და ცდილობს, იცხოვროს უფლის მიერ დადგენილი წესებით, ამაღლდეს დროზე. ჩვენი ჟურნალის ახალ რუბრიკაში, დრო და ეკლესია, შევეცდებით, ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რაც დროს და ეკლესიას ერთმანეთთან აკავშირებს ან, პირიქით, საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
გვესაუბრება ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე):
- დრო, დროის განზომილება კაცობრიობის მარადიული სასაუბრო თემაა. ყველა თაობა განიხილავს ამას და სვამს კითხვას - საიდან მოდის, სად ცხოვრობს და სად უნდა წავიდეს. ბიბლია გვამცნობს, რომ დროის მდინარებას თავად მარადიულმა ღმერთმა დაუდო საწყისი, როდესაც შექმნა ციური სხეულები - მზე და მთვარე, მნათობები. ვიდრე ადამიანი უცოდველი იყო, უფალთან ერთად მარადისობაში ცხოვრობდა. იგი არ იყო შემოსაზღვრული სიკვდილით, მისთვის არ იყო დაყოფილი დროება როგორც წარმავალი მიწიერი ცხოვრება და როგორც მარადიული სულიერი თანაცხოვრება. მას შემდეგ, რაც ადამი ცოდვით დაეცა, მისი ცხოვრება ფიზიკურ სხეულში დროით შემოისაზღვრა. მისი საწყისი არის დაბადება, ხოლო აღსასრული - გარდაცვალება. თუმცა მოწყალე ღმერთმა ადამიანი მაინც უკვდავ არსებად დატოვა, მისთვის არ წაურთმევია უფლება იმისა, რომ მიწიერი ცხოვრების გასვლის შემდეგ დამსახურების მიხედვით ისევ დაებრუნებინა დაკარგული სამოთხე, ღმერთთან მარადიული ნეტარება. ჩვენი ყოფიერების მიწიერი ცხოვრების ამოსავალი წერტილი და მიზანიც ეს არის - დავიბრუნოთ მარადისობა. წმინდა მამებს აქვთ ასეთი გამოთქმა - "ემსახურეთ ღმერთს და არა დროებას". ადამიანი უნდა ამაღლდეს დროზე, დროის განსაცდელებზე და სულისკვეთებაზე. როგორ ამაღლდეს? ემსახუროს ჭეშმარიტებას, ანუ მარადისობას. თუკი მარადისობას, ანუ ღმერთს ემსახურები, მაშინ დროს დაამარცხებ და მასზე ამაღლდები. ძველი რომაული გამონათქვამია: "დრონი მეფობენ და არა მეფენი". სულიერი გაგებით ადამიანს შეუძლია გამეფდეს დროზე, მაშინ როდესაც უფალი შენში მეფობს. თუკი უფალი მეფობს ადამიანში, მაშინ ადამიანიც მეფობს დროზე. თუკი პირიქით არის, მაშინ ადამიანი განწირულია დროში და შემდეგ იგი ხდება არა მარადიული ნეტარების, არამედ მარადიული ტანჯვის ნაყოფი. წმინდა სამოციქულო ეკლესია ამზადებს ადამიანებს მარადისობისთვის. ყველა დროს აქვს განსაცდელი. ბოროტი ძალა, ეშმაკი, რომელიც მარადიული ბოროტი სულია, ყველა დროში ებრძვის ადამიანს სხვადასხვა ხერხით. ეკლესია არის ის ნავსაყუდელი, რომელიც ამ დროის ქარტეხილებს გაატარებს ადამიანის სულს და მას მარადისობის წიაღში შეიყვანს. ამიტომაც ყოველი თაობა, ადამიანთა მოდგმა, ვალდებულია, არ ემსახუროს წარმავალს, დროებითს. არადა ჩვენს ირგვლივ ყველაფერი დროებითია. სოლომონ ბრძენი ბრძანებს, ახალგაზრდობაც, მათ შორის სიბრძნეც კი, ამაოებააო. ადამიანმა მთელი სასოება, სულიერი საყრდენი უნდა დაამყაროს მარადიულზე. ადამიანი, რომელიც ამას ემყარება, დროზე გამარჯვებულია. ადამიანს ადრე თუ გვიან ეწვევა სიბერე და ის, რისი იმედიც და საყრდენიც მას ჰქონდა, თუნდაც პიროვნული სიძლიერის, ავტორიტეტის, თანამდებობის, მშვენიერების, სიბრძნის და ასე შემდეგ, ყველაფერი შეიძლება წამში არარაობად იქცეს და მოუმზადებელი აღმოჩნდეს მარადისობის კანონის წინაშე. ადამიანს მიწიერი ცხოვრება მიეცა, რათა მოემზადოს ახალი ცხოვრებისთვის, გარდაცვალებისა და მარადისობაში ცხოვრებისთვის. დროება ზოგჯერ პესიმისტურად არის განწყობილი. ადამიანები ხშირად ამბობენ: რისთვის გავჩნდი - ტანჯვისთვის? ყველგან მწუხარება და განსაცდელია. განსაცდელებშიც საღმრთო სიყვარულის განგებულება დევს, რათა შემდეგ ღირსი გახდე მარადიული ცხოვრებისა. გონიერი და ბედნიერია ადამიანი, რომელიც ასე უყურებს ამ წუთისოფელს. ქართველმა წუთისოფელს წუთი უწოდა. ხანდაზმულ ადამიანს რომ შეეკითხო, რა არის შენი ცხოვრებაო, გიპასუხებს - ცხოვრება სიზმარივით განქარდაო.
***
ადამიანს დროის გაჩერება არ ძალუძს. ხანდახან ოცნებობს, - ნეტავ ბავშვობაში დამაბრუნა, სხვანაირად ვიცხოვრებდიო. ეს შეუძლებელია. შეუძლებელია ისიც, ადამიანი მეორედ მოვიდეს ამ ქვეყანაზე. არასწორი სწავლებაა, თითქოს ადამიანს შეუძლია მეორედ განსხეულდეს. ჩვენ მოგვეცა ერთი შანსი - სიცოცხლის დროში შეზღუდული, რომლითაც ადამიანმა მარადისობა უნდა მოიპოვოს. დროის ხანგრძლივობაზე არ არის დამოკიდებული ცხონება. მთავარია, როგორ გამოვიყენებთ მოცემულ დროს. თანამედროვე ცხოვრება განსაკუთრებით ახალგაზრდებს გართობის და სხვა უამრავი სიამოვნების საშუალებას სთავაზობს. ვისაც გართობა სურდა, ეს პირველ საუკუნეშიც შესაძლებელი იყო და ბუნებრივია, მაშინაც თავისებური განსაცდელები არსებობდა. ახლა მეტი ხიბლი გაჩნდა. ჟამი მიწურულია და ბოროტმაც დახვეწა თავისი ხელოვნება, რათა მეტად აცდუნოს ადამიანები. პირველი საუკუნის მარტივ საცდურებზე დღეს ადამიანი აღარ წამოეგება. გაცნობიერებული და ცოტა გამოცდილი გონებისათვის უფრო მეტი საფრთხე მოიგონა ეშმაკმა, რათა უფრო მეტად აცდუნოს. ამის ჭიდილი მიდის. ახალგაზრდობას უფრო მეტად აქვს საფრთხე. ადამაინის ერთ-ერთი საფიქრალი დროის დახარჯვის პრობლემა გახდა. არადა დრო კი არ უნდა ატარო, არამედ უნდა გამოიყენო. ერთი დაკარგული წუთი შეუფასებელია. განვლილ წუთს ვერც დააბრუნებ და ვერც მილიონად იყიდი. ჩვენი დრო-ჟამი ქვედინებით მიდის და იგი იცლება ქვიშის საათივით. ერთი იმპერატორი თავის ყოველდღიურ ჩანაწერებს აკეთებდა და საღამოობით აანალიზებდა ყოველივეს. როცა აღმოაჩენდა, არც ერთი სიკეთე არ ჰქონდა გაკეთებული, იმ დღეს დაკარგულად თვლიდა. მთავარი საზრისი ცხოვრებისა არის, როგორ ვიცხოვროთ სწორად დროში. უფალი ამბობს: "მე ვარ ანი და ჰოე". თავად უფალია ყველაფრის ამოსავალი და მიზანი. დრო მოგვეცა იმისთვის, რომ ვემსახუროთ ღმერთს და არა დროებას. - დრო მოგვეცა იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ხორცისთვის თუ სულისთვის?
- ღმერთმა ადამიანი გააჩინა არა არსებობისთვის, არამედ სიცოცხლისთვის. არსებობასა და სიცოცხლეს შორის სწორედ ეს საზრისია, რომ ადამიანმა რწმენით იცხოვროს. რა თქმა უნდა, ორივე საჭიროა. ამიტომაც დაადგინა ღმერთმა, შვიდ დღეში ექვსი დღე იქმოდე და ქმნე მათ შინა საქმე შენი, ხოლო მეშვიდე დღე არის უფლისა შენისა. ყველა დღე და ყველა წამი უფლისაა, მაგრამ მეშვიდე დღე არის უქმე და ადამიანმა ღვთისმსახურებისთვის, სიკეთის გაკეთებისთვის უნდა მოიცალოს. დღეს ვინ იცავს ამ მცნებას? ძალიან მცირე. ვინც ტაძარში დადის და მრევლია, მეტ-ნაკლებად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის არის ათი მცნების აღმსრულებელი. ვინც დროს სწორად, გონივრულად ანაწილებს, სულიერადაც და ხორციელადაც, მიუხედავად იმისა, რომ დრო თითქოს ერთგვარად დაჩქარებულია, ის მაინც ასწრებს მისცეს კეისარს კეისრისა და ღვთისა ღმერთს. ანუ ემსახუროს სულსაც და სხეულსაც. ტექნიკური პროგრესის განვითარების თუ ცივილიზაციის ეპოქაში ადამიანის სულიერი განვითარება ერთგვარად ჩამორჩა მის მატერიალურ განვითარებას. მეტს მიაღწია ადამიანმა რაღაც ტექნიკით, გამოგონებით. არადა სულიერი ყოველთვის წინ უნდა უსწრებდეს გონებრივსაც, მატერიალურსაც და მიწიერსაც.
როდესაც ოჯახი დილით იღვიძებს, ყველა უნდა მადლობდეს ღმერთს, რომ დრო მიეცათ არა იმისთვის, რაღაც ჭამონ, არამედ იმისთვის, რომ კიდევ მეტად დაუახლოვდნენ ღმერთს. მადლობა, ღმერთო, რომ ჩემი ცოდვების ამარა არ დამისრულე ცხოვრება. მადლობა უფალო, რომ გავიღვიძე და კიდევ ერთი დღე მომეცი სინანულისთვის, სიკეთის კეთებისთვის. დილა უნდა იწყებოდეს სულიერი მსახურებით. ყოველი დღე თუ იწყება უფლის მსახურებით, უფალი სანაცვლოდ ყველა სხვა საჭიროებას, ნებისაბერ მისისა, სასიკეთოდ წარმართავს. ხშირ შემთხვევაში საპირიპიროს ვხედავთ, ადამიანი იღვიძებს და დილიდან საღამომდე არც ღმერთი, არც მადლობა და არც ვედრება ახსოვს, გართულია საქმეში. ადამიანი მწუხარებაში იძინებს და მწუხარებაში იღვიძებს და აქედან გამოსავალს ვერ პოულობს. თუკი ადამიანი იპოვის უფალს ანუ სულიერ საყრდენს, ადამიანის ცხოვრება მეტ-ნაკლებად ბედნიერი იქნება. ამაში იმას კი არ ვგულისხმობ, რომ მას პრობლემები არ ექნება, არა, ამ წუთისოფელში ყველა ერთად ვტრიალებთ, მორწმუნეც, ურწმუნოც, მართალიც, არამართალიც, მლოცველიც, მაგრამ ერთი და იგივე განსაცდელი მორწმუნეს და ურწმუნოს სხვადასხვანაირად გადააქვს. ერთს ეს უმძიმეს ლოდად აწვება სულზე და მთლიანად თრგუნავს, დეპრესიაშია და ვეღარ პოულობს გამოსავალს, ხოლო მეორე, ცოტა ზემოდან უყურებს განსაცდელებს, იცის, რომ ეს დროებითია, მარადიული და აღმატებული ფასეულობა კი სულ სხვა არის. პრობლემებს მოთმინებით დაითმენს ან სხვა გონივრულ გამოსავალს მოძებნის. უფალს ევედრება და ღმერთს მიანდობს თავს. თუ შია, ამასაც მოითმენს და მადლობს ღმერთს. იქამდე არ დაეცემა, რომ სხვას მოჰპაროს, წაართვას ან კიდევ ხელყოს სხვისი ცხოვრება. მას ამ ყველაფერს რწმენა და მარადიული ცხოვრების სურვილი ავალებს. რწმენა არის ის, რაც ადამიანს გაამარჯვებინებს დროზე, სიკვდილზე. როდესაც ლაზარე გარდაიცვალა და უფალს მოუხმეს, მას ლაზარეს დამ, მართამ ტირილით მიმართა, - უფალო, შენ რომ დროზე მოსულიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდაო. უფალი მართას პასუხობს: "დაღაცათუ მოკვდეს, იგი ცხონდესო". კიდევაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს დროზე გამარჯვებულიო. უფალი გვეუბნება, ტყუილად გლოვობ და ტირი, ჩემს მორწმუნეს მიწიერება, ხრწნადი, წარმავალი ვერ შეეხება და ვერ დაამარცხებს. ეს ხვედრი ეკუთვნის იმას, ვისაც ჩემი არ სწამს, იგი აკლდება მარადიული ცხოვრების დღესო.
***
ხშირად ამბობენ, - ეკლესია როგორ უნდა მოერგოს დროს, უნდა შეიცვალოს თუ განვითარებას, ცივილიზაციას უნდა აჰყვეს თუ, პირიქით, ეკლესია უნდა დარჩეს მაქსიმალურად კონსერვატიული და ჩაკეტილი საკუთარ თავში. ეკლესიაში იმიტომ კი არ შევდივართ, რომ მუდმივად აქ დავრჩეთ, მიწაზე. ეკლესია არის კარიბჭე მარადიულ ცხოვრებაში შესასვლელი. ყველაფერი სწორედ აქედან უნდა იწყებოდეს. საუკუნეების განმავლობაში ეკლესიაში ბევრი რამ შეიცვალა, ასევე ბევრი რამ დარჩა იგივე, რაც სახარებაში უფალმა იქადაგა და რაც მოციქულებმა გვიანდერძეს. - დროთა განმავლობაში რისი ცვლილება იქნა დაშვებული ეკლესიაში და რისი - არა?
- უცვალებელია საღვთო ჭეშმარიტებები, რომელსაც დოგმატები ეწოდება. როგორც კლდეზე, საძირკველზე, ისე არის ქრისტეს ეკლესია დამყარებული. ეკლესიაში დროის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს ფორმები და არა შინაარსი. მრწამსი სარწმუნოებისა - ეს არის დოგმატი, უფლის რწმენა და ძირეული მცნებები, რაზეც დამყარებულია ეკლესია. იგი არ იცვლება, შეიძლება შეიცვალოს ღვთისმსახურების წესი. მაგალითად, წირვა, ღვთისმსახურის შესამოსელი, ტაძრის არქიტექტურა და მსახურების სხვადასხვა წესი. როცა ჩატარდა მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრება, იქ ცვლილებები შევიდა, მაგრამ არ შეცვლილა ის, რაც სიღრმისეული და დოგმატურია... მართლმადიდებლობა არის სულიწმინდის მიერ ღვთისაგან კაცთათვის ბოძებული სწავლება. ეს არ შეიძლება შეიცვალოს. ბუნებრივია, ყველა ერს აქვს თავისი მსახურების წესი. შეიძლება დღესაც, XXI საუკუნეშიც, პრაქტიკული მოსაზრებით შეიცვალოს. ეკლესიაში დაშვებულია იკონომია, ისიც - ადამიანის სულიერი გადარჩენის მიზნით. ამას განსაზღვრავს თავად ესა თუ ის ეკლესია, მსოფლიო კრება ან ადგილობრივი კრება, ან წმინდა სინოდი. თავისი არსით ეკლესია მარადიულია და ემსახურება მარადისობას, თუმცა იგი არ არის მოწყვეტილი რეალობას, იგი ითვალისწინებს ადამიანურ მოთხოვნილებას, განვითარებას და ასე შემდეგ. ასე რომ, ტყუილად სწამებენ ეკლესიას იმას, რომ იგი ჩამორჩა დროებას, ან ასცდა რაღაც ცხოვრებისეულ განვითარებას. მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იდგა თავის მოწოდების სიმაღლეზე, იმ სიმტკიცეზე, კლდეზე, რაზედაც ღმერთმა დაადგინა. ეკლესიური სწავლების მიხედვით, ადამიანი ვალდებულია, ემსახურის ღმერთს და არა პირიქით, ეკლესია უადგილოდ აჰყვეს ადამიანური მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილების ინტერესებს. მას შემდეგ, რაც ეკლესიის წიაღში მოხდა განყოფა დასავლეთსა და აღმოსავლეთ ეკლესიებს შორის, ისინი მეტ-ნაკლებად აჰყვნენ დროის სულისკვეთებას და თანამედროვე სამოსი მოირგეს. თუკი ეპოქაში რაიმე საჭირბოროტო საკითხი დგება, ამას ეკლესია განიხილავს და მორწმუნე მრევლის მოთხოვნილებას შესაბამის მიმართულებას მისცემს.
- ჩამორჩება თუ არა დროს ეკლესიურად მცხოვრები ადამიანი?
- ეს მათი სულისკვეთებაა, რომლებსაც სურთ, საკუთარი არაეკლესიურობა სხვადასხვა მიზეზით გაამართლონ. როცა ეკითხები, რატომ არ ხარ ეკლესიურად განწყობილიო, ეძებს არგუმენტებს. მათ შორის ეკლესიის არამოდური წეს-ჩვეულებისა თუ ცხოვრების ნორმისა, რომელიც არ შეესაბამება დასავლური განვითარების ცხოვრების ტიპს. ზოგი ფიქრობს, თუკი ჩემი პირადი მოთხოვნილებები ეკლესიაში იზღუდება, არ მსურს სიარულიო და ფიქრობს, საერთოდ ათეისტი დარჩეს ან ურწმუნოებაში იცხოვროს. ან კიდევ აირჩოს ის რწმენა, რომელიც მეტად მორგებულია მის ინტერესებს. ამგვარად, მას კი არ უნდა ღმერთს ემსახუროს, არამედ სურს, უფალი მოირგოს, ეკლესია მოიმსახუროს საკუთარი მოთხოვნილებების გასამართლებლად. ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ ის არ უნდა იყოს ამოსავალი, შენ რა გსიამოვნებს. ჭეშმარიტება და უფლის ნება უნდა გამოვიძიოთ. უფალო, იყავ ნება შენი, - ასე მივმართავთ უფალს "მამაო ჩვენოს" ლოცვაში. ახლა პირიქით არის. ადამიანმა შეაბრუნა ეს და უფალს ეუბნება, - უფალო, იყავ ნება ჩემი. როგორც ჩემი ნებაა, ისე დამეხმარე, თუ გინდა, რომ გირწმუნო, თუ არადა საერთოდ არ გირწმუნებ, ისედაც კარგად ვიცხოვრებო. აი, სად არის ცდუნება დროის სულისკვეთებისა.
ადამიანი საკუთარი თავის გასამართლებლად ყველაფერს დროს აბრალებს. ეკლესიურობა არ გულისხმობს თვითიზოლაციას, ყველა ვერ იქნება განდეგილი ბერი, რომელიც გამოქვაბულში დაეყუდება და იქ იცხოვრებს. ეს გასაგებია, მაგრამ ამით საკუთარი თავის გამართლება არ შეიძლება. ადამიანს ყოველთვის შეუძლია ყველა საუკუნეში გადაირჩინოს სული... თუკი სულიერად და რწმენით იცხოვრებს ადამიანი, ყველას შეუძლია გადარჩენა, ევროპის ყველაზე დიდი ქალაქის ყველაზე ცხელ წერტილშიც რომ იყოს, ასევე უდაბნოშიც და მთაშიც. მთავარია შინაგანად ვინ ხარ და რითი აზროვნებ, რა რწმენით ცხოვრობ.
- დრომ შეცვალა ადამიანები?
- რწმენის, სიყვარულისა და სიკეთის წყარო ღმერთია. შორდები ღმერთს? შორდები ადამიანს. უახლოვდები ღმერთს? უახლოვდები ადამიანს. ერთ-ერთმა წმინდა მამამ ხატოვნად გამოდმოგვცა ეს მიმართება ადამიანისა და ღმერთისა. ამბობს, ადამიანი წრეწირზე მოძრავ არსებას ჰგავს, რომლის ცენტრიც არის ღმერთიო. თუკი ჩვენ ყველანი დავიწყებთ ამ წრეწირის სხვადასხვა კუთხეიდან ცენტრისკენ მოძრაობას, ვუახლოვდებით რა ცენტრს, ამით ღმერთს, ერთმანეთს ვუახლოვდებით. თუკი პირიქით, ვშორდებით ღმერთს, ვშორდებით ადამიანს. ადამიანს ჰგონია, რომ მას ღმერთი არ სჭირდება და ღმერთის გარეშეც იცხოვრებს ზნეობრივად პატიოსნად. შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა, გონებითა და სულითა შენითა და შეიყვარე უფალი შენი, ვითარცა თავი თვისი.
ერთადერთი ნავსაყუდელი ამ დროის აბობოქრებული ზღვის გადასალახად არის წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია. სხვა ალტერნატივა ადამიანს არ გააჩნია. უფალი გვიხმობს და ღმერთი შეგვეწევა და განგვარიდებს სხვადასხვა განსაცდელს. მთავარია, დრო ნუ შეგვაშინებს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვიყოთ სამყაროს გვირგვინნი. უფალი გვანუგეშებს, თუ ჩემთან იქნები, იმეფებ დროზეო. როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს, უფალი მეფობს. დაე, თითოეულ ადამიანში მეფობდეს უფალი და ადამიანიც მეფობდეს ამ სამყაროზე.
ღმერთმა დაგლოცოთ.