მეუფე ანტონ აბაშიძე უკრაინაში 1923 წლიდან ცხოვრობდა.
უძველეს არისტოკრატთა შთამომავალს, ჰქონდა ბრწყინვალე განათლება, მაღალი შინაგანი კულტურა. უდიდეს ღვთაებრივ სიყვარულს უხვად აფრქვევდა ყველას, ვისაც ღმერთი მასთან აახლოებდა, სულიერად ამაღლებდა და კურნავდა მათ. კიტაიევურ უდაბნოში განმარტოებულს, საღვთო ლიტურგიისას მხურვალე ლოცვა მისი გულისა მას ჰაერში ამაღლებდა.
სქემარქიეპისკოპოსი ღვთის სიტყვის ნიჭით იყო დაჯილდოებული, მისი ქადაგება ყველას გულის სიღრმემდე ღვთისადმი მადლიერებით განმსჭვალავდა.
აღსარების დროს ერთ-ერთმა მსჯავრდადებულმა აღიარა, - მეუფე ანტონის დარიგების შემდეგ შეუძლებელია, ბოროტება ჩაიდინოო. მისი აბსოლუტური მუსიკალური სმენა და საოცარი ხმა იზიდავდა ქართული ჰანგების და მართლმადიდებლური გალობების მოყვარულებს.
სამამულო ომის დროს გერმანელების მიერ ოკუპირებულ კიევში მეუფე ანტონი იყო ერთადერთი მღვდელმთავარი. ის გახლდათ ნამუსი მღვდლობისა და ბერ-მონაზვნობისა, ნუგეში ტანჯულთა და დაჩაგრულთა, მან ბევრი გადაარჩინა ფიზიკური და სულიერი სიკვდილისაგან. ასეთი შვილისათვის მუხლს ვიდრეკ საქართველოს წინაშე, მადლობა ღმერთს, რომ წყალობა მოიღო უკრაინელ ხალხზე და გამოგვიჩინა დიდი მეუფე. მეუფე ანტონის სულის განსვენების შემდეგ გავიდა 63 წელი და ის დღესაც ახსოვთ უკრაინის ყველა ოჯახში, მისი დარიგებები გადაეცემა თაობიდან თაობას.
კიევის ამაღლების მონასტრის სქემმონაზონი ავგუსტა, საერო ცხოვრებაში ანა ვასილევნა ბოვსუნოვსკაია, იგონებს: მამამისი, უცოლო ყმაწვილკაცი, თავის 14 წლის უმცროს დასთან ერთად რჩევისთვის წასულა ბრძენ უხუცეს ანტონთან. ბერს კურთხევა მიუცია ღირსეული ქრისტიანული ოჯახის შესაქმნელად, ხოლო მისი დის, ელენესთვის, ურჩევია, მონაზვნად აღკვეცილიყო.
გავიდა ხანი. ვასილმა ცოლი შეირთო. შეეძინა ორი ქალიშვილი, მარია და ანა. ისინი მოგვიანებით გახდნენ სქიმმონაზვნები სერაფიმა და ავგუსტა, ხოლო მამიდა ელენე, მონაზვნობაში მაკარია, სქემაში ფეოდოსია, მათი მოძღვარი იყო ქალაქ ოვრუჩის მონასტერში. ერთხელ დებმა უნებურად რაღაც დააშავეს და ძალიან ნერვიულობდნენ, ამისთვის იღუმენია, დედა ლუკია სხვა მორჩილებაში გადაგვიყვანსო. დილით მათ იღუმენიამ ჰკითხა, - თქვენი ვინ არის სქემარქიეპისკოპოსი ანტონ აბაშიძეო. დებს გაუკვირდათ. მამიდამ დაწვრილებით უამბო მათ ანტონ აბაშიძესთან მისი ერთადერთი შეხვედრის შესახებ, რომელმაც გადაწყვიტა მათი ბედი. თურმე დედა ლუკიას მეუფე ანტონი გამოეცხადა სიზმარში, სთხოვა, არ დაესაჯა დები - მათ მე მივხედავო.
***
მეორე მსოფლიო ომში, კიევის ოკუპაციის დროს, გერმანელი ფაშისტები ყოველ სამშაბათ-პარასკევს, 778 დღის მანძილზე ხვრეტდნენ უდანაშაულო მოხუცებს და ბავშვებს. სტატისტიკური მონაცემებით, ომამდელ კიევში ცხოვრობდა 976 ათასი მშვიდობიანი მოსახლე. მათგან ფრონტზე დაიღუპა 77 ათასი, მცირე ნაწილი ევაკუირებული იქნა, ომის დასრულებისას კი კიევში მხოლოდ 180 ათასი კაცი. 70%-ზე მეტი კიეველი გამოასალმეს სიცოცხლეს, მათი ნაწილი განისვენებს ბაბი იარში. იქ დახვრიტეს 200 ათასზე მეტი კიეველი ებრაელი, ბოშა, უკრაინელი... ფაშისტებმა ტყვიის დასაზოგად ბავშვები ცოცხლად დამარხეს. კვირა იყო ერთადერთი დღე, როდესაც კიეველები შედარებით უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. გერმანელი ლუთერანები ლოცულობენ კირხეში, ლიპკეს დასახლებაში, კიევის უძველეს ნაწილში. თუ კიეველი შემთხვევით ტრამვაის წინა კარებში ავიდოდა, ქალაქის კომენდანტის ბრძანებით, იქვე ხვრეტდნენ ან საკონცენტრაციო ბანაკში გზავნიდნენ. კიეველთა დასაშინებლად გვამები დახვრეტის ადგილიდან რამდენიმე დღე არ გაჰქონდათ...პეჩორაზე, კერძო სახლის მინაშენში, გაპარტახებულ კელიაში, ცხოვრობდა კიევში ერთადერთი სქემარქიეპისკოპოსი ანტონ აბაშიძე, რომელიც მოძღვრავდა მორწმუნეებს კიევ-პეჩორის მიძინების ლავრის გახსნამდე (გაიხსნა 1941 წლის ბოლოს). მისი სულიერი შვილები ოკუპირებულ კიევში დიდი სიფრთხილით დადიოდნენ მასთან. მეუფემ გადაარჩინა პელაგია ტიტანკოვას (1906-2000) ოჯახი - მახლობელ სოფელში სანდო გლეხთან გაგზავნა, აკურთხა და თან თავისი ლექსად დაწერილი ლოცვა გაატანა. პელაგიას ქალიშვილი ვერა დღემდე კითხულობს მეუფე ანტონის ამ ლოცვას დილა-საღამოს ლოცვებში.
***
ვერას ოჯახში სასოებითაა დაცული მეუფე ანტონის ბიბლია, რომელიც მათ მემკვიდროებით ხვდათ. სქიმარქიეპისკოს ანტონ აბაშიძეს ფოტოსურათი 1939 წელს გადაუღო მიხაილ გირეიმ, ღრმად მორწმუნე ქრისტიანმა. მან 1941 წელს 28 ივნისს, დაპატიმრებამდე, მთლიანად დაწვა თავისი არქივი, გადარჩა მხოლოდ ერთი ნეგატივი ანტონ აბაშიძისა. მიხაილ გირეი თურმე მეუფე ანტონს გააცნო მისმა სულიერმა მამამ, იერომონაზონმა ლეონტიმ, მომავალში არქიეპისკოპოსმა ლეონტი ჩილეელმა. მიხეილ გირეი იხსენებს, მეუფესთან შეხვედრამდე ძლიერ გაცივებული ვიყავი, თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. მეუფეს მივეახლე თუ არა, მაშინვე სრულიად გამოვჯანმრთელდიო. 1941 წელს, როცა გერმანელებმა კიევი დაიკავეს, მღვდლებს საშუალება მიეცათ, ღვთისმსახურება თავისუფლად ჩაეტარებინათ, ბერებს კვლავ მიეცათ ლავრაში ცხოვრების საშუალება. მეუფე ანტონი ყოფილი წინამძღვრის პატარა სახლში დასახლდა. ამ სახლში აღადგინეს საბჭოთა ხელისუფლების მიერ განადგურებული სამლოცველო. 1942 წელს ანტონ აბაშიძემ გადაიხადა მთავარეპისკოპოსად გახდომის 40 წლის იუბილე. იგი გარდაიცვალა ერთი თვით ადრე, ვიდრე აღნიშნავდა ბერობის 50-ე წლისთავს. ბოლო გზაზე მეუფე გააცილა მისმა გამორჩეულმა მოწაფემ, უსაყვარლესმა სულიერმა შვილმა და მდივანმა იერომონაზონმა დიმიტრი ბიახაიმ (გარდაიცვალა 1986 წელს). მოგვიანებით ბიახაი გახდა რუსული ეკლესიის საზღვარგარეთის მისიის ხელმძღვანელი იერუსალიმში.***
სოფელ ვეჯინში, თავად ილია აბაშიძის ოჯახში, 1867 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა ვაჟი. მას ნათლობისას დავითი დაარქვეს. საშუალო განათლება დავითმა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო. 1891 წელს წარმატებით დაამთავრა ნოვოროსიისკის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. უნივერსიტეტს დამთავრების შემდეგ მრავალმხრივ ნიჭიერი ჭაბუკის წინაშე იშლებოდა მიმზიდველი მომავალი. შესანიშნავად ცეკვავდა, ფარიკაობდა, ჯირითობდა. გვარი გზას უხსნიდა იმპერატორის სასახლისკენ, ხოლო იურიდიული განათლება - კარიერისკენ. უნივერსიტეტის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ დავითი ჩაირიცხა კიევის სასულიერო აკადემიაში. ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შემთხვევითი: დავითს მშობლებმა უარი უთხრეს ცოლად შეერთო ქალი, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა - დაუწუნეს, კოჭლიაო. შეყვარებულებმა გადაწყვიტეს, თავი ღმერთისთვის მიეძღვნათ. აღიკვეცნენ ბერ-მონაზვნად და მთელი სიცოცხლე ერთმანეთს წერილებს სწერდნენ, იყვნენ ერთგულნი თავიანთი სიყვარულისა და უფალს უხდიდნენ მადლობას ბოძებული ბედნიერებისთვის. დავითის შეყვარებულის წერილები მეუფის ნათესავების საოჯახო არქივში ინახება. დავითს აღკვეცისას ეწოდა ახალი სახელი დიმიტრი, წმინდა მიტროპოლიტ როსტოველის სახელზე. ხუთ დღეში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, მონაზონი დიმიტრი აღიყვანეს დიაკვნად. სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს ორი ჯგუფიდან იეროდიაკონმა დიმიტრიმ აირჩია მისიონერების მოსამზადებელი ჯგუფი და უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა საგნებს, რომელიც გამოადგებოდა ამ საქმიანობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-4 კურსზე დაწერილი მისი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "მართმადიდებელი ივერიის ეკლესიის ბრძოლა მუსლიმანურ სამყაროსთან მე-17 საუკუნეში", რისთვისაც 1896 წლის, 6 ივნისს მიანიჭეს ღვთისმეტყველების კანდიდატის წოდება. გაწეული იყო ტიტანური სამუშაო ქართული წყაროებიდან რუსულ ენაზე სათარგმნელად. 1896 წელს სინოდის ბრძანებით, მამა დიმიტრი დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის წმინდა წერილის პედაგოგად, ხოლო ერთი წლის შემდეგ - ქუთაისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად. 1898 წლიდან, თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად ყოფნისას, იერომონაზონი დიმიტრი იბრძოდა იოსებ ჯუღაშვილის სულის გადასარჩენად. იოსებ ჯუღაშვილი, ჭირვეული ხასიათის გამო, გაირიცხა სასწავლებლიდან. თბილისის სემინარიის კედლებში გადაიკვეთა და გაიყარა გზები მომავალი სქემარქიეპისკოპოსისა და მომავალი სახელმწიფო მეთაურისა. შეხვდნენ თუ არა ისინი მომავალში ერთმანეთს, უცნობია. მამა დიმიტრის ბრწყინვალე განათლებამ და ქადაგების ნიჭმა მიიქცია მღვდელმთავრების ყურადღება. 1898 წლიდან ის არაერთი სხვადასხვა ხარისხის ორდენით დააჯილდოეს. 1900 წლის იანვარში იერომონაზონი დიმიტრი აამაღლეს არქიმანდრიტის საფეხურზე და სამისიონერო სემინარიის რექტორად დანიშნეს, რომელიც სოფელ არდონში (ამჟამინდელ ჩრდილოეთ ოსეთის რაიონულ ცენტრში) მდებარეობდა.1902 წლის 23 აპრილს, იმ დღეს, როდესაც მთელი მართლმადიდებელი ივერია ადიდებდა ზეციურ წმინდანს, გიორგი ბრწყინვალეს, თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარში არქიმანდრიტი დიმიტრი ალავერდის ეპისკოპოსი გახდა. მამა დიმიტრიმ კურთხევის დროს ამაღელვებელი სიტყვა წარმოთქვა: "მთელი არსებით ვთრთოდი და ვღელავდი, როდესაც გავიგე ხმა, რომელიც მიწვევდა, გავმხდარიყავი ეპისკოპოსი. მაცხოვარი, მოვლინებული კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად, ჩვენი სულების ერთადერთი მწყემსი, მასწავლებელი და დამრიგებელი იესო ქრისტე მეძახის მე თავისთან, გოლგოთაზე. ეპისკოპოსის კათედრაზე ასვლა ნიშნავს გოლგოთას მიახლოებას, მაგრამ ნამდვილ ქრისტიანს გოლგოთა ვერ შეაშინებს: ამისთვის ვართ დაბადებულნი, რადგან გოლგოთის გარეშე არ არსებობს აღდგომა, ტანჯვის გარეშე არ არის სიხარული. მხოლოდ ქრისტიანი ტანჯვისა და მწუხარების შემდეგ იპოვის შვებას ცათა სასუფეველში. ხოლო ვისაც სურვილი არ აქვს ირწმუნოს ქრისტე, მისი ტანჯული სული ვერ პოულობს სიმშვიდეს და მე, უძლური, ვპირდები, ვემსახურო ღმერთს და უფალს, იესო ქრისტეს. მან გამომიხსნა ცოდვის მორევიდან, განმწმინდა და გამაბრწყინა თავისი ყოვლისშემძლე წყალობით". 1903 წლის 4 ნოემბერს იგი დაინიშნა გურია-სამეგრელოს საეპისკოპოსო კათედრაზე. 1905 წლის 16 ივნისს გადაიყვანეს ბალტსკის საეპისკოპოსო კათედრაზე, 1906 წლის 20 იანვარს დაინიშნა მღვდელმთავრად თურქმენეთის ეპარქიაში, 1912 წლის 25 ივნისს კი მღვდელმთავრად ტავრიისა და სიმფეროპოლის ეპარქიაში. 1915 წლის 6 მაისს აამაღლეს არქიეპისკოპოსის ხარსხში, კორსუნის ღვთისმშობლისა და ბალაკლავის წმინდა გიორგის მონასტრების წინამძღვრად. 1921 წელს უარი თქვა ეპარქიის მართვაზე. 1923 წელს დააპატიმრეს. რამდენიმე ხანი იჯდა სიმფეროპოლის ციხეში. 1923 წელს კიტაიევის უდაბნოში, მიძინების კიევ-პეჩორის ლავრაში დასახლდა. იქ მიიღო სქემა ანტონის სახელზე და განერიდა ადმინისტრაციულ საქმიანობას. ამიტომ 1927 წელს, სამხრეთ რუსეთის სინოდის, რომლის წევრადაც იგი იყო მიწვეული, მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია. 1933 წლის მარტში კიევის ოლქის საიდუმლო პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლებმა მისი საცხოვრებელი გაჩხრიკეს. 1933 წლის 9 მაისს პატიმრობა შეეცვალა ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით. საქმე წარმოებაში "ლუბიმოვი და სხვების" სახელწოდებით გადიოდა. 1933 წლის 22 ივნისს, უსსრ-ის კანონმდებლობით, მას 3 წელი საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნა (პირობითად) მიესაჯა. 1941 წელს, 19 სექტემბერს, როდესაც კიევში ფაშისტური გერმანიის ჯარი შევიდა, ქალაქში ორი ტაძარი მოქმედებდა. არქიეპისკოპოსებს შორის მხოლოდ მეუფე ანტონი ბინადრობდა ქალაქში. დიდბერი გარდაიცვალა 1942 წლის 19 სექტემბერს ბულგარელი წმინდანის იოანე რილსკის ხსენების დღეს. დაკრძალულია კიევ-პეჩორის ჯვართამაღლების ტაძართან.