ქრისტესკენ სავალი გზა
ემიგრაციის საზვერეებგამოვლილ 14 წლის ბიჭს ბედნიერება ეწვია - მის ოჯახს უეცრად ბინა გამოუჩნდა და აი, ახლა ის, დედა და ბებია ახალ სახლში ერთად ცხოვრობენ.
ორი-სამი თვე ყველაფერი კარგად მიდიოდა, შემდეგ კი ბიჭს "შეეშინდა თავისი ბედნიერების". ცხოვრება მისთვის აზრს კარგავდა, დედისა და ბებიის სიყვარულიც ვერ იფარავდა... იფიქრა, თუ წლის განმავლობაში ცხოვრების აზრს ვერ იპოვიდა, თავი მოეკლა. ეს ბიჭი გახლდათ მომავალი მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი. თუ როგორ იპოვა ცხოვრების აზრი და ქრისტესკენ სავალი გზა, ამას თვითონ მღვდელმთავარი ჰყვება: "1930 წლის დიდმარხვაში ხელმძღვანელებს ემიგრანტი ბიჭები ფრენბურთის მოედანზე დავყავდით ხოლმე. ერთხელ, როცა შევიკრიბეთ, აღმოჩნდა, რომ ჩვენთვის, პატარა ველურებისთვის, სულიერ საკითხებზე სასაუბროდ მღვდელი მოეწვიათ. ვისაც როგორ შეეძლო, თავი აარიდა ამ შეხვედრას. მასწავლებელმა კი არ მაიძულა, უნდა წახვიდე, რადგან შენი სულისთვის ასეა საჭიროო, უბრალოდ თქვა: მამა სერგი ბულგაკოვი მოვიწვიეთ სასაუბროდ და რას იტყვის ჩვენზე, თუ იქ არავინ მივა, ქალაქში თავი მოგვეჭრება. მის მოსმენას არავინ გთხოვს, იჯექი შენთვის და იფიქრე, რაც გინდაო. ამ მშვენიერმა სიტყვებმა დამიმორჩილა და წავედი შეხვედრაზე. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ოღონდ მამა სერგი ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა და ფიქრებს მიფანტავდა. სხვა რა გზა მქონდა, ყური მივუგდე. მისმა სიტყვებმა ისე ამაღელვა, რომ ყური ვეღარ მოვწყვიტე. მახსოვს, საუბრობდა ქრისტეზე, სახარებაზე, ქრისტიანობაზე. ის დიდებისთვის კარგი მოსაუბრე იყო, მაგრამ ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონდა და როგორც პატარა მხეცებს, ისე გველაპარაკებოდა, ჩვენს ცნობიერებამდე მოჰქონდა ყოველივე უტკბესი, რაც სახარებაში შეიძლება იპოვო, ის, რასაც ჩვენ მაშინ გავურბოდით: სიმშვიდე, თავმდაბლობა ანუ "მონის საქციელი", რასაც გვაბრალებს ქრისტიანებს ნიცშე. საუბარმა ისე განმაწყო, რომ ფრენბურთის მოედანზე აღარ დავბრუნებულვარ, პირდაპირ შინ წავედი. მსურდა გადამეშალა სახარება, შემემოწმებინა და ამით "მორჩენილიყო ყველაფერი".
დედას სახარება გამოვართვი, ჩავიკეტე ჩემს ოთახში და წიგნი გადავშალე. აღმოჩნდა, რომ სახარება ერთი კი არა, ოთხია, და რადგან ოთხია, ალბათ ერთი მათგანი ყველაზე მოკლე იქნება. და რადგან რაიმე სიკეთეს არც ერთისგან არ მოველოდი, გადავწყვიტე, ყველაზე პატარა წამეკითხა. აი, მაშინ კი გავები... ამის შემდეგ მრავალჯერ შემინიშნავს, როგორ მარჯვედ აგებს ღმერთი ბადეს თევზის დასაჭერად. სხვა სახარების წაკითხვა ალბათ გამიჭირდებოდა, თითოეულ მათგანს თავისი კულტურული ბაზა უნდა. მარკოზ მოციქული კი სწორედ ჩვენისთანა ახალგაზრდა ველურებისთვის - რომაელი ახალგაზრდობისათვის წერდა. ეს მე არ ვიცოდი, მაგრამ ღმერთმა იცოდა. იცოდა ალბათ წმინდა მარკოზმაც, როცა სახარება სხვებზე მოკლედ დაწერა.
...ვზივარ და ვკითხულობ. იმედი მაქვს, ჩემს სიტყვებს ენდობით, რადგან ამის დამტკიცება შეუძლებელია. ამ დროს ისეთი რამ შემემთხვა, რაც ალბათ თქვენც დაგმართნიათ: მიდიხარ ქუჩაში და უეცრად მოტრიალდები, რადგან უკნიდან ვიღაცის დაჟინებულ მზერას გრძნობ.
ვზივარ და ჩამარცვლით ვკითხულობ მარკოზის სახარებას, რადგან ენა ჩემთვის უჩვეულოა. მივაღწიე მესამე თავამდე... უეცრად ვიგრძენი, რომ მაგიდის გვერდით ქრისტე იდგა. ეს იმდენად საოცარი შეგრძნება იყო, რომ კითხვა შევწყვიტე და მისკენ მივიხედე. დიდხანს ვუცქერდი, თუმცა ვერაფერს ვხედავდი და არაფერი მესმოდა, მის იქ ყოფნას მაინც ცხადად ვგრძნობდი! მახსოვს, აღელვებულმა უკან დავიხიე და ჩემთვის ვთქვი: თუ ცოცხალი ქრისტე აქ დგას, ესე იგი, ის მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეა, ესე იგი, ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ქრისტე აღსდგა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რასაც მასზე ამბობენ, ყველაფერი სიმართლეა. ამნაირივე ლოგიკით აღმოაჩენდნენ და ირწმუნებდნენ ქრისტეს პირველი ქრისტიანები, არა მხოლოდ მონათხრობით, არამედ ცოცხალ ქრისტესთან შეხვედრით, საიდანაც ასკვნიდნენ, რომ რასაც ჯვარცმულ ქრისტეზე ამბობენ, სიმართლეა...
ამის შემდეგ სახარებას უკვე სხვანაირად ვკითხულობდი. ცხადად მახსოვს ჩემი პირველი აღმოჩენა ამ სფეროში: თუ მართალია ჩემი განცდილი, მაშინ სახარებაში რაც წერია, ყველაფერი სიმართლეა, ესე იგი ცხოვრებასაც აზრი აქვს, ესე იგი უნდა ვიცოცხლო და მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებს გავუზიარო ის ხილვა, სასწაული, რომელიც მე ვიხილე. რამეთუ არსებობს ათასობით ადამიანი, რომელთაც ეს არ უნახავთ, და მათ უნდა მოვუყვე რაც შეიძლება მალე. და მეორე: თუ ყველაფერი სიმართლეა, მაშინ რასაც ადრე ვფიქრობდი ადამიანებზე, არ იყო მართალი. ღმერთმა შექმნა ყველაფერი და შეიყვარა ვიდრე სიკვდილამდე.
მახსოვს, მეორე დილით მივდიოდი ფერნაცვალ სამყაროში. ყოველ შემხვედრზე ვფიქრობდი: შენ ღმერთმა დიდი სიყვარულით შეგქმნა, მას შენ უყვარხარ. შენ ჩემი ძმა ხარ, ჩემი და, შენ ეს არ იცი და შეგიძლია გამანადგურო, მაგრამ მე ხომ ვიცი და ესეც საკმარისია".