ამ მხარეში პირველი ქრისტიანული ეკლესიის დაფუძნება წმინდა მოციქულთა სახელებს უკავშირდება. ქვეყნის მოქცევასთან ერთად ეს მხარეც გაქრისტიანდა, მაგრამ მალე ეს ტერიტორია რომაელებმა დაიპყრეს და აქ რამდენიმე მსხვილი ბერძნულენოვანი საეკლესიო ერთეული ჩამოაყალიბეს. ქალაქ ფოთში სამიტროპოლიტო კათედრა დაფუძნდა, რომელსაც ოთხი ეპარქია ექვემდებარებოდა: ვარციხის, ცაიშის, ციხისძირისა და გუდაყვის. VIII საუკუნის მიწურულს, დასავლეთ საქართველოში აფხაზეთის სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ, ბერძნულენოვანი სამღვდელმთავრო კათედრები თანდათანობით კვლავ ქართულენოვან აფხაზეთის საკათოლიკოსოს დაქვემდებარებული ქართული ეპარქიებით შეიცვალა. პირველ ეტაპზე, ფოთი და მისი მიმდებარე ტერიტორია, სავარაუდოდ, ცაიშის ეპარქიას დაექვემდებარა, ხოლო შემდეგ - ხობის ეპარქიას. უძველესი დოკუმენტი, რომელშიც ხობია მოხსენიებული, გახლავთ ჯვრის სამონასტრო მატიანეში შეტანილი აღაპი, სადაც მოხსენიებულნი არიან ცოტნე დადიანის ოჯახის წევრები და ახლობლები, მათ შორის - ეგნატე, ხობის წინამძღვარი. ეგნატეს მოსახსენიებელი 1212-1222 წლებით თარიღდება.
საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ხობის ტაძარივით მდიდარი სავანე. აქ დაცული იყო დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი, მისი დედის ბორდოხან დედოფლის კუთვნილი ხატი, აქვეა ხატები, რომლებიც მოიხსენიებენ დავით ნარინს, მანდატურთუხუცესს ბეჟან დადიანს, აფხაზეთის მეფეს ლეონ II-ს და სხვა. მართალია, ცნობილი არ არის, თუ როდის და როგორ მოხვდა ეს ნივთები ხობის ტაძარში, მაგრამ ცხადია, რომ მას საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა.
ხობის ტაძრის შესახებ არსებული XIV-XV საუკუნეების დოკუმენტები გარკვეულწილად ნათელს ჰფენს ხობის ეპარქიის ისტორიის საინტერესო საკითხებს. ამ პერიოდის ფრესკებში მოიხსენიება ხობელი ეპისკოპოსი. არსებობს ალექსანდრე I დიდის (1412-1442) მიერ გაცემული თოფურიძეთა სიგელიც, სადაც ასევეა ნახსენები ხობელი ეპისკოპოსის სახელი. ეს თავისთავად მეტყველებს, რომ ხობი XIV-XV საუკუნეებში საეპისკოპოსო კათედრა ყოფილა.
პირველი ხობელი ეპისკოპოსია ილარიონი. ის გამოსახულია ტაძრის ჩრდილოეთ სვეტზე, სავედრებლად ხელაღპყრობილი. წერილობითი წყაროები არ იცნობენ ზემოაღნიშნულ ეპისკოპოსს, ამიტომ მისი მოღვაწეობის დროს განსაზღვრა შესრულებული მხატვრობის დათარიღებით უნდა მოხდეს. ილარიონის ფრესკული გამოსახულება XIV საუკუნეშია შექმნილი.
ხობის ტაძრის ძველი იადგარის მიხედვით, დარეგულირებულია ამ საეკლესიო სენიორიის სოციალური ცხოვრება, განსაზღვრულია მისი დამოკიდებულება აფხაზეთის საკათოლიკოსოსთან.
სამწუხაროდ, დოკუმენტში არ ჩანს, ხობის როგორ საეკლესიო სენიორიასთან გვაქვს საქმე - მონასტერია ეს თუ საეპისკოპოსო.
XVI საუკუნეში ხობში საეპისკოპოსოს არსებობას ადასტურებს ამ ეკლესიის გლეხთა თეთრის გამოსაღების მინაწერი, სადაც ნათქვამია: "ვინცა არ მისცეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გაურისხდების და ხოფისა ღმრთისმშობლის წინამდეგის ებისკოპოზის მადლისაგან შეჩუენებულმცა არს".
XVI საუკუნეში ხობის კათედრა ოსმალებს აუოხრებიათ, რაზეც მეტყველებს ხობელი ნიკოლოზ წულუკიძის შეწირულობის წიგნი. მას მოუწესრიგებია ტაძრის სასულიერო და სამეურნეო ცხოვრება.
XVII საუკუნეში ხობში მნიშვნელოვანი საეკლესიო-ადმინისტრაციული ცვლილებები მოხდა. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ ერთ ცნობას, რომელიც არქანჯელო ლამბერტის ეკუთვნის, რომელმაც სამეგრელოში 1633-1649 წლებში იმოგზაურა. იგი გაუქმებულ საეპისკოპოსოთა შორის მოიხსენიებს ხობსაც. 1649-1652 წლებში დონ კრისტოფორო დე კასტელმა შეასრულა აღნიშნული ტაძრის გრაფიკული ჩანახატი, წარწერით: "ხობის საეპისკოპოსო". პავლე ზახარევი და ფედოტ ელჩინი, რომლებიც ოდიშში 1639-1640 წლებში იყვნენ, მოიხსენიებენ როგორც ხობის კათედრას, ასევე მის ეპისკოპოსს ნიკოლოზს. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ XVII საუკუნის გარკვეულ მონაკვეთში ხობი, როგორც საეპისკოპოსო კათედრა, გაუქმდა. წყაროთა სიმცირის გამო ძნელი დასადგენია, თუ როდის მოხდა ეს, მაგრამ ამ საკითხის გარკვევაში ნაწილობრივ გვეხმარება იტალიური წყარო - "სამეგრელოს აღწერა". არქანჯელო ლამბერტის თქმით: "ხობს და კიდევ ხუთ დანარჩენ ტაძარს წინათ ეპისკოპოსები ჰყავდათ, ახლა კი მონასტრებად არის გადაკეთებული". ხობი მონასტრად დარჩა XIX საუკუნის მიწურულამდე, სანამ საერთოდ არ გაუქმდა. დიუბუა დე მონპერეს თქმით, "სიტყვა "მონასტერი" საქართველოში ყოველთვის ნამდვილი მონასტრის სინონიმი არ არის; უფრო ხშირად ის უბრალო ეკლესიას აღნიშნავს, მაგრამ ხობი ნამდვილი მონასტერია, რომელშიც წმინდა ბასილის ორდენის რამდენიმე ქართველ-ბერძენი ბერი ცხოვრობს. მათი წინამძღვარი არქიმანდრიტის წოდებას ატარებს".
ოსმალთაგან ფოთის გათავისუფლება 1828 წელს გახდა შესაძლებელი. 1885 წელს ფოთი გაერთიანებული გურია-სამეგრელოს ეპარქიის ცენტრი გახდა.
ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ფოთი ჭყონდიდის ეპარქიას მიეკუთვნებოდა. 1995 წლის აპრილში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით აღდგა ფოთის უძველესი ეპარქია, შემდეგ მას ფოთისა და სენაკის ეპარქია ეწოდა, ხოლო მოგვიანებით ეს საეკლესიო ერთეულიც გაიყო და ჩამოყალიბდა ორი ეპარქია - ფოთისა და ხობისა, მთავარეპისკოპოსის გრიგოლის (ბერბიჭაშვილის) მეთაურობით, და სენაკისა და ჩხოროწყუსი - ეპისკოპოს შიოს (მუჯირის) მეთაურობით.
მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა