ამონარიდები წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვის ქადაგებებიდან
მოგზაურს, რომელსაც ვრცელი ზღვის გადალახვა მოელის, თვალწინ მუდამ იქითა ნაპირას მომლოდინე მყუდრო ნავსაყუდელი უდგას
- ასევე ჩვენც, ცხოვრების ზღვას მიცემულნი, გონების თვალით ყოველთვის მარადიულობას უნდა ვჭვრეტდეთ და წარმავალი ცხოვრების სარბიელზე საუკუნო ხვედრის მომზადებას ვცდილობდეთ. მაგრამ რომელი ამქვეყნიური მონაპოვარი შეიძლება გახდეს ჩვენი სამუდამო საკუთრება? მხოლოდ ცხონება. ვინც წარმავალ ცხოვრებას სიმდიდრის მოხვეჭაში ატარებს, იმსოფლად განსვლის ჟამს მიატოვებს ეს სიმდიდრე. ვინც სახელისა და დიდების მოხვეჭას ესწრაფვის, დაუნდობელი სიკვდილი უეჭველად მოსტაცებს ერთსაც და მეორესაც. ხოლო ვინც ამსოფლიურ ცხოვრებას ცხონების მოპოვებას დაუთმობს, ის იმსოფლად გაიყოლებს მას და აქ მოპოვებული საგანძური ზეცაში დაუმკვიდრებს სამუდამო ნუგეშინისცემას.საყვარელო ძმებო! რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ ვცხონდეთ? ამ კითხვის პასუხს სახარებაში ვპოულობთ. უფალმა გამოგვიცხადა, რომ იმათი ცხონებისათვის, ვისაც არ სწამს ქრისტე, აუცილებელია, იწამონ იგი, ხოლო ვისაც სწამს, მათთვის ქრისტეს მცნებებით ცხოვრებაა საჭირო. ურწმუნო საუკუნო წარწყმედის კერძია, ხოლო თუ კაცს ქრისტე მხოლოდ სიტყვით სწამს, მაგრამ არ ასრულებს მის წმინდა მცნებებს და, შესაბამისად, საქმით უარყოფს ქრისტეს, იმას საუკუნო წარწყმედა ელის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხონებისთვის საჭიროა ქრისტეს ცხოველი სარწმუნოება (ცოცხალი რწმენა).
***
როდესაც იუდეველებმა ჰკითხეს უფალს: "რაი ვყოთ, რაითა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა?" - უფალმა მიუგო: "ესე არს საქმე ღმრთისაი, რაითა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა" (ინ. 28-29). ცხოველი სარწმუნოება არის საქმე, და ეს "საქმე ღმრთისა" იმდენად დიდია, რომ მისი მეშვეობით სრულიად შესაძლებელია ცხონება. ასეთი რწმენა ადამიანის მთელი ცხოვრებით, მთელი არსებით გამოიხატება: იგი მოიცავს მის აზრებს, მის გრძნობებს, მთელ მის საქმიანობას. "რომელსა ჰრწმენეს ჩემი (ასეთი რწმენით), აქუნდეს ცხორებაი საუკუნო" (იქვე, 47). "და ესე არს ცხორებაი საუკუნოი, რაითა გიცოდიან შენ მხოლოი ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე - იესო ქრისტე" (მთ. 17,3). ცხოველი სარწმუნოება არის ღმერთის ხედვა და ცნობა. ცხოველი სარწმუნოება არის ღმერთისთვის ცხოვრება და სოფლისთვის სიკვდილი. ცხოველი სარწმუნოება ღმერთის ნიჭია. სწორედ ამ უდიდესი ნიჭის მოცემას შესთხოვდნენ უფალს მოციქულები, როდესაც ეუბნებოდნენ: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაი" (ლუკ. 17,5). მხოლოდ ცოცხალი რწმენით ძალუძს ადამიანს უარყოს თავისი დაცემული ბუნების მოჩვენებითი ღირსებები, გახდეს უფლის მოწაფე და მიმდევარი თავისი გონებითაც და საქმეებითაც, რომლებიც განახლებული ბუნების შესაფერისნი იქნებიან.სულიერი საცავი, სადაც ინახება და საიდანაც უსასრულოდ გვეძლევა სულიერი საგანძური, ანუ ჭეშმარიტი სარწმუნოება, არის ერთი, ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი ეკლესია. ამიტომ ჩვენი ცხონებისთვის აუცილებელია, მართლმადიდებელ ეკლესიას ვეკუთვნოდეთ. ის, ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის, "იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზვერე და წარმართი" (მათე 18,17), - თქვა უფალმა.
ამაოდ მიაჩნია მავანს გონებით ცოდვა მსუბუქ, უმნიშვნელო ცოდვად! რამენადაც სულია სხეულზე მეტი, იმდენადვე მეტია სულიერი სათნოება ხორციელზე; იმდენადვე უფრო მძიმე და დამღუპველია სულის მიერ მიღებული და ჩადენილი ცოდვა ხორციელ ცოდვაზე. ხორციელი ცოდვა აშკარაა, სულიერი კი ხშირად ნაკლებად შესამჩნევი, ზოგჯერ სულაც შეუმჩნეველი ხდება ყოფით საზრუნავში ჩაფლულ კაცთათვის. მით უფრო საშინელია იგი! მით უფრო ზუსტად ხვდება მიზანს მისი დარტყმები! მით უფრო უკურნებელია მისგან მიყენებული ჭრილობები! თვით ნათლით შემოსილი ანგელოზი, რაკი ცოდვილმა გულისსიტყვამ სძლია, შავბნელ დემონად იქცა და, ზეციდან განდევნილი, ჯოჯოხეთის უფსკრულში შთახდა. მან თან გაიყოლა უამრავი ანგელოზი და ადამიანი, ვინც თავის აზრებს არასწორი მიმართულება მისცა. უფალმა, რომელმაც დაცემულ ანგელოზს ტყუილის მამა უწოდა, მას კაცისმკვლელიც დაარქვა, რადგანაც იგი "ჭეშმარიტებასა არა დაადგრა" (იოანე 8,44). ტყუილი არის წყარო და მიზეზი საუკუნო სიკვდილისა, და პირიქით, ჭეშმარიტება არის ცხონების წყარო და მიზეზი, როგორც თვით უფალმა თქვა. წმინდა ეკლესია თავის წიაღში წმინდა ჭეშმარიტებას ინახავს. თუკი ეკლესიას ვეკუთვნით და ვემორჩილებით, შეგვიძლია გვქონდეს სწორი წარმოდგენა ღმერთზე, ადამიანზე, სიკეთესა და ბოროტებაზე - შესაბამისად, ცხონებაზეც. აშკარაა, რომ ცხონების შესახებ სწორი წარმოდგენის გარეშე შეუძლებელია ცხონების მოპოვება. ჭეშმარიტებაა ცხონების დასაბამი! სწორი აზროვნებაა ცხონების დასაბამი! წარწყმედის საწინდარი კი არის ჭეშმარიტებისგან განდგომა არასწორი აზროვნების შეთვისების გზით. ყოველგვარი გადახრა წმინდა ჭეშმარიტებისგან და ცრუ, ამ სწავლების საპირისპირო აზრის მიღება ღმრთის გმობისა და მისგან განდგომის საშინელ ცოდვასთან არის შეერთებული. ამას გამოცდილებით მოწმობს წინაპართა დაცემა, რომელიც არასწორი აზრის მიღებით დაიწყო; ამასვე მოწმობს ყველა მწვალებლობაც: ამათგან ზოგმა ღმერთი იმით გმო, რომ უარყო უფალ იესო ქრისტეს ღმრთაებრიობა და დაამახინჯა მისი განკაცების ყოვლადწმინდა დოგმატი, ზოგმა - იმით, რომ კაცს ღმერთის ღირსებები მიაწერა (პაპისტები); ზოგმა სულიწმიდას ქმნილი უწოდა, სხვებმა კი უარყვეს სულიწმიდის მოქმედება საეკლესიო საიდუმლოებებში და მათ კაცთა გამონაგონი უწოდეს (პროტესტანტები). დაბოლოს, ზოგიერთმა ღმერთი გმო იმით, რომ ქრისტეს მცნებებით ცხოვრების უარყოფა მოითხოვა: ისინი მზაკვრულად უვლიდნენ გვერდს სარწმუნოების დოგმატებს, მაგრამ მცნებების უარყოფით კლავდნენ სარწმუნოებას, რომელსაც, იმისათვის, რომ ცოცხალი იყოს, აუცილებლად სჭირდება საქმეები: "სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს" (იაკ. 2,20). ყველაზე დიდი უბედურება სოფლის აღსასრულის წინ, მოციქულის სიტყვის თანახმად, იმ ადამიანებს დაატყდებათ, რომლებმაც "სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაი არა შეიწყნარეს, რაითამცა ცხოვნდეს იგინი. ამისთვის მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაი, რაითა ჰრწმენეს მათ ტყუილისა, რაითა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო-ეყვნეს სიცრუესა შინა" (2 თეს. 2,10-12). აღიარებენ რა ღმერთად უბოროტეს მტერს. ადამიანები საკუთარი გონების, საკუთარი გულის განწყობის უპირატესობას აღიარებენ. ჩვენი აზროვნების წესი, ანუ ჩვენი გონება სულიერი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი მთლიანად ჭეშმარიტების წიაღში დაადგრება, ქრისტეს ცხოველი სარწმუნოების მიერ მისდამი აღყვანებული. ჭეშმარიტებისგან განდგომა არის სულიერი ზეციდან ამსოფლიური სიბრძნის, მტყუვარი გონების, წარწყმედის სფეროში განვრდომა.
***
საყვარელო ძმებო! შევწიროთ უფალს მხურვალე ლოცვა, როგორც მოციქულებმა შესწირეს, რათა მან მოგვანიჭოს ერთადერთი საშუალება ცხონებისა - ცხოველი სარწმუნოება. და როდესაც ამ უდიდესი ნიჭის მომადლებას შევთხოვთ, სურვილის გულწრფელობა იმით დავამტკიცოთ, რომ ყოველი ღონე ვიხმაროთ მის მოსაპოვებლად. "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი" (ფსალმ. 33,15). იძულებით ამოვძირკვოთ გულიდან ცოდვა და იძულებით შევუთვისებთ მას სათნოებას. დღეს წმინდა ტაძარში ვდგავართ, უხილავი ღმერთის წინაშე, და ჯერ კიდევ ძალგვიძს შევთხოვოთ მას ყველაფერი, რაც ჩვენი ცხონებისათვის არის საჭირო: ის დროც მოვა, როდესაც მთელ კაცობრიობასთან ერთად მის წინაშე წარვდგებით, რათა პასუხი ვაგოთ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებისთვის. გავფრთხილდეთ, რომ მაშინ ღმერთს ქრისტიანის ლიტონი სახელი არ წარვუდგინოთ - იმ საქმეების გარეშე, რომლებსაც ღმერთი ქრისტიანებისგან მოითხოვს. უფალმა აღგვითქვა, რომ საშინელ პასუხს გასცემს ორგულ ქრისტიანებს: "მას ჟამსა ვჰრქუა მათ: არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი" (მათე 7,23), და ამ პირობას შეასრულებს. რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა; იშვიათად თუ ნახავს კაცი ამის საპირისპირო, სანუგეშო მაგალითს! გამონაკლისად იქცა ერთდროულად სახელითა და საქმით ქრისტიანი, იმ ხალხს შორისაც კი, ვინც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს.
***
ქრისტიანენო! შეიცანით ქრისტე! - გაიგეთ, რომ არ იცნობთ მას, აღიარეთ, რომ უარყოფდით მას, თუკი თვლიდით, რომ ცხონება მხსნელის გარეშე, რაღაც კაცობრივი სიკეთეების გამოც მიეცემა კაცს. ის, ვინც შესაძლებლად თვლის ცხონებას იესო ქრისტეს რწმენის გარეშე იგი უარყოფს ქრისტეს და შესაძლოა უნებლიეთ, ღმრთის გმობის ცოდვაში ვარდება."რამეთუ ვიტყვით განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თვინიერ საქმეთა შჯულისათა, სარწმუნოებითა იესო ქრისტესითა ყოველთა ზედა მორწმუნეთა რამეთუ არა არს განწვალება. ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესო ქრისტესითა" (რომ. 3,22-24). თქვენ მიპასუხებთ, რომ წმიდა მოციქული იაკობი მოითხოვს უსათუოდ კეთილ საქმეებს; იგი გვასწავლის, რომ სარწმუნოება საქმეების გარეშე მკვდარია: "ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ-არს" (იაკობ 2,26); მაგრამ აბა კარგად დააკვირდით, რას მოითხოვს წმიდა მოციქული იაკობი, და თქვენ ნახავთ, რომ იგი, როგორც ყველა ღვთივსულიერი მწერალი წმიდა წერილისა, მოითხოვს სარწმუნოებრივ და არა კეთილ საქმეებს. ამის მაგალითად პატრიარქ აბრაამის რწმენის დამადასტურებელი საქმე მოჰყავს; აბრაამს ერთადერთი შვილი უნდა შეეწირა მსხვერპლად უფლისთვის. ეს იყო ამ ამბის შინაარსი. საკუთარი შვილის მსხვერპლად შეწირვა ადამიანური გონების მიხედვით სრულებითაც არაა კეთილი საქმე. ეს საქმე იმდენადაა კეთილი, რამდენადაც ღვთის ნების აღსრულებას, სარწმუნოების საქმეს წარმოაჩენს. ჩაიხედეთ ახალ აღთქმაში ან მთელ წმინდა წერილში და ნახავთ, რომ იგი ღმრთის მცნებების აღსრულებას მოითხოვს და მათ აღსრულებას ეწოდება საქმე. უფლის მცნებების დაცვით ხდება სარწმუნოება ცოცხალი. ამის გარეშე იგი მკვდარია. ნახავთ იმასაც, რომ ჩვენი დაცემული ბუნების ნამოქმედარი კეთილი საქმეები, გამომდინარე გრძნობებიდან, ვნებებიდან, გულის ნაზი განცდებიდან და აღტყინებიდან, აკრძალულია და დაგმობილი. თქვენ კი სწორედ ეს კეთილი საქმეები მოგწონთ წარმართებსა და მაჰმადიანებში და გსურთ, რომ ისინი ცხონდნენ ამ საქმეების წყალობით, თუნდ არც კი სწამდეთ ქრისტე. უცანურია თქვენი მსჯელობა საღი აზროვნების შესახებ. საიდან, რატომ ფიქრობთ, რომ გაქვთ ეს საღი აზროვნება? თუკი ქრისტიანები ხართ, მაშინ წარმოდგენაც ქრისტიანული უნდა გქონდეთ ამ საკითხის შესახებ და რაღაც ყურმოკრულ სწავლებებს არ გამოედევნოთ. სახარება გვასწავლის, რომ დაცემით ადამიანმა ცრუ აზროვნება შეიძინა და ეს ყალბი აზროვნება, მიუხედავად მისი ღირსებებისა და ამსოფლიურ მეცნიერებებში განსწავლულობისა, მაინც ინარჩუნებს დაცემული ბუნების ყველა თვისებებს. უნდა უარვყოთ იგი და სარწმუნოება გავიხადოთ წინამძღოლად. თავის დროზე ასეთებს ღმერთი მიანიჭებს ჭეშმარიტ ანუ სულიერ აზროვნებას; აი, ასეთი აზროვნება შეიძლება და საჭიროცაა, რომ ვაღიაროთ საღ გონებად. იგია განცხადებული სარწმუნოება, ასე მშვენივრად აღწერილი წმიდა მოციქულ პავლეს მიერ ებრაელთა მიმართ ეპისტოლის მე-11 თავში. სულიერი აზროვნების საფუძველი ღმერთია, ამ მტკიცე ლოდზე დაშენებული იგი არ ირყევა და არც ეცემა, ხოლო იმას, რასაც თქვენ საღ აზრს უწოდებთ, ჩვენ, ქრისტიანენი, ცდომილებად, სიბნელედ და ავადმყოფობად შევრაცხავთ. იგი კი მხოლოდ სარწმუნოების მახვილით, ჩვენი ცრუ აზროვნების მიერ დაგროვებული მთელი ცოდნის მოკვეთით განიკურნება. და თუკი მას მაინც საღ აზროვნებად მიიჩნევთ, მიუხედავად იმისა, რომ იგი რაღაც მერყევ, განუსაზღვრელ, გაუგებარ და მუდმივად ცვალებად საფუძველზე დგას, იცოდეთ, სწორედ ეგ აზროვნება იქნება, ქრისტეს უარყოფამდე რომ მიგიყვანთ. თქვენ კი რას გეუბნებათ თქვენი საღი აზრი? იმას, რომ კეთილი ხალხის წარწყმედა, რომლებსაც არ სწამთ იესო ქრისტე, ეწინააღმდეგება თქვენს საღ აზროვნებას! უფრო მეტიც, ფიქრობთ, რომ ასეთი კეთილი ხალხის წარწყმედა ეწინააღმდეგება ღმრთის მოწყალებას! ოჰ, ეს თქვენი საღი აზრი!.. კი მაგრამ, თქვენი საღი აზროვნების იმედად როგორ ასკვნით, რა ეთვისება და რა - არა ღმრთის მოწყალებას? საიდან მოიტანეთ, რომ ძალგიძთ საკუთარი, შეზღუდული, ადამიანური გონებით განსაჯოთ, თუ რა არის ღმრთისათვის სათნო? ნება მიბოძეთ, ჩვენი აზრი გითხრათ: სახარებამ, იგივე ქრისტეს სწავლებამ, იგივე წმიდა და კიდევ სხვაგვარად წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიამ, ღმრთის მოწყალებასთან დაკავშირებით, რისი დატევნაც კი შეეძლო კაცის გონებას, ყველაფერი გვაუწყა; რა ამაოა და ფუჭი ადამიანის ტვინის ჭყლეტა, როცა იგი განუსაზღვრელი ღმერთის განსაზღვრას ლამობს, როცა ცდილობს, აუხსნელი თავისი წარმოდგენის მიხედვით ახსნას.
ახსნას ვინ?.. ღმერთი? ასეთი წამოწყება სატანური წამოწყებაა! შენ, რომელიც თავს ქრისტიანს უწოდებ, და ამავე დროს არ იცნობ ქრისტეს მოძღვრებას! თუკი ამ მადლმოსილი, ზეციური მოძღვრებიდან ვერ გაგვიგია, რომ ღმერთი კაცის გონებისთვის შეუცნობელია და მიუწვდომელი - წადი სკოლაში, ყური დაუგდე, რას ასწავლიან ბავშვებს. მათემატიკის მასწავლებელი მათ უხსნის, რომ უსასრულობა, როგორც განუსაზღვრელი სიდიდე, არ შეიძლება ემორჩილებოდეს იმ კანონებს, რომელსაც ემორჩილება განსაზღვრული სიდიდეები - რიცხვები, რომ მისი შედეგები, შესაძლოა, სრულიად საწინააღმდეგო იყოს რიცხვთა შედეგებისა... შენ კი გინდა, კანონები დაუწესო ღმერთის გულმოწყალებას და ამბობ, ეს ეთანხმება მას, ეს კი ეწინააღმდეგებაო, იმისდა მიხედვით, თუ როგორ ეთვისება იგი შენს საღ აზრს, შენს წარმოდგენებსა და შეგრძნებებს! რატომ გგონია, რომ ღმერთს ყველაფერი ისე უნდა ესმოდეს და ისე გრძნობდეს, როგორც შენ გრძნობ და გესმის? არადა, სწორედ ამას მოითხოვ ღმრთისაგან. აი, ყოვლად განუსჯელი და უდიდესი სიამაყით აღსავსე წამოწყება! მაშ, საღი აზრისა და თავმდაბლობის არქონაში მაინც ნუ სდებ ეკლესიას ბრალს, ეგ შენი, საკუთრივ შენი ნაკლია! წმიდა ეკლესია კი განუხრელად მიჰყვება თავად ღმერთის მიერ განცხადებულ სწავლებას ღვთაებრივი ქმედების შესახებ. მას მორჩილად მისდევენ რწმენით განათლებული მისი ჭეშმარიტი შვილები, რომელთაც დადრიკეს ღმერთთან მორკინალი, მზვაობარი გონება. ჩვენ გვწამს, რომ ღმერთის შესახებ მხოლოდ იმის ცოდნაა ჩვენთვის შესაძლებელი, რაც თავად უფალმა გამოგვიცხადა! რომ იყოს სხვა გზა ღმერთის შემეცნებისა, რომელსაც საკუთარი ძალისხმევით გავუკვლევდით ჩვენს გონებას, მაშინ ადამიანს არ მიეცემოდა ზეციური გამოცხადებანი. აუცილებელია ისინი ჩვენთვის და ამიტომაც გვეძლევა. რა ამაოა და მცდარია კაცობრივი ნააზრევი, ადამიანური გონების მიმოკვეთება!
***
თქვენ ამბობთ, მწვალებლები იგივე ქრისტიანები არიანო. საიდან მოიტანეთ? თუ არა უკიდურესი უმეცარი, ქრისტიანი რომ ჰქვია და არაფერი იცის კი ქრისტეს შესახებ, სხვა ვინ გაბედავს და იტყვის, თითქოს ისეთივე ქრისტიანია, როგორიც რომელიმე მწვალებელი, ხოლო წმიდა ქრისტიანული სარწმუნოება არაფრით განირჩევა წყევის შვილთა ღმრთის მგმობი მწვალებლობისგან?! ჭეშმარიტი ქრისტიანები სხვაგვარად მსჯელობენ ამის შესახებ! წმიდა მოწამეთა ურიცხვმა საკრებულომ მოწამებრივი გვირგვინები მწვალებლობასთან ბრძოლაში დაიდგა. მათ უსასტიკესი, ხანგრძლივი ტანჯვა-წამება და სატუსაღოები არჩიეს ღმრთის მგმობი სწავლების გაზიარებას. მსოფლიო ეკლესია ყოველთვის აღიარებდა, რომ მწვალებლობა მომკავდინებელი ცოდვაა, რომ ადამიანი, რომელიც ამ საშინელი სენითაა შეპყრობილი, მკვდარია სულით, განშორებულია ღმრთის მადლისა და ცხონებისაგან, თანაზიარია ეშმაკისა და მისი დამღუპველი საქმეებისა. მწვალებლობა გონების ცოდვაა, იგი უფრო სატანისეულია, ვიდრე ადამიანური. იგი ასულია ეშმაკისა და მის მიერ გამოგონილი ეს უსჯულოება ახლოა კერპთაყვანისმცემლობასთან.***
წმიდა ფლაბიანემ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, რომელმაც საკუთარი სისხლით აღბეჭდა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებლობა, კონსტანტინოპოლის ადგილობრივი კრების განჩინება ერესიარქ ევტიქიზე ამგვარად გადმოსცა: "ევტიქი, აქამომდე ხუცესი, არქიმანდრიტი, სავსებით მხილებულია როგორც თავისი წარსული მოქმედებით, ასევე აწინდელი ახსნა-განმარტებებით, ვალენტინისა და აპოლინარის ცდომილებაში და მათი ღმრთის გმობის ჯიუტად დაცვაში, მით უმეტეს, რომ მან არ შეიწყნარა ჩვენი რჩევა-დარიგებანი მიეღო ჭეშმარიტი სწავლება. ამიტომაც ვტირით და მოვთქვამთ მის დაღუპვასა და საბოლოო წარწყმედას, და სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა ვაცხადებთ, რომ იგი ღმრთის გმობაშია ჩავარდნილი, რომ მას ჩამორთმეული აქვს სამღვდელო წოდება, აღკვეთილი აქვს ჩვენთან ერთობა და ეკრძალება მონასტრის განმგებლობა. ამით ჩვენ ვაუწყებთ ყველას, ვინც კი ამიერითგან ისაუბრებს ან ინახულებს მას, თავადაც განკვეთა ელის". ეს განჩინება მიიღო მთელმა ეკლესიამ, ესაა მსოფლიო ეკლესიის მოკლე განჩინება მწვალებელთა თაობაზე, იგი დაამტკიცა ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრებამ. ევტიქის მწვალებლობის არსი ის იყო, რომ იგი უარყოფდა ეკლესიის სწავლებას მაცხოვრის ორი ბუნების შესახებ და აღიარებდა მასში მხოლოდ ღვთაბრივ ბუნებას. თქვენ მეტყვით, ეგ არის და ეგ, მეტი ხომ არაფერიო?! სასაცილოა, ერთი მხრივ, თავისი უმეცრების გამო, ხოლო, მეორე მხრივ, თავისი არსითა და შედეგებით მეტად სავალალოა ის პასუხი, რომელიც ერთ-ერთმა ძლიერმა ამა სოფლისამ გაუგზავნა ალექსანდრიის პატრიარქს, წმიდა ალექსანდრეს, არიოზის მწვალებლობის შესახებ. ეს პიროვნება ურჩევს პატრიარქს შეინარჩუნოს მშვიდობა, არ წამოიწყოს დავა, რომელმაც შეიძლება ქრისტიანული სულისთვის ეგზომ მიუღებელი განხეთქილება გამოიწვიოს. იგი წერს, რომ ვერ ამჩნევს არიოზის სწავლებაში რაიმე საძრახისს; მხოლოდ სიტყვებშია განსხვავება და მეტი არაფერიო! "ეს განსხვავება სიტყვებში, - შენიშნავს ისტორიკოსი ფლერი, - რომელშიც თითქოს არაფერია "საძრახისი", უარყოფს იესო ქრისტეს ღვთაებრიობას, რომ ყველა მწვალებლობა, მიუხედავად თავისი სხვადასხვაობისა, ერთი მიზნისკენ ისწრაფოდა - ისინი უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრიობას და ამახინჯებდნენ მისი განკაცების დოგმატს. უახლესი მწვალებლები კი უარყოფენ სულიწმიდის მოქმედებას. მწვალებლებმა საშინელი გმობით უარყვეს საღმრთო ლიტურგია, ეკლესიის ყველა საიდუმლო, ყოველივე ის, რაშიც მსოფლიო ეკლესია სულიწმიდის მოქმედებას აღიარებს: ყველაფერ ამას მათ კაცობრივი დადგინებანი უწოდეს, უფრო კადნიერად კი ცრურწმენა, შეცდომა! რა თქმა უნდა, მწვალებლობაში თქვენ ვერ ხედავთ ქურდობას და ძალადობას. იქნებ ამიტომაც არ მიგაჩნიათ იგი ცოდვად? მაგრამ აქ უარყოფილია ძე ღმრთისა, უარყოფილია და დაგმობილია სულიწმიდა. ეგ არის და ეგ, მეტი არაფერი! ღმრთის გმობის სწავლების მიმღებელი და დამმარხველი, ვინც წარმოთქვამს ღმრთის გმობას, არც ავაზაკია და არც მპარავი, თავისი დაცემული ბუნების შესაბამისად კეთილ საქმეებსაც იქმს, ის მშვენიერი ადამიანია! როგორ იქნება, რომ ღმერთმა ასეთი კაცი არ აცხონოს!.. მიზეზი თქვენი უკანასკნელი ცდომილებისა, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენისა, ქრისტიანობის ჯეროვანი არცოდნა გახლავთ!***
შეისწავლეთ მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამებისგან, როგორ გავიგოთ სწორად წმიდა წერილი, როგორი ცხოვრება, აზრები და გრძნობები შეჰფერის ქრისტიანს. წმიდა წერილითა და ცოცხალი სარწმუნოებით შეიცანით ქრისტე და ქრისტიანობა. ეცადეთ, სანამ დადგებოდეს საშინელი ჟამი ღმრთის სამსჯავროს წინაშე წარდგომისა, მოიპოვოთ განმართლება ღმრთისა მიერ, რომელიც უსასყიდლოდ ეძლევა უფლისაგან ყოველთა კაცთა ქრისტიანობის მეშვეობით.