იმ თაობისა და, საერთოდ, ეპოქის დასახასიათებლად.
იღუმენია ელეონორას უმთავრესი საზრუნავი ყოვლადმოწყალე უფლის მსახურება, ერის, ოჯახის ერთგულება, ნათესავ-მოყვრისა თუ სულიერი შვილებისადმი სიყვარულის, სითბოს უშურველი გაცემა გახლდათ.
ბავშვობიდანვე ჭეშმარიტი რწმენით აღსავსე, მთელი ცხოვრება ღვთიური სიმართლისაკენ მიილტვოდა და მეუღლის გარდაცვალების შემდგომ თეკლათის მონასტერს შეეკედლა. მონაზვნად აღკვეციდან ვიდრე აღსასრულამდე მშვიდობითა და მყუდროებით, სახიერებითა და სიტკბოებით, მოწყალებითა და ძვირუხსენებლობით განვლო წუთისოფელი. იგი არ გახლდათ გამოჩენილი ღვთისმეტყველი, მეცნიერი და მჭევრმეტყველი მქადაგებელი, მაგრამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვუწოდოთ უერთგულესი მსახური ღვთისა, ჭეშმარიტი რწმენის ადამიანი.
როგორც არაერთგზის მსმენია, სქემიღუმენია უდიდესი სულიერი სიმშვიდით ხვდებოდა თურმე დრო-ჟამით მოტანილი ავბედითი ამბების დაუსრულებელ წყებას და ღვთისადმი მადლობის გარდა სხვა სიტყვა არასდროს დასცდენია.
რამდენიმე წლის წინ ქართული არისტოკრატიის უხუცესმა, ქალბატონმა ბაბო დადიანმა მიამბო:
"არაერთხელ შევხვედრივარ სქემიღუმენია ელეონორას. თუ თბილისში ჩამობრძანდებოდა, თქმა არ უნდა, სიონში წირვა-ლოცვას არ დააკლდებოდა. ღვთისმშობლის ხატთან უყვარდა დგომა. სიტყვები არ მყოფნის ცრემლმდინარე მლოცველის სულიერი თუ ხორციელი სილამაზის აღსაწერად.
ოციან წლებში ტაძარში წირვაზე მხოლოდ სარწმუნოებისათვის თავდადებულნი თუ დავდიოდით, ყველგან ჩეკას მეთვალყურეები იდგნენ. შიშისაგან დაზაფრული ხალხი ეკლესიას ვერ ეკარებოდა. წარმოიდგინე, უწმინდესი ამბროსი, უკვე ავადმყოფი, დაუძლურებული, მაგრამ რწმენით ძალამიცემული, ან ჩემთვის განსაკუთრებულად მოსაგონარი კალისტრატე ცინცაძე, მაშინ მიტროპოლიტი, როგორი გრძნობით და სულიერი აღმაფრენით აღავლენდნენ ღვთის სადიდებელს და ამ დროს საკათედრო ტაძარში კანტიკუნტად მდგარი მრევლი...
წუთისოფლის გაუტანლობისაგან გულნატკენი, მაგრამ საოცრად მშვიდი დედა იღუმენია, მორჩილად მოელოდა ამქვეყნიური განსვლის ჟამს. მხოლოდ სახეზე მომრავლებული ნაოჭები და თვალთა უძირო სევდა თუ მიგანიშნებდა ნეტარხსენებულის გულის ღადარზე".
სატკივარი კი მართლაც რომ დაულეველი ჰქონდა. ათი შვილის აღმზრდელი ქალბატონი მხოლოდ ორმა ვაჟმა დაიტირა...
ოლღა დადიანის მეუღლე გრიშა ბატონიშვილი სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის ძმისშვილი გახლდათ და ასეთი წარმოშობის ოჯახს კომუნისტების ხელში რეპრესიები რომ განეცადა, ამაში რა იყო გასაკვირი?
პირველი შალვა (ჯახუ) დაიღუპა. იგი მოსკოვის კადეტთა კორპუსის სტუდენტი გახლდათ და გასაბჭოებას შეეწირა. უფროსი ვაჟი გრიგოლი (კოკი) 1924 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. გაწამებულმა ყოფამ შეიწირა ქეთევანი (მიცი) შერვაშიძისა. უფროსი ასულები ნინო და მარიამი, ძმებთან ლევანსა და დავითთან ერთად იძულებულნი შეიქმნენ, ემიგრაციაში წასულიყვნენ. გაუთავებელი დაპატიმრება-გადასახლება ერგოთ ხვედრად თამარსა და მის მეუღლეს გაგი ძიძავას. ყოველ წელს აპატიმრებდნენ კონსტანტინესა და გელას. 37 წელს კი ცოცხლები ვეღარ გადაურჩნენ...
1928 წელს ემიგრაციიდან დაბრუნდა უმრწემესი დავითი. მას ოქსფორდის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. ახალგაზრდა ინჟინერი საბჭოთა ხელისუფლებამ არ მიიღო. ბავშობიდანვე უფლის მოშიში, ბერად აღიკვეცა და თეკლათში დაემკვიდრა. უკურნებელი სენით დაავადებულმა რამდენიმე წლის შემდეგ დედის ხელში დალია სული...
მიუხედავად ამდენი უბედურებისა, დედა იღუმენიას წუთითაც არ დავიწყებია თავისი უპირველესი მოვალეობა და როგორიც ქრისტეს ჭეშმარიტ მხეველს შეეფერებოდა, ისეთი გულისყურით უძღვებოდა კრებულს.
მოწყალე და კაცთმოყვარე უფალი ბრძანებს: ,,ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოთ თქუენ" (მათე 6:33). ამ სიბრძნის ჭეშმარიტად შემმეცნებელი, მაცხოვართან სულიერად შეუღლებული დედა ელეონორაც არ შემდრკალა ბოლშევიკური ხელისუფლების სისასტიკის წინაშე. მის ირგვლივ შემოკრებილმა და დიდი ჭირთათმენისთვის შემზადებულმა დასმა შემდგომშიც ისე წარმართა მოღვაწეობა, რომ ღვთისმსახურება მონასტერში არასოდეს შეწყვეტილა.
ჭეშმარიტად უფლის ნებას დაემთხვა დედა იღუმენიას წინამძღვრობა ავბედით 20-იან წლებში. სწორედ ასეთი დიდი მოთმინების მქონე და სულით ძლიერ პიროვნებას თუ შეეძლო ფიზიკური განადგურების უკიდურეს ზღვარს მიღწეული მონასტრის გადარჩენა. იგი პირადი მაგალითის ძალით სულიერად განამხნევებდა და განამტკიცებდა კრებულს, სამღვდელოთა და ერისკაცთ. უფლისადმი დაუცხრომელი ლოცვითა და ფიზიკური შრომით აღაფრთოვანებდა თავის სულიერ შვილებს და იმ კრიტიკულ წლებში იხსნა კიდეც მონასტერი საბოლოო იარვაქმნისაგან.
დეიდაჩემი, აწ განსვენებული თამარ (გუგული) დადიანი-კეშელავა, ასე იგონებს დიდ ბებიას:
"ვერ წარმოიდგენთ, შვილო, ჯერ კიდევ ბავშვი რა ბედნიერი მივყვებოდი ბებიას სიონში, როდესაც ის პატიმრობიდან განთავისუფლებულ კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის ეახლა. მე მათ საუბარს ვინ დამასწრებდა და ამაზე ვერც ვერაფერს გიამბობ, მაგრამ დღესაც თვალწინ მიდგას მისი საოცრად შთამაგონებელი და ამავე დროს ნამტირალევი სახე, უწმინდესის ოთახიდან რომ გამოვიდა. გვერდით მივუყვებოდი სიონიდან ფეხით წამოსულს და მთელი ქუჩა ჩვენ გვიყურებდა. საწინამძღვრო ჯვრით დამშვენებულს, ხელში კვერთხით, მდუმარედ მომავალს, უნებურად გზას უთმობდნენ შემხვედრნი და სულითა და გარეგნული მშვენებით შემკულს აღფრთოვანებულნი მიადევნებდნენ თვალს. ბებია გრძნობდა ამ ჩუმ თაყვანისცემას და შინაგანად შეწუხებული ფეხაჩქარებული ცდილობდა განრიდებოდა ქუჩის ორომტრიალს.
ძნელად თუ ვინმე გაბედავდა მაშინ რუსთაველზე საღვთისმსახურო სამოსით გასვლას. იმ ხანობას თვით საქართველოს პატრიარქს შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მართლაც საშინელი დრო იდგა!"
ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ დიდი ქალბატონის ცხოვრებაზე, მაგრამ ინტერვიუს ფორმატი ამის საშუალებას არ იძლევა.
- საღმრთო გამოცხადების შემდეგ მონასტრის დედების სულისთვის ზრუნვა თავს უდვია მამა კონსტანტინე ქვარაიას. გთხოვთ მოგვითხროთ ამ ღირს მამაზე, მის სულიერ ღირსებებზე.
- ბავშვობა სენაკში მაქვს გატარებული. ამ პატარა, ლამაზ, მწვანეში ჩაფლულ ქალაქში კულტურული ცხოვრება ჩქეფდა. დიდად მნიშვნელოვან საქმიანობას ეწეოდა სახალხო თეატრის დასი. ქალაქის გამორჩეული თეატრალური შენობა კულტურული ცხოვრების ცენტრი იყო. სკოლებიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ახალგაზრდების აღზრდას. მართლაც რომ დიდებული პედაგოგები გვზრდიდნენ. არაერთ საქვეყნო საქმეში იყო ჩართული ქალაქის ინტელიგენცია. უამრავი იუბილე და ფესტივალი ჩატარებულა ჩემს ბავშვობაში. საზოგადოდ, 60-70-იანი წლების საქართველოს პროვინციებში მცხოვრებ ინტელიგენციას დიდი ღვაწლი აქვს გაწეული...
ქალაქისა და მთლიანად რაიონის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ ძველი თაობის სასულიერო მოღვაწეებსაც. ეს ისე არ გაიგოთ, თითქოს მთავრობა ამას ხელს უწყობდა; ნამდვილად არა, მაგრამ მიუხედავად ძლიერი ათეისტური პროპაგანდისა და სოციალიზმის ქება-დიდებისა, სულიერი ცხოვრება სენაკში წამითაც არ შეწყვეტილა.
თვალწინ მიდგას თეკლათის დედათა მონასტრის კრებული, მენჯის მთავარანგელოზთა სავანე წინამძღვრის ფავსტო შუშანიას უზარმაზარი ავტორიტეტით. სენაკში ცხოვრობდნენ დიდად მოღვაწე მამა თეფანე კალანდარაშვილი, არქიმანდრიტი შიო ძიძავა, რომელსაც მისი უწმინდესობა საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი ილია II თავის დიდ მოძღვარს უწოდებს. სასულიერო პირთა ასეთი კრებულით ნებისმიერი კუთხე იამაყებდა. მათ მხრებზე გადაიარა კომუნისტური ეპოქის მთელმა სისასტიკემ, მაგრამ სარწმუნოებისათვის თავდადებულთ წუთითაც არ შეუწყვეტიათ მოღვაწეობა.
გამორჩეულად მინდა მოვიგონო არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია. მონასტრის ეზო, ტაძრის იდუმალება და სიმშვიდე - გარემო, სადაც თითქმის ნახევარი საუკუნე ფეხმოუცვლელად იცხოვრა, იღვაწა და აღესრულა ეს საოცარი ბიოგრაფიის ადამიანი. წლების გადასახედიდან ვერ ვიგონებ მამა კონსტანტინეს ვერც მონასტრის ეზოში, ვერც რომელიმე მონაზვნის სენსაკში. ქალაქში ჩამოსული ხომ არასდროს მინახავს. ის მხოლოდ ტაძარში, ამბიონზე მდგარი შემიძლია გავიხსენო.
პირხმელი კაცი გახლდათ, ტკბილად მოუბარი, მშვიდი, აუღელვებელი, ლამაზი, ძველსურნელოვანი ქართულით მეტყველებდა. ხშირად მომისმენია მისი მეგრული ბაასიც, კილო გამორჩეულად სხვანაირი ჰქონდა, რბილი, წამღერებული. შესანიშნავად ფლობდა რუსულს.
ჰქონდა შავი მეტყველი თვალები, მოსიყვარულე გამოხედვით, გრძელი თხელი თითები. იშვიათად იცინოდა, მაგრამ მოღუშულიც არასოდეს მინახავს. ხალვათად ჩაცმულს ვერ იხილავდი. თვალწინ მიდგას ამბიონზე მდგარი, სახარების სასოებით მკითხველი, მგალობელი, მედავითნის დაუზარებელი მრჩეველი.
წელთა სიმძიმე თანდათან დაეტყო, თვალის ჩინიც დააკლდა, მაგრამ სანამ ფეხზე დგომა შეეძლო, ღვთისმსახურება არ მიუტოვებია.
ვინ მოთვლის, რამდენი ღამე უთევია გულმხურვალე ლოცვაში, რამდენი ცრემლი დაუღვრია ხატთა წინაშე ერის რელიგიური და ზნეობრივი ცხოვრების დაკნინების გამო, რამდენჯერ უთავცემია და ასკეტის მკაცრი წესით მცხოვრებს რამდენი ლოცვა-ვედრება აღუვლენია მაცხოვრის წინაშე სხვათათვის შენდობის თხოვნით.
ამ დიდად მოღვაწე მოძღვარს დიახაც ჰქონდა უფლება, თავი არა მარტო მრევლის, არამედ ქალაქისა და კუთხის სულიერ წინამძღოლად წარედგინა, მაგრამ თავს ამის უფლებას არ აძლევდა. მისგან შორს იყო ამპარტავნება. პირადული თხოვნით იშვიათად თუ შეუწუხებია ვინმე, მით უმეტეს - ხელისუფლების წარმომადგენლები.
მისი ცხოვრების ყოველი დღე ცისკრის ლოცვით იწყებოდა და გვიან ღამით ლოცვითვე მთავრდებოდა. ლოცავდა და მოძღვრავდა ერს, ნათლავდა ბავშვებს, აზიარებდა მრევლს, წირვა-ლოცვის მადლით ზრდიდა ახალგაზრდა მღვდელმსახურთ. ასე, თითქმის ნახევარი საუკუნე განვლო მან თეკლათში.
დიდად აფასებდნენ კათალიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი მამა კონსტანტინეს სულიერებასა და გამოცდილებას.
90 წელს მიტანებული 1989 წლის 6 ნოემბერს აღესრულა და 5 დღის შემდეგ მონასტრის ტაძარში დაკრძალეს.
მიიძინა ნეტარხსენებულმა მოძღვარმა და დაგვიტოვა შთამაგონებელი მაგალითი იმ ჭეშმარიტებისა, რომ სულის ცხონება მხოლოდ ლოცვით არ მოიპოვება, რომ სულიერება სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულსაც მოიცავს, მისთვის ყოველდღიური გარჯა, შრომა, სწავლა, თავდადება და ამქვეყნიური ჯვარცმაა საჭირო.
ვემშვიდობები ბატონ პაატას იმ იმედით, რომ კვალვ შევხვდები სასაუბროდ. მოუთმენლად დაველოდებით თეკლათის მონასტრის შესახებ დაწერილი მისი წიგნის გამოცემასაც. მადლობას ვუხდით ამ სასიამოვნო საუბრისთვის. ღმერთმა ამრავლოს მისი ბადალი მამულიშვილნი!