თავი 1
ქრისტიანთა დევნა ვალერიანეს დროს. წმინდა ნიკოლოზის ყრმობა და სიჭაბუკე
დაახლოებით 16 საუკუნე გავიდა მას მერე, რაც ამ ქვეყანაზე ცხოვრობდა ღვთის სათნომყოფელი, წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზი, მთავარეპისკოპოსი მირონ-ლუკიისა, რომელსაც ახლა პატივს მიაგებს და განადიდებს მთელი ქრისტიანული სამყარო, მისი სარწმუნოებაში მოშურნეობის, ღვთივსათნო ცხოვრებისა და უთვალავი სასწაულების გამო, რომელთაც იგი დღემდე ყველას აღუსრულებს, ვინც მას რწმენითა და დახმარების იმედით მიმართავს.
საღვთო განგებულებამ ინება, რომ წმინდა ნიკოლოზი ამ ქვეყანაზე ქრისტიანებისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში გამოეგზავნა.ქრისტესშობამდე III საუკუნის II ნახევარში, როცა ის დაიბადა, იყო ჟამი ქრისტიანობისა და წარმართობის გადამწყვეტი ბრძოლისა, როცა საბოლოოდ უნდა გარკვეულიყო ქრისტიანობა შეცვლიდა წარმართობას, თუ ეს უკანასკნელი შეურყეველი დარჩებოდა და საბოლოდ გათელავდა ქრისტიანობას. ქრისტიანობა უდავოდ აღემატებოდა გახრწნილ წარმართობას თავისი შინაგანი ძალით, რომელიც დაფუძნებული იყო იესო ქრისტესა და მისი წმინდა მოციქულების ღვთაებრივ სწავლებაზე. წარმართების მხარეს იდგა გარეგნული ძალა, რომელიც ყველა ხელმისაწვდომი ხერხით ცდილობდა თავისი საძულველი ქრისტიანობის განადგურებას. ქრისტიანებს კანონის დამრღვევებად, რომაული ღმერთების მტრებად და საზოგადოების წყლულად თვლიდნენ, ყოველნაირად ცდილობდნენ მათ აღხოცვას. მოშურნე წარმართები, რომაელი იმპერატორები, ქრისტიანობას რომის იმპერიის დამღუპველად თვლიდნენ, ქრისტიანებს კი ყველაზე საშიშ მტრებად, სასტიკად დევნიდნენ მათ, აიძულებდნენ, უარეყოთ და კერპებისა და კეისრის გამოსახულებისთვის ეცათ თაყვანი. თუ ქრისტიანი ამაზე უარს იტყოდა, მათ ატუსაღებდნენ, სასტიკად აწამებდნენ, შიმშილითა და წყურვილით გასტანჯავდნენ, ამათრახებდნენ, თოკებით და რკინის წკნელებით შოლტავდნენ, ცეცხლზე მოსწვავდნენ. თუ ამის მერე ისინი ქრისტეს რწმენას არ უარყოფდნენ, მაშინ მათ არანაკლებ საშინელ სიკვდილს მისცემდნენ - მდინარეებში ახრჩობდნენ, მხეცებს მიუგდებდნენ დასაგლეჯად, კოცონზე ან ღუმელში სწვავდნენ. შეუძლებელია ჩამოთვლა წამების იმ ხერხებისა, რომლითაც წარმართები უდანაშაულო ქრისტიანებს უსწორდებოდნენ. ქრისტიანობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დევნა ატყდა იმპერატორ ვალერიანეს დროს. მან 258 წელს გამოსცა ედიქტი, რომლის ძალითაც უმკაცრესად უნდა მოპყრობოდნენ ქრისტიანებს - ეპისკოპოსები, ხუცესები და დიაკვნები მახვილით უნდა მოეწყვიტათ. სენატორებსა და მსაჯულებს ქონებას ართმევდნენ, და თუ მაინც ქრისტიანებად დარჩებოდნენ, სასჯელს მისცემდნენ; დიდგვაროვან დედაკაცებს ქონების ჩამორთმევის მერე ასახლებდნენ, ხოლო დანარჩენ ქრისტიანებს ბორკილდადებულებს კატორღულ სამუშაოზე აგზავნიდნენ. განსაკუთრებით ეკლესიის მწყემსებს დევნიდნენ. ბევრმა მათგანმა თავიანთი რწმენა მოწამებრივი სიკვდილით დაადასტურა.
მაგრამ ეკლესიის გასანადგურებლად ბოროტ სულთა ძალისხმევამ ამაოდ ჩაიარა. ეკლესიის მწყემსთა მოწამებრივად დაღვრილი სისხლი კეთილნაყოფიერ თესლად იქცა ქრისტიანობისთვის. სწორედ იმ დროს უფალმა სათნო იჩინა, მათ ნაცვლად ეკლესიისთვის მიენიჭებინა ქრისტიანული სარწმუნოების ახალი ერთგული დამცველი - წმინდა ნიკოლოზი, რომელსაც ეკლესია სამართლიანად უწოდებს: ყოვლადსაკვირველ სასწაულთმოქმედს, უბრწყინვალესი მზის დაუვალ ვარსკვლავს, ეკლესიის სვეტსა და სიმტკიცეს, ყოველთა მწუხარეთა მეოხსა და ნუგეშისმცემელს (წმინდა ნიკოლოზის მსახურება აღესრულება 19 დეკემბერსა და 22 მაისს ახალი სტილით).
წმინდა ნიკოლოზის მშობლები - თეოფანე და ნონა ქალაქ პატარაში ცხოვრობდნენ, ძველ ლუკიაში, რომელიც მცირე აზიის შემადგენლობაში შედიოდა (დღევანდელი ანატოლია). ისინი წარმოშობით დიდგვაროვანნი, და ფრიად შეძლებულნი იყვნენ და როგორც ღვთისმოსავი ქრისტიანები, გამოირჩეოდნენ კეთილი ცხოვრებით, გლახაკებისადმი გულმოწყალებით და საღვთო მოშურნეობით. უფალმა ინება, რომ მათთვის, ისევე როგორც წმინდა იოანე ნათლისმცემელის მშობლებისა და მრავალ ძველაღთქმისეულ მართალთა მსგავსად, მძიმე გამოცდა მოეწყო: პატიოსან ქორწინებაში დაბერდნენ და შვილი არა ჰყავდათ. უშვილობას ძალზე განიცდიდნენ და განუწყვეტლივ უფალს ევედრებოდნენ, შვილი მიენიჭებინა. აღუთქვამდნენ, რომ მას ღმერთს მიუძღვნიდნენ. ნონამ შვა ვაჟი, რომელსაც ნათლისღებისას ქრისტიანული სახელი ნიკოლოზი უწოდეს რაც "ხალხზე გამარჯვებულს" ნიშნავს. ღვთის დიდი წმინდანისთვის მიცემული სახელი იმაზე მიუთითებდა, რომ მას, სიცოცხლის მანძილზე, ბევრჯერ მოუწევდა ადამიანთა ბოროტების დამარცხება. წმინდა ნონას წმინდა ნიკოლოზის გარდა სხვა შვილი არ მისცემია.
წმინდა ნიკოლოზმა თავისი ჩვილობის პირველსავე დღეებში აჩვენა, რომ იგი განსაკუთრებული ღვთისმსახურებისთვის იყო მოვლინებული. არსებობს გადმოცემა, რომ წმინდა ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას, იგი, სხვების დაუხმარებლად, ემბაზში სამი საათი ფეხზე იდგა: როგორც წმინდა დიმიტრი როსტოველი ბრძანებს, ამ სამსაათიანი დგომით ყრმა ნიკოლოზმა წინასწარ გამოხატა წმინდა სამებისადმი თავისი მომავალი რწმენა, რომელსაც მთელი სიცოცხლე მოშურნედ იცავდა.
თავისი ცხოვრების პირველივე დღეებიდანვე, წმინდა ნიკოლოზი მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდა და მისი ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. გადმოცემის მიხედვით, ის მხოლოდ დედის მარჯვენა ძუძუსა სწოვდა, ოთხშაბათსა და პარასკევს დღეში ერთხელ იღებდა საზრდელს, ისიც მას მერე, რაც მშობლები, ძველ ქრისტიანთა ჩვეულ კანონს აღასრულებდნენ.
ყრმა ნიკოლოზის ამ უჩვეულო საქციელის გამო მშობლები ფიქრობდნენ, რომ ის ღვთის დიდი წმინდანი დადგებოდა. ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება მის აღზრდას მიაქციეს და ვითარცა ღვთისმოსავი ქრისტიანები, ცდილობდნენ, მისთვის უწინარესად, ქრისტიანული ჭეშმარიტებანი შთაეგონებინათ და მართალი ცხოვრების გზაზე დაეყენებინათ. მშობელთა ძალისხმევა სრული წარმატებით დაგვირგვინდა. კეთილი მარცვალი, რომელიც მათ ვაჟის სულში ჩათესეს, კეთილ ნიადაგზე დაეცა და ნაყოფი უხვად გამოიღო. ყრმა ნიკოლოზი მდიდარი ბუნებრივი ნიჭის წყალობით და სულიწმინდის წინამძღოლობით, მალევე ჩასწვდა წიგნიერ სიბრძნეს, რომელიც, წმინდა დიმიტრი როსტოველის სიტყვისაებრ, აუცილებელი იყო "ქრისტეს ხომალდის კეთილი მესაჭისა და სიტყვიერ ცხოვართა გამოცდილი მწყემსისათვის" (გადმოცემით, მშობლებმა ვერ აარჩიეს მათი ვაჟის მასწავლებელი, თვითონ ყრმა ნიკოლოზმა, სულიწმინდის კარნახით, თავადვე წარმოთქვა მომავალი აღმზრდელის სახელი).
წარემატებოდა რა ყრმა ნიკოლოზი წიგნის სწავლაში, ასევე წინ მიიწევდა ღვთისმოსავ ცხოვრებაში. მას არ იზიდავდა თანატოლების ფუჭი და ამაო საუბრები. მისთვის უცხო იყო ცოდვიანი გართობა, მეგობრობის დამასნეულებელი მაგალითები, რომელიც ყრმას ცუდისკენ უბიძგებს. სიყრმეში გამოირჩეოდა სამაგალითო უბიწოებით. არა მხოლოდ გაურბოდა დედაკაცებისადმი არაწმინდა გულისთქმებს, არამედ, ვითარცა მკაცრი მოსაგრე, გაურბოდა თვით ქალების საზოგადოებას, არ ესაუბრებოდა მათ, ცდილობდა, მათთვის სახეში არ შეეხედა. საცთურის ეშინოდა და მტკიცედ ახსოვდა მაცხოვრის სიტყვები: "ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინა თვისსა" (მათე 5:28). ყრმა ნიკოლოზი თითქმის მთელ დროს წმინდა წერილის კითხვაში, მარხვის ღვაწლსა და ლოცვაში ატარებდა, სიყმაწვილიდანვე ღვთის ტაძრად განამზადებდა თავს, სადაც სულიწმინდას დაუბრკოლებლად შეეძლო დავანება. წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებულ სიყვარულს გრძნობდა ღვთის ტაძრისადმი და იქ ატარებდა ზოგჯერ დღეებსა და ღამეებს საღვთო წიგნების კითხვასა და ღვთისმჭვრეტელ ლოცვაში.
წმინდა ნიკოლოზმა სიჭაბუკეშივე ისეთ წარმატებას მიაღწია ღვთივსათნო ცხოვრებაში, რომ არ აწუხებდა მისი ასაკისთვის დამახასიათებელი ცოდვიანი ვნებები: გეგონებოდა, რომ ახალგაზრდა კი არა, ბერიკაცი იყო, რომელიც ყოველივე მიწიერს მოწყვეტილიყო და თავი მთლიანად ღვთის სამსახურისთვის მიეძღვნა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი