დიდი სულიერების და ტრადიციების მქონე ქუთაისი დღესაც ისეთივე სუფთა და წმინდაა, როგორიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს. ქუთათურების სულიერება და ღვთის სიყვარული წრფელი და საამაყო ჩანს.
მატერიალური სიდუხჭირე რწმენას, სულიერ ძალას არ აკარგვინებს და მომავლის დიდი იმედი აქვთ.
ქალაქის ცენტრში ერთმანეთს შეჰყურებენ ბაგრატისა და ხარების ტაძრები. ხარების ტაძრის ახლოს სასულიერო სემინარია-აკადემიის შენობა დგას. მორწმუნეთა სიმრავლე განსაკუთრებით ამ ადგილებში იგრძნობა. მეუფე კალისტრატეს გამოჩენას სიხარულით ელიან.
მისი მამობრივი სიყვარული მრევლის თითოეული წევრის მიმართ ნათლად იგრძნობა.
მეც, მეუფე კალისტრატეს სტუმარს, ქუთაისელებმა სტუმართმოყვრულად მიმასპინძლეს.
"კარიბჭის" მკითხველისთვის მართლაც საგულისხმო უნდა იყოს მეუფესთან საუბარი.
ქუთაის-გაენათის ეპარქიას მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილი) 1983 წლიდან უძღვება. როგორც თავად ბრძანა, ისტორიას არ ახსოვს, რომელიმე ეპისკოპოსს ამდენი წელი დაეყოს ერთ ეპარქიაში.
მისი პაპა, გიორგი მარგალიტაშვილი, 59 წლის წინ ალავერდის ტაძრის წინამძღვარი იყო. პაპისა და მისი მეგობარი სასულიერო პირებისგან ბევრი კარგი შეითვისა. რვა წლისამ მათი ცხოვრება გულში სამუდამოდ ჩაიბეჭდა.
- დავიბადე საქართველოს უმშვენიერეს კუთხეში, კახეთში, სოფელ ვარდისუბანში. ერისკაცობაში ვიყავი შოთა ილიას ძე მარგალიტაშვილი. გავიზარდე მრავალშვილიან ოჯახში - ვიყავით ხუთი ძმა და ორი და. სიყვარულით აღვზარდეთ ერთმანეთი. ჩემი დები მზრდიდნენ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ტრადიციულ ოჯახში აღვიზარდე. ჩემი დიდი ბებია მეტრეველი იყო, მეორე ბებია - მაისურაძე. დედაჩემი იმერელი წიგნაძის ქალი გახლდათ. ბაბუაჩემი გიორგი წიგნაძე საჩხერის რაიონის სოფელ გორისაში ცხოვრობდა. გიორგის დედა, მარუცა, მამუკა ნიკოლაძის ასული იყო. აქეთ - რაჭველები, იქით - იმერლები, სვანები, მეგრელები... ფაქტობრივად, მთელი საქართველოს გენმა მოიყარა ჩემში თავი.
მედავითნეობა პაპაჩემმა მასწავლა, ხუცურად ბავშვობიდან ვკითხულობდი. ძველი ბერების მადლში გამოვიარე. მათი ხასიათი ვიცი, მათი დამოკიდებულება, მათი სითბო მახსოვს. ერთხელ, 10-11 წლისა, პაპაჩემმა სოფელ შილდაში წამიყვანა. იქაურები ორმაისობას დღესასწაულობენ ხოლმე. გზაში პაპას ვიღაცამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მან კი - ღმერთმა შეგინდოთო. რომ წააქციეს, შემეცოდა. დიდი ქვა ავიღე და მოძალადეს დავარტყი. პაპაჩემს ეწყინა - ეს რა გააკეთე, სამოთხე დამაკარგვინეო. 25 კილომეტრი ფეხით ისე ვიარეთ, რომ ხმა არ გაუცია. ერთი წლის შემდეგ ბებიამ შემარიგა. აი, ასეთი რწმენა ჰქონდა - მე მათ სიყვარულს, ღვთისადმი ერთგულებას ვხედავდი, შვილო. ეს ჩემს გულში შევიდა და მადლობა ღმერთს, ამის განცდის უნარი მაქვს.
- ძველი მამებიდან ვის გაიხსენებთ?
- მახსოვს ალავერდის მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე), ძალიან ახლოს ვიყავი თელავის რაიონის წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვრებთან. ჩვენს ოჯახში ხშირად მოდიოდნენ სასულიერო პირები, განსაკუთრებით - მეუფე გრიგოლი (ცერცვაძე). პირველი აღსარება მამა კონსტანტინეს ჩავაბარე თეკლათში. მახსოვს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევაც. 1951 თუ 1952 წელი იყო. ჩამოვიდა ალავერდში, - მაშინ ალავერდი დაკეტილი იყო, - კიბეზე ამოდიოდა და ბალახს გლეჯდა. თავზე ხელი გადამისვა, ჯიბიდან კანფეტები ამოიღო და მომცა. ახლო ურთიერთობა მაქვს არქიმანდრიტ სოკრატესთან, მამა რევაზთან (ტომარაძე), მამა პავლესთან (ბერიძე). კარგად მახსოვს პრესვიტერი პახუმი, ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც საქართველოს ეკლესიას წარმოადგენდა. ყველა ძალიან მიყვარდა, პატივს ვცემდი და მუდამ მინდოდა, ბევრი რამ მესწავლა მათგან.
- როგორ დაიწყეთ სასულიერო ცხოვრება?
- პატრიარქის დავალებით, მეუფე თადეოზი ჩამოვიდა კახეთში ჩემს წასაყვანად. შინ გვეწვია. მშობლებთან ერთად მეც დამაჩოქა. მერე მშობლებმა პირჯვარი გადამსახეს და გამომიშვეს. ჩამოვედი თბილისში. მარტის თვე იყო, ძალიან ციოდა. მეუფე თადეოზი რატომღაც რამდენიმე დღე გაუჩინარდა. პატარა წვერი მქონდა მოშვებული. ავდექი და გავიპარსე. მეტროში ჩავედი. გზად ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი მამა რევაზი (ტომარაძე) შემხვდა, რაჭველი კაცი. მისაყვედურა - წვერი რატომ გაიპარსეო. ღმერთმა მომიყვანა აქ, არ მიმიღეთ და შინ ვბრუნდები-მეთქი. ის უკურთხებელი წვერი იყო, აკურთხე და ამოგივაო, - მითხრა მოძღვარმა და უკან მივბრუნდი. რამდენიმე დღეში მოვიდა მეუფე თადეოზი და წამიყვანა პატრიარქთან. პატრიარქმა დამლოცა, ისეთი სითბოთი და სიყვარულით მიმიღო, რომ დღესაც ნათლად მახსოვს. პატრიარქმა მორჩილად ბეთანიაში გამიშვა. ასე რომ, ბეთანიაში მორჩილებით დავიწყე სასულიერო ცხოვრება.
მშობლები გარდამეცვალნენ. ისინი ახლა იქიდან მეხმარებიან. მათგან შრომისმოყვარეობა და ყველაფრის მიმართ უდიდესი სიყვარულის გრძნობა გამომყვა - მადლობა ღმერთს ამისათვის.
- ერისკაცობიდან თუ გამოგყვათ ისეთი რამ, რაც დღემდე გაქვთ?
- ბავშვობიდან ეროვნული ცნობიერებით ვიზრდებოდი. ჩემს ცხოვრებას რომ გადავავლო თვალი, სკოლა იყო ეს თუ უმაღლესი სასწავლებელი, ვიდექი იქ, სადაც ეროვნული საკითხები იყრიდა თავს. მუდამ მასაზრდოებდა ჩემი ქვეყნის წარსული, დღევანდელობა. ყველა ამ თვისებამ თავისი ადგილი ეკლესიაშიც პოვა.
- ქუთაის-გაენათის ეპარქია დღეს ორ სამღვდელმთავრო კათედრას აერთიანებს - ქუთათელისას და გაენათელისას. თქვენი მღვდელმთავრად კურთხევა ისეთ დროს მოხდა, როცა ქვეყანაში რამდენიმე ტაძარი თუ ფუნქციონირებდა. როგორი დაგხვდათ ქუთაისი?
- უზარმაზარი ტრადიციები აქვს ქუთაის-გაენათის ეპარქიას. აქ ისეთი დიდი მღვდელმთავრები მოღვაწეობდნენ, რომელთაგან დღეს ბევრი წმინდანად არის შერაცხული. მაგალითად, მიტროპოლიტი ნაზარი, დოსითეოსი, სვიმეონი, გერმანე, გაბრიელ ეპისკოპოსი. გიორგი ჭყონდიდელი გელათის ტრაპეზის ქვეშ განისვენებს, დავით აღმაშენებლის საფლავი გელათშია. მოწამეთაში არიან დაკრძალულნი არგვეთის მთავრები დავითი და კონსტანტინე... ასე რომ, ქუთაისი, თავისი ეპარქიული წარსულით, დიდი სულიერი ქვაკუთხედია, უმეტეს შემთხვევაში, აქედან იწყებოდა ხოლმე საქართველოს სულიერი გამთლიანება. მადლობა ღმერთს, რომ ეს მისია მას არც დღეს დაუკარგავს.
როცა ქუთაისში ჩამოვედი, სულ სამი ეკლესია მოქმედებდა, რამდენიმე მოძღვარი იყო. ათეისტურ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური, სოციალური და მორალური მდგომარეობა სუფევდა, მაგრამ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ ლოცვა-ვედრება და უფალმა დახმარების ხელი გამოგვიწოდა. დღეს უკვე 70-ზე მეტი მოქმედი ეკლესია გვაქვს. ათ მონასტერს ექვსი კიდევ დაემატება. გვყავს 90-ზე მეტი სასულიერო პირი. გვაქვს სასულიერო სასწავლებელი, აკადემია-სემინარია, მედავითნეობის ერთადერთი სკოლა საქართველოში. არც დიაკვანს და არც მოძღვარს ისე არ ვაკურთხებთ, თუ მედავითნეობა არ იცის. ასევე ფუნქციონირებს საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, ხელოვნების, ჟურნალისტიკის, სამედიცინო ინსტიტუტი, საეკლესიო საავადმყოფო, სამი უფასო სასადილო; გამოდის სამი ჟურნალი და ერთი გაზეთი, რომელიც უფასოდ ვრცელდება. ციხეში, კოლონიაში ეკლესია ავაშენეთ. ჩვენს ეპარქიაში ინახება წმინდა მოციქულების ნაწილები. თეოდორე სტრატილატის, დიმიტრი თესალონიკელის თავის ქალა, წმინდა გიორგის თავის ქალას ნაწილი, წმინდა თეოდორე ტირონის მთლიანი პირისახე, წმინდა ემელიანეს, წმინდა სამსონ ძლიერის, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა იოანე ოქროპირის, თომა მოციქულის ლავიწის ძვლის ნაწილი, წმინდა თეოქტიდეს, წმინდა ბენედიქტეს და სხვათა წმინდა ნაწილები.
- მეუფე კალისტრატე, როგორია სულიერი ცხოვრება თქვენს ეპარქიაში?
- რაც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი ეპარქიის ინტენსიურ სულიერ ცხოვრებაზე მეტყველებს. იმასაც გეტყვით, რომ უცხოურმა ორგანიზაციებმა ქუთაისში გამოკითხვა ჩაატარეს. 100-დან 90% ჩვენთან მართლმადიდებლურ აზროვნებასა და ცხოვრების წესს აღიარებს. მართალია, უჭირთ, მაგრამ მიმართულება არ შეუცვლიათ.
23 წელიწადი გავიდა, რაც ქუთაისის ეპარქიას ვუძღვები. რამდენი მთავრობა გამოვიცვალე - ალბათ ესეც უფლის ნებაა. კვირაში შვიდ პარაკლისს ვატარებ, დასვენების დღე ფაქტობრივად არ მაქვს.
ქუთაისი ხუთიათასწლოვანი ქალაქია. შემთხვევით არ აუშენებია მეფე ბაგრატს აქ ტაძარი, რომელიც სულიერი ერთიანობის სიმბოლოდ არის მიჩნეული. აქ დაიბადა "ქართველნო, ერთად ღვთისაკენ"...
ამასწინათ ჩვენს საავადმყოფოში აფხაზი ბავშვი, გვარად პაპასკირი (ეს ხომ ძველკოლხური გვარია), მოიყვანეს. მანამდე ვერც ერთმა ექიმმა ვერ განკურნა. ჩვენთან ფეხზე დადგა. ილარიონ ქართველის ხსენების დღეს მოვნათლეთ და მისი სახელი დავარქვით. ეს იმის ნიშანია, რომ ერთად უნდა დავდგეთ ყველანი, გავერთიანდეთ და ღვთის სიყვარულით ვიცხოვროთ.
- მეუფეო, როგორც ვიცი, თქვენ ადრე 500 მანეთი დაუწესეთ საჩუქრად იმ ოჯახს, ვინც ზეპირად იტყოდა "მამა ჩვენოს" ლოცვას. როგორ იყო ეს ამბავი?
- ეს რაჭაში მიწისძვრამდე იყო, 22 აპრილი თენდებოდა. ისეთი ხილვა მომცა უფალმა, ძალიან შევშინდი და პატრიარქთან წავედი. პატრიარქმა ლოცვების გაძლიერება მირჩია. მიწისძვრის შემდეგ კომისია გავგზავნე რაჭაში და 500 მანეთი გავატანე - მაშინ დიდი ფული იყო. ვინც ზეპირად იტყოდა "მამაო ჩვენოს", მისთვის უნდა მიეცათ. რაჭაში ვერავინ თქვა. მერე გორში რომ მოხდა მიწისძვრა, ხუთი შვილის დედას შეხვდა ის ფული.
- ეპისკოპოსობა მეტად მძიმე და რთულია...
- ვინც დღეს ეპისკოპოსია და მართალთა ცხოვრებით ცხოვრობს, ჭეშმარიტად ჯვარცმულია. ეპისკოპოსობა დღეს განსაკუთრებით რთული იმიტომაცაა, რომ ყველა ეშმაკი ამოსულია ჯოჯოხეთიდან დედამიწაზე. პირველად ეპისკოპოსს ებრძვიან, ცდილობენ, როგორმე მოატყუონ, აცდუნონ, ან აზრი შეუცვალონ, ან მართლმადიდებლობისადმი დამოკიდებულება გაუციონ. ეს უზარმაზარი ზეწოლაა. მადლობა ღმერთს, ამის შეგნება რომ მომცა.
- მეუფეო, თქვენ საკმაოდ ბევრი ჯილდო გაქვთ მიღებული.
- როგორც გელათის სასულიერო აკადემიის რექტორი, დაჯილდოებული ვარ რუსეთის ეკლესიის წმინდა დანიელის ორდენით, ასევე ჩეხოსლოვაკიის ორდენით, ღირსების ორდენით. ამირჩიეს საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად. ვარ მსოფლიო ეკოლოგიური აკადემიის წევრი. დაჯილდოებული ვარ ბრილიანტის ჯვრის ტარებით. პატრიარქის შემდეგ მე და მეუფე ათანასეს გვაქვს მისი ტარების უფლება. ჯილდოს იძლევა ღმერთი. მახსოვს იმ საოცარ დღეს, გელათში, პატრიარქის სიტყვები: "უდიდესი დამსახურებისთვის, ეკლესიის, ღვთის წინაშე თავდადებისთვის დაჯილდოვდეს უმაღლესი ჯილდოთი - ბრილიანტის ჯვრის ტარებით".
- ადრე საპატრიარქოს სამშენებლო მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსი ბრძანდებოდით. რომელი ტაძარი აშენდა ამ დროს და რომელი იკურთხა თქვენს მიერ?
- თბილისში, სიონის ტაძარში, ვახტანგ გორგასლის სახელობის მცირე ეკლესია ჩემს დროს აშენდა, ჩემი ნაკურთხია კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია. მე აღვადგინე დავითგარეჯის მონასტერი. ვაკურთხე უშგული, პატრიარქმა მე მაკურთხებინა აფხაზეთში იოანე ოქროპირის კომანის მონასტერი. ასე რომ, ღვთის წყალობით, არ არის საქართველოში ადგილი, სადაც ჩემი ნაკურთხი ტაძარი არ იდგეს.
- თქვენს ეპარქიაში კიდევ თუ შენდება ახალი სულიერების კერა?
- როგორც გითხარით, 70-ზე მეტი მოქმედი ეკლესია გვაქვს, ექვსი მამათა და ოთხი დედათა მონასტერი. გარდა ამისა, კეთდება ჩუმის მამათა მონასტერი. მალე დამთავრდება უნაგირას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი, ქუთაისში - სამების დედათა მონასტერი. ასევე, ჟონეთის მამათა მონასტერი, მთასაყდარი, აღვადგენთ IV საუკუნის საბას ტაძარს. 16 მონასტერი გვექნება და ვფიქრობთ კიდევ რამდენიმეს დამატებას.
- რამდენი ბერ-მონაზონია ეპარქიაში?
- ახლა ეპარქიაში 9 ბერი გვყავს, 18 სამონაზვნოდ არის გამზადებული. რიონის დედათა მონასტრის წინამძღვარია მონაზონი სალომე. 5 სამონაზვნე გვყავს და 12 - მორჩილი.
უზარმაზარი მრევლი გვყავს. მათი დახმარებით და ღვთის წყალობით კეთილ საქმეს ვაკეთებთ.
ქართველ ერს მუდმივი ლოცვა სჭირდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ, დაუძინებელი ლოცვა.
- მეუფეო, ცხონების გზას როგორ უნდა დაადგეს ადამიანი?
- როცა არ გინდა რაიმე საქმის გაკეთება, სწორედ მაშინ უნდა გააკეთო. როცა ეკლესიაში წასვლა არ გინდა და მაშინ წახვალ, უკვე ქრისტეს გულისთვის მიდიხარ - ეს შინაგანი კულტურა უნდა აღვადგინოთ და ყველაფერი კარგად იქნება.
- დაგვლოცეთ, მეუფე კალისტრატე.
- ღმერთმა დალოცოს ჟურნალი "კარიბჭე". სხვათა შორის, თქვენმა ჟურნალმა ძალიან კარგი შედეგი მოუტანა ჩვენს ეპარქიას. ქუთაისში გავხსენით საეკლესიო კინოთეატრი. ამის შესახებ "კარიბჭეში" დაიბეჭდა ინფორმაცია. როგორც ჩანს, ჟურნალი საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ მანდილოსანს წაუკითხავს და კინოთეატრს გარკვეული თანხა შემოსწირა. ეს უკვე კარგი ნაყოფია. თქვენი ჟურნალი ძალიან კარგ და საშურ საქმეს აკეთებს. მინდა ყველა თანამშრომელი დავლოცო. ვიცი, რა რთულია კეთილი აზრის მიტანა მკითხველამდე, როცა ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულია მაცდური აზრი. მე ვილოცებ თქვენი ჟურნალისთვის. მშვიდობით გატაროთ ღმერთმა!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი