ღვთისმშობლის ნაკვალევი
დროსთან ერთად სათემოს სხვა დედებიც უერთდებოდნენ და მალე ახალი ტაძრის მშენებლობის აუცილებლობაც დადგა. 1829 წელს მონასტერს ახალი მიწები შემოსწირეს, ნეტარმა დედები აკურთხა, შემოწირული მიწა მოევლოთ და გზადაგზა თოვლში კენჭები ეყარათ, რომ მისი საზღვრები მონიშნულიყო. გაზაფხულზე კი ქვების გაყოლებაზე მიწის სამგზის მოხვნა ბრძანა, ხოლო როდესაც ნიადაგი გაშრა, მისივე კურთხევით, ცნობილი არხი ამოჭრეს, მიწაყრილზე კი ხურტკმელის ბუჩქები ჩამოაყოლეს. ამ საოცარი და სასწაულთმოქმედი არხის შესახებ დივეევოელი მღვდელი, ვასილ სადოვსკი იგონებს:
,, - მამა სერაფიმე ამ არხის შესახებ უამრავ საკვირველ ამბავს მიამბობდა, ასე რომ, ეს არხი - ღვთისმშობლის ნაკვალევია. მისი მოწმობით, სწორედ აქ გაიარა დედა ღვთისამ... ეს მიწა მან იწილხვედრა... ოდეს ანტიქრისტე მოვა, ყველგან გაივლის, ამ არხს კი ვერ გადაახტებაო, - ამბობდა..."
ამ არხს დედები ნეტარის გარდაცვალებამდე თხრიდნენ, აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე კი, მისივე კურთხევით, თხრას ზამთარშიც განაგრძობდნენ. ნაჯახს გაყინული მიწის ჭრისას თურმე ნაპერწკლები სცვიოდა, მაგრამ თხრას მაინც აგრძელებდნენ.
,, - ერთხელ ერთ - ერთი ჩვენგანი, მარია გალიშევა რაღაც მიზეზით ღამით გარეთ გამოვიდა, - იგონებდა მონაზონი ანა, - და რას ხედავს! თეთრი ბალახონით მოსილი მამა სერაფიმე მისდგომია არხს და თავად თხრის! თან გახარებული და თან - შეშინებული მარიამი ჩვენთან შემოვარდა, ყველანი გარეთ გავცვივდით და ბერს ფეხებში ჩავუვარდით, მაგრამ რომ წამოვდექით, ვეღარ ვიხილეთ, გაყინულ მიწაზე მხოლოდ თოხი და ნიჩაბი ეწყო... მამაომ ჩვენი დაუდევრობა ამგვარად ამხილა, საქმეს დავეშურეთ და როგორც კი თხრა დავასრულეთ, ჩვენი უსაყვარლესი მამა, თითქოს, ამას ელოდაო, მიიცვალა..."
არხის თხრასთან ერთად მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარიც შენდებოდა, რომელსაც მიხეილ მანტუროვი ხელმძღვანელობდა. როგორც ზემოთ ვთქვით, ამისთვის მთელი ქონება გაყიდა. რაც შეეხება სავანის გეგმას, იგი თავად სერაფიმე საროველმა დახაზა, რომელიც იღუმენის სენაკში ინახებოდა და წინასწარმეტყველებდა, რომ იგი დიდებულ ლავრად იქცეოდა.
1829 წლის შობას ტაძარი გასრულდა, ნეტარმა მანტუროვს ტაძრის იატაკქვეშ ქვის ოთხი სვეტი აღამართვინა და უთხრა: - ,,ჩემო სიხარულო, ოთხი ბოძი - ოთხი წმინდა ნაწილია! რაოდენი სიხარული გვეწვია! ოთხი ბოძი ხომ იმას მიანიშნებს, რომ ოთხმა სიწმინდემ უნდა განისვენოს ჩვენთან!.."
ღვთისმშობლის სახელობის ქვედა ტაძრის მშენებლობა 1830 წელს გასრულდა, შემდეგ კი ნეტარმა სხვა, დიდებული ტაძრის აღშენებაზე იწყო ზრუნვა. ელენე მანტუროვას მეშვეობით მემამულე ჟდანოვისგან ყაზანის ტაძრის სიახლოვეს 300 მანეთად მიწის ნაკვეთი შეიძინა, რამაც ფრიად გაახარა: - ,,დედაო, რა სიხარულის ღირსნი გავხდით! რა დიდებული ტაძარია! შუა ზაფხულში აღდგომის საგალობლებს იგალობებენ, ხელმწიფე მთელი საგვარეულოთი გვესტუმრება, დივეევო - ლავრად იქცევა, ვერტიანოვო - ქალაქად, არზამასი კი - გუბერნიად!"
მანტუროვს საიმდროოდ გენერალმა კუპრიანოვმა იხმო თავისი ციმბირული მამულის სამართავად, რადგან თავად პოლონეთის ომში აპირებდა წასვლას, ბერმა წასვლის ნება დართო, მაგრამ ღვთისმშობელმა მის ნაცვლად იქაურობას სხვა ერთგული სული გამოუგზავნა. 1831 წელს იქ სნეული მემამულე, ნიკოლოზ მოტოვილოვი ჩავიდა, რომელსაც 3 წელიწადს სტანჯავდა სხეულის სისუსტე, უფრო ზუსტად, - იქ ხუთმა კაცმა მიიტანა, რადგან სიარული აღარ შეეძლო, ბერის ლოცვამ კი მყისიერად განკურნა.
წლები გადიოდა და ნეტარის აღსასრული ახლოვდებოდა... წმინდანი ფიქრობდა, თუ ვინ შეცვლიდა, დივეევოს ობლებს მის ნაცვლად ვინ უმფარველებდა, მაგრამ ბერთაგან ვერავინ დაიგულა, რადგან, როგორც ჩანს, ასეთი იყო ღვთისმშობლის ნება. ამიტომ დედებს არაერთგზის გაუმეორა: ,, - თქვენთვის დედას ვეძებდი, მაგრამ ვერ ვპოვე, ამიტომ ჩემი გარდაცალების შემდგომ თქვენს თავს უფალს და დედა ღვთისმშობელს ვაბარებო!" აღსრულებამდე 3 კვირით ადრე კი ერთ მომაზონს უთხრა: - ,,მშვიდობით, ჩემო სიხარულო! დრო მოვა და მრავალნი ისურვებენ თქვენს მამობას, მაგრამ სულით ნურავისკენ მიიდრიკებით. თქვენი დედა - თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია და იგი თავად განაგებს ყოველივეს, იგია თქვენი იღუმენიაო!"
დედების სულიერი წინამძღვრობა ნეტარმა ჩვენთვის ცნობილ მამა ვასილ სადოვსკის მიანდო, სავანისთვის მატერიალური თუ იურიდიული დახმარება მეორე განდობილს, - ნიკოლოზ მოტოვილოვს, მონასტრის მშენებლობის განხორციელება კი - მის საყვარელ მიშენკას, - მიხეილ მანტუროვს.
დედა ევდოკიას კი აუწყა: ,, - ჩემი ტაძარი ყოველგვარად კარგი იქნება, თუმცა, ისეთი არა, როგორიც - საუკუნის ბოლოს შეიქმნება... ...მიუახლოვდება თუ არა ანტიქრისტე, ტაძარი ჰაერში აიწევა და ბოროტი ვერ მისწვდება... ღირსეულნი, რომელნიც მის წიაღში შევლენ, იქვე დარჩებიან, სხვანი კი, თუნდ შეაღწონ, მიწას დაენარცხებიან. ანტიქრისტე ხელთ ვერ ჩაგიგდებთო..."
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი