ვისაც ეპისკოპოსებთან სულიერ თუ პირად საკითხებზე უსაუბრია, დამეთანხმება, თუ რა დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს თითოეული მათგანის ნათქვამს
- სიტყვას, რომლის მნიშვნელობასაც შეიძლება იმ მომენტში ვერ აცნობიერებ, მაგრამ რაც დრო გადის, ძვირფასი ხდება და ცდილობ, იცხოვრო ისე, როგორც მათ კეთილი ნებით შენთვის სურთ.
თითქმის ერთი წელი "კარიბჭე" რუბრიკით "ეპარქია" მკითხველს მღვდელმთავრებთან ინტერვიუს სთავაზობდა, რისი წყალობითაც თითქმის ყველა მეუფეს პირადად შევხვდი და ყველა ეპარქია მოვილოცე. ჩვენს პატრიარქს მართლაც ღირსეული, მადლიანი, მებრძოლი მღვდელმთავრები უდგანან გვერდით. თითოეულ მათგანთან სიახლოვე სულიერად მზრდიდა, მათი ლოცვა-კურთხევა მუდამ თან დამყვება.
რა დიდია უფლის ძალა, როგორ გამოარჩევს ხოლმე განსაკუთრებული თვისებების მქონე ადამიანს და მას მღვდელმთავრად განაწესებს!
"ვინც დღეს ეპისკოპოსია და მართალთა ცხოვრებით ცხოვრობს, ჭეშმარიტად ჯვარცმულია. ეპისკოპოსობა დღეს განსაკუთრებულად რთული იმიტომაცაა, რომ ყველა ეშმაკი ამოსულია ჯოჯოხეთიდან დედამიწაზე. პირველად ეპისკოპოსს ებრძვიან, ცდილობენ, მოატყუონ, აცდუნონ, აზრი შეუცვალონ, მართლმადიდებლობისადმი დამოკიდებულება გაუციონ. ეს უზარმაზარი ზეწოლაა. მადლობა ღმერთს, ამის შეგნება რომ მომცა", - ბრძანებს "კარიბჭის" ერთ-ერთ ინტერვიუში ქუთაის-გაენათის მღვდელმთავარი მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილი). ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) აღნიშნა, რომ მღვდელმთავარი მოციქულის საქმის გამგრძელებელია, კურთხევის შემდეგ მოციქულებრივი მადლი ეძლევა. მღვდელმთავარს უფლება აქვს, გაათავისუფლოს ადამიანის სული ბოროტი ძალების ზემოქმედებისაგან. ამხელა ძალა მისცა უფალმა თავისი ლოცვა-კურთხევით და თქვა: "მიიღეთ სული წმინდა, ვისაც შეკრავს, კრული იყოს, ვისაც გახსნის, გაიხსნასო". უფლისაგან მიცემული მღვდელმთავარს უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს. ყოველივე პატივი, რომელიც მღვდელმთავარს მიეგება, ქრისტესადმია მიგებული და უნდა შევძლოთ ამ პატივის ღირსეულად და კრძალვით მიღება.
არიან ადამიანები, ვინც მღვდელმთავრებს განიკითხავენ ხოლმე. "როგორც განიკითხო, ისე განიკითხებიო", - ამბობს უფალი. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაც მაღალია იერარქი, მით მეტად მოეკითხება განმკითხველს, რადგან იერარქს მეტი დამცველი ჰყავს ანგელოზების სახით, უფალი თავის დადგენილს მეტად იცავს. მღვდელმთავრები ეპარქიაში თავიანთ გაკეთებულ საქმეებზე საჯაროდ არ საუბრობენ - ეს თავად მრევლმა უნდა შეაფასოსო. მაგრამ ფაქტია, რომ იმ ეპარქიაში, სადაც უწმინდესისა და სინოდის განჩინებით მღვდელმთავარი დადგინდა, სასულიერო ცხოვრება წინ მიდის. მრევლი ეკლესიას დაუბრუნდა, მათში ღვთის სიყვარულმა დაისადგურა.
ამჯერად მხოლოდ რამდენიმე მღვდელმთავართან შევძელით დაკავშირება და მათ ნაამბობს ვთავაზობთ "კარიბჭის" მკითხველს. მღვდელმთავრები თავიანთი მღვდელმთავრობის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს გულღიად გვთავაზობენ.
მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი): - ეპისკოპოსად კურთხევამდე 6 წლით ადრე იდგა სინოდზე ჩემი მღვდელმთავრად კურთხევის საკითხი. ძალიან შეშინებული ვიყავი, თითქოს სულიერად მოუმზადებელიც და უფალს ვთხოვე, თუ მისი ნება იქნებოდა, აეცილებინა ჩემთვის ეს ტვირთი. ასეც მოხდა. სინოდმა ამ საკითხის გადადება გადაწყვიტა. ვიფიქრე, საერთოდ აღარ მოინდომებენ ჩემს მღვდელმთავრად კურთხევას-მეთქი. მაშინ საფარის მონასტრის წინამძღვარი გახლდით. მერე კვლავ დადგა ჩემი საკითხი. ღვთის ნების ურჩობა არ მინდოდა და შინაგანად მოვემზადე. ეპისკოპოსად კურთხევის დროს თითქოს სადღაც დავიკარგე, არაფერი აღარ მახსოვს. მერე უცებ აღმოვაჩინე, რომ სხვაგან ვარ, სხვა მომეთხოვება და შიშმა შემიპყრო. ეს გრძნობა დღესაც მაქვს. ვცდილობ, ღვთისაგან ბოძებული პატივი, ძალა და კურთხევა სწორად გამოვიყენო, პიროვნულად არ დავარღვიო ისეთი რამ, რაც ვინმეს დააბრკოლებს.
ეპისკოპოსად კურთხევიდან უკვე ოთხი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ღვთის ნებით ეპარქიაში ბევრი რამ სასიკეთო გაკეთდა.
ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ძალიან მინდოდა წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელის წინ წამოწევა. ვეცადე კიდევაც ამის გაკეთებას. უფალმა მარგუნა, მისი გადასახლების ადგილთან დაკავშირებით გარკვეული ცნობები მომეპოვებინა. შეიძლება ითქვას, რომ მისი გადასახლების ადგილიც ვნახეთ. მოხერხდა სხიმარისის მოძებნა - სკიმერის სახით, რომელიც ქვემო სვანეთში, აილამას მთის მახლობლადაა. წმინდა მაქსიმე აღმსარებლის დაკრძალვის ადგილას, ლეჩხუმში, მისივე სახელობის მონასტერი აშენდა. გვყავს ბერები, სოფელ ლასურიაშში ორი მონასტერი დავაარსეთ. ადრე სასულიერო პირების ნაკლებობას განვიცდიდით, ახლა ცოტა მოვმრავლდით. ღვთის წყალობით, ჩვენს ეპარქიაში შენდება ტაძრები, მრავლდება მრევლი. უფლის ნებით ხდება ყველაფერი.
როდესაც წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელის წინ წამოწევა დავიწყეთ, მაშინ დაიწყო წმინდა მაქსიმეს ხატიდან მირონის დენა. შემდეგ საკათედრო ტაძრის კანკელზე დაბრძანებულ ყველა ხატს გადაედო მირონი. სამი წელი გავიდა. მირონდენა ზოგჯერ ჩერდება, მერე ისევ გრძელდება. ესეც ღვთის ნებით ხდება.
ღმერთმა დაგლოცოთ!
მიტროპოლიტი ანანია მთავარეპისკოპოსი იოსები
მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე): - 1981 წელს ახალნაკურთხი მღვდელმთავარი ვიყავი. კარგად მახსოვს უწმინდესის ჩამობრძანება სამცხე-ჯავახეთის ეპარქიაში. მაშინ ეს უდიდესი მოვლენა გახლდათ, რადგან ეს მხარე მოწყვეტილი იყო დანარჩენ საქართველოს. იქ იდგა შლაგბაუმი, იდგნენ მესაზღვრეები და არ უშვებდნენ მოსახლეობას. ამის გამო იქ ყველა ქართული ეკლესია დახურული იყო, მხოლოდ სომხური, კათოლიკური ეკლესიები და სინაგოგა ფუნქციონირებდა. ქართული მოსახლეობა ამის გამო ან ხაშურში ნათლავდა ბავშვებს, ან თბილისში, ანდა სომხურ ეკლესიაში.
პირველად ახალციხის რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია გავხსენით. მისი უწმინდესობის ჩამობრძანება უდიდესი ზეიმი და დღესასწაული გახლდათ. მთელ მესხეთ-ჯავახეთში შევიდა უწმინდესის მადლი. ოთხასი წლის მერე პირველად დაადგა ფეხი ამ მიწას საქართველოს პატრიარქმა. ახლა, ღვთის მადლით, იქ არაერთი ეკლესია-მონასტერი მოქმედებს.
შემოქმედის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი იოსები (კიკვაძე): - როცა უწმინდესი ეპისკოპოსად აკურთხეს, შემოქმედის ეპარქია ჩააბარეს. კომუნისტები წირვის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ. უწმინდესის კურთხევით მოხდა ეპარქიის გაყოფა. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო, რომელიც გურიაში 1995 წელს მოხდა. აღდგომის ლიტურგიაზე, ღამის 12 საათზე უჩვეულო წვიმა წამოვიდა. მარტო ტაძრის გალავანში წვიმდა და გათენებამდე ეკლესია მთელ ცაზე იყო დახატული. ეს დაინახეს ოზურგეთში, ჩოხატაურში. ეს დიდი სასწაული მაშინ მოხდა, როცა უწმინდესისა და სინოდის დადგენილებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქია გაიყო და შემოქმედი ცალკე ეპარქია გახდა. გურიის მოსახლეობას ღმერთმა დაანახა, რომ ეკლესიაში უნდა მოვიდნენ და ღვთისკენ მოიქცნენ. ვინც იმ აღდგომის ღამეს ტაძარში მივიდა, ყველამ იხილა სასწაული - ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე ცაზე შემოქმედის საკათედრო ტაძარი იყო გამოსახული. ეს განმეორდა ერთი თვის შემდეგ ერთ-ერთ დღესასწაულზე. მთელი გურია ხედავდა ამ სასწაულს.
ეპარქიის გახსნის შემდეგ უამრავი ტაძარი აშენდა. 60-მდე მოქმედი ეკლესიაა, რომელთაც თავისი მრევლი ჰყავს.
საერთოდ, როცა პატრიარქი ადამიანს აკურთხებს, მისი ყველა კურთხევა სასწაულია.
ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა):
- მეუფეო, მღვდელმთავრის ლოცვა სხვა სასულიერო პირთა ლოცვისგან გამორჩეულია?
- მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მეუფე სერგიმ მიამბო ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს გაგებული ამბავი. ერთ რუს ეპისკოპოსს თურმე ვიღაც კაცმა აწყენინა. ეს სხვა ორმა რუსმა ეპისკოპოსმაც გაიგო და გადაწყვიტეს ამ ადამიანის დასჯა. სამმა ეპისკოპოსმა მას ჯვარი გადასახა და იმ ქალაქში მაშინვე მიწა იძრა. ეს მაჩვენებელია იმისა, თუ როგორი საშიშია და დიდი ძალა აქვს მღვდელმთავრის ლოცვას და კურთხევას.
შეიძლება არაეკლესიური ადამიანისთვის ამის სწორად გაგება უცხოც იყოს, მაგრამ როცა ამ სამყაროში ცხოვრობ და კითხულობ წმინდა მამების სასწაულებს, ეს უკვე აღარ გიკვირს.
- მეუფე სერაფიმე, ეპისკოპოსობის დროს მომხდარი რაიმე მნიშვნელოვანი ამბავი თუ გახსენდებათ?
- ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ბასილი ჩემი ლოცვა-კურთხევით ლოგინად ჩავარდნილ სნეულებს აზიარებს. ერთ სოფელში 70 წელს გადაცილებული მომაკვდავი მამაკაცის საზიარებლად მივიდა. ოჯახის წევრები უკვე შეგუებულები იყვნენ მის გარდაცვალებას. მამა ბასილმა მაინც აზიარა ავადმყოფი, რომელიც მხოლოდ თვალის დახუჭვა-გახელით ანიშნებდა, რომ ჯერ კიდევ ესმოდა. მეორე დღეს იკითხა მოძღვარმა მისი მდგომარეობა. უთხრეს, ცოცხალია და მუშაობაც დაიწყოო. მას მერე ზუსტად სამი წელი გავიდა. ეს ადამიანი ჯანსაღადაა და ღმერთს ადიდებს.
ასეთი შემთხვევა კიდევ იყო: მომაკვდავი მამაკაცი ზიარების შემდეგ გამოკეთდა. ცოტა ხანში მეუღლე გარდაეცვალა, თვითონ კი დღესაც სრულიად ჯანმრთელია.
- როგორი დამოკიდებულება აქვს მრევლს მღვდელმთავრის მიმართ?
- მათ შორის მამაშვილური ურთიერთობაა. ყველა მრევლი ბავშვივითაა. მას ყოველთვის სჭირდება მღვდელმთავრის, მოძღვრის სულერი დარიგება, მოფერება, ზრუნვა.
მორწმუნეს ძალიან უხარია ეკლესიის, მონასტრის მშენებლობა. ცდილობს, სულიერი და მატერიალური სიმდიდრე შესწიროს მათ. რაც მეტია მრევლი და მსურველი სასულიერო პირობისა, მით ძლიერდება ლოცვა და ერი. სოფელში, სადაც დაფუძნებულია ეკლესია და წირვა-ლოცვა აღევლინება, ჩვენი დაკვირვებით, ნაკლებია უბედური შემთხვევები, თითქმის არ არის თვითმკვლელობები, რაც ბოლო ჟამს ძალიან გავრცელდა...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი