ეპისკოპოსები ეკლესიაში უმაღლეს ხარისხს წარმოადგენენ. ისინი მადლის უმაღლეს სახეს იღებენ. ეპისკოპოსს ეწოდება აგრეთვე მღვდელმთავარი, ანუ მღვდელთა უფროსი. მას შეუძლია, აღასრულოს ყველა საიდუმლოება და საეკლესიო მსახურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპისკოპოსებს აქვთ უფლება, არა მხოლოდ აღასრულონ ჩვეულებრივი ღვთისმსახურება, არამედ ხელი დაასხან მღვდლებს, აკურთხონ მირონი, რაც მღვდელს არ შეუძლია.
სიწმინდის ხარისხით ყველა მღვდელმთავარი თანასწორია, მაგრამ მეტ-ნაკლებად დამსახურებულ მღვდელმთავარს მთავარეპისკოპოსის ხარისხი ენიჭება, ხოლო მასზე აღმატებულია მიტროპოლიტი (საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მთავარეპისკოპოსი მიტროპოლიტზე აღმატებულია). მღვდელმთავართა კრებულს, ანუ წმინდა სინოდს, და საერთოდ, ქვეყნის ეკლესიას მეთაურობს პატრიარქი (საქართველოს ეკლესიის მეთაურს აქვს წოდება კათოლიკოს-პატრიარქისა).
მღვდელი ანუ პრესვიტერი ეპისკოპოსის შემდეგ მეორე სამღვდელო ხარისხია. ეპისკოპოსის კურთხევით მას შეუძლია აღასრულოს ყველა საიდუმლო და საეკლესიო მსახურება, გარდა იმისა, რასაც მხოლოდ მღვდელმთავარი ასრულებს, ე.ი. ხელდასხმისა და მირონის კურთხევისა.
ქრისტიანულ საზოგადოებას, რომელიც მღვდელს ემორჩილება, სამრევლო ეწოდება.
შედარებით ღირსეულ და დამსახურებულ მღვდლებს ენიჭებათ დეკანოზის ხარისხი, მათ შორის აღმატებულს კი - პროტოპრესვიტერისა. პროტოპრესვიტერის წოდებას საქართველოს საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი ატარებს.
თუ მღვდელი ამავე დროს ბერიცაა, მაშინ მას მღვდელმონაზონი ეწოდება, მონასტრის წინამძღვარი იღუმენის ხარისხშია, ხოლო კიდევ უფრო აღმატებულია არქიმანდრიტი. მათ შორის განსაკუთრებულად გამორჩეულთ ეპისკოპოსად ირჩევენ.
დიაკონი მესამე, ყველაზე დაბალი სამღვდელო ხარისხია. იგი წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს "მსახურს". დიაკონი ემსახურება ეპისკოპოსს ან მღვდელს ღვთისმსახურების დროს და საიდუმლოთა აღსრულებისას, მაგრამ თვითონ მათი აღსრულება არ შეუძლია.
დიაკვნის მონაწილეობა ღვთისმსახურებაში აუცილებელი არაა, ამიტომ ბევრ ტაძარში წირვა-ლოცვა მათ გარეშე აღესრულება. ზოგიერთი დიაკონი იღებს პროტოდიაკვნის, ანუ პირველდიაკვნის ხარისხს. თუ პროტოდიაკონი ბერად აღიკვეცა, მაშინ მას არქიდიაკონს უწოდებენ. დიაკვნად ნაკურთხი ბერი ბერდიაკვნად იწოდება, მთავარი ბერდიაკონი კი - მთავარდიაკვნად.
ამ სამი სამღვდელო ხარისხის გარდა ეკლესიაში არსებობს აგრეთვე უფრო დაბალი სამსახურო ხარისხები: იპოდიაკონი, მედავითნე და მნათე. ისინი ეკლესიის მსახურთა რიცხვს მიეკუთვნებიან, მაგრამ საიდუმლოს არ აღასრულებენ.
მედავითნეს აქვს მოვალეობა ფსალმუნთა კითხვისა, როგორც ტაძრის კლიროსში ღვთისმსახურების დროს, ასევე მღვდლის მიერ სხვადასხვა მსახურების აღსრულებისას.
მნათე მორწმუნეებს ღვთისმსახურებაზე მოუწოდებს ზარების რეკვით, ტაძარში ანთებს სანთლებსა და კანდელებს, ეხმარება მედავითნეებს კითხვის დროს და ა.შ.
იპოდიაკონი მხოლოდ სამღვდელმთავრო მსახურებაში მონაწილებს. ისინი შემოსავენ ეპისკოპოსს სამღვდელმთავრო შესამოსელით, უკავიათ სასანთლეები (სამსანთელი და ორსანთელი) და აწვდიან მათ მღვდელმთავარს მორწმუნეთა კურთხევისათვის და სხვა.
ღვთისმსახურების აღსასრულებლად მღვდელმსახურნი იმოსებიან განსაკუთრებული სამღვდელო შესამოსელით. სამღვდელო შესამოსელი მზადდება აბრეშუმის ან რაიმე სხვა შესაფერისი ქსოვილისაგან და ჯვრებით იმკობა.
დიაკვნის სამოსი: გინგილა, სამაჯურები და სტიქარი
სტიქარი არის გრძელი სამოსი, რომელსაც განიერი სახელოები აქვს. იგი აცვია იპოდიაკონსაც; მისი ტარების უფლება აქვს მედავითნესაც და ტაძარში მომსახურე ერისკაცსაც. სტიქარი განასახიერებს სულის სიწმინდეს, რომელიც წმინდა ხარისხში მყოფ ადამიანს უნდა ჰქონდეს.გინგილა არის გრძელი ფართო ზოლი იმავე ქსოვილისაგან, რომლითაც სტიქარია დამზადებული. მას ატარებს დიაკონი მარცხენა მხარზე, სტიქარის ზემოდან. გინგილა განასახიერებს ღვთაებრივ მადლს, რომელიც დიაკონმა კურთხევის საიდუმლოთი მიიღო.
საბუხრეები ჰქვია ვიწრო სამკლაურებს, რომლებიც თასმებით იკვრება. იგი შეახსენებს მღვდელმსახურებს, რომ ისინი ქრისტეს საიდუმლოთა აღსრულების ანდა მასში მონაწილეობის ჟამს ამას საკუთარი ძალით როდი აკეთებენ, არამედ ღვთის ძალითა და მადლით. საბუხრეები აღნიშნავს აგრეთვე იმ ბორკილებს (თოკებს), რომლებიც მაცხოვარს ვნების დროს ხელზე ჰქონდა.
მღვდლის შესამოსელი: ჯვარი, ფილონი, ოლარი, კვართი, საგვერდული, სარტყელი და საბუხრეები, ენქერი
კვართი არის გარკვეულად შეცვლილი სახის სტიქარი. იგი სტიქარისაგან იმით განსხვავდება, რომ თხელი, ღია ქსოვილისაგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული ვიწრო სახელოები აქვს. კვართის ღია ფერი მღვდელს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმინდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს. გარდა ამისა, იგი გვახსენებს იმ კვართსაც, რომლითაც დადიოდა მიწაზე თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომლითაც ჩვენი ცხონების საქმე აღასრულა.მღვდლის ოლარი დიაკვნის გინგილისაგან იმით განსხვავდება, რომ ორმაგადაა მოკეცილი, კისერზე შემოხვეული და წინიდან ორი ბოლოთი ეშვება ქვემოთ, რომლებიც ერთმანეთთან მიკერებული ან რაიმეთი დამაგრებულია. მღვდლის ოლარი დიაკვნისაზე ორმაგად აღმატებულ მადლს აღნიშნავს, რომელიც მღვდელს საიდუმლოთა აღსრულებისათვის ეძლევა. ოლარის გარეშე მღვდელს, ისევე როგორც დიაკონს, არანაირი მსახურების აღსრულება არ შეუძლია.
სარტყელი კვართის ზემოდან კეთდება და აღნიშნავს ღვთისათვის მსახურების მზადყოფნას. იგი აღნიშნავს აგრეთვე ღვთაებრივ ძალას, რომელიც განამტკიცებს მღვდელმსახურს თავისი მსახურების აღსასრულებლად. ამავე დროს, სარტყელი იმ ტილოსაც აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარმა შემოირტყა, როდესაც თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის ჟამს ფეხები დაბანა.
ფილონს მღვდელი სხვა სამოსელის ზემოდან იცვამს. ეს არის გრძელი, ფართო, უსახელო სამოსი, რომელიც ხელების თავისუფალი მოძრაობისთვის წინ ღრმადაა ამოჭრილი. თავისი გარეგნული სახით იგი მოგვაგონებს იმ სუდარას, რომელშიც ვნებების შემდეგ მაცხოვარი გაახვიეს. ფილონზე დაკერებული თასმები მოგვაგონებს იმ სისხლის ღვარებს, რომელიც მის სხეულზე ჩამოდიოდა. ამასთან ერთად, ფილონი მღვდლებს შეახსენებს სიმართლის იმ შემოსამოსელს, რომლითაც ისინი უნდა იყვნენ შემოსილნი, როგორც ქრისტეს მსახურნი.
ფილონის ზემოდან მღვდელს მკერზე ჰკიდია ჯვარი.
გულმოდგინე, ხანგრძლივი მსახურებისათვის მღვდელს ჯილდოდ ეძლევა საგვერდული, რომელიც თასმაზეა მიკერებული და მხარზე გადმოტარებით მარჯვენა თეძოზე იკიდება. იგი სულიერ მახვილს აღნიშნავს, ისევე, როგორც კუნკული და ბარტყული.
ეპისკოპოსი იმოსება მღვდლის ყველა შესამოსლით: კვართით, ოლარით, სარტყელით, საბუხრეებით, ფილონის ნაცვლად კი აცვია ბისონი, საგვერდულის ნაცვლად უკეთია ენქერი; გარდა ამისა, მღვდელმთავარს აქვს ომოფორი და მიტრა
ბისონი არის ეპისკოპოსის ზედა სამოსი, რომელიც ქვემოდან და სახელოებიდან დამოკლებულ დაიკვნის სტიქარს ჰგავს, ასე რომ, მის ქვეშ მოჩანს კვართიც და ოლარიც. ბისონი მაცხოვრის სუდარას გამოხატავს.ენქერი ოთხკუთხედი ფორმის ქსოვილია, რომელიც ერთი კუთხიდანაა დამაგრებული და ეპისკოპოსს სამოსის ზემოდან აცვია მარჯვენა გვერდზე. ღვაწლმოსილი და გულმოდგინე მსახურებისათვის ენქერის ტარების უფლებით მმართველი მღვდელმთავრისაგან ჯილდოვდებიან აგრეთვე დამსახურებული მღვდლები, რომლებიც მას მარჯვენა მხარეს ატარებენ. ასეთ შემთხვევაში საგვერდული მარცხენა მხარეს კეთდება. არქიმანდრიტისათვის, ისევე როგორც მღვდელმთავრისათვის, ენქერი სამოსის აუცილებელი ნაწილია. ენქერი, ისევე როგორც საგვერდული, აღმნიშვნელია სულიერი მახვილის ანუ ღვთის სიტყვისა, რომლითაც შეიარაღებულნი უნდა იყვნენ სასულიერო პირები ურწმუნოებასა და უწმინდურებასთან საბრძოლველად.
ეპისკოპოსი ბისონის ზემოდან მხრებზე ატარებს ომოფორს; ეს არის გრძელი, ფართო თასმებიანი შესამოსელი, რომელიც ჯვრებითაა დამშვენებული. იგი მხრებზე უკეთდება მღვდელმთავარს ისე, რომ ყელზე ეხვევა, ერთი ბოლო წინ ჩამოეშვება, მეორე კი უკან. ომოფორი ბერძნული სიტყვაა და "სამხრეს" ნიშნავს. მას მხოლოდ მღვდელმთავარი ატარებს. მის გარეშე ეპისკოპოსი, ისევე როგორც მღვდელი ოლარის გარეშე, მსახურებას ვერ აღასრულებს. ომოფორი ეპისკოპოსს ახსნებს, რომ იგი უნდა ზრუნავდეს გზააბნეული სამწყსოს ცხონებისათვის, სახარებისეული მწყემსი კეთილის მსგავსად, რომელსაც, მოძებნის რა დაკარგულ ცხოვარს, საკუთარი მხრებით მიჰყავს იგი სახლში.
მკერდზე, ბისონის ზემოდან, ჯვრის გარდა, ეპისკოპოსს აქვს პანაღია, რაც "ყოვლადწმიდას" ნიშნავს. ეს არის პატარა მრგვალი ხატი მაცხოვრის ანდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ფერადი ქვებით შემკული.
ეპისკოპოსს თავზე აფარია მიტრა, რომელიც შემკულია პატარა ხატებითა და ფერადი ქვებით. მიტრა აღნიშნავს ეკლის გვირგვინს, რომელიც ვნებულ მაცხოვარს დაადგეს თავზე. მიტრა აქვს არქიმანდრიტსაც. მღვდელი ხანგრძლივი და ერთგული ღვაწლისთვის მღვდელმთავარმა შეიძლება დააჯილდოოს მიტრის ტარების უფლებით.
ეპისკოპოსს აქვს აგრეთვე კვერთხი, როგორც უმაღლესი სამწყემსო მსახურების ნიშანი.
ღვთისმსახურების დროს ეპისკოპოსს ფეხქვეშ უფენენ არწივებს. ეს არის პატარა მრგვალი ხალიჩა ზედ გამოსახული არწივით, რომელიც ქალაქს დაჰყურებს. არწივი აღნიშნავს, რომ ეპისკოპოსი, არწივის მსგავსად, მიწიერიდან ზეციურისაკენ უნდა ისწრაფოდეს.