მეუფე ისაია (ჭანტურია):
* "ჯარისკაცს მაინც ასეთი საქმე აქვს: აკეთებს იმას, რასაც უბრძანებენ. ახალგორის რაიონში რუსმა ჯარისკაცებმა რაღაც წარწერები დატოვეს. ძირითადად სალანძღავი სიტყვები იყო, მაგრამ ერთი ჯარისკაცი წერდა: "მრცხვენია, რომ აქ ვიყავი!"
* "მაინც სიმშვიდის განცდა გვაქვს და ვმადლობთ ღმერთს ყოველივესთვის! ამ დღეებში უამრავ სისაძაგლეს ვუყურეთ და ასეთი განცდა დაგვეუფლა - ბოროტების ჩამდენი თვითონ არის ძალიან საცოდავი. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ გავხდეთ ამის გამკეთებლები! ახლა ისეთი ჟამი დგება, რომელიც ძალიან მაშფოთებს და მაფიქრებს. მედარდება, ვაითუ იმავეს ჩამდენია ქართველიც! ხომ არ გაიმეორებენ ქართველებიც იმავეს, რაც ოსებმა დაგვმართეს? როდესაც მაროდიორები უკვე განერიდებიან აქაურობას, ხომ არ გამოჩნდებიან ქართველებს შორის ისეთები, ვინც საკუთარი მეზობლების ძარცვას დაიწყებს?! ეს უფრო მეტად მტკივა და მაწუხებს, ვიდრე ის, რომ აქ სხვა მოვა და რაღაცას წაიღებს. ვფიქრობ, თუ ასეთი რამ მოხდება, ამის ჩამდენი სოფელში ვეღარ იცხოვრებს, ის აქ გასაჩერებელი არ იქნება. ომი მაშინ კი არ წავაგეთ, როცა მტერმა აგვიკლო, არამედ მაშინ წავაგებთ, თუკი მაროდიორები ჩვენს შორისაც გაჩნდებიან. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან!"