გვესაუბრება თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი მეუფე თადეოზი (იორამაშვილი):
ურთულეს ჟამს მოგვიხდა დაბადება, ცხოვრება. ძალიან ცუდი დრო იყო, ისეთი, მზეზე რომ ამბობდნენ, ნახშირიაო და ნახშირზე - მზეო.
ჭეშმარიტ მართლმადიდებელ რწმენას ცრუ რწმენას უწოდებდნენ, ცრუ რწმენა კი მეფობდა. სარწმუნოებას დევნიდნენ. სასულიერო პირები, სასულიერო მოღვაწეები თითქმის აღარ იყვნენ. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ამ მძიმე დროში მოევლინა ჩვენი დიდი მეუფე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II. მის დროს ჩვენს ეკლესიას ხუთიოდე მღვდელმთავარი თუ ჰყავდა. პატრიარქი და ხუთი მღვდელმთავარი! ორმოცდაათი მართლმადიდებელი მოძღვარიც კი არ იქნებოდა მთელ საქართველოში.
1962-63 წლებში, როცა ჯერ კიდევ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ბრძანდებოდა, პატრიარქმა ღვთის შეწევნით მცხეთაში სამღვდელო კურსები დააარსა. ეს სამწლიანი სასწავლებელი იყო და როგორც კი იმდენ საღვთისმეტყველო განათლებას მიიღებდნენ, რომ მრევლისთვის მოძღვრობა გაეწიათ, იკურთხებოდნენ დიაკვნად, მღვდლად და ემსახურებოდნენ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ოცსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორია აქვს და, ღვთის წყალობით, კიდევ ექნება.
1966 წელს დავამთავრე მეზობელი სოფლის ქვეშის საშუალო სკოლა (ჩემს სოფელში მაშინ მხოლოდ რვაწლიანი სასწავლებელი იყო) და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაბარება ვცადე, მაგრამ იმ წელს ქულები არ მეყო. 1968 წელს მეორედ ვცადე ჩაბარება და ჩავირიცხე კიდეც. 1973 წელს დავამთავრე და ერთი წელიწადი სკოლაშიც ვასწავლიდი.
ბავშვობიდან ღვთისმოშიში ვიყავი. ნატვრა ამისრულდა - მცხეთის სასულიერო სემინარიის სტუდენტი გავხდი. იმხანად მოსკოვში ოთხ-ოთხ წლიანი სემინარია და აკადემია იყო, ჩვენთან - სამწლიანი. ახლა საქართველოში ორი სასულიერო აკადემიაა და რამდენიმე სემინარია - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში...
სამწლიანი სემინარიის დამთავრების შემდეგ ალავერდის ეპარქიაში განმაწესეს, სადაც მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მეუფე გრიგოლმა (ცერცვაძემ), ჯერ დიაკვნად, შემდეგ მღვდლად დამასხა ხელი.
1978 წლის ზაფხულში ხილვა მქონდა - თითქოს ავფრინდი და სოფლის დანგრეულ ეკლესიას სამჯერ შემოვუფრინე; იქვე, ახლოს, მსხმოიარე ვენახში, მგელი დავინახე, ჩავფრინდი და ორივე ხელით მოვკალი... ცხადში არასდროს მომივიდოდა აზრად, ჯვარი ორი ხელით გადამესახა; ასე მხოლოდ მღვდელმთავარი სახავს ჯვარს. იმ დღეებში უწმინდესმა თავისთან დამიბარა, მღვდელმთავრობისთვის მოემზადეო, მითხრა და 1978 წლის 2 აგვისტოს, თავისი ანგელოზის დღეს, ეპისკოპოსად მაკურთხა, ერთი წლის შემდეგ კი, ფერისცვალებას, მთავარეპისკოპოსად აღმამაღლა. ღმერთმა ღირსებით მატარებინოს ეს ხარისხი...
ჩემი პირველი ეპარქია ბოდბის ეპარქია იყო, წმინდა ნინოს სავანე, რომელიც ქართული ეკლესიის უმთავრეს სიწმინდეთაგანია. შემდეგ ვიყავი წილკნის, აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი, მანგლისისა და თეთრიწყაროს, ბოლნისისა და დმანისის მთავარეპისკოპოსი, მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი (ეს დიდად საპატიო მისია გახლდათ). 1993-94 წლებში, იმ მძიმე დროს, ლეჩხუმ-ცაგერისა და სვანეთის ეპარქიას განვაგებდი, შემდეგ ისევ ბოლნის-დმანისის ეპარქიაში დავბრუნდი.
2005 წელს ეპარქიები გაიყო. მისმა უწმინდესობამ ხუთი მღვდელმთავარი გამოირჩია. დმანისში ეპისკოპოსად ეკურთხა მეუფე ზენონი (იარაჯული), მე კი ბოლნისში დავრჩი, ხოლო 2005 წლის ზაფხულში, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მე და მეუფე იეგუდიელმა (ის ახალშექმნილი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი ბრძანდებოდა) ეპარქიები გავცვალეთ. აი, ეს არის ჩემი სულიერი გზა.
- მაღალმთიან და რთულ მხარეში გიწევთ მღვდელმთავრობა...
- საერთოდ, სასულიერო მოღვაწეობა რთულია. თუ იმას გულისხმობთ, რომ ეკლესიამ ძალიან დიდი ბრძოლა გადაიტანა, რა თქმა უნდა, მართალი ბრძანდებით. უამრავი ეკლესიაა აღსადგენი, ასამოქმედებელი, უამრავი მოძღვარია დასადგენი. ღვთის წყალობით, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იხსნება ახალი ტაძრები, აღევლინება წირვა-ლოცვა. წლეულს, შობას, აღდგა მაღაროსკარის ტაძარი, სადაც ვაჟა-ფშაველას მამა, მღვდელი პავლე რაზიკაშვილი მოღვაწეობდა. ამბობენ, რომ ას წელზე მეტია, იქ ღვთისმსახურება არ ჩატარებულა. კედლებიღა იყო დარჩენილი... დავდგით წმინდა ტრაპეზი, სამკვეთლო, სააღდგომოდ მზადდება ძალიან ლამაზი კანკელი... ახლახან საყდრიონში აღდგა წირვა-ლოცვა, თუმცა იქაც უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი. საოცრად მადლიანი ტაძარია. არის ხოლმე, რომ ეკლესიაში განსაკუთრებულ მადლს იგრძნობ. საყდრიონი სწორედ ასეთია.
თიანეთის სოფელ სიონში, სადაც იორი დააგუბეს, მდინარის მარცხენა ნაპირას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი იდგა. მისგან მხოლოდ თითო-ოროლა ქვა დარჩა, საბედნიეროდ, ქვების ამოტანა მოვახერხეთ და სოფლის მახლობლად, პატარა გორაკზე, ეკლესია ავაგეთ. ის დღეს უკვე მოქმედი ტაძარია.
მძიმე ზამთრისა და მძიმე დროის გამო ხევსურეთში ჯერ გაგვიჭირდა ასვლა, თუმცა მშვიდობა, ღვთის შეწევნა იყოს და ნელ-ნელა ყველგან აღდგება წირვა-ლოცვა.
- ეპარქია სასულიერო პირების ნაკლებობას არ განიცდის? მოქმედ ტაძრებში არიან მამები?
- მღვდლის ჯვარი მძიმეა. მოძღვარს მომზადება, შერჩევა უნდა. გვინდა, სასულიერო სასწავლებლებიდან შევარჩიოთ რამდენიმე შესაბამისი კანდიდატი, ვაკურთხოთ და დავადგინოთ. საყდრიონს ჰყავს მოძღვარი - მღვდელმონაზონი მამა სვიმონი. კეთილშობილი, განათლებული სასულიერო პირია. მომავალში, ღვთის წყალობით, ყველგან, ყველა სოფელში, ყველა ტაძარსა და მონასტერში გვეყოლება მღვდელმსახურნი.
ჩვენს ეპარქიაში ერთი მოქმედი მამათა მონასტერიც არის. ეს ადგილია ნადოკრა, სადაც წმინდა დიდმოწამე მეფე არჩილის ნეშტი განისვენებს. ღმერთმა ამრავლოს საქართველოში მონასტრები, სადაც ჩვენი მამები და დედები უფალს უძღვნიან თავს.
- მეუფე თადეოზ, მომიტევეთ კადნიერი შეკითხვა - ეპარქიების ცვლა წმინდა ადამიანურად დამღლელი ხომ არ არის?
- ამქვეყნად ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება, ღვთის ნებას კი საქართველოში უწმინდესი აღასრულებს. მღვდელმთავრების გადაადგილებაც ღვთის ნების განხორციელებაა... უწმინდესს დღეს 33 მღვდელმთავარი ჰყავს. სწორედ ამდენი წელიწადი დაყო მაცხოვარმა ამქვეყნად. სანამ ცოტანი ვიყავით - ათი, თორმეტი, თხუთმეტი, - ზოგს ახალი მღვდელმთავრის კურთხევამდე ერთ ეპარქიას დამატებით ჩააბარებდა ხოლმე უწმინდესი.
- გული ხომ არ დაგწყვიტათ რომელიმე ეპარქიიდან წამოსვლამ?
- ცოდვილები რომ ვართ ადამიანები, ამაზე დამწყვეტია გული, ეპარქიის შეცვლაზე, მადლობა ღმერთს, არა.
- მეუფე თადეოზ, მამა გაბრიელთან (ურგებაძესთან) ახლო ურთიერთობა გქონდათ, აღსარებასაც აბარებდით. როგორ გაიხსენებთ მამა გაბრიელს, როგორი დარჩა თქვენს მეხსიერებაში ეს სპეტაკი სულის ადამიანი?
- მამა გაბრიელი მეოცე საუკუნის უდიდესი მოღვაწე, გამორჩეული სასულიერო პირი ბრძანდებოდა. მისი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდს მოგითხრობთ.
მამა გაბრიელის მამას ცუდი ამბავი დაემართა - ვერ იყო მორწმუნე და ღვთის საწყენი საქმის ჩადენა მოუწია. მამა გაბრიელი ტირილით იტყოდა, ეკლესიის დანგრევა მოუხდა და სინანული, მოქცევა ვერ მოასწრო, ისე გარდაიცვალაო.
ღმერთმა მამა გაბრიელი დედის მუცლიდან გამოარჩია. ბავშვობიდანვე დიდად მორწმუნე იყო. ჯერ კიდევ სკოლის მოწაფე, მონასტერში დადიოდა, ბერებს ეხმარებოდა, ლოცულობდა, მოღვაწეობდა.
ერთხელ მამა გაბრიელის ცხოვრებაში ერთი საშინელი და საკვირველი ამბავი მოხდა. პირველ მაისს თავისუფლების მოედანზე კაცობრიობის მტრისა და ღვთის მგმობელის ლენინის დიდი სურათი გააკრეს წარწერით: "დიდება დიდ ლენინს". მამა გაბრიელი ამის დანახვაზე განრისხდა: "ეს რა დაუწერიათ, ეშმაკს დიდება ვინ მისცა, დიდება ქრისტე ღმერთსო", - და პორტრეტს ცეცხლი მოუკიდა. მოსკოვს რა დარჩებოდა გაუგებარი... მოვიდა ბრძანება, მამა გაბრიელი ადგილზე დაეხვრიტათ, მაგრამ უფალმა იხსნა... პლაკატი რომ დაწვა, კი არ გაიქცა, ქადაგება დაიწყო. რა თქმა უნდა, დაესივნენ და ისე სცემეს, სიკვდილის პირას მიიყვანეს. ტანსაცმელი სისხლით ჰქონდა გაჟღენთილი... საავადმყოფოში რომ დააწვინეს, ერთი თვე არც თვალი გაუხელია, არც კვნესა წამოსცდენია.
საზარელწამებაგამოვლილი და ნატანჯი, ბრძნად მეტყველებდა. სისხლი, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე რომ აუღეს, დღემდე უხრწნელია. მის საფლავზე ზამთარ-ზაფხულ ყვავილები ყვავის, ჩაუქრობლად ანთია ზეთის კანდელი. მისი საფლავიდან წამოღებული ნაკურთხი ზეთი დიდ სასწაულებს ახდენს.
აღსარებას ვაბარებდი ხოლმე მამა გაბრიელს და ისიც დიდ სულიერ ძმობას მიწევდა. გულთამხილავი იყო. მეც მიგრძნია ეს და მის სხვა ახლობლებსაც. მასთან რომ მიდიოდი, რას ფიქრობდი, იმასაც კი გეტყოდა.
სიკვდილამდე თითქმის წელიწადი გრამი პური არ მიუღია. წყლის დალევისგანაც კი თავს იკავებდა. ძალიან ცოტა თაფლს იხმევდა და ეს იყო და ეს. ისიც სასწაული იყო, რომ ცოცხლობდა...
- არ გიჭირთ მღვდელმთავრის მძიმე ჯვრის ტარება?
- ყოველ ადამიანს საკუთარი მძიმე ჯვარი აქვს, რომელსაც ღმერთი აღუმსუბუქებს. ძნელად სატარებელი იქნებოდა მღვდელმთავრის ტვირთი, ღმერთი რომ არ გვშველოდეს. მთავარი ის არის, რომ მე, ვისაც საკუთარ ადამიანურ უსუსურობაზეც კი გამიჭირდება საუბარი, ღვთის წინაშე მრავალი სულის გამო მომეკითხება პასუხი. მხოლოდ უფლის მოწყალება თუ გვიშველის ყველას.
უდიდესი მოღვაწენი, წმინდანნი, რომლებიც მკვდარსაც კი აცოცხლებდნენ, თავიანთ თავზე ამბობდნენ: მე მხოლოდ მიწა და ნაცარი ვარო. უღმერთოდ ადამიანი არაფერს წარმოადგენს, იგი ღვთის ხატია, ღვთის მსგავსია, ღვთის შვილია და მარადიული სიხარულის მოიმედეა.
ბექა და ბეშქენ ოპიზარების ხატზე დიდების ტახტზე მჯდომარე მაცხოვრის მარჯვნივ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ბრძანდება, მარცხნივ - წმინდა იოანე ნათლისმცემელი; თავმოდრეკილნი ევედრებიან ღმერთს, არ იყოს მკაცრი, არამედ მოწყალე და მიმტევებელი, არ მიაგოს ცოდვილთ ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ შეუნდოს... ძნელია ამქვეყნიური ყოფა. მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, სადაც გამრავლდეს ცოდვა, იქ გარდაემეტოს ღმერთის მადლიო. ასე რომ, ღმერთი მოწყალეა, ღმერთის წყალობის იმედით ვართ და ღმერთმა გვამყოფოს.
- დაგვლოცეთ, მეუფე თადეოზ.
- უწმინდესის ლოცვით, რომლის სულიერი მადლი, ძალა და საკვირველება ხშირად გვიგრძნია, იყავით დალოცვილი და გახარებული, საქართველოს უკვდავებით ძლიერნი, ბედნიერნი. გადარჩენის იმედით დაგლოცოთ და გაგახაროთ ღმერთმა. ამინ.
ახლა კი გთავაზობთ მეუფე-პოეტის ლექსს:
ზედაზნის მთვარე ანათებს
ზედაზნის მთვარე ანათებს
ღრუბელზე გადმომდგარია.
ვინც მიჰყვა სოფლის სიყვარულს,
ახლა სულითაც მკვდარია.
შენ, ჩემო სულო, ლოცვებში
ჟამი-ჟამ გაგიხარია,
სიცოცხლის გზაზე მიმავალს
ნუღარ გეცვლება მხარია.
ღმერთი დიდია, ის გვიხსნის,
მტერო, ნუმც გაგიხარია...
ჯვარს გოლგოთაზე აიტანს,
გასწევს, ვინც კარგი ხარია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი