"მამა გაბრიელმა თავისი მანტია მომახურა..."
"მამა გაბრიელმა თავისი მანტია მომახურა..."
კაცთა მოდგმას პირველცოდვის შემდეგ ერთი მიზანი აქვს - კვლავ თავის შემოქმედთან დაბრუნება, თუმცა უფლისკენ მიმავალი გზა თითოეული ჩვენგანისთვის თავისთავადი და განსხვავებულია, ისევე, როგორც თვითონ ადამიანი განსხვავდება სხვათაგან. თავისებური იყო ეს გზა ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოს სერაფიმესათვისაც. ამის შესახებ მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე თავად მოგვითხრობს.

- მეუფე სერაფიმე, თქვენ ამჟამად ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი ბრძანდებით. რას გვეტყოდით თქვენს შესახებ?

- ეროვნებით ქართველი ვარ, ერში თამაზი მერქვა, გვარად ჯოჯუა გახლავართ. სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი წინაპრებიც სოხუმელები იყვნენ. იქ არის ჩემი ბებიისა და ბაბუის საფლავები.

დედაჩემი, ანგელინა მარგველაშვილი, წარმოშობით ქუთაისელი ქალი, ღვთის მადლით, ცოცხალია და დღესაც სოხუმში ცხოვრობს. მყავს ტყუპისცალი და, მანანა ჯოჯუა.

ჩვენი სახლი რკინიგზის სადგურის ახლოს დგას. იქ დავიბადე 1961 წელს, მირქმის დღესასწაულზე - 15 თებერვალს. ჩვეულებრივად ვიზრდებოდი, ისევე, როგორც საბჭოთა ეპოქის ყველა ბავშვი, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ერთი რამ იყო განსხვავებული - დედაჩემი ყოველთვის ძალიან თბილად და მოკრძალებით გვესაუბრებოდა ეკლესიასა და ღვთისმსახურებზე. ყველა მღვდელი ლამაზიაო, გვეუბნებოდა.

სკოლამდე მისასვლელად ლესელიძის ქუჩა უნდა გამევლო, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიაა. ზოგჯერ იქ სასულიერო პირებს ვხედავდი. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მიმაჩნდა, რომ ისინი მართლაც ლამაზები იყვნენ.

ჩემი რწმენა და ლოცვა მცირე იყო, მაგრამ მიჭირდა, ვტიროდი თუ ვიცინოდი, ძილის წინ აუცილებლად გადავიწერდი ხოლმე პირჯვარს და ვიტყოდი: "ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე..." იმ დროს, როცა ეკლესიისა და სასულიერო პირთა შესახებ ამდენ ცუდს ამბობდნენ, დედის დალოცვა და სიკეთე მიცავდა. მით უმეტეს, რომ მამაჩემი თანამდებობის პირი იყო და სრულიად ურწმუნო გახლდათ.

1984 წელს, 24 წლისამ, სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მანამდე სოხუმში დავამთავრე სამხატვრო სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ნიკოლოზ თაბუკაშვილი - ბრწყინვალე პიროვნება და შესანიშნავი მხატვარი. ჰყავდა შვილი, შვილიშვილები... ჩემთვის ცნობილია, რომ მისი შთამომავლობა ცოცხალია და მინდა, დავლოცო ეს გვარიც და ეს ოჯახიც. ვსწავლობდი და ვოცნებობდი, რომ გავხდებოდი კარგი არქიტექტორი. ეს ე.წ. "პერესტროიკის" წლები იყო და შესაძლებლობა მომეცა, უფრო ახლოს მივსულიყავი ეკლესიასთან.

ამავე წლებში გატაცებული ვიყავი დასავლეთის კულტურით, მოხიბლული ვიყავი ამერიკით. მეგონა, მართლმადიდებლობას ამ გატაცებასთან შევათავსებდი. მეგონა, ყველაფერი, რაც ამერიკიდან მოდიოდა, ბრმად უნდა მიგვეღო. ასეთ მდგომარეობას, რის მიმართაც არ უნდა იყოს იგი, ხიბლი ჰქვია. იგი ბოროტისგან ჩანერგილი ისეთი გრძნობაა, როდესაც ადამიანი რეალობის ადეკვატურ აღქმას კარგავს. სამწუხაროდ, დღეს ბევრ ახალგაზრდას ვამჩნევ ზუსტად იმ თვისებას, რაც თავის დროზე მე მქონდა. ასეთი მდგომარეობა არ არის ეკლესიისთვის სათნო და არც საზოგადოებას მოუტანს სიკეთეს.

- უფრო ღრმად როდის შემოვიდა ეკლესიური მსოფლმხედველობა თქვენში?

- თანდათან ვმწიფდებოდი შინაგანად, რომ უფრო ღრმად მიმეღო ეკლესიური მსოფლმხედველობა. 1990 წელს, როცა სამხატვრო აკადემია დავამთავრე, ეკლესიაში ინტენსიურად დავიწყე სიარული; არა ისე, როგორც ადრე ვაკეთებდი, - უბრალოდ, შევივლიდი ხოლმე აღდგომას, - არამედ უფრო გააზრებულად. ახალგაზრდას ყოველთვის აწუხებს კითხვები, რატომ, რისთვის ცხოვრობს, რა არის მისი არსებობის მიზანი. და აი, ეკლესიაში მისულმა დავინახე და ვიგრძენი იგი - ეს არის ცხონება. მანამდე ჩემთვის ეს ცნება ოდნავ გაუგებარი იყო - თან მჯეროდა და თან არა... როდესაც ადამიანი ჩასწვდება თავისი არსებობის აზრსა და მიზანს, მისი ცხოვრების წესი იცვლება.

- მონასტერში როდის წახვედით?

- 1991 წელს. წმინდა ნინოს მომლოცველობით გზაზე გავიცანი არქიმანდრიტი იობი (დღეს - მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)), რომელმაც იგრძნო ჩემი სურვილი მონასტრული ცხოვრებისა. მალე მისი მორჩილი გავხდი მარტყოფის მამათა მონასტერში. ეს მოხდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს. თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ ამ დღეს მისულა ღირსი მამა სერაფიმ საროველი საროვოს მონასტერში. ასეთი სიმბოლური დამთხვევა მოხდა.

რამდენიმე თვეში მეუფე იობმა მორჩილის კაბა ჩამაცვა და სახელად აკაკი დამარქვა.

7 თვის შემდეგ (ეს 1992 წელია) უწმიდესი ჩამობრძანდა მარტყოფში. ბაღში ვმუშაობდი, როდესაც ჭიშკარი გაიღო და პატრიარქი შემობრძანდა კვერთხით ხელში. გახარებულმა დავყარე სამუშაო იარაღები და ცემენტით დასვრილი, ძველი კაბითა და ჩექმებით მისკენ გავიქეცი. უწმიდესი გაოცებული მიყურებდა, მე კი გავექანე, მის წინ დავიჩოქე და ხელზე ვემთხვიე. მან, რა თქმა უნდა, გამიღიმა და მკითხა: შენ რომელი ხარო? აკაკი ვარ-მეთქი, ვუპასუხე. მაშინ მარტყოფის მამათა მონასტრის იღუმენი უკვე მამა იოსები (ამჟამად - შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი იოსები (კიკვაძე)) ბრძანდებოდა. რამდენიმე დღეში უწმიდესმა საპატრიარქოში ჩამომიყვანა და ჩემი სულიერი ხელმძღვანელობა მიტროპოლიტ დანიელს (დათუაშვილს) ჩააბარა.

სულ მალე მეუფე დანიელის თხოვნით ჯავახეთში ფოკის მამათა მონასტრის წინამძღვრად განმაწესეს, სადაც სამი წელი დავყავი.

გზად სამთავროში შევიარეთ. ამ დროს გამოვიდა მამა გაბრიელი, ცნობილი თავისი სალოსობით. ვუთხარი - მამა გაბრიელ, სერაფიმე დამარქვეს-მეთქი (ეს გამონაკლისი იყო - წინასწარ, აღკვეცამდე, არავის ეუბნებიან, რას დაარქმევენ, ჩემს შემთხვევაში კი რატომღაც ისე მოხდა, რომ მეუფე დანიელმა პირდაპირ ჰკითხა უწმიდესს, რა დაერქმია ჩემთვის. მე ოდნავ მოშორებით ვიდექი; უწმიდესს გაუგია, რომ ღირსი სერაფიმ საროველი ძალიან მიყვარდა და თქვა, სერაფიმე დაარქვითო). მამა გაბრიელმა ოდნავ გამიღიმა, მერე ისევ გაიმკაცრა სახე, სერაფიმ საროველის ხატი მაჩუქა და შეინახე, გაუფრთხილდიო, - მითხრა. კიდევ ერთი სასწაული მოხდა - მანტია არ მქონდა; დედა ქეთევანი ეძებდა, მაგრამ ვერსად ნახა. მაშინ მამა გაბრიელმა სენაკიდან თავისი მანტია გამოიტანა და მომახურა. სწორედ მამა გაბრიელის მანტიით მე, ცოდვილი აკაკი, 1992 წელს, მარიამობა დღეს - 28 აგვისტოს, ვარძიის ღვთისმშობლის დღესასწაულზე, ვარძიაში მეუფე დანიელმა ბერად აღმკვეცა.

იმ დღიდან ფოკის მონასტრის წინამძღვრად დამადგინეს. სულ მალე დიაკვნად დამასხეს ხელი, მერე - მღვდელმონაზვნად და იღუმენია ელისაბედთან ერთად (იგი დღემდე ფოკის დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლავთ) გავიარე პირველი და ყველაზე მძიმე წლები; ეს ის დრო იყო, როდესაც აფხაზეთში ომი მძვინვარებდა. ძალიან გვიჭირდა. გვახსოვს ისეთი ზამთარიც, როდესაც შეუძლებელი იყო მანქანის ამოსვლა, პროდუქტების ამოტანა, კავშირი თბილისთან... ისეთი გრძნობა გვქონდა, თითქოს უდაბნოში ვცხოვრობდით და ასეც იყო... მოგეხსენებათ, ჯავახეთი საქართველოს ციმბირია: 2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ფარავნის ტბა, გაშლილი ველები, 3 000 მეტრი სიმაღლის მთა აბული, საშინელი ქარი და ყინული. მოკლედ, ნამდვილი ანტარქტიდა. ამ მონასტერში მოღვაწეობა რთული იყო, მაგრამ, ამავდროულად, პირადად ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ, რომ უფალმა ასეთ მონასტერში მოღვაწეობა მარგუნა.

1994 წელს უწმიდესი ჩამობრძანდა ფოკაში (იმხანად იგი თითქმის ყოველ წელიწადს ჩამოდიოდა) და იღუმენის ხარისხში ამიყვანა, 1995 წელს კი, სინოდის დადგენილებით, მეუფე იოსებს (კიკვაძე), მეუფე ისაიასა (ჭანტურია) და მე მღვდელმთავრებად დაგვასხეს ხელი. მეუფე ისაია დღემდე ცხინვალისა და ნიქოზის მღვდელმთავარია, მეუფე იოსები - შემოქმედელი, გურიის, მე კი ბორჯომისა და ახალქალაქის ეპისკოპოსი გავხდი. ჩემი ხელდასხმა დიდ ხუთშაბათს, სვეტიცხოველში მირონის კურთხევის დღეს დაემთხვა. ეს გახლდათ 1995 წლის 20 აპრილი, ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღე.

ასე ვმოღვაწეობდი და ვშრომობდი ბორჯომსა და ჯავახეთში, ბოლო ორი წელიწადია კი, რაც ეპარქია გაიყო, ვარ ბორჯომსა და ბაკურიანში. ასე ხდება ღვთისაგან და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ამ პასუხისმგებლობის ბოლომდე ტვირთვას ღვთის წყალობითა და ჩვენი მრევლის დახმარებით.

- რას ურჩევდით მომავალ სასულიერო პირებს?

- საზოგადოდ, ვისაც სასულიერო განათლების მიღება სურს და განზრახული აქვს, თავისი მომავალი ეკლესიას დაუკავშიროს, უნდა იცოდეს, რომ ეკლესიური აზროვნება უფრო მშვიდია. ყველა ახალგაზრდას, მით უფრო - სემინარიის სტუდენტს, რომელიც შფოთავს, განიკითხავს, თითქოს ებრძვის უსამართლობას, მინდა ვუთხრა, რომ ცდება; ეკლესიას აქვს კანონები, რომელთა დარღვევა არ შეიძლება. თუ მათ დაარღვევ, თუ ამ სამყაროში საერო აზროვნებასა და მოქმედებას შემოიტან, ის დაინგრევა. მინდა, ვკითხო ასეთ ახალგაზრდებს: როგორ ფიქრობთ, ამ 25, 30 და 40 წლის მანძილზე, როცა თვითონ სემინარიის სტუდენტი ან მღვდელმთავარი იყო, ჩვენს პატრიარქს არ ჰქონდა მიზეზი, რომ ემხილებინა ვინმე? ნუთუ ვერავითარ შეცდომას ან უძლურებას ვერ ხედავდა? მაშ, რატომ არ აკეთებდა ამას? იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი მეთოდი, თავისი წამალი სჭირდება. ის, რაც არაეკლესიურია, საერო და შფოთიანი, იწვევს იმას, რაც რუსეთის სოციალისტური რევოლუციის დროს, 1905 წელს, მოხდა. ჩვენმა ახალგაზრდებმა, ალბათ, არ იციან, რომ იმხანად იყო ერთი რევოლუციონერი მღვდელი, რომელმაც სისხლიან 9 იანვარს ხალხი მეფის საწინააღმდეგოდ გამოიყვანა. იმ დროს რუსეთში ცხოვრობდნენ წმინდა მამები, მათ შორის - იოანე კრონშტადტელიც, რომლებიც ამ ყველაფერს სულ სხვაგვარად უდგებოდნენ. ერთ ინტერვიუში მე ვთქვი: ჩვენ გვავიწყდება და უნდა ვიცოდეთ კი, რომ როცა რამის გამოსწორება გვინდა, ეკლესიაში იქნება ეს თუ საზოგადოებაში, ოჯახსა თუ სამსახურში, უნდა გვახსოვდეს - მხილება და განკითხვა ერთი და იგივე არ არის. როცა სასულიერო პირი თუ სემინარიის სტუდენტი ხმამაღლა, აგრესიულად გამოთქვამს თავის აზრს, ეს არ არის მართებული, ვინაიდან ეკლესიას აქვს თავისი ფორმა, თავისი კულტურა; ეკლესია იერარქიაა, სადაც არსებობს მორჩილება; ყოველივეს ერთად კი ხელმძღვანელობს წმინდა სინოდი. ეს იერარქია არ არის მოგონილი, ის ღვთისაგან დადგენილია, ზეციური სამყაროს, ღვთის განგების გამეორებაა ამქვეყნად. ამიტომ ახალგაზრდებმა, რომლებიც დრტვინავენ და განიკითხავენ, უნდა იცოდნენ, რომ ყველაფრისთვის აგებენ პასუხს. ბიბლიაში, სოლომონის სიბრძნეში წერია: შვილო, რაც გინდა, ის აკეთე, ილხინე, ატარე დრო, გაიხაროს სულმან შენმან, მაგრამ იცოდე, ბოლოს პასუხს უფალთან აგებო. ასეა, სანამ რამეს დავაპირებთ, უნდა დავფიქრდეთ, რას და როგორ ვამბობთ. იმიტომ, რომ ის, რაც შეიძლება ერში, ჩვეულებრივ საზოგადოებაში, ფეხბურთის სტადიონზე, ის არ შეიძლება ეკლესიის წიაღში.

დალოცვილი გამყოფოთ; ღმერთმა დაიფაროს ჩვენი მარგალიტი, ჩვენი კუთხე - აფხაზეთი. ცოტა ხნის წინ შევხვდი ერთ ჩემთვის პატივსაცემ ადამიანს, ფეხბურთის ცნობილ მსაჯს, ბატონ ანატოლი მილჩენკოს. ეს პიროვნება წარმოშობით ბორჯომიდანაა, მაგრამ სოხუმშია გაზრდილი, თავს სოხუმელად მიიჩნევს. ამ შეხვედრის დროს მან სწორედ ის ბრძანა, რაც ჩემს გულში მუდამ ხმიანობს: ნუთუ ღმერთი ისე წამიყვანს ამქვეყნიდან, რომ ცოლისა და ჩემიანების საფლავები არ მოვინახულო სოხუმშიო? ჩემი ოცნებაც ესაა: ისე არ წამიყვანოს უფალმა, რომ მამაჩემის, ბებიაჩემის, ბიძაჩემისა და ჩემი წინაპრების საფლავები ვერ მოვინახულო და იქ ვერ ვილოცო. მჯერა, რომ აუცილებლად დავბრუნდებით, მაგრამ როდის, ეს უკვე ჩვენს საქციელსა და ღვთის ნებაზეა დამოკიდებული.

- ღმერთმა გისმინოთ და საქართველო გამთლიანებული და გახარებული გვენახოს...

- გაიხარეთ; კიდევ ერთხელ მინდა დაგლოცოთ, და მოვუწოდო ყველას, უფრო სულიერად ვიცხოვროთ.
დალოცვილები იყავით.

ესაუბრა
ხათუნა რაქვიაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat