წმინდა სინოდის განჩინებით მღვდელმთავრად რამდენიმე სასულიერო პირი გამოარჩიეს. მათ შორის გახლავთ ფილადელფიაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ სამრევლოში მოღვაწე არქიმანდრიტი საბა (ინწკირველი).
მეუფე საბა ჩრდილოეთ ამერიკის და კანადის ეპარქიას უწინამძღვრებს.მისი ლოცვა-კურთხევით "კარიბჭის" მკითხველს ვთავაზობთ მეუფე საბას გულიდან გამოსულ სამადლობელ სიტყვას:
"დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი..."
2014 წლის 3 ივნისი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღედ იქცა ჩემს ცხოვრებაში. დღე, როდესაც უფლის მადლმა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა გამომირჩია, ამქვეყნად ყველაზე საპასუხისმგებლო და წმინდა მსახურებისათვის, რომელსაც ეპისკოპოსობა ჰქვია. წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ამბობს: "ეპისკოპოსი ეკლესიაშია, ხოლო ეკლესია ეპისკოპოსში". ვაცნობიერებ იმ დიდ და მძიმე ჯვარს, რომელიც უფლის ნებით და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დამეკისრა.
უპირველეს ყოვლისა ვმადლობ მოწყალე ღმერთს, რომელმაც არარსებობიდან არსებაში მომიყვანა, რომელიც როგორც ჩემთვის ასევე ყოველი ადამიანისათვის ზრუნავს რომ გადარჩეს. მრავალჯერ მიმიტოვებია უფალი, მაგრამ მას არასდროს დაუტოვებივარ, წაქცეული ფეხზე დაუყენებივარ, უიმედობაში ჩავვარდნილვარ, მას კი იმედი მოუცია.მრავალ ცოდვაში დავცემულვარ, მას კი უპატიებია. თითქოს გადარჩენის გზა არ ჩანდა და გზა გამოუჩენია...... შენ ხარ უფალო იმედი, მოწყალე მამა, გზა გადამრჩენელი და ყოველივე სიკეთის წყარო, გევედრები შემეწიე და მიწინამძღვრე ჩემი ჯვრის ტვირთვაში, რომლის ტვირთვაც შენს გარეშე შეუძლებელია.
გამოვითხოვ ლოცვა-კურთხევას და მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, რომელთაც ღირსმყვეს და დამადგინეს ჩრდილოეთ ამერიკის და კანადის ეპისკოპოსად. ვემორჩილები თქვენს გადაწყვედილებას და შევეცდები გავამართლო თქვენი ჩემდამი ნდობა. გთხოვთ პატიებას და ლოცვას ჩემი უღირსებისათვის.
ვმადლობ შემოქმედელ მიტროპოლიტს იოსებს, რომელის კურთხევითაც დაიწყო ჩემი საეკლესიო მსახურება და მისი კურთხევით ჩავაბარე ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში.
განსაკუთრებით ვმადლობ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპლიტს დიმიტრის, მამობრივი ზრუნვისათვის და სიყვარულისათვის, რომლის გამოხატვასაც სიტყვებით ვერ შევძლებ.
ვმადლობ ჩემს პირველ მოძღვარს, არქიმანდრიტ იოანეს (კიკვაძე), რომლის მიერ მოვინათლე და ვეზიარე მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრებას.
ვმადლობ ჩემს უსაყვარელს მშობლებს, ჩემს დას, ბებიას და ბაბუას, ჩემს ნათლიას, ნათესავებს, მეგობრებს, ჩემს მასწავლებლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ვიცნობ.
ვმადლობ ემიგრანტებს, ჩემს სულიერ შვილებს. გპირდებით, რომ არ დავიშურებ ჩემს ადამიანურ შესაძლებლობებს, რათა ერთად ვადიდოთ უფალი და გავუმკლავდეთ იმ სირთულეებს, რომელიც მრავლად არის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. გთხოვთ მაპატიოთ თუ კი შესაბამისი ყურადღება ვერ მოგაქციეთ და რომელიმე თქვენგანს გული ვატკინე. იცოდეთ, რომ სულ მახსოვხართ და უსაზღვროდ მიყვარხართ. გთხოვთ ილოცეთ ჩემთვის.
თეა ცაგურიშვილი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი