მამა ზაქარია ფერაძე:
- საქართველოში სამშობლოს მონატრების გამო ჩამოვედი. მიხარია, რომ ეს ვიზიტი დაემთხვა მეუფე დიმიტრის აღსაყდრების მე-10 წლისთავს. მე რომ კვიპროსზე ვარ, ეს მისი უშუალო დამსახურებაა. მეუფის იდეა იყო, რომ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლობა გახსნილიყო კვიპროსზე. 1990 წელს იგი ბრძანდებოდა კუნძულზე და მოუნახულებია ქართველების გარეშე დარჩენილი უძველესი ღალიას ტაძრის ნანგრევები. როცა ჩამოვიდა, შთაბეჭდილებები გაგვიზიარა სტუდენტებს. მაშინ თბილისის სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი. მეუფე ახალი მოსული იყო პედაგოგად სემინარიაში. იქიდან ჩამებეჭდა ცნობიერებაში ღალიის შესახებ ინტერესი, რაც არაერთხელ მითქვამს მეუფისთვის. მოგვიანებით, მეორედ რომ მოინახულა კვიპროსი, დამიბარა და მითხრა, გადავწყვიტეთ, საპატრიარქოს წარმომადგენლად გაგაგზავნოთ კვიპროსზეო. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტი იყო.
- აჭარაში ყოფნის დროს მრევლისგან მსმენია, რომ მეუფე ძალიან აქტიური საზოგადო მოღვაწეც არის.
- ძალიან ბევრი რამ შემიძლია გავიხსენო მეუფეზე. მართლაც, ის არის არა მარტო ძლიერი სასულიერო პირი, დიდი საზოგადო მოღვაწეც. თბილისის სასულიერო სემინარიის გარდა, ის ასწავლიდა გელათის აკადემიაში და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაშიც, ყველგან კარგი წვლილის შეტანას ცდილობდა. როდესაც იგი განამწესეს ბათუმში, ბათუმი-სხალთის (მაშინდელი ბათუმი-შემოქმედის) ეპარქიაში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო. ამ უზარმაზარი ქვეყნის ტერიტორიაზე მან პირველი სასულიერო გიმნაზია გახსნა, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე განავითარა. ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულები თავისუფლად ეწყობოდნენ ნებისმიერ სასულიერო უმაღლეს სასწავლებელში, და არამარტო საქართველოში. მეუფემ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში შექმნა მოხუცებულთა პირველი სახლი. დაუვიწყარია ჩემთვის მოხუცებულებთან მეუფის დამოკიდებულება. ყველა ადამიანის სახელი იცის, გულში იკრავს და ეფერება მათ. მოგვიანებით საბავშვო ბაღი გახსნა. მერე ბავშვთა სახლიც მიამატა ამ ყველაფერს. ახლა კიდევ სმენადაქვეითებულ ბავშვთა სახლიც აქვს. მრავალი ეკლესია-მონასტერი ამოქმედდა აჭარაში მისი ძალისხმევით. მთელი სულით და გულით მინდა მივულოცო მას ეპისკოპოსად კურთხევის საიუბილეო თარიღი. მეუფემ პირადად ჩემი და უამრავი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
მღვდლად მეუფესთან ვეკურთხე აჭარაში. არ დამავიწყდება მისი თანადგომა, მამობრივი მზრუნველობა. პირველი სამოსი, სამირონე ყუთი, საცეცხლური და სასულიერო პირისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი სწორედ მან მომცა, პირველი ფულადი დახამარებაც კი... ის სულ გვერდით მედგა, მაშინაც კი, როდესაც ფიზიკურად მის გვერდით არ ვიყავი. სასულიერო სემინარიისა და გიმნაზიის რექტორობის დროს მიმიწვია მასწავლებლადაც. შემდეგ სემინარიის რექტორად დამნიშნა. მის შესახებ იმდენი რამის გახსენება შეიძლება, რომ ალბათ მთელი ჟურნალიც ვერ დაიტევს.
- აჭარა, ისტორიული ფაქტორებიდან გამომდინარე, რთული რეგიონია. ალბათ უამრავი აჭარელის გაქრისტიანება მეუფე დიმიტრისგან გაცემული დიდი სიყვარულის დამსახურებაცაა.
- მართლაც ურთულესი რეგიონია აჭარა, მაგრამ მეუფეს ადამიანებთან ურთიერთობის, კონტაქტის იოლად დამყარების საოცარი უნარი გააჩნია, ამიტომაც იგი ყველას ძალიან უყვარდა და უყვარს, თანაც იმდენად უყვარდათ, რომ მისი სიყვარულის გამო აჭარაში ყველა სასულიერო პირს მამა დავითს ეძახდნენ (მეუფეს ეპისკოპოსად კურთხევამდე დავითი ერქვა). მეუფემ მისი ხასიათის წყალობით იოლად დაიკავშირა და შეკრა ბათუმის ინტელიგენცია, რომელთა თანადგომით დავიბრუნეთ ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი.
ესაუბრა
ეკა ლომიძე
ეკა ლომიძე