გვესაუბრება ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე):
- თანამედროვე ადამიანებს, კაცობრიობას რთულ და განსაცდელებით აღსავსე დროში გვიწევს ცხოვრება. განსაცდელი მრავალმხრივია - სულიერი, მატერიალური, შინაგანი თუ გარეგანი. მორწმუნე ადამიანი განსაკუთრებით გრძნობს ბოროტის ამ ბრძოლას და ცდილობს, თავი დააღწიოს ყველანაირ განსაცდელს. ეს განსაცდელი განსაკუთრებით სახიფათოა ადამიანთა იმ ნაწილისათვის, რომელთა გონებაც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული და ჯერ კიდევ ცხოვრებისეული არჩევანის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ. ვგულისხმობ ახალგაზრდობას, რომელმაც კარგად უნდა გაარჩიოს კეთილი და ბოროტი, სად არის საფრთხე, სად არის გზა საცდურისა და გზა სიმართლისა. სარწმუნოების, ზნეობრივი აღზრდის გარეშე, ბუნებრივია, ძალიან რთულია ამის გათავისება... წინა საუკუნეებისგან განსხვავებით, ეშმაკმა ძალიან დახვეწა თავისი მზაკვრული მიზნების განხორციელების საშუალება. თუკი წინათ პირდაპირ იყო ბრძოლა, სისხლიანი, ფიზიკური ბრძოლა ეკლესიის, ადამიანთა სულების წინააღმდეგ, ახლა გახდა ძალიან მზაკვრული და ძალიან დაფარული. ერთი შეხედვით რთულია გამოიცნო, რა საფრთხე იმალება ამა თუ იმ შემოთავაზების უკან, რომელიც მოდის თუნდაც ტელევიზიით, სხვადასხვა რეკლამირების სახით. ძალიან მომხიბვლელად არის შეფუთული, მოწოდებული და ადამიანთა უმეტესობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობისას, სწორედ ამ მაცდურ ანკესს მთელი არსებით ჰკიდებს ბოროტი ძალა. ადამიანთა უმრავლესობისთვის, ახალგაზრდობისთვის ცხოვრების მიზანი და არსი გახდა პირადი სურვილების, პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მთავარია დაიკმაყოფილონ თავიანთი გემოვნება, სიამოვნება, მისწრაფება და აღარ დაეძებენ, ეს მისთვის კარგი იქნება თუ ცუდი. პავლე მოციქული ბრძანებს ეპისტოლეში, - ყოველივე ჯერ არს ჩემდა, მაგრამ ყოველივე სასარგებლო არ არის. ყველაფერი შეიძლება ხელეწიფებოდეს კაცს, რადგან უფალი არ ზღუდავს მას თავისუფალ არჩევანში, მაგრამ სწორედ ადამიანურობა არის ის, რომ გაარჩიო, რა არის შენთვის, უპირველეს ყოვლისა, სულისთვის სასარგებლო. ამ საუკუნეშიც არის და წინა საუკუნეშიც იყო ძალიან დიდი საფრთხე, აზარტული თამაშობანი, სხვადასხვა გამართობელი და სულისთვის დამღუპველი წარმოდგენები. ადამიანი იმდენად ერთვება ამ ვნებაში, რომ ის ჯაჭვურად მიდის და ბოლო არ უჩანს. ამავე დროს, არის ძალიან მზაკვრული შემოთავაზება - მოდი ერთხელ გაუსინჯე გემო. თითქოს ერთი შეხედვით არაფერია ამაში საფრთხე, დაისვენე, გაერთე. შეიძლება პირადი სარგებელი ნახო, შეიძლება მატერიალური სარგებლობის პერსპექტივაც დგას ამის უკან. იგივე ტოტალიზატორები, კაზინოები და მსგავსი მოგებაზე, ვერცხლისმოყვარებაზე, მატერიალურ სარგებლიანობაზე აგებული სხვადასხვა თამაში. ამას შეიძლება ინტელექტუალური სახეც ჰქონდეს. შინიდან გაუსვლელად ტელეეკრანს შეიძლება იყო მიჯაჭვული და დატყვევებული. შეიძლება შინ იჯდე, მაგრამ რეალურად, გონებით იქ იყო, სადაც ეს ყველაფერი ტარდება. აღარ არის საჭირო გარეთ გასვლა და ფიზიკურად მონაწილეობის მიღება ამ პროცესებში. კომპიუტერი ტექნიკის მიღწევაა, თუმცა რამდენადაც სასარგებლოა, იმდენად ცუდი და სახიფათო საცდურების შემცველია ვირტუალი თამაშები. ჯერ ისედაც ტექნიკასთან ურთიერთობა უკვალოდ არ ქრება და გონებაზე, ფსიქიკაზე მოქმედებს, ძალიან ცუდი გავლენა აქვს, თუნდაც უწყინარ ტექსტს კითხულობდეს კომპიუტერში, მაინც ადამიანის სულზე მოქმედებს, მით უმეტეს, როდესაც ამ საშუალებას იყენებ სულის დამანგრეველი რაიმე საქმიანობისთვის. კომპიუტერში ხდება მონაწილეობა ტოტალიზატორის ძალიან დიდ ხაფანგში, შემდეგ, კარგად ვიცით, ეს რითიც მთავრდება. მატერიალურ დანაკარგთან ერთად ადამიანები სულიერად, ზნეობრივად და ფსიქოლოგიურად დიდ სტრესს იღებენ. სულიერ სტრესს, იმ დანაკარგს ვერანაირად ვეღარ აანაზღაურებ. ეშმაკი თითქოს სასარგებლოს გვთავაზობს, შეიძლება ვინმემ თანხა მოიგოს, მაგრამ შემდეგ მათი დანაკარგი სულიერია და მატერიალურიც... ამ ყველაფერმა უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო. ამაზე განგაშს არავინ ტეხს. ეკლესიაც შეიძლება არასათანადოდ რეაგირებს ამაზე - ეს უკვე საფრთხეა... გადმოცემით ვიცი, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ეს საფრთხე უკვე იწვნიეს. საზოგადოებისთვის, ახალგაზრდობისთვის უსარგებლო თამაშები, შოუები და რეკლამები უკვე აიკრძალა. სამწუხაროდ, თუკი ერთხელ ვინმეს ფეხი შეუდგამს, იქიდან უვნებელი არავინ გამოსულა. მეტიც. ასეთი ადგილების მოწყობა ხდება დღისით-მზისით ქალაქის ცენტრში და ისეთ წმინდა და ისტორიულ ადგილებში, სადაც გამართლებული არ არის მსგავსი საცდურების მოწყობა.
საპატრიარქოსა და სიონის ტაძარს შორის, გზის პირას მდებარე კაზინო დღითა და ღამით სულის დამღუპველ კარებში იწვევს ყველას. ამიტომაც ეკლესია მოუწოდებს, უპირველეს ყოვლისა, მშობლებს, ყურადღება მიაქციონ შვილებს, ეკლესია მოუწოდებს ჩვენს ახალგაზრდობას, ამ, ერთი შეხედვით, უვნებელ თამაშს, ეშმაკთან თამაშს ნუ აჰყვებიან და ვიდრე გვიან არ არის, გაჩერდნენ. ჯერ კიდევ დგას ნარკომანიის პრობლემა, რომელმაც უამრავი ახალგაზრდის და ოჯახის სიცოცხლე, სული შეიწირა. ეს იგივე ნარკოტიკია, რა მნიშვნელობა აქვს, სული რაზეა მიჯაჭვული, რით არის დაავადებული - წამლით, თამაშით, ფულით, დიდებისმოყვარეობით თუ სხვა ნებისმიერი ვნებით. არსებითად იგივეა: ერთი სენით ეშმაკმა თითქოს გააკეთა თავისი საქმე და ახლა შეცვალა, სხვა მხრივ მიუდგა ადამიანს. დღეს ძალიან ცუდი დროა. ძველად, რომის იმპერიაში ეწყობოდა ამაზრზენი სანახაობები, თუნდ გლადიატორთა შერკინება. სრულიად უმწეო ქრისტიანების, მონებისა და შეიარაღებული ჯალათების ამ უმოწყალო ხოცვა-ჟლეტას იმპერატორი და ხალხის მასა უყურებდა. ეს მათ მიაჩნდათ უდიდეს გართობად, ტკბებოდნენ დახოცილ ქრისტიანთა სისხლით. დღეს, სამწუხაროდ, თითქოს უსისხლო ბრძოლაა აზარტული თამაშების სახით. ასიათასობით ბედნიერი და კმაყოფილი ადამიანი მისჩერებია თუნდაც ტელეეკრანთან ამგვარ უზნეობას, ყველა მხარე, ერთი შეხედვით, კმაყოფილია, მაგრამ, საბოლოოდ, ეს უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანებზე.
- რით გამოიხატება სულიერი ზიანი?
- ადამიანი მიჯაჭვული ხდება ამ პროცესზე. მაგალითად, კაზინოში სიარულისას ადამიანში იბუდებს ვერცხლისმოყვარეობა. რისთვის შედის ადამიანი კაზინოში? ჯერ ერთი, პირადი სიამოვნებისთვის, რისი შედეგიც არის "გამარჯვება", რომ დაამარცხო სხვა და მოიპოვო მატერიალური თანხა. როდესაც ადამიანი კომპიუტერთან ზის და ვირტუალურ თამაშს ეწევა, არაფერი ახსოვს - აღარც სწავლა, ლოცვაზე და ტაძარში სიარულზე ხომ საუბარიც ზედმეტია. სრულიად გათიშულია რეალური სამყაროსგან და ამით ხდება მისი სულიერი და ფსიქიკური დატყვევება. თითქოს ადგილზე ზიხარ, რეალურად კი მთელი არსებით თამაშის მონაწილე ხდები და კომპიუტერის ტყვეობაში ხარ... ადამიანი ემიჯნება ყოველგვარ სულიერ ფასეულობას. ამ გასართობებით ვკარგავთ დროს და ვკარგავთ მთელ თაობას. ამას უნდა მივაქციოთ დროულად ყურადღება. შეიძლება ეს მექანიკურად ვერავინ გათიშოს, ვინაიდან ცივილიზაციის მავნე ნაწილია, მაგრამ ადამიანმა უნდა გაარჩიოს კეთილი და ბოროტი და თქვას უარი იმაზე, რაც არ არის კარგი შემოთავაზება.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ერთYდღეს შეიძლება ქვეყანა შეიცვალოს და აბსოლუტურად აიკრძალოს ყველა და ყველაფერი და მოულოდნელად ისეთ სახელმწიფოში მოვხვდეთ, სადაც ყველა ყველაფრისგან დაცული იქნება. არა, კეთილი და ბოროტი ყოველთვის თანაარსებობდნენ. გაიხსენეთ იგავი იფქლისა და ღვარძლისა, სადაც ორივე ერთად იზრდება ერთ ნიადაგზე გარკვეულ დრომდე. როდესაც უფალს ეუბნებიან, როგორ გამოვარჩიოთ ღვარძლი იფქლისგანო, პასუხობს: ყველაფერს თავისი დრო აქვს, მოვა დრო, როდესაც გაირჩევა კეთილი და ბოროტი. ვიდრე ეს დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, - ეს დრო კი ძალიან ახლოს არის, აპოკალიფსურ დროში გვიწევს მოღვაწეობა, - მანამდე თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა ოჯახმა, ახალგაზრდამ უნდა ისწავლოს კეთილის და ბოროტის გარჩევა. ბრძოლა ყოველთვის იქნება, კეთილის და ბოროტის წინააღმდეგობა წუთისოფლის აღსასრულამდე იქნება. მიუხედავად ამ რთული დროისა, საშუალება გვაქვს, ადამიანის სული გადარჩეს. თავს ვერავინ გაიმართლებს, წინა საუკუნეში რომ მეცხოვრა, აჯობებდაო. ყველა საუკუნეს და ეპოქას თავისი საცდურები ჰქონდა, მით უმეტეს, დღევანდელს, ამიტომაც ერთადერთი თავშესაფარი არის დედაეკლესია. ქრისტესმიერი მცნებებით ცხოვრება აგვაცილებს ყველანაირ განსაცდელს. ერთი შეხედვით თითქოს უწყინარი თამაშების შედეგებით ინგრევა ოჯახები, ადამიანი უკვე იმდენად შედის ამ ჩიხში, რომ ვეღარ პოულობს გამოსავალს, ფსიქიკურად ავადდება, ემართებათ ნევროზი, დეპრესია და ჯაჭვურად ისეთ სხვა ცოდვებში გადაეშვება, რომელსაც ალბათ სხვა შემთხვევაში არც გააკეთებდა და აზრადაც არ მოუვიდოდა. იპარავს, ძარცვავს სხვა ადამიანს, არ ინდობს აღარც მშობელს, აღარც საკუთარ ცოლ-შვილს. საკუთარი ოჯახსაც პარავს ნივთებს, ძვირფასეულობას, ფულს... ერთი ადამიანის ასეთ უგუნურ ქცევას უკვე ათეულობით სხვათა მდგომარეობა ეწირება და არის გაუთავებელი შეხლა-შემოხლა. ყველაზე საშინელება ის არის, როცა ადამიანი გამოსავალს ვერ პოულობს. ღმერთმა ყველა დაიფაროს. აღარც ტაძრისკენ მიმავალ გზას აგნებს, აღარც სხვის რჩევას უგდებს ყურს და მიდის თვითმკვლელობამდე. გამოუვალ მდგომარეობაში გრძნობს თავს, აღარც სინანულის სჯერა, აღარც გამოსწორების და ახალი ცხოვრების დაწყების. ადამიანები ასე უღირსად და მოუნანიებლად ამთავრებენ ცხოვრებას. მტკივნეული იმიტომ არის, რომ ეს ეხება ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოსაფრთხილებელ ნაწილს - ახალგაზრდობას. მამაკაციც და, სამწუხაროდ, გოგონაც არის ამაში ჩართული.
ამ სენს ჩვენი საზოგადოება გაუმკლავდება მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით. უწმინდესი ბრძანებს, რომ ბავშვის აღზრდაში უნდა მონაწილეობდეს სამი რგოლი - ოჯახი, სკოლა და ეკლესია. ამ სამ რგოლში მოძრაობს ბავშვის სული და ცხოვრება. ამიტომაც ოჯახი უნდა იდგეს თავის ადგილზე. ბუნებრივია, სკოლამ მას უნდა მისცეს შესაბამისი ზნეობრივი და ინტელექტუალური განათლება. ამ რგოლებს უნდა აერთიანებდეს ეკლესია და მოძღვარი. როდესაც ეს სამივე რგოლი ან რომელიმე მათგანი არ მონაწილეობს სათანადოდ ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდაში, იქ პროცესი მთლიანად დარღვეულია. ვფიქრობ, საზოგადოებრივი აზრი, მათ შორის ეკლესიისაც და მთლიანად საზოგადოებისაც, უნდა მომზადდეს იმისათვის, რომ გაჩნდეს გარკვეული პროტესტი და უარყოფითი შეფასება, დამოკიდებულება და მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მეტად შეიზღუდოს და ყოველ შემთხვევაში არ იყოს რეკლამირებული და წახალისებული ყველა ასეთი ადგილი თუ დაწესებულება. ჩვენი სიცოცხლის, მომავლის პერსპექტივას ვიკვეთავთ ჩვენივე ხელით, როდესაც ამას ასე ვთავაზობთ ახალგაზრდობას. ეს არ არის მხოლოდ ეკლესიის საზრუნავი და კონკრეტულად იმ ოჯახის საფიქრალი, რომელიც ამ წუთას განსაცდელის წინაშე დგას.
ადამიანი მაშინ ებმება ეშმაკის მახეში, საქმით იქნება თუ ფიქრით, როდესაც უსაქმოდაა. მისი გონება და არსება არ არის დაკავებული რომელიმე ჯანსაღი და სასარგებლო მოღვაწეობით. თუნდაც სულიერით, ინტელექტუალურით და ფიზიკურით. სამწუხაროდ, ეს პრობლემა არსებობს თანამედროვე საზოგადოებაში და იმ უქმობის გამო, სიზარმაცის, დაუდევრობის გამო ახალგაზრდები სხვა გამოსავალს თითქოს ვერ პოულობენ, თუმცა ეს არ არის გასამართლებელი. დრო მოცემულია იმისთვის, რომ სულის ცხონებისთვის გამოვიყენოთ და არა გასაფლანგად. ხშირად მიმართავენ დროის უქმად გატარებას და ამბობენ, სად წავიდეთ? ამას მოსდევს თამაში, დალევა, გართობა და ასე შემდეგ. თითოეული ახალგაზრდა ბავშვობიდანვე უნდა ჩაერთოს საქმიანობაში, სწავლაში, შრომაში და ლოცვაში, რაც არის დადგენილი ეკლესიური წესით. ღირსი მამა იყო ანტონი დიდი (უდაბნოში მარტო მოღვაწეობდა) და მას გარკვეული მოწყინება დაეუფლა. ილოცა და სთხოვა უფალს: უფალო, მაჩვენე სწორი გზა, როგორ გავატარო თითოეული დღე, რომ ბოროტისგან, განსაცდელებისგან დაცული ვიყოო. მართლაც, გამოეცხადა ანგელოზი უფლისა და აუწყა - ანტონი, ილოცე და იშრომეო. იგი დაანახებს მეორე ანგელოზს, რომელიც კალათებს წნავს, ხელსაქმობს, ხოლო ბაგეებით ლოცულობს. ანტონი დიდმა მართლაც ამ წესით იცხოვრა. მონასტერში მოღვაწე მამები უსაქმოდ არასდროს ჩერდებოდნენ. ისინი საკუთარ თავს ძალიან ცოტა დასვენების უფლებას აძლევდნენ, სანაცვლოდ ლოცულობდნენ. რა თქმა უნდა, ერში ასეთი მკაცრი ცხოვრების წესს ვერ გავიზიარებთ, თუმცა სულიერი ღვაწლი ანუ წირვა-ლოცვა, რაც დადგენილია შაბათ-კვირას, დღესასწაულებში, დილითა და საღამოს ოჯახებში სალოცავ კუთხესთან დგომა აუცილებელია. "ექვსსა დღესა იქმოდე და ქმენ მათ შინა საქმე შენი" - ეს არის ლოცვა-კურთხევა ღვთისა, არა მარტო ზოგადი წესი, არამედ კურთხევაც, რომ დიდმაც და პატარამაც ღვთის სადიდებელად, ერის საკეთილდღეოდ და მოყვასის სასარგებლოდ, თუნდაც პირადი წარმატებისთვის იშრომოს, ილოცოს და სასარგებლოდ გაატაროს წუთისოფელი. მაშინ, დარწმუნებული ვარ, ეშმაკს აღარ ექნება საშუალება, ადვილად შეაღწიოს მსგავსი ცდუნებებით ადამიანის სულში. მინდა ჩვენს ახალგაზრდობას შრომისა და ლოცვისკენ მოვუწოდო. მაშინ უფალი შეგვეწევა და ღვთის წყალობითა და ღვთის იმედით გვექნება ბედნიერი, ჯანსაღი და დალოცვილი მომავალი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი