შემოქმედი როცა თავის გაჩენილს თავიდანვე დაატყობს უფლის ხელს, ის მუდამ მზადაა, ყოველი სულით აქოს უფალი და მის მსახურებაში გალიოს დღენი. თავად უფალიც ამბობს: - თქვენ კი არ გამომირჩიეთ, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენო.
უფალმა მართლაც დიდი წყალობა მოიღო ჩვენზე, რომ საქართველოს ილია II დაუდგინა პატრიარქად. ღვთისა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით კი ეპარქიებში რჩეული მღვდელმთავრები გამოგვირჩია.
ღვთის მადლით, თავს უფლებას მივცემ და მეუფე ზოსიმეზე (შიოშვილი) გეტყვით მცირედს. ამას წინათ რედაქციაში ერთმა ახალგაზრდამ, დავით ოქრუაშვილმა მეტად სასიამოვნო ამბავი გვამცნო, - დუშეთში აღინიშნება მეუფე ზოსიმეს მღვდელმთავრად ხელდასხმის 25-ე წლისთავი და ღვთისმშობლის ხარების სახელზე აგებული სამრეკლოს კურთხევაო.
იმ დღეს უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. მეუფესთან მიახლებას და გულთბილი სიტყვების თქმას თითოეული თვალებგაბრწყინებული სტუმარი თუ მასპინძელი ცდილობდა. ღვთისმშობლის ხარების სახელზე აგებული სამრეკლო წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გვერდით აიგო. როგორც დავით ოქრუაშვილმა თქვა, წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ბოლშევიკებს დაუნგრევიათ. მეუფე ზოსიმეს ძალისხმევით, წილკნისა და დუშეთის ეპარქიაში მრავალი ეკლესია-მონასტერი აღდგა და აიგო, მათ შორის დუშეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარიც და 2004 წელს ამოქმედდა კიდეც. მადლობა ღმერთს, რომ მრავალი ადამიანი გახდა მაზიარებელი. მეუფის დიდი სურვილით, სამრეკლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელზე ეკურთხა. ამ ტაძარში იღუმენი ამბროსი (დათოშვილი) მსახურობს.
სამრეკლოს კურთხევის შემდეგ მეუფემ იქადაგა: "სამრეკლო იკურთხა ღვთისმშობლის ხარების სახელზე. წმინდა ნიკოლოზის ტაძრის აშენებამდე თითქოს აღარავის ახსოვდა, რომ ძველი ტაძარი წმინდა ნიკოლოზის სახელობისა იყო. ამიტომ დუშეთის ხელმძღვანელობასთან ერთად გადაწყდა, ახალი ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობისა ყოფილიყო, დუშეთში უნდა გამეორებულიყო ძველისძველი ფუძნარის ტაძარი. შემდეგ გაირკვა, რომ ადრინდელი ეკლესია იყო წმინდა ნიკოლოზის სახელობისა. რა თქმა უნდა, შეიცვალა სახელი და განახლებული ტაძარი ეკურთხა წმინდა ნიკოლოზის სახელზე. მინდოდა, ღვთისმშობელსაცHჰქონოდა დუშეთში თავისი ადგილი და აი, დღეს აღსრულდა ჩვენი სურვილი და სამრეკლო ეკურთხა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელზე. დღეიდან, წმინდა ნიკოლოზთან ერთად, ჩვენთან იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. შეგეწიოთ ახალი სამრეკლოს, ღვთისმშობლის ხარების მადლი და ძალი, წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი. ამინ".
სამრეკლოს კურთხევის შემდეგ მეუფესთვის გამართულ საიუბილეო საღამოს დავესწარით. საზოგადო მოღვაწეებთან ერთად საღამოს ესწრებოდნენ ეპარქიაში მოღვაწე მამები და დედები. რაიონის მუსიკალური სკოლის მოსწავლეებმა საზოგადოებას დიდი სიხარული მიანიჭეს. გამომსვლელთა მილოცვებს შეუერთდა ჟურნალი "კარიბჭე".
შევეცადე, იქ მყოფთაგან რამდენიმეს გავსაუბრებოდი.
დალი: - მეუფე ზოსიმე ჩემი სულიერი მამაა. მისი დახმარებით სწორ გზას დავადექი. ვხედავ, როგორ ეხმარება მეუფეს ღვთისმშობელი. დიდხანს სიცოცხლეს, კარგად ყოფნას ვუსურვებ მეუფე ზოსიმეს.
დუშეთისა და წილკნის ეპარქიის გაზეთ "ფუძნარის" რედაქტორი ბელა წვერაძე: - დუშეთის მრევლმა მოიწადინა, რომ მეუფის ამაგი მოკრძალებით აღგვენიშნა დღევანდელი დღით. მეუფე ჩვენთვის არის უძვირფასესი პიროვნება, არა მარტო სულიერი თვალსაზრისით, არამედ ყველანაირად ახლოს დგას ჩვენთან. მან სრულიად შეცვალა ჩვენი სულიერი მდგომარეობა. მეუფე ზოსიმე მართლაც უფლის საჩუქარია.
ლია როინაშვილი: - ამ საიუბილეო წელს აღვიქვამ მეუფის გულის, გრძნობის და გონების ანუ აზრის, ახალგაზრდობის გამომხატველ თარიღად. მისგან ისეთი სისადავე და უბრალოება მოდის, როგორიც მხოლოდ ღვთისგან რჩეულ ადამიანებს სჩვევიათ. მინდა მეუფე მუდამ დუშელებთან იყოს. მის გვერდით უზომოდ ბედნიერები ვართ.
ბიწმენდის დედათა მონასტრის მონაზონი დედა ნინო: - როდესაც მეუფეს შევხვდი, სულიერი განახლება შევიგრძენი. სულითა და გულით ვულოცავ საიუბილეო თარიღს. ღმერთს ვთხოვ მის დიდხანს სიცოცხლეს. უფალმა არ მოგვაკლოს მეუფის სახით სულიერი ნუგეში.
ნატახტრის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა რევაზი (წულაძე): - მეუფისგან დიდი სწავლა და გამოცდილება გვაქვს მიღებული. თავად არის მასწავლებელი, რომელმაც მრავალი ღვთისმსახური აღზარდა. ვუსურვოთ, კიდევ დიდხანს ემსახუროს ერისა და ჩვენი ეკლესიის საკეთილდღეოდ. მისი ლოცვა-კურთხევა არ მოგვაკლოს ღმერთმა.
მეუფე ზოსიმემ შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და გაიხსენა მოღვაწეობის ავკარგიანი წლები. გთავაზობთ მცირე ამონარიდს:
"ქრისტეს მიერ საყვარელნო. ჩემი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან დღეს უთუოდ უნდა გავიხსენო ჩემი ბავშვობა, სიყრმე და სიჭაბუკე"... ჩემს სულიერ ადამიანად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის განსვენებულ ბებიას ჩემსას, ბარბარეს, მან გააღვიძა ჩემში ლამპარი უფლის რწმენისა და სიყვარულის, მან ჯერ თავის მწირ სენაკში განმაცდევინა მშვენიერება და სიტკბოება უხილავი სამყაროსი, შემდეგ კი პირველმა მიმიყვანა ღვთის ტაძარში - ეკლესიაში, სადაც მაზიარა იმ ენით გამოუთქმელ სიხარულსა და ნეტარებას, რაც სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს სულში და რის მაძებრადაც მე იმ დღიდან ვიქეცი. მას შემდეგ სულ ამ უცხო, ზეციურ სიხარულს დაეძებდა ჩემი სული და ამ ძიებამ, ქვეყნიურ წინააღმდეგობათა მიუხედავად, შემაყენა ღვთის წმინდა გზას, გამხადა ეკლესიის მსახური და მომკიდა უფლის საპატიო ტვირთი. მე ამ ტვირთს, როგორც დიდ საფასეს, მონდომებით და მოფრთხილებით ვეზიდებოდი ეს წლები და ვეზიდები დღესაც, რათა იგი უკლებლივ მივიტანო უფალთან მის ზეციურ სასუფეველში.
ყოველი ტაძრის ამოქმედება უდიდეს სიძნელესთან იყო დაკავშირებული. ეს გახლდათ ბოროტისგან მიტაცებული და იავარქმნილი სიწმინდეებისთვის ახალი სიცოცხლის დაბრუნება, ხელახალი დაბადება მათი. ამისთვის გადატანილი გაჭირვებისა და სიძნელეების წილ დიდ სულიერ სიხარულს გვაძლევდა უფალი. ეს არის ის საფასენი, რის შესაძენადაც ვიყავით ეკლესიაში მოწოდებული; მაგრამ რა გინდ დიდი და მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ხილული ტაძრების გამართვა, ის მაინც უმნიშვნელოა უხილავი ტაძრების, ადამიანთა სულების გამართვასთან შედარებით, რომლებიც ხილულ ტაძრებზე მეტად იყვნენ დაშლილნი და დარღვეულნი. ბევრად მძიმე ასაშენებელი შეიქმნა უღვთო ცხოვრებისგან შერყვნილი და დამახინჯებული კაცთა სულები. რამდენი შრომა და გარჯა, ლოცვა-ვედრება გახდა საჭირო, რომ არაწმინდა ცხოვრებისგან მოგვერიდებინა ადამიანები და ღვთიურ, მარადიულ საფასეებს გვეზიარებინა. მადლობა ღმერთს, ჩვენ მუდამ ვგრძნობდით ღვთის მადლიან შეწევნას ამ საქმეში და თანდათან ადამიანთა სულიერი ფერისცვალების მოწმენიც ვხდებოდით. ეს იყო მუდამ ჩვენი სიხარული და დღესაც ესაა სიხარული ჩვენი - ადამიანის გადარჩენა, ადამიანისთვის ჭეშმარიტი ნუგეშისცემა იყო ყოველთვის ჩვენი საზრუნავი და დღესაც ამ მიზანს ვემსახურებით ღვთის შეწევნით.
მაგრამ ამ ღვთიური ღირებულებების ძებნამ მომიტანა სხვა სიძნელენი. უპირველესად ის, რომ ვიგრძენი უცნაური გაუცხოება წუთისოფელთან და სიმარტოვე დიდი. რაც უფრო შევეცადე ღვთიური საფასეების შეძენას, რაც უფრო შევეჭიდე სულის მაცხოვნებელი სახლის შენებას, მით უფრო მიწიერი, ამქვეყნიური ცხოვრებისთვის უცხო შევიქენი, ამან მტანჯველი სიმარტოვის გრძნობა დაბადა ჩემში, ზღუდედ რომ აღიმართაAჩემსა და ქვეყნიურ ცხოვრებას შორის. როგორ არ ვეცადე სიცრუისა და სიმარტოვის ამ უცნაური გრძნობისგან თავის დაღწევას, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან ყოველი ასეთი ცდით სულიერ საფასეებს ვაკლდებოდი, ურომლისოდაც სიცოცხლეს ჩემსას ეკარგებოდა აზრი. თავიდან ამას განვიცდიდი, თავს ვიდანაშაულებდი და ბრალსა ვდებდი, მაგრამ შემდეგ თანდათან მივხვდი, რომ ამაში ერია ღვთის ხელი, რომ ეს არ ხდებოდა მარტო ჩემით, რომ ამ უცხოობასა და სიმარტოვეს აღვივებდა თავად უფალი, რომ ამაში ხელსაც კი მიწვდიდა იგი, რათა რაღაც ჩემეული, განსხვავებული საფასე თუ სული ნუგეშად შემოენახა მართალი ადამიანებისთვის.
მე აღარ მაკვირვებს სიუცხოვე და სიმარტოვე ჩემი. ვიცი, რომ იგი ღვთისგან მაქვს მოცემული. მარტო გაძლიერებას ვევედრები უფალს, რათა ჩემი მოკრძალებული მოღვაწეობა ნუგეშად იქცეს მრავალთათვის. ზოგჯერ მეც მიჩნდება უნდობლობა საკუთარი გზისა და ხვედრისადმი. ამას არც თუ იშვიათად სევდა და გულისწყვეტა შემოაქვს ხოლმე სულში, მაგრამ მადლობა უფალს, ეს არ გრძელდება დიდხანს, უფალი საიდანღაც გამოაჩენს ხოლმე ნუგეშს ვიღაცის პირით, მამხნევებს და ისეთსაც გამაგონებს, რაც სიკეთის რწმენასა და სასოებას განმიმტკიცებს და კიდევ იმას, რომ მე უნდა მოვუფრთხილდე იმ მოკრძალებულ სიკეთეს, რასაც უფალი ინახავს ჩემში, რათა იგი ბევრ მართალ სულს ნუგეშად ექცეს. როცა ჩემი შინაგანი ვერაფრით მომირიგებია გარე სინამდვილესთან და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ღმერთსაც ხელი აქვს ჩემზე აღებული, სწორედ მაშინ, საშინელი უნუგეშობის ჟამს საიდანღაც უფალს სიხარული შემოაქვს ხოლმე ჩემს სულში, ისე გამამხნევებს და დამაიმედებს, რომ დარცხვენილი ბავშვივით თავს ვხრი ხოლმე ძირს და მზად ვარ დავითმინო უფრო მეტი სიმძიმე და უნუგეშობანი, თუ ეს საჭირო იქნებოდა მისთვის და ეკლესიისთვის, რამდენ სულს დიდ ნუგეშად ქცევია ეკლესიურად მსახურება ჩემი, რამდენს გულწრფელი ცრემლებით გამოუხატავს მადლიერება ჭეშმარიტად ღვთიური სიტყვის მოსმენისთვის, რამდენს თვალცრემლიანს აღმოხდენია ჩვენთან უსაზღვრო მადლიერების გამომხატველი სიტყვები: - იცოცხლეთ, მეუფეო, დიდხანს, იცოცხლეთ, რომ არ მოგვაკლდეს თქვენგან ეს ღვთიური ნუგეში. და ამ დროს გავიწყდება ყველა დარდი და ტკივილი, აქამდე განცდილი და გადატანილი, და ხვდები, რომ სწორედ იმ დათმენილი დარდისა და ტკივილის წილ გეძლევა ღვთისგან ეს სანატრელი სიხარული. მაშინ იმ წუხილსაც ვეღარა გრძნობ, სადღაც ქრება იგი და შენვე გაოცებს საკვირველება დიდი და ხვდები, რომ იმ დროს დარდი და წუხილი ხდება შენი სიხარული, რომ შენში მოქმედებს უფალი, რამეთუ მხოლოდ მას ძალუძს სიხარულად გიქციოს მწუხარება და ტკივილი. ამ დროს გეუფლება უსაზღვრო მადლიერება ღვთისადმი დიდი ტკივილისა და დიდი სიხარულისთვის.
საზოგადოებას უღრმეს მადლობას მოვახსენებ ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღის ღირსეულად აღნიშვნისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სულიერ მამებს, ჩვენს მოძღვრებს მათი ძმური შეწევნისა და თანადგომისთვის. მადლობას მოვახსენებ დუშეთის რაიონის გამგეობასა და საკრებულოს, რომელთაგან ყოველთვის ვგრძნობდით პატივისცემასა და თანადგომას მოღვაწეობაში. მადლობას მოვახსენებ ჩვენს სამწყსოს, ჩვენს მრევლს, ჩვენს სულიერ დებსა და ძმებს, ყოველთვის რომ ცდილობდნენ ჩემი სამღვდელმთავრო ტვირთის შემსუბუქებას. განსაკუთრებით მინდა მადლიერების სიტყვები გავაგონო ჩვენს ახალგაზრდებს, იმედითა და მოკრძალებით რომ შემოგვყურებენ და მომავლის რწმენასა და იმედს გვიმტკიცებენ. მადლობას მოვახსენებ დღევანდელი ჩვენი შეკრების ორგანიზატორებს, ჩვენს პატივსაცემად და გასახარად კეთილად რომ გაისარჯნენ.
დაბოლოს, უდიდესი მადლობა მინდა შევწირო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს იმ უხვი წყალობისა და შეწევნისთვის, მთელიHჩემი სამღვდელმთავრო მოღვაწეობისას რომ გვაგრძნობინებდა და გვაგრძნობინებს დღეს. მინდა შევთხოვო უფალს, რომ ჩვენს სულიერ ცხოვრებას მისი დედობრივი საფარველი არასოდეს მოშლოდეს. ყველას შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, იმან დალოცოს ჩვენი ხალხი, ჩვენი ეკლესია და მომავალი ჩვენი, ამინ".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი