"უწმინდესო და უნეტარესო, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ქრისტესმოყვარე ძმანო.
ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო წუთებში ვგრძნობ რა ჩემს უძლურებასა და უღირსებას, ერთდროულად მიპყრობს შიშისა და სიხარულის გრძნობა, შიშისა იმ დიდი პასუხისმგებლობის გამო, რომელიც მღვდელმთავარს გააჩნია მრევლისა და ეკლესიის წინაშე. შიშს კიდევ უფრო აღრმავებს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სიტყვები: "აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისა მეშინის", მაგრამ უფრო მაშინებს ურჩობა დედაეკლესიის უმაღლეს იერარქთა, რომელთაც ჩემი უღირსება გამოარჩიეს ამ უდიდესი, ჩემს ძალებს აღმატებული მსახურებისათვის, რამეთუ ღმრთის ურჩობისათვის უტყვ იქმნა ზაქარია მღვდელი. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხედავ ჩემს დამსახურებას, მახარებს ის დიდი ნდობა, რომელიც გამომიცხადა წმინდა სინოდმა. თავს ვიმშვიდებ უფლის სიტყვებით, რომ უძლურებისას გამოჩნდება მისი ძალი და შეწევნა. ვსასოებ უფლის წყალობასა და თქვენს წმინდა ლოცვებს, უწმინდესო მეუფეო, რადგან ვერ ვხედავ ჩემში იმ ძალას, რაც შემაძლებინებს ღირსეულად ვატარო ეს მძიმე ჯვარი. განსაკუთრებით იმედს მაძლევს დიდი სიყვარული და ბრძნული რჩევა-დარიგებები ჩემი მოძღვრისა, რომელიც განსაცდელის დროს ყოველთვის გვერდით მედგა და მამხნევებდა. მეიმედება ლოცვა და თანადგომა ჭულევის მონასტრის ძმობისა და მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლის.
მიუხედავად მღვდელმთავრის ჯვრის სიმძიმისა და დიდი პასუხისმგებლობისა, შვებას მგვრის ის ფაქტი, რომ მოღვაწეობა მომიწევს ჩემს მშობლიურ მხარეში, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში, სადაც დავიბადე და დავიწყე ეკლესიური ცხოვრება, სადაც ცხოვრობდნენ ჩემი მშობლები. ზემო იმერეთის მკვიდრნი განსაკუთრებულად ალალი, მშრომელი და მადლიერი ადამიანები არიან და თუ ვინმეს მათდამი კეთილგონიერება შეამჩნიეს, სიცოცხლის ბოლომდე უერთგულებენ. შევეცდები, ვიპოვო უმოკლესი გზა მათი გულებისკენ. მათი სიხარული იქცეს ჩემს სიხარულად და მათი ტკივილი გავიზიარო. უფლის წყალობითა და ამ ადამიანების დახმარებით შევეცდები კიდევ უფრო ავაღორძინოთ ეპარქიაში მონასტრული ცხოვრება და ზოგადად, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ცხოვრების წესი.
უწმინდესო, თქვენი დაუღალავი შრომის, მოუკლებელი ლოცვის და უანგარო სიყვარულის შედეგად, ქართველი ერის უდიდესი ნაწილი დაუბრუნდა ჭეშმარიტ რწმენას, გაიზარდა სასულიერო პირთა რიცხვი, გამრავლდა და შეიმკო ეკლესია-მონასტრები და ვიქნები უზომოდ ბედნიერი, თუ შევძლებ, ოდნავ მაინც დაგეხმაროთ ამ მამულიშვილურ საქმეში, რათა ყველა ქართველი და ყველა მკვიდრი ღვთივკურთხეული ივერიისა, ერთითა გულითა და ერთითა პირითა ვაქებდეთ ყოვლადწმინდა სამებას.
ვითხოვ შენდობას, შემწეობასა და თქვენს წმიდა ლოცვებს, თქვენო უწმინდესობავ, წმიდანო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო!
მადლობა და დიდება შემოქმედს "ყოველივესთვის, რომელი ესე მომაგო მე".
მადლობას გიხდით ყველას თქვენი თანადგომისა და სიყვარულისთვის.
სასულიერო, ბერული ცხოვრების დასაწყისი
სასულიერო ცხოვრება 1992 წლიდან დავიწყე პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში. მადლობელი ვარ მამა არჩილ მინდიაშვილის, რომელმაც პირველმა მაზიარა უფლის სისხლსა და ხორცს და დამაყენა ღვთის გზაზე. მისი რჩევა-დარიგებები სულიერი ცხოვრების საგზლად მექცა. რადგან წარმოშობით ხარაგაულიდან ვარ, მამა არჩილის რჩევით მივედი მამა ზაქარია ფერაძესთან, რომელიც იმ დროს ხარაგაულში მსახურობდა. ასე აღმოვჩნდი მის მრევლში. აქედან დავიწყე ქრისტიანული ცხოვრება. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი. სასულიერო სემინარიიდან დავუახლოვდი საფარის მონასტრის წევრებს და გამიჩნდა მონასტრული ცხოვრების სურვილი. 1993 წლიდან, მოძღვრის კურთხევით, წავედი საფარის მამათა მონასტერში. როგორც მონასტრის წევრი, ისე მიმიღეს. 1995 წელს ბერად აღვიკვეცე. მეუფე სერგიმ დიაკვნად დამასხა ხელი. მას შემდეგ, რაც მეუფე თეოდორე (ჭუაძე) ბოდბის ეპისკოპოსი გახდა, მასთან ერთად საფარიდან მეც გადავედი ბოდბის ეპარქიაში. თავიდან წმინდა ნინოს მონასტრის მღვდელმსახური ვიყავი, შემდეგ საკათედრო ტაძრის წინამძღვარი. როდესაც მეუფე თეოდორე კვლავ დაბრუნდა ახალციხის ეპარქიაში, მეც მასთან ერთად წავედი. ჯერ გამამწესეს ადიგენის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამლოცველო სახლში. 1999 წლიდან სამი წელი აბასთუმნის დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდით. 2002 წლიდან, ეპისკოპოსად კურთხევამდე, ჭულევის მამათა მონასტრის წინამძღვრად ვმსახურობდი. წმინდა სინოდის 11 ოქტომბრის განჩინებით, უბისისა და მარგვეთის ეპარქიის ეპისკოპოსად გამომარჩიეს.ბერული ღვაწლი და ეპისკოპოსის ტვირთი
როდესაც პირველად ვნახე მონასტრული და ბერული ცხოვრება, სურვილი გამიჩნდა ბერული მოღვაწეობისა. ასე უფრო მოვახდენდი ჩემი შესაძლებლობების რეალიზებას. ჩემს ადგილს იქ უფრო მივიჩნევდი, უფრო მშვიდად ვიყავი. მონასტრული ცხოვრება ნელ-ნელა ასე დავიწყე. რაც უფრო სიღრმისეულად ვიხედებოდი სარწმუნოებაში, უფრო დიდი სიყვარული მიჩნდებოდა უფლისა და ღვთისმსახურებისა. ეპისკოპოსის ღვაწლი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთია, მაგრამ უფალი ბრძანებს, ჩემი ტვირთი და ჩემი უღელი არის მსუბუქი და მეც ეს ნდობა წმინდა სინოდის წევრებისა, უწმინდესისა, მივიღე, როგორც უფლის მორჩილება და დავემორჩილე მათ ნება-სურვილს და მათ გადაწყვეტილებას. საპასუხისმგებლოა მღვდელმთავრის ჯვარი, მაგრამ მე ვთვლი, რომ უფრო საშიშია ეკლესიის უმაღლეს იერარქთა ურჩობა. მათი დახმარებით, უწმინდესის ლოცვით, ჩემი მოძღვრის რჩევა-დარიგებითა და გვერდით დგომით, უფალი შემაძლებინებს, ვატარო ეს მძიმე ჯვარი, ეპისკოპოსის ჯვარი, აღვასრულო ის მოვალეობა, რაც მღვდელმთავარს ევალება საკუთარი მრევლის, ერისა და ქვეყნის წინაშე.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ბოლომდე ვერ გამიაზრებია ეს პასუხისმგებლობა, თუმცაღა, ვცდილობ, ნელ-ნელა ჩავწვდე და გავიაზრო რა ხდება ჩემს თავს. ამ ეტაპზე ცოტა ძნელია. აქამდე მონასტრის მშვიდ ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული, მონასტრის საძმოში, სიმშვიდეში ვპოულობდი ყველა პრობლემის გადაჭრის გზას. ახლა უკვე მშფოთვარე ცხოვრებასთან ახლოს მომიწევს ყოფნა. მონასტრული ცხოვრების შემდეგ, რა თქმა უნდა, ცოტა რთულია. ახლა უკვე მთელ ეპარქიაზე ვარ პასუხისმგებელი. უზარმაზარი ეპარქიაა თავისი ეკლესია-მონასტრებით, მრევლით. რაც მთავარია, გულანთებული და ჭეშმარიტი ქრისტიანებით შემოკრებილი.
- უპირველესად, რას უნდა მიაქციოს ახალნაკურთხმა მღვდელმთავარმა თავის ეპარქიაში ყურადღება?
- უნდა შევეცადოთ, სასულიერო პირები ახლოს მივიდეთ ადამიანებთან, მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს მოსახლეობასთან. გავიზიაროთ თითოეულის საწუხარი. თუ ამას შეძლებს მღდელმთავარი და სასულიერო პირი, გამრავლდება მრველი. მრევლის გამრავლება არის საწინდარი ბერმონაზვნობის გამრავლებისა. ვფიქრობ, ბერ-მონაზვნობის სიმდიდრესა და რაოდენობაზეა დამოკიდებული ეპარქიის, ეკლესიის ძლიერება.
- მღვდელმთავარი გამორჩეული თვისებებით უნდა ხასიათდებოდეს?
- რა თქმა უნდა, ყველა სასულიერო პირს თავისი მიდგომა აქვს, ყველა ადამიანს ინდივიდუალურად სჭირდება მიდგომა.
უფლის შეწევნის გარეშე არაფრის კეთება არ შეიძლება, მით უმეტეს, ასეთი მძიმე ჯვარი იტვირთოს ადამიანმა. იმედს მაძლევს სახარების სიტყვები: სადაც არის უძლურება, იქ გამოჩნდება უფლის ძალა. მწამს, რომ ჩემს უძლურებას უფლის ძალა შეავსებს და ის შემაძლებინებს, ვზიდო მღვდელმთავრის პასუხისმგებლობა.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.