სიტყვა მხოლოდ ინფორმაციის საშუალება კი არა
, სულიერ სამყაროსთან კავშირის გზაცაა. ალბათ, ამ მიზეზით, ადამიანს პატრისტიკაში ხშირად სიტყვიერ არსებადაც იხსენიებენ.
წმინდა მამებს თუ დავესესხებით, სიტყვის ორი სახე არსებობს: შინაგანი ლოგოსი, მისტიკური სიტყვა, ანუ ენდეოტეტური ენა, როგორც სულის თვისება და გარეგანი, პროფორისტული სიტყვა, რომელიც ბგერათა თანაწყობის შედეგია, რაც სულის კი არა, სამშვინველის თვისებაა.
ადამიანთა და ანგელოსთა შინაგანი სიტყვა თავისი ბუნებით ერთია: ეს გახლავთ მოვლენათა და საგანთა არსის უშუალოდ წვდომის, მათში Gადებული ღვთაებრივ აზრთა ჭვრეტის უნარი. ასეთი უნარი გააGნდა ადამს ცოდვით დაცემამდე. ბიბლიური გადმოცემით, მან ყოველ სულიერ არსებას დაარქვა სახელი, რაც, წმინდა მამათა თანახმად, იმის მოწმობაა, რომ ადამიანი ჭვრეტდა მათ არსს, გარეგნულ გამოვლინებებზე უფრო ღრმად დამარხულს.
სწორედ ამაზე გვესაუბრება მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი:
შესაძლოა, გაიკვირვოთ კიდეც ჩემი ამგვარი ინტერესი სახელების მიმართ, მაგრამ ამას იმ მიზეზით ვიქმ, რომ ლოცვა უშუალოდ ღვთისადმი აღევლინება და მასთან პიროვნულად გვაკავშირებს. თუმცა, ნაწილობრივ, ლოცვა - კავშირიცაა გარესამყაროსთან და როდესაც სამყაროსათვის ვლოცულობთ, ღმერთთან სახელები მიგვაქვს და სხვა არაფერი, მაგრამ ეს სახელები ან აზრითაა დამუხტული, ან სრულებით ცარიელია, იმის მიხედვით, რამდენად ძალგვიძს, ან, საერთოდ, ძალგვიძს თუ არა საკუთარი ნათქვამის სიღრმე გავაცნობიეროთ.
თუ ღვთის წინაშე ადამიანებს ისე ვასახელებთ, რომ მათ სახელებს არც კი ვაცნობიერებთ და მათ ყოველგვარ სიღრმეს მოკლებული იარლიყივით წარმოვთქვამთ, მაშინ ჩვენი ურთიერთობანი ფასს კარგავს, მაგრამ თუ ამა თუ იმ სახელის წარმოთქმაში არის რაღაც ნაწილი იმ მოცულობისა, რომლის მოკლედ გადმოცემასაც ვცდილობდი, ამ შემთხვევაში ლოცვა არა მარტო მიიყვანს ჩვენს მიერ მოხსენიებულ ადამიანს ღმერთამდე, არამედ ჩვენც გვაკავშირებს მასთან სიღრმისეულად - არა თანაგრძნობისა და სიყვარულის, არამედ იგივეობრიობის, ერთიანობის, სოლიდარობის სულ სხვაგვარი ერთობით.
ეს ყოველივე სხვა მიმართულებითაც სამართლიანია. თუ უფლისთვის ზუსტი სახელის მოძიება არ შეგვიძლია, მაშინ მასთან თავისუფალი, რეალური, სიხარულის მომნიჭებელი და გახსნილი მიახლება შეუძლებელია.
ვიდრე უფლისადმი ფორმალური სახელით მიმართვა გვიხდება, როგორიცაა, მაგალითად, "ყოვლადმაღალო", "უფალო ღმერთო", რითაც თითქოს ოდენ მის კატეგორიებს აღვნიშნავთ, თანაც ისე, რომ ამგვარ მიმართვას ანონიმურ, კრებით ტერმინად ვაქცევთ, მაშინ ვერც იმას შევძლებთ, რომ სიტყვა საკუთარი სახელივით გამოვიყენოთ.
მაგრამ რაღაც მომენტში სულიერ მწერლებს, შესაძლოა, წამოსცდეთ მიმართვა, რაღაც მეტსახელის მსგავსი, სიტყვა, რომელსაც სხვა ვერავინ, ვერანაირ მიმართებაში ვერ წარმოთქვამდა, სიტყვა, რომელიც შესაძლებლისა და შეუძლებლის ზღვარზეა და რომლის წარმოთქმაც ოდენ იმიტომ შეიძლება, რომ რეალური ურთიერთობა არსებობს.
გაიხსენეთ ფსალმუნი, სადაც დავითი უაღრესად თავშეკავებულ ფორმებს მოაყოლებს: - "სიხარულო ჩემო!.". და ამ წამიდან მთელი ფსალმუნი ცოცხლდება...
როდესაც ვამბობ: - "შენ ხარ უფალი ჩვენი!" "ჰოი, ყოვლისმპყრობელო!" და ასე შემდეგ, თითქოს უფალს მის შესახებ ფაქტებს ვთავაზობთ, მაგრამ როდესაც აღმოგვხდება: - "სიხარულო ჩემო!", ეს სულ სხვა საქმეა.
როდესაც შეგიძლია, უფალს ამგვარად მიმართო: - "სიხარულო"! ან უთხრა: - "ჰოი, ჩემი ცხოვრების ტკივილო, ჰოი, შენ, რომელიც ჩემი ცხოვრების გულისგულში ტკივილის წყაროსავით ხარ, როგორც პრობლემა და როგორც ქვა დამაბრკოლებელი..." როდესაც შეგიძლია, მიმართო ცხარედ, გრძნობით, მაშინ ლოცვითი ურთიერთობა შემდგარია.
ამიტომ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ და დავრწმუნდეთ, არის თუ არა ჩვენს გამოცდილებაში სიტყვა, რომელსაც ღმერთს მივუსადაგებთ. ამასთან, მიმართვები, შესაძლოა, დროდადრო შეიცვალოს.
გარკვეულ პერიოდში ღმერთთან ჩვენი ურთიერთობის რომელიმე ასპექტს მეტად ვეხმაურებით, სხვა დროს - სრულიად სხვა ასპექტს, ისევე, როგორც ადამიანური ურთიერთობისას.
არსებობს მიმართვა: - "ყოვლისმპყრობელო", არის მიმართვა - "შემოქმედო", "სიბრძნეო"... მაგრამ არსებობს ასევე ძალიან უბრალო სახელი - იესო, რომელსაც მე ქრისტიანულ სახელს ვუწოდებდი.
შეგიძლია, უამრავი სხვა სახელი იპოვოთ... დარწმუნებული ვარ, თუ ოდესმე აღმოგხდა: - "ჰოი, სიხარულო!" ან ნებისმიერი მსგავსი შეძახილი, ესე იგი, ამ მომენტში ღმერთთან შენი პირადი ურთიერთობა იპოვე.
ამით იმის თქმა არ მსურს, რომ ზოგადი სახელით არ უნდა მიმართო უფალს. მისთვის გვაქვს სიტყვები, რომლებიც ყველას ერთად გვეკუთვნის, მაგრამ არსებობს სიტყვები, რომლებიც ან მხოლოდ ჩემი კუთვნილებაა, ან მხოლოდ შენი. ისევე, როგორც ადამიანურ ურთიერთობებში არსებობს გვარი, ნათლობის სახელი ან მეტსახელი. კარგი იქნება, თუ გაქვს სახელი, რომლითაც შეგიძლია ყოვლისმპყრობელ ღმერთს მიმართო და ამ სახელში ჩადო მთელი შენი გულის სიღრმე და სითბო. ეს კი ნიშნავს: "ჩემს განუმეორებლობაში ამგვარად ვიღებ შენს განუმეორებლობას".
თუ ძიების პროცესში, უფალთან მიმართებაში გაუცხოებული და შორეული დგახარ, დადგება დრო კარზე რეკვისა და მაშინ უფრო და უფრო ღრმად შეაბიჯე, ლოცვა საკუთარი თავისკენ მიმართე იმ წერტილისკენ, რომელშიც კარი, სადაც რეკენ, შეიძლება გაიღოს და დადგება წუთი, როდესაც იგი განიხვნება და საიმდროოდ უცილობლად უნდა გქონდეს ნაპოვნი სახელი, უნდა შეძლო, აღმოთქვა სიტყვა, რომელიც დაამოწმებს, რომ მას სწორედ შენ ეძიებდი, არა ვიღაც ადამიანური არსება, რომელიც ანონიმურ ღმერთს ეძიებს, არამედ - შენ...
ძიების პროცესში განიცდი ტკივილს, წუხილს, იმედს, მოლოდინს და ადამიანურ ემოციათა მთელ სპექტრს... ღმერთი იქნება სასურველი, იქნება იმედგაცრუებაც, იგი ის იქნება, ვინც გენატრება და ისიც, ვინც გძულს, იმიტომ, რომ ხელიდან გისხლტება... იგი იქნება ის, ვინც სამყაროს გირჩევნია, ვის გარეშეც სიცოცხლე არ შეგიძლია და ისიც, ვისაც ვერ აპატიებ, რომ არ გეხმაურება... და კიდევ ბევრი რამ... და ამ ძიების განმავლობაში იშვება სიტყვები, რომლითაც შეგიძლია უფალს მიმართო და რომლებიც პირადად შენ გეკუთვნის...
შესაძლოა, აღმოაჩინო, რომ ბევრი მათგანი იმ სიტყვებს ემთხვევა, რომელთაც სხვებიც იყენებენ, მაგრამ ისინი მაინც დაკარგავენ ანონიმურობას... ეს ის სიტყვები იქნება, რომელთაც სხვა ადამიანებთან იყოფ, მაგრამ, ამავდროულად, მხოლოდ შენი კუთვნილებაცაა... მაგრამ ნუ გამოიყენებ სიტყვებს საერთო ლექსიკონიდან, სიტყვებს, რომლებიც შენი არ არის... როდესაც კარზე ჯაჭვის ჩხაკუნი შემოგესმება, როდესაც იგრძნობ, რომ კარი იღება, მზად გქონდეს შენი საკუთარი სიტყვები და იმ სახელით მოუხმე უფალს, რომელიც მან მოიპოვა, მოიძია შენს ცხოვრებაში... სწორედ ამ მომენტში ხდება თქვენი შეხვედრა...
ჩაუღრმავდი იმ ურთიერთობებს, რომლებიც შემდეგ გექნება, რადგან დიდი დრო დაგრჩება საიმისოდ, რომ სხვა სიტყვები იპოვო, რომლითაც სიძულვილსა და შიშის სიტყვებს გადაფარავ და გამოცხადების წიგნში ნახსენებ მოწამეთა დარად გაიმეორებ: - "მართალ და ჭეშმარიტ არიან გზანი შენნი" (15,3) და ეს სიტყვები შეარყევენ მწარე სიტყვებს, ყოველგვარ მიმართვას, სასტიკად რომ ჟღერდა და დარჩება ყველა ის სიტყვა და სახელი, რომელიც პირადია, შენ გეკუთვნის და ცოცხალ უფალს ეძღვნება.
...ეძებე სახელი, მაგრამ თუ მას ვერ იპოვი, ნუ გაგიკვირდება, რომ შენი არავის ესმის. ეს იმიტომ ხდება, რომ თავად არ უხმობ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი