დაისვენე, ხელს ნუ მიშლი, მე კიდევ ბევრის გაკეთება უნდა მოვასწრო
თბილისში, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში პოვა საუკუნო განსასვენებელი მიტროპოლიტმა ზინობიმ.
საქართველოში ბევრ რუს სასულიერო პირს უმოღვაწია, მაგრამ მისებრ ალბათ არავის ჰყვარებია თავისი მეორე სამშობლო. მეუფე ზინობი ღირსეული წევრი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა.მიტროპოლიტი ზინობი (ერისკაცობაში ზაქარია) დაიბადა 1896 წლის 14 სექტემბერს, ჩერნიგოვის გუნერნიაში, ქალაქ გლუხოვოში, მუშის ოჯახში. სიყრმიდანვე განსაცდელებით აღსავსე ცხოვრება დაებედა. სამი წლისას მამა გარდაეცვალა, თერთმეტი წლისას კი დედა. ბავშვი უფროს ბიძაშვილებთან იზრდებოდა. სიღარიბემ და გაჭირვებამ ბიჭი უფრო მორჩილი გახადა. თანატოლები ბერს ეძახდნენ, ალბათ არცთუ შემთხვევით. ნათესავებმა ბიჭი გლინის მონასტერში გახსნილ "შრომისმოყვარეობის სახლში" მიაბარეს, სადაც თერძობა ისწავლა, აქვე დაამთავრა სამრევლო სკოლა. მონასტერთან სიახლოვემ მის სულში ბერობის სურვილი გააღვივა. 1912 წელს ზაქარია გლინის მონასტრის მორჩილი გახდა. მრავალ სამორჩილო საქმეში გამოსცადეს, მაგრამ მთავარი "გამოცდა" მამა გერასიმემ მოუწყო. ზაქარიამ მას სულიერი შვილობა სთხოვა, ბერი კი ჯოხით დაემუქრა და კელიიდან გაგდებას უპირებდა. მორჩილი ეუბნებოდა, არსად წავალ, სანამ ჩემი სულიერი მამა არ გახდებიო. "აი, ახლა ჩემი სულიერი შვილი ხარ, - უთხრა მამა გერასიმემ და გადაეხვია, - მე ყველას ასე ვექცეოდი და გამირბოდნენ, შენ კი არ წახვედიო". ამის მერე ზაქარია მამა გერასიმეს სულიერი მეთვალყურეობით ცხოვრობდა. ამასობაში დაიწყო I მსოფლიო ომიც. მორჩილი ზაქარია სხვა ახალგაზრდა ბერებთან ერთად მოქმედ არმიაში გაიწვიეს. საუკუნოდ გამოემშვიდობა მამა გერასიმე სულიერ შვილს, - ერთმანეთს მეტად ვეღარ შევხვდებითო.
ზაქარია ბელორუსიაში მოხვდა. აქ მას ფეხები დაუავადდა, დაეწყო ეგზემა, რომელიც მთელი სიცოცხლე სტანჯავდა. შემდგომში ამას მიემატა თრომბოფლებიტი, რის გამოც ფეხებზე ტროფიკული წყლულები უჩნდებოდა, რომლებიც აუტანელ ტკივილებს ჰგვრიდა.
დემობილიზაციის შემდეგ ზაქარია გლინის მონასტერს დაუბრუნდა. 1917 წელს, ხარების დღესასწაულზე, ბერად აღკვეცეს და ზინობი უწოდეს. რთული დრო იდგა, ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ძარცვა-გლეჯა, კაცის კვლა ჩვეულებრივ ამბად იქცა. გლინის მონასტერს 40 კილომეტრის დაშორებით წისქვილი ჰქონდა. იქამდე ხორბლით დატვირთული საზიდრების მიყვანა რთული საქმე იყო. მაგრამ ერთი რამ შეამჩნიეს - როცა ხორბალი ბერ ზინობის მიჰქონდა, ურმები წისქვილამდე მშვიდობით აღწევდა, თუ არადა, ძარცვავდნენ...
ერთხელ ზინობი წინამძღვართან გამოიძახეს, დასვეს, თმა-წვერი გაპარსეს. საბერო სამოსიც გახადეს და კოსტიუმში გამოაწყვეს. აღელვებული ზინობი მორჩილად ასრულებდა წინამძღვრის ნებას, არავინ ეუბნებოდა, რა ხდებოდა. ბოლოს უბრძანეს, ეტლი შეება და წინამძღვრის კორპუსთან მიეყვანა. წინამძღვარმა, მამა ნექტარიოსმა უთხრა, ფრიად საპასუხისმგებლო დავალება უნდა შეასრულო, ერთი ადამიანი ქალაქში უნდა წაიყვანოო. ზინობიმ რთული დავალება შეასრულა - მაშინ უკრაინაში ათასნაირი ბანდა დათარეშობდა. ეს უცნობი ეპისკოპოსი აღმოჩნდა, რომელმაც დამშვიდობებისას ზინობის უთხრა: - შენ მღვდელმთავრად დაგასხამენ ხელს, მაგრამ მანამდე განსაცდელებით აღსავსე წლები უნდა განვლოო.
1922 წელს გლინის უდაბნო დახურეს. ბერმა ზინობიმ თან წმინდა ოდიკი წაიღო, რომელზეც შემდგომში ღია ცის ქვეშ ასრულებდნენ ლიტურგიას. ახალგაზრდა ბერი საქართველოში ჩამოვიდა და დრანდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში დასახლდა, სადაც ჯერ ბერდიაკვნად, მერე კი მღვდელმონაზვნად დაასხეს ხელი. მამა ზინობი სოხუმში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. როცა ბოლშევიკებმა შეავიწროვეს, სხვა ბერებთან ერთად აფხაზეთის მთებს მიაშურა, სადაც მაშინ ბევრი ღირსი მამა მოღვაწეობდა. აქ ერთი ამბავიც მოხდა: ორმა ბერმა გამოუცდელობით შხამიანი ბალახი შეჭამა. დაეწყოთ გულისრევა. ერთი მათგანი გარეთ გამოვარდა, წვიმიანი დღე იყო, ფეხი დაუცურდა, უფსკრულში გადავარდა და დაიღუპა. მეორე კი ოთხი დღე უგონოდ იყო. გონს რომ მოვიდა, ძილში გარდაცვლილი ძმა გამოეცხადა, მწუხარე სახით რაღაცას ევედრებოდა, ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. ბერმა ეს ამბავი სხვა მამებსაც მოუთხრო და მათაც გარდაცვლილის სულისთვის ლოცვა გააძლიერეს. ორმოცი დღის გასვლის შემდეგ, როცა გარდაცვლილი ბერის სამოსი გაინაწილეს, ერთ კაბაში ჩაკერებული ოქროს თუმნიანი ნახეს. ახლა კი მიხვდნენ, რისი თქმა სურდა გარდაცვლილს. ძმების გადაწყვეტილებით, მამა ზინობიმ ეს თუმნიანი სოხუმში გაყიდა და ფული გლახაკებს დაურიგა. ამის შემდეგ გარდაცვლილი უკვე მხიარული სახით გამოეცხადა ძმას.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიტყო მთებში მონასტრის არსებობა და დაარბია. მამა ზინობი ერთი ხანობა სოხუმთან ახლოს, ბერძნულ სოფელში ცხოვრობდა, სადაც არსობის პურს თერძობით მოირეწდა. ერთხელ სახლის პატრონმა გააფრთხილა, - უნდა შეგვამოწმონ და ჩაწერილი რომ არ ხარ, დაგიჭერენო. მამა ზინობი რამდენიმე დღით ტყეში დაბინავდა. ერთ ადგილას ფიჩხი იპოვა, ცეცხლი დაანთო და ლოცვა დაიწყო. 22 მაისი თენდებოდა. ამ დღეს ხსენებაა წმინდა შიო მღვიმელისა და წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილთა მირონლუკიიდან ბარიში გადასვენებისა. შუაღამისას მამა ზინობის ტოტების მტვრევის ხმა მოესმა - ვიღაც თუ რაღაც მისკენ მოდიოდა. უეცრად დათვის ღრიალი მოესმა და მიხვდა, რომ ნადირის ბუნაგში დაბანაკებულიყო. ბერმა ლოცვა გააძლიერა და ლოცვაშივე მიეძინა. დილით მონადირემ გააღვიძა. კოცონი ჩამქრალიყო. მახლობელი ბუჩქები გადათელილი იყო. მონადირეს არ სჯეროდა მისი მონათხრობი: ეს დათვები ისეთი ავები არიან, ისე როგორ წავიდოდა, თავისი ბუნაგის დაწვისთვის "შური არ ეძიაო". მაგრამ იქაურობა კარგად რომ დაათვალიერა, აღმოხდა: - მართალი ხარ, მამაო, წმინდა შიოს და წმინდა ნიკოლოზს გადაურჩენიხარო.
მამა ზინობი ხელისუფლებამ საქართველოდან გააძევა და მანაც დონის როსტოვში წმინდა სოფიის ტაძარში დაიწყო მსახურება. 1936 წელს დააპატიმრეს და შვიდი თვე გამანაწილებელში ჰყავდათ. როცა გამომძიებელს დაჭერის მიზეზი ჰკითხა, მან ანაფორაზე მიუთითა. გამანაწილებელში მალარია შეეყარა. ამით გადაურჩა შუა აზიაში გამწესებას, სადაც უეჭველი სიკვდილი ელოდა. ის თეთრი ზღვა-ბალტიის არხის მშენებლობაზე გაგზავნეს. იქ მამა ზინობიმ პატიმრებს თავისი საკვების მარაგი დაურიგა და მათი სიყვარული დაიმსახურა. გადასახლებაშიც მღვდლობდა, ლოცვებს ზეპირად ამბობდა, აღსარებებს იღებდა, მკვდარს აპატიოსნებდა. ურალში ერთ ზამთარს, სამუშაო დღის დასრულებისას, პატიმრების ჯგუფი ბარაკში ბრუნდებოდა. მამა ზინობი ყველაზე დაბალი იყო და წესისაებრ უკან მიჰყვებოდა. უცბად, ამ ორმოცგრადუსიან ყინვაში, თოვლზე ახალმოწყვეტილი ყურძნის მტევანი დაინახა. ეს ცხადი სასწაული იყო. ბარაკში მისვლისას ყურძნის თითო მარცვალი ყველას ჩამოურიგა და ანუგეშა პატიმრები ღვთის სასწაულით.
5 წლის პატიმრობის შემდეგ მამა ზინობი საქართველოში დაბრუნდა, თბილისში გაიცნო კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატრე და მისი კურთხევით თბილისის სიონისა და მცხეთაში ოღლას (იმავე წმინდა ეკატერინეს სახელობის) მონასტერში დაიწყო ღვთისმსახურება. სამი წელი მსახურობდა ბათუმში, ერთხანს იყო სომხეთსა და საქართველოში რუსული სამრევლოების კეთილმოწესე. უწმინდეს კალისტრატეს შვილივით უყვარდა მამა ზინობი, გარდაცვალების წინ დაუბარა თავის მემკვიდრეს, მელქისედეკს, ზინობისთვის ეპისკოპოსად ხელი დაესხა. 1950 წლიდან ვიდრე გარდაცვალებამდე მამა ზინობი გახლდათ წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 1956 წლის 29 დეკემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის ბრძანებით არქიმანდრიტ ზინობის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ასე ინება ღვთისმშობელმა, რომ თავის წილხვედრ ქვეყანაში წარმოშობით რუსი გამხდარიყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი. მეუფე ზინობიც მთელი გულით მადლობდა უფლის დედას ამ მოწყალებისთვის. მას ძალიან უყვარდა საქართველო, იცოდა მისი ისტორია, პატივს მიაგებდა ქართველ წმინდანებს. საქართველოს სიყვარული თავის სულიერ შვილებსაც გადასცა: მამა ვიტალის (სიდორენკოს) და დედა სერაფიმას. თან აკურთხა, რომ არასოდეს წასულიყვნენ საქართველოდან.
1960 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ მეუფე ზინობი თეთრიწყაროს ეპისკოპოსად დაადგინა. მრავალი წლის განმავლობაში იგი გახლდათ შემაკავშირებელი ქართული და რუსული ეკლესიებისა. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ მან აღკვეცა ბერად ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური და უწინასწარმეტყველა პატრიარქობა.
მეუფე ზინობი სიტყვაძუნწი იყო, საუბრობდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე. მისი საუბარი გაათბობდა ადამიანის გულს, განუღებდა სულიერ თვალებს, განუნათლებდა გონებას. მოსაუბრეს სიტყვას არასოდეს აწყვეტინებდა, თავმდაბლად ბოლომდე უსმენდა, მერე კი თვითონ წარმართავდა მთხრობელის სულიერ ცხოვრებას. ყველა, ვინც მას გაესაუბრებოდა, გრძნობდა მისგან მომავალ მადლს.
მისმა უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ მეუფე ზინობი მოუკლებლად ლოცულობდა იესოს ლოცვას და ჰქონდა სულიერი განჭვრეტის მადლი. სულიერ შვილებს ურჩევდა, სკვნილზე იესოს ლოცვა, ღვთისმშობლის კანონი - "ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ" და "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ" ჩამოელოცათ.
ღვთის დიდი რწმენისა და მოშურნეობის გამო მეუფე ღირსი გახდა დიდი წყალობისა - მისი კელია თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოიხილა. ჰქონდა მადლი წინასწარმცნობელობისა. გასული საუკუნის 50-იან წლებში საქართველოს ალექსანდრიის ეკლესიის წარმომადგენელი ეწვია. ლიტურგიის შემდეგ თბილისის ერთ-ერთ ტაძარში ურთიერთმისალმება მოხდა. შეკრებაზე იყო მეუფე ზინობიც, მაშინ - არქიმანდრიტი. უეცრად ალექსანდრიის ეკლესიის წარმომადგენელთან მივიდა და სთხოვა, გაიწიეთ და ადგილი დამითმეთო. ყველას გაუკვირდა მისი საქციელი, აღშფოთდნენ კიდეც, მაგრამ გარემოებათა გამო ალექსანდრიელი დამორჩილდა. მცირე ხნის შემდეგ უეცრად კანკელის ზედა მხრიდან ხატი ჩამოვარდა და მამა ზინობის თავში დაეცა. დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ დაზარალებულს ბარტყული გადახადა. სტუმართა აღშფოთება გაკვირვებით შეიცვალა. ყველა მიხვდა, რომ არქიმანდრიტის წყალობით დიდ უსიამოვნებას გადაურჩნენ. მეუფე ზინობი კი ბრძანებდა: ღვთის განგებამ და მფარველმა ანგელოზმა ჩემი საშუალებით დაიფარეს სიცოცხლე ალექსანდრიის ეკლესიის თავისაო.
მწუხარებას, განსაცდელს, ავადმყოფობას მეუფე, ვითარცა ღვთის ხელიდან, ისე იღებდა. სიტყვით და პირადი მაგალითით სხვებსაც ასწავლიდა, ყველაფერში ღვთის ნება დაენახათ. როცა იხსენებდა თავისი ცხოვრების განსაცდელებით სავსე დღეებს, სახეგაბრწყინვებული ამბობდა, რომ ამ დროს არასოდეს უჯავრია, მადლობდა ღმერთს და მოუკლებლად ლოცულობდა. შუაღამისას შეუდგებოდა ხოლმე ლოცვით ღვაწლს. როცა მორჩილი სთხოვდა, დაიძინეო, ეტყოდა: დაისვენე, ხელს ნუ მიშლი, მე კიდევ ბევრის გაკეთება უნდა მოვასწროო.
რბილი ხასიათი ჰქონდა, მისგან დატუქსვა არავის ახსოვს. დარიგების სახით თავის ცხოვრებიდან უყვებოდა ხოლმე ამბებს. სულის ცხოვნებისთვის მისულებს მკაცრად სთხოვდა რჩევა-დარიგებისა და კურთხევის ასრულებას: - თუ მეკითხები, მაშინ დამიჯერე, თუ არ დამიჯერებ, მაშინ რატომ მოდიხარ კურთხევისთვისო. ერთხელ, როგორც ოლღას მონასტრის მოძღვარმა, ამავე მონასტრის იღუმენიას, დედა ანგელინას არ მისცა ზიარების უფლება, რადგან ის მღვდლებს განიკითხავდა. ამან კეთილად იმოქმედა დედა ანგელინაზე, ჩააფიქრა საკუთარ ცოდვებზე. ეს ამბავი გადაბრუნებულად მიუტანეს რუსეთის პატრიარქ ალექსი
I-ს - თითქოს მეუფე ზინობის რუსული მონასტრის დახურვა სურდა და დიდხანს ძმური ლოცვითი ურთიერთობა არ ჰქონდა მამა ზინობისთან. თუმცა მოგვიანებით შეინანა და ალექსანდრე ნეველის ტაძარს, წმინდა ტრაპეზს, ვერცხლის მოოქრული ხატი შესწირა.
დიდი განსჯის უნარი ჰქონდა მეუფე ზინობის, შეეძლო გაერჩია, რაიმე საქმე იყო თუ არა ღვთის ნება, ასევე ნათლად არჩევდა ღვთის სულის მოქმედებას ბოროტის მზაკვრობისაგან. ამხილებდა ხიბლში ჩავარდნილ მღვდელ-მონაზვნებს და განუმარტავდა ბოროტი სულის მზაკვრობას.
მეუფე ზინობი ბერი იყო, უპოვარების აღთქმა ჰქონდა დადებული და ზედმიწევნით ასრულებდა. ნაჩუქარ ნივთებს და ფულს დიდხანს არ იჩერებდა და იმავე დღეს გაჭირვებულს აძლევდა. უამრავი ხალხი ეხვია გარს, მიუხედავად მათთან მრავალსაათიანი საუბრებისა, ყოველთვის მშვიდი რჩებოდა. უცნობ-ნაცნობს, შინაურს თუ გარეშეს ერთნაირ პატივს მიაგებდა. სტუმრად მისულ ძმისშვილებსაც ისე ექცეოდა, როგორც სხვა მომლოცველებს. უზარმაზარი მოთმინება ჰქონდა, ლამის მთელი დღე და ღამე ადამიანების გვერდით იყო. მეუფე ზინობი "იუდეველთა შიშისათვის", კაცთმოთნეობისთვის არაფერს იტყოდა. ყოველთვის სწამდა, რომ განსაცდელის ჟამს თავისი საყვარელი უფალი, მისი ყოვლადწმინდა დედა ქალწული მარიამი და მფარველი ანგელოზი დაიფარავდნენ. როგორც კლდე, ისე უძლებდა ხილული თუ უხილავი მტრების შემოტევებს, კაცთა ცილისწამებას, მზაკვრობას. ყველაფერს უძლებდა ღვთის მადლით. გარშემომყოფნი განცვიფრებულნი იყვნენ მისი მოთმინებითა და მიმტევებლობით.
განსაკუთრებით უყვარდა ჩვენი პატრიარქი ილია მეორე. სიკვდილის წინ მამა ვიტალის და დედა სერაფიმას უთხრა: - თქვენი მოძღვარი, უწმინდესი ილია, ჩემი შვილია, ის კარგი ადამიანიაო და მის გვერდით ყოფნა დაუბარა.
ბოლო წლებში ნაკლებად სწირავდა, ხშირად ლაპარაკობდა სიკვდილზე. ხან შეფარულად ახსენებდა, ხანაც იტყოდა, წავალ მამა ანდრონიკესთანო. მამა ანდრონიკე, უდიდესი გლინელი მამა, ბოლოს საქართველოში მოღვაწეობდა და ღრმაღელის სასაფლაოზე განისვენებს. მეუფე ზინობისაც თავისი სამარისთვის მის გვერდით ჰქონდა მონიშნული ადგილი. გარდაცვალების წინა დღეს ხილვა ჰქონდა: მის კელიაში უამრავი ბავშვი შემოვიდა და გული უდიდესი სიხარულით აუვსო (შესაძლოა, იმ ადამიანთა სულებს ნიშნავდა, რომლებიც სასუფევლისთვის სახარების მიერ შობა მეუფე ზინობიმ). გარდაცვალების დღე წინასწარ იცოდა და ახლობლებს - საქართველოში მცხოვრებ გლინელ ბერებს თავისთან დარჩენა სთხოვა. სიკვდილის წინ ეზიარა და მშვიდად წავიდა ღვთის მიმართ. იდგა 1985 წლის 8 მარტი. უწმინდესი სინოდის განკარგულებით, მიტროპოლიტ ზინობის ნეშტი ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაკრძალეს.