ღირსი მამა იოანე კრონშტადტელი არხანგელსკის გუბერნიაში დაიბადა, უღარიბეს სოფელ სურში. მამამისი, ილია სერგიევი, მედავითნე იყო ამ სოფლის ეკლესიისა.
ეკლესია ხისა იყო, სადაც საეკლესიო ჭურჭელი კალისა ჰქონდათ. ამ ღატაკ გარემოში მამა იოანეს მშობლები იყვნენ სულიერად მდიდრები, ღვთისმოშიშნი და პატიოსანნი. წმინდა იოანე 1829 წლის 29 ოქტომბერს დაიბადა და მას სახელი წმინდა იოანე რილელის პატივსაცემად დაარქვეს.
ექვსი წლის ბიჭუნამ ბრწყინვალე ზეციური ნათლით მოსილი უფლის ანგელოზი იხილა, რომელმაც უთხრა, - შენი მფარველი ანგელოზი ვარ და მთელი სიცოცხლე დაგიცავო.
პატარა მამასთან ერთად მუდმივად ტაძარში დადიოდა, შეიყვარა საეკლესიო მსახურება და საღვთისმსახურო წიგნები. შემდგომში მამა იოანე ხშირად ამბობდა, რომ ღვთისმოსაობა საღვთისმსახურო წიგნების კითხვისას შეიძინა.
როცა სწავლის ჟამი დაუდგა, მშობლებმა უკანასკნელი გროშები შეკრიბეს და ბიჭი არხანგელსკის სამრევლო სკოლაში მიაბარეს. სწავლა ძალიან უჭირდა, ძნელად იგებდა და ძნელად იმახსოვრებდა. წუხდა პატარა, ცალკე იმაზე, რომ ვერ სწავლობდა, და ცალკე იმას ჯავრობდა, რომ მის მშობლებს მისი სწავლის გამო უჭირდათ, თვითონ კი მომავალში მათ ვერაფრით დაეხმარებოდა. ბიჭს ღამე სალოცავად წამოდგომა უყვარდა. როცა ყველა დაიძინებდა, ის იწყებდა ლოცვას. ერთი სათხოვარი ჰქონდა ღმერთთან, გონება გახსნოდა. ერთ ღამეს, როცა ყველას ეძინა, პატარა ივანე მუხლებზე დაემხო და მხურვალედ ილოცა, უეცრად რაღაცამ შეძრა, თითქოს თვალთაგან ფარდა ჩამოეხსნაო, გონება გაეხსნა და ყველაფერი გაიხსენა, რაც მასწავლებელმა გაკვეთილზე აუხსნა. გაიხარა ყმაწვილმა, ასე ტკბილად კარგა ხანია არ უძინია, როგორც იმ ღამეს. მას მერე სწავლა აღარ გასჭირვებია და კურსის ბოლოს, სასწავლებლის ერთ-ერთი საუკუთესო მოსწავლე იყო. წლებმა, სასწავლებელმა მის რელიგიურ გრძნობებს ვერაფერი დააკლო. "იცი, უპირველესად რამ მომაქცია ღვთისკენ და სიყრმიდანვე რამ გამითბო გული უფლისადმი სიყვარულით? წმინდა სახარებამ. მშობლებს სლავური სახარება ჰქონდათ, მიყვარდა ამ საკვირველი წიგნის კითხვა, მისი სიტყვები და უბრალო ენა გასაგები იყო ბავშვური გონებისათვის; ვკითხულობდი, ვტკბებოდი მისით და მასში ვპოვებდი უმაღლეს და არამიწიერ ნეტარებას. შემიძლია ვთქვა, რომ სახარება იყო ჩემი ბავშვობის თანამგზავრი, დამრიგებელი, ხელმძღვანელი და ნუგეშინისმცემელი, რომელსაც ადრეული წლებიდან დავუახლოვდი".
სამრევლო სკოლის მერე წარმატებით დაამთავრა სემინარიაც. ბრწყინვალე წარმატებების გამო სახელმწიფოს ხარჯით პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში მიიღეს. ამ პერიოდში გარდაეცვალა მამა. თავიდან ის შემონაზვნებას და ჩინეთში მქადაგებლად წასვლას აპირებდა, მაგრამ ცხოვრებამ დაარწმუნა, რომ მას სამშობლოში ბევრი საქმე ექნებოდა.
აკადემიის დასრულების შემდეგ იოანე სერგიევს კრონშტადტის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდლობა შესთავაზეს.Mროცა ტაძარში პირველად შევიდა, გაოცებული დარჩა, ეს სწორედ ის ეკლესია იყო, რომელსაც სიყმაწვილეში სიზმარში ხედავდა ხოლმე. ამით მიხვდა, რომ უფალს სურდა ამ ტაძრის მღვდელი ყოფილიყო.
წმინდა იოანე მღვდლად 1855 წლის 12 დეკემბერს აკურთხეს. მაშინ მტკიცედ გადაწყვიტა, მთელი არსებით ემსახურა ღვთისთვის და ტანჯული კაცობრიობისთვის. ამასთან, დაარწმუნა თავისი მეუღლე, ქალწულებად დარჩენილიყვნენ.
კრონშტადტში იმ პერიოდში ასახლებდნენ ადმინისტრაციულ სასჯელდადებულ მანკიერ ადამიანებს, მაწანწალებს, უპატრონოებს, მშობლები რომ არ ახსოვდათ. ეს ხალხი ქალაქის გარეუბანში მიწურებსა და ფარდულებში ცხოვრობდა, ქალაქში დაწანწალებდნენ და ლოთობდნენ. გარეუბანში ცხოვრობდნენ აგრეთვე პორტის მუშები. ისინიც ლოთობდნენ, მათ ცოლ-შვილს კი სციოდა და შიოდა.
და აი, ამ სიბნელეში გაიბრწყინა ღვთის სიყვარულის სხივმა - ახალნაკურთხმა მღვდელმა. მამა იოანემ მათ მიწურებში, ქოხებში იწყო სიარული. ანუგეშებდა მიტოვებულ დედებს, აძინებდა მათ პატარებს, ვიდრე ისინი სარეცხს რეცხავდნენ; ეხმარებოდა ფულით, დამოძღვრიდა ლოთებს, მთელ ხელფასს გლახაკებს ურიგებდა, როცა ფული გამოელეოდა, აძლევდა მათ თავის ანაფორას, ჩექმებს და საეკლესიო სახლში ფეხშიშველი ბრუნდებოდა.
თავიდან უხეში სულის ადამიანები ვერ იგებდნენ მის საქციელს და მტრულადაც კი შეხვდნენ, მაგრამ როცა მისი უჩვეულო სიყვარული და მშობლიური ზრუნვა დაინახეს, მიხვდნენ, რომ ღმერთმა მათ მოსიყვარულე მეგობარი და ქველისმოქმედი გამოუგზავნათ.
ახალგაზრდა იოანე კრონშტადტელმა თავისი მღვდელმსახურების პირველი დღეებიდანვე ფიცი დადო, რაც შეიძლება გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად მოჰკიდებოდა თავის მაღალ სამოძღვრო მოწოდებას და შინაგანი ცხოვრებისთვის მკაცრად ედევნებინა თვალი (სწორედ ასე ჩაწერა მან თავის დღიურში).
საეკლესიო ქადაგებებსა და ქველმოქმედებას მამა იოანემ საკუთარი თავი დიდი სიყვარულით მიუძღვნა. ყოველდღიურ საეკლესიო მსახურებებს ხალისით ასრულებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სულიერ საჭიროებებზე, რომლის შესასრულებლად მას კრონშტადტის მკვიდრნი მიმართავდნენ ხოლმე. მამა იოანე უარს არავის ეუბნებოდა, ღარიბთა სახლებში ყოველთვის სიტყვის შეუბრუნებლად მიდიოდა და სინათლე, სიხარული და სულიერი ნუგეში შეჰქონდა. უპოვართა და გაჭირვებულთა შორის დიდხანს იჯდა ხოლმე, ყველას სიყვარულითა და მზრუნველობით ავსებდა და საკუთარი თავი სრულიად ავიწყდებოდა. ხშირად მამა იოანე მღვდელმოქმედების აღსასრულებლად სადმე წავიდოდა, იქ კი სრული სიღატაკე და უმწეობა დახვდებოდა, ხოლო ავადმყოფს, ვისთანაც მას იწვევდნენ, არც საჭმელი გააჩნდა, არც მომვლელი და არც წამლის მიმტანი ჰყავდა. მამა იოანეს დუქნიდან პური მოჰქონდა ან აფთიაქში წამლის საყიდლად გარბოდა, ექიმს იხმობდა, ავადმყოფს ეფერებოდა და ანუგეშებდა.
ყოველდღე, წირვა-ლოცვის შემდეგ ღატაკები ელოდნენ ტაძართან. საოცარი იყო, რომ არც ერთი მათგანი არ რჩებოდა ხელცარიელი. ის ყველაფერს არიგებდა, რაც გააჩნდა, მიუხედავად საკუთარი და მეუღლის გაჭირვებისა. როდესაც ამის გამო უსაყვედურებდნენ ხოლმე, პასუხობდა: მღვდელი ვარ და საკუთარ თავს კი არა, სხვებს ვეკუთვნიო. უნდა ითქვას ისიც, რომ მამა იოანეს, როგორც კრონშტადტის გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელს, ჯამაგირს ხელზე არ აძლევდნენ, რომ მისი მეუღლე უსახსროდ არ დარჩენილიყო, ვინაიდან ქმრის ხელგაშლილობის გამო არაერთგზის მშიერი დარჩენილა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა იოანესთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
არა მარტო მატერიალურად ეხმარებოდა წმინდა იოანე ხალხს, ის მათ არიგებდა, დაცემულებს წამოაყენებდა, და, რაც მთავარია, მათთვის ლოცულობდა. შუაღამისას რომ მისდგომოდნენ, ავადმყოფი გვიზიარეო, მაშინვე წამოდგებოდა, გაემზადებოდა და გაჰყვებოდა, თუნდაც გადამდები სნეულება ჰქონოდათ. ამ ლოცვებისთვის, მათი განკურნებისთვის წმინდა იოანე არაფერს ითხოვდა, უსასყიდლოდ მიღებულ ღვთის მადლს უსასყიდლოდ გასცემდა. საზღაურს ის არ მოითხოვდა, არ სთხოვდა და ფიქრადაც არ გაივლებდა სასყიდელი აეღო. წმინდა იოანეს ლოცვები აიწია ზეცამდე და უფალიც, თავისი სათნომყოფლის ლოცვით, სნეულებს კურნავდა, მათაც კი რომელთა მკურნალობაზე ექიმები უარს ამბობდნენ.
ჭამა-სმისა და მოსვენებისთვის არ ეცალა, რადგან დილიდან დაღამებამდე სამწყსოს სამსახურში იყო. ხშირად შინ გვიან ღამით მშიერი და დაქანცული დაბრუნებულა, დაჯდომაც ვერ მოუსწრია, ისე დაუძახიათ გაჭირვებულთან წასასვლელად და ისიც მშიერი წასულა. არასოდეს მოსვლია აზრად, ავადმყოფისთვის თუნდაც რამდენიმე წუთი მოცდა ეთხოვა. ხშირად შინ არყოფნისას მასთან ფეხსაცმლით მოვაჭრენი მისულან, მისი მეუღლისთვის წყვილი ჩექმა მიუციათ და უთქვამთ: აიღე, დედაო, თქვენი მეუღლე ხომ შინ აუცილებლად ისევ ფეხშიშველი მოვაო და მართლაც ასე ხდებოდა... თავისი ჩექმა ვიღაც უპოვრისთვის უწყალობებია.
ხშირად სხვადასხვა პირისგან ნაწყალობევი თანხა ღატაკთათვის დაურიგებია, თავისი დანაზოგიც დაუმატებია, შინ კი ცოლისთვის ორიოდე მანეთიც არ დარჩენია.
უფლის მოწყალება განუზომელია, - პასუხობდა ხოლმე ირგვლივ მყოფთა საყვედურებს იმის თაობაზე, რომ სხვებს ზედმეტად ევლებოდა თავს.
ასეთი გახლდათ უპოვართა და გაჭირვებულთა ეს ჭეშმარიტი მამა და მწუხარეთა უებრო მანუგეშებელი, რომლის სულიც სხვის უბედურებასა და მწუხარებას ღრმად და წარუშლელად აღიქვამდა და კაცობრიობის ჭრილობებისა და წყლულების განსაკურნებლად მთლიანად წირავდა თავს.
გავიდა 17 წელი კრონშტადტში მისი მღვდლობისა. ღირსი იოანე მიხვდა, რაც უნდა ბევრი ფული მიეცა გლახაკებისთვის, მათ გაჭირვებას ვერ უშველიდა. უპოვართა ეს არმია ზაფხულობით ნავსადგურში კიდევ რაღაცას შოულობდა ხოლმე, მაგრამ ზამთრობით შიმშილისთვის იყო განწირული.
და აი, ღვთის ჩაგონებით, წმინდა იოანემ გადაწყვიტა, მთელ რუსეთში პირველი "შრომის სახლი" აეგო.
ასე აშენდა მშვენიერი ოთხსართულიანი შენობა, სადაც რამდენიმე სახელოსნო იყო განთავსებული, როგორც კაცების, ისე ქალებისა. ჰქონდათ იაფი სასადილო. ღამის თავშესაფარი. უფასო ამბულატორიული საავადმყოფო. საკვირაო სკოლა. უფასო დაწყებითი სახალხო სასწავლებელი, უფასო საბავშვო ბიბლიოთეკა, სახალხო სამკითხველო, სამხატვრო კლასები, ობლების თავშესაფარი და მრევლის ბავშვებისთვის დღის ოთახი, ახლანდელი ენით რომ ვთქვათ, საბავშვო ბაღი. მცირეწლოვანი პატარებისთვის თავშესაფარი, და წმინდა ანდრიას სამრევლოს სამზრუნველო, სადაც ყოველწლიურად ათასობით მანეთს ურიგებდნენ დახმარების სახით გლახაკებს. გახსნეს წიგნის ფარდულიც, და მოაწყვეს ბოსტნები, რომლითაც შრომის სახლის დაწესებულებებს ამარაგებდნენ.
შრომის სახლში კარის ეკლესიაც ჰქონდათ, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობისა. მიუხედავად ბევრი მტრობისა და წინააღმდეგობისა, 1888 წელს წმინდა იოანემ, მეორე სამსართულიანი სახლი ააგო, ღამის თავშესაფარი, სამი წლის შემდეგ კიდევ ერთ, მწირთა თავშესაფარს ჩაუყარა საფუძველი.
შრომის სახლი მთელი ქალაქი იყო, რომელსაც საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ. აქ ყველა ერთად შრომობდა, ერთად ცხოვრობდა, საერთო ლხინი და ჭირი ჰქონდა. აქ იღებდნენ ყველას, არ ეკითხებოდნენ წარმოშობას, განათლებას, პარტიულ კუთვნილებას. ვინ იცის, რამდენი ადამიანი გადაარჩინა ამ შრომის სახლმა.
გვინდა წმინდა იოანეს ქველმოქმედებაზე ერთი საგულისხმო ამბავი მოგითხროთ. წმინდა იოანეს ჩვევად ჰქონდა: ყოველდღიურად შედიოდა ვინმე პეტროვის ფარდულში და 10-15 მანეთს კაპიკიანებად ახურდავებინებდა გლახაკებისთვის დასარიგებლად, მაშინ ხომ ერთ კაპიკსაც ფასი ჰქონდა. პეტროვი დიდი საბაყლოს პატრონი იყო, გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდა. ერთხელაც წმინდა იოანემ 20 მანეთის გადახურდავება სთხოვა. ამ ფულის გადახურდავებას დრო უნდოდა. პეტროვი გაბრაზდა, - ხურდა მეც მჭირდება, ამდენი მუშტარი მყავს და ნახევარი საათი ამას უნდა ვუთვალო ფული, ნეტავ ამიერიდან არ შემოვიდეს და სხვა ფარდული ნახოსო, - გაიფიქრა. წმინდა იოანემ მადლობა გადაუხადა და ხურდა წაიღო. გავიდა ერთი, ორი, სამი დღე, მამა იოანე ხურდისთვის აღარ მიდის ფარდულში, გავიდა ერთი თვე... პეტროვმა შეამჩნია, რომ მისი ვაჭრობის საქმე უკან-უკან მიდის, საქონელი უფუჭდება, მყიდველიც იშვიათად შემოდის. დაიწყო ფიქრი, ასე რატომ ხდებოდა. ერთხელაც ახლობელს შესჩივლა თავისი გაჭირვება. მან ჰკითხა, - რაღაც მამა იოანეს ვეღარ ვხედავ ხურდისთვის შენს ფარდულში შემოსულს, ხომ არ გაანაწყენეო?!
ამ სიტყებმა თითქოს მეხი დასცა პეტროვს, გაახსენდა, თუ როგორ განიკითხა წმინდა იოანე და იმავე საღამოს 12 დამპალი კომბოსტოს გადაგდება მოუწია. კაცი ატირებული წავიდა წმინდა იოანესთან. "მე შენ მეტად აღარ შეგაწუხებ", - ამ სიტყვებით შეხვდა მას მოძღვარი. კაცი მუხლებში ჩაუვარდა და შენდობა ითხოვა. წმინდა იოანე მოეფერა: - ადექი, ადექი. უფალი მოწყალეა, გაპატიებს, შენ კიდევ გლახაკები უფრო მეტად გიყვარდეს, ისინი ხომ შენი ძმები არიან, ქრისტე ყველასთვის ევნო... თუ ვინმე რამეს გთხოვს, დაეხმარე, პირს ნუ მიიბრუნებ მისგან, რათა უფალმაც პირი არ იბრუნებს შენგან.
წმინდა იოანემ პეტროვის თხოვნით პარაკლისი გადაიხადა, და მასთან ძველებურად ახურდავებდა ფულს... და პეტროვის ფარდულში ხალხმა იწყო სიარული და ადრინდელზე მეტი შემოსავალი ჰქონდა.
თუმცა ყველა პატივს არ სცემდა წმინდა იოანეს, ზოგიერთი ამბობდა, ფულს განუსჯელად არიგებსო. შესაძლოა, ხალხისთვის გარეგნულად ასეც ჩანდა, მაგრამ მან სულიწმიდის მადლით იცოდა, ვის უფრო მეტად სჭირდებოდა დახმარება. ბევრჯერ ყოფილა, კონვერტი, შეწირული ფულით, იქვე სხვა ადამიანისთვის გადაუცია, ისე რომ მასში არ ჩაუხედავს. "მამაო, მასში ხომ 5000 მანეთია", - შესძახებდა შემწირველი. "ჰოდა, მას უფრო სჭირდებაო", - უპასუხებდა. და რომ ამას უფალი შთააგონებდა, ერთი მაგალითიც ადასტურებს:
ერთხელ ვიღაცის სახლში პარაკლისს იხდიდა, მამა იოანემ დაინახა, რომ დიასახლისი კონვერტით ფულის გადაცემას აპირებდა და უთხრა, ეს ფული ხვალ დილით, ქუჩაში პირველშემხვედრისთვის მიეცა. მეორე დღეს ეს ქალი ადრიანად გამოვიდა ქუჩაში, იქნებ გაჭირვებულ მუშას გადავაწყდეო და... მისკენ ოფიცერი მოდიოდა. გაუსწორდა ქალს, გასცდა კიდეც. ქალმა ყოყმანი შეწყვიტა, ოფიცერს დაეწია და აუხსნა, რაშიც იყო საქმე. მან მადლიერებით მიიღო საჩუქარი. უთხრა, რომ ცოლი ჰყავდა ავად და მის გადასარჩენად უკანასკნელი ნივთის გაყიდვას აპირებდა.
რის გამო აღარ მიმართავდნენ მამა იოანეს: ქალაქში ჩამოსული პროვინციელი მღვდელი უკან დასაბრუნებელ ფულს სთხოვდა, ახალგაზრდა მკერავი ქალი - გირაოდან საკერავი მანქანის გამოსყიდვას, სტუდენტი - სწავლის ქირას, გაჭირვებული ქალი - საავადმყოფოში გარდაცვლილი ქმრის კუბოსათვის ფულს და ასე შემდეგ... მამა იოანეს არასოდეს უკითხავს და შეუმოწმებია, რისთვის იყო საჭირო თანხა, არამედ ისე იქმოდა, როგორც სახარებაშია ნათქვამი: "რათა მარჯვენამ არ იცოდეს, თუ რას აკეთებს მარცხენა".
წმინდა იოანეს მტკიცე რწმენა ჰქონდა ღვთისა, ამიტომაც თავისთვის არაფერს იტოვებდა და ყველაფერს გასცემდა. როგორც ამბობენ, იგი წელიწადში 150 000 მანეთს ურიგებდა ხალხსო.
იგი მრევლს ხშირად და განსაკუთრებით მხურვალედ მოყვასისადმი ქველისმოქმედებისკენ მოუწოდებდა. სიღარიბე არ არის მიზეზი, ქველისმოქმედებაზე თქვა უარიო, არ შეგიძლია ფულით დახმარება, ცრემლით ანუგეშეო.
თვითონაც ხომ ამის მაგალითი იყო. ბევრი დაცემული ცოდვილი წამოუყენებია თავისი ლოცვით. ვინმე ბ.-მ დიდძალი სიმდიდრე დროს ტარებაში დახარჯა და ოჯახი გააღატაკა. წმინდა იოანეს ლოცვამ გააქრო მასში სასოწარკვეთა, ფერი უცვალა. "შენ ძალზე უბედური ხარ, - უთხრა მან ამ კაცს, - მაგრამ გამოუკვლეველი არის უფლის გზები. მოდი ერთად ვილოცოთ. ქრისტიანი შენში არ მომკვდარა". ამის მერე კაცი შეიცვალა, საქმეს ხელი მოკიდა, და ძველებური კეთილდღეობაც დაუბრუნდა. ასეთი შემთხვევები კი აურაცხელი იყო.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
* * *
სამაგალითო იყო წმინდა იოანეს მშობლებისადმი დამოკიდებულება: ერთხელ, დიდმარხვაში, წმინდა იოანე ძალზე ავად გახდა და ექიმები დაჟინებით სთხოვდნენ, ძალების შესანარჩუნებლად რძე დაელია. რაზეც მან უთხრა: მხოლოდ იმ შემთხვევაში დავლევ რძეს, თუ ამის ნებას დედაჩემი მომცემს და მაკურთხებსო და წერილი გაუგზავნა დედა თეოდორას მშობლიურ სოფელ სურში. უგზოობის გამო მისგან პასუხი გვიან მიიღეს, მაგრამ პასუხი ისეთი იყო როგორიც შეშვენოდა წმინდა იოანეს: მე ეკლესიის მამების მიერ დადგენილი მარხვის გახსნილების უფლება არა მაქვსო. სხვა დედა ალბათ, შვილის ჯანმრთელობისთვის მაშინვე დათანხმდებოდა, მაგრამ დედას ახსოვდა წმინდა წერილში ნათქვამი, - მართალი რწმენით ცხონდებაო. ექიმებმა პასუხი რომ გაიგეს, უთხრეს, რძის დაულევლად მოკვდებოდა. მათი წინასწარმეტყველება არ აცხადდა, წმინდა იოანე მალე გამოჯანმრთელდა.
* * *
ასეთი ამბავიც მომხდარა. ერთ ოთახში სამი სტუდენტი ცხოვრობდა. დიდმა ურწმუნოებამ მათ მკრეხელობა ჩაადენინა. ერთმა მათგანმა თავი მოიავადმყოფა და დანარჩენმა ორმა კი წმინდა იოანეს სთხოვა, მათთან მისულიყო და "ავადმყოფისთვის" ელოცა. წმინდა იოანე მივიდა და "ავადმყოფს" უთხრა: - ახლა მე შენ არ გჭირდები, მაგრამ მალე დაგჭირდებიო. შემდეგ მამა იოანემ ილოცა, ფული არ გამოართვა და წავიდა. "ავადმყოფს" წამოდგომა უნდოდა, მაგრამ ვეღარ შეძლო. მეგობრებმა დაიცადეს სამი დღე, მაგრამ სნეული ფეხზე ვეღარ წამოდგა. შეშინებულები მივიდნენ წმინდა იოანესთან და ატირებულებმა შენდობა სთხოვეს. წმინდა იოანემ აპატია მათ, ანუგეშა - თქვენი მეგობარი უკვე გამოჯანმრთელდაო. მართლაც, შინ დაბრუნებულებს "სნეული" გამოჯანმრთელებული დახვდათ. ამ ამბავმა ისინი რელიგიურები გახადა.
* * *
წმინდა იოანემ მრავალი ტაძარი და მონასტერი ააგო, მათ შორის რამდენიმე მილიონის ღირებულებისაც კი. ცოტა ეძინა, ცოტას ჭამდა, თავი მთლიანად მოყვასისთვის ჰქონდა მიძღვნილი, ყველას გვერდში ედგა, ლოცვით, ნუგეშით, მატერიალურად. ამიტომაც ერთს იტყოდა თუ არა, უამრავი შემომწირველი გამოჩნდებოდა და ტაძრებიც სასწაულებრივად შენდებოდა. იღუმენია ტაისია მონასტრის ასაშენებლად რომ აკურთხა, ორად ორი გრივნი გადასცა. დედა ტაისია საქმეს შეუდგა და გამოჩნდა ადგილი მონასტრის ასაშენებლად, გამოჩნდა ხალხიც, რომელთა შეწირულობით წმინდა სავანეც აშენდა.
წმინდა იოანემ ააგო, გააფართოვა არაერთი ეკლესია-მონასტერი, ეხმარებოდა ბევრ დედათა სავანეს, გზავნიდა იქ სამონაზვნეებს.
არა მარტო სამონაზვნეებს, უბრალო ერისკაცებსაც შეეწეოდა თავისი ლოცვით, ვისაც დაოჯახება სურდა, მის "ცხოვრებაში" ბევრ ამგვარ საგულისხმო მაგალითს წააწყდებით.
* * *
წმინდა იოანე ყოველდღე წირავდა. წირვის შემდეგ ავადმყოფების მოსანახულებლად მთელ პეტერბურგში დადიოდა. მის ეტლს შორიდან ცნობდნენ და უამრავი ადამიანი შემოერტყმებოდა ხოლმე კურთხევის ასაღებად.
უამრავი ადამიანი განკურნა წმინდა იოანემ ლოცვით. ხშირად დეპეშით სთხოვდნენ ლოცვას. ისიც საპასუხო დეპეშით შეატყობინებდა, რომ მათთვის ლოცულობდა და სნეულები იკურნებოდნენ. ხშირად ეს კურნება უსწრებდა წმინდა იოანეს დეპეშას. ანუ სწორედ მაშინ იკურნებოდნენ, როცა, სავარაუდოდ, წმინდა იოანეს დეპეშა უნდა მიეღო. ხოლო როცა შინ აკითხავდა ავადმყოფებს, იცოდა, სრულიად უცნობ ოჯახში სნეული რომელ ოთახში იწვა. ავადმყოფი კი შეიძლება ყოფილიყო - ქალი, კაცი, ბავშვი, მოხუცი, სამღვდელო პირი თუ დიდებული. დიდი ძალა ჰქონდა წმინდა იოანეს ლოცვას, მის კურთხევას.
გასაოცარი იყო მისი დაფარულმცოდნეობის მადლიც. ერთხელ ცენტრალური რუსეთიდან წმინდა იოანესთან კრონშტადტში ვაჭარი ჩამოვიდა და წმინდა ანდრიას ტაძარში მის ლიტურგიას დაესწრო. წირვის ბოლოს, ჯვარზე მთხვევისას, წმინდა იოანეს გვერდით იდგნენ მორჩილები, რომლებსაც ხელთ სინები ეჭირათ, სადაც შეწირულობას ტოვებდნენ. წმინდა იოანემ მთელი ეს მოგროვებული ფული ამ ვაჭარს გადასცა. ვაჭარმა უთხრა, რომ მდიდარი იყო და აქეთ სხვებს აძლევდა ფულს. წმინდა იოანემ გაუმეორა:
- აიღე, აიღე, გამოგადგება.
მართლაც, შინ დაბრუნებულ ვაჭარს საქონლით სავსე საწყობები დამწვარი დახვდა და წმინდა იოანეს მიცემული ფულიღა იყო მისი ერთადერთი საარსებო წყარო.
* * *
ბრესტ-ლიტოვსკელ მცხოვრებ ვლადიმირ ევლამოპიევს ექვსი წლის ბავშვი უკვდებოდა. შეიტყვეს, რომ წმინდა იოანე სადღაც მატარებლით მიემგზავრებოდა და მათ სადგურზე შეჩერდებოდა. დედამ გადაწყვიტა, სადგურზე მისულიყო და წმინდა იოანესთვის დახმარება ეთხოვა. მაგრამ, მიუხედავად დიდი თხოვნისა, ქმარმა არ გაუშვა, უთხრა, გადაგთელავენო და მამა იოანეს სანახავად თვითონ წავიდა. მატარებელი ბაქანზე ჩამოდგა. წმინდა იოანე გადმოვიდა მატარებლიდან, მომაკვდავი ბავშვის მამას მიუახლოვდა და უთხრა: - ცოლი რატომ არ წამოიყვანე, ის ხომ ძალზე გეხვეწებოდაო.
მოულოდნელობისგან კაცი დაიბნა, ხმა ვერ ამოიღო. წმინდა იოანემ დატუქსვის მერე გაამხნევა იგი:
- კარგი, არაფერია, წადი შინ, შენი შვილი ჯანმრთელია.
მართლაც, შინ მისულ კაცს შვილი საღ-სალამათი დახვდა.
* * *
ბავშვებთან მყოფი მამა იოანეს ყურება შეგძრავდათ... თითქოს უფრო კეთილი და ნათელი ხდებოდა, იტყოდა ხოლმე, - ბავშვებთან თავს ბავშვად ვგრძნობო.
ბავშვის სული ხომ თავისნაირი სიწმინდისკენ მიისწრაფვის, ამიტომაც იზიდავდათ იგი პატარებს და ეკონებოდნენ.
- ბავშვებთან მიმიყვანეთ! - ამბობდა ხოლმე ნებისმიერ ქალაქში სტუმრობისას და მართლაც ყველგან სტუმრობდა - თავშესაფრებში, სასწავლებლებსა და გიმნაზიებში. ბავშვები მას ელოდნენ. ერთი 5 წლის პაწია კითხულობდა: - ჩვენთან წმინდანი მოვა? უნდა გენახათ, რა სიხარულს აფრქვევდნენ ბავშვების თვალები, როდესაც მოძღვარი მათთან შედიოდა და ყრმათათვის გასაგებ სიტყვებს ეუბნებოდა, წარუშლელ კვალს რომ ტოვებდნენ ამ პატარა ადამიანებში.
ბავშვების მიმართ ალერსიანი მამა იოანე ავადმყოფებს ძალიან თბილად ეპყრობოდა. ერთხელ, როდესაც კიევში ლევაშევსკის პანსიონს სტუმრობდა, ერთი პატარა, სნეული გოგონასაკენ მიუთითეს, მძიმე ტიფი რომ გადაეტანა. შედეგად ყურის ძირში მუწუკი ამოსვლოდა, რომელიც ამოეკვეთათ.
ავადმყოფს სწრაფად მიუახლოვდა, მის საწოლთან მუხლი მოიყარა, პატარა ტანჯულს თავზე სახე მიადო, მხურვალედ მიუალერსა, ეამბორა, წასჩურჩულა: - პაწიავ, გტკივა? ტანჯულო ჩემო...
სიჩუმემ დაისადგურა. იქნებ, ვინმეს ცალკეული სიტყვებიც გაერჩია, მაგრამ შეუძლებელია მისი ხმის ტემბრისა და ტონის გადმოცემა, იმის გაცოცხლება, თუ როგორ ენაცვლებოდა ერთმანეთს სულისშემძვრელი ალერსი და მგზნებარე სიბრალული, მოძღვრის სიყვარულით აღვსილ სულს რომ აღმოხდა მაშინ...
* * *
წმინდა იოანეს ღვთისაგან ჰქონდა ხელმწიფება სიცოცხლეშივე შორ მანძილზე გამოცხადებისა.
მთავარეპისკოპოსი სერგი მისიონერი გახლდათ და ალთაელ წარმართებში ქრისტიანობას ავრცელებდა. ის ჰყვებოდა, რომ ერთი ალთაელი ქალი მძიმედ გახდა ავად. მისმა ახლობლებმა დეპეშა გაუგზავნეს წმინდა იოანეს და ავადმყოფის განკურნებისთვის ლოცვა სთხოვეს. ამის მერე ქალი ჰყვებოდა, რომ მას გამოეცხადა მიტროსანი მღვდელი, რომელმაც იგი აკურთხა. რის შემდეგაც ავადმყოფი გამოჯანმრთელდა.
ხერსონის გუბერნიაში, ლუთერანების ოჯახში რვა წლის გოგონა დიფტერიით ავად გახდა და ძალზე მძიმე მდგომარეობაში იყო. სასოწარკვეთილმა მშობლებმა მართლმადიდებლების რჩევით წმინდა იოანეს დეპეშა გაუგზავნეს, დილით საპასუხო დეპეშა მიიღეს: "ყველაფერს გავაკეთებ, რასაც შევძლებ". დილით გოგონას გაეღვიძა და თქვა, რომ მის, საწოლთან, მღვდელი მივიდა და უთხრა, რომ გამოჯანმრთელდებოდა. როცა ნაცნობებმა წმინდა იოანეს სურათი აჩვენეს, გოგონამ წამოიძახა, დიახ, ეს იყოო. მართლაც, გოგონა მალე გამოჯანმრთელდა.
ბევრი ამგვარი ამბავია მოთხრობილი წმინდა იოანეს ცხოვრებაში და რწმენით აღავსებს ქრისტიანთა გულებს.
ჰყვებიან ისეთ ამბებსაც, როცა წმინდა იოანეს ლოცვით მკვდარი გაცოცხლებულა.
ერთ ქალბატონს, რომელიც მეოთხე ბავშვზე იყო ორსულად, უეცრად სიცხემ აუწია. პიროგოვის კლინიკიდან საუკეთესო ექიმები მოუყვანეს. მოიწვიეს პროფესორების კონსილიუმი. ქალს ნაყოფი მკვდარი ჰყავდა მუცელში და სეფსისი განუვითარდა. სასწრაფოდ, საკეისრო კვეთით, მკვდარი ნაყოფი უნდა ამოეყვანათ. ახლობლებმა ქალის გაჭრის ნებართვა ჯერ არ მისცეს და წმინდა იოანეს უდეპეშეს, დახმარება სთხოვეს. წმინდა იოანემ შეატყობინა, რომ სასწრაფოდ ჩამოვიდოდა მათთან მოსკოვში. მეორე დღეს ჩამოვიდა წმინდა იოანე. "სადა წევს ლიზა?" - ჰკითხა ქალის ახლობლებს. შევიდა მომაკვდავთან ოთახში, კარი მიიხურა. გავიდა ლამის ერთი საათი და წმინდა იოანე ოთახიდან გამოვიდა, აღელვებული, დიდებული, ერთიანად ოფლში ცურავდა.
- ღმერთმა სასწაულის მოხდენა ინება! - თქვა მან, - მან ინება და მკვდარი ნაყოფი მკვდრეთით აღადგინა, ლიზა ბიჭს გააჩენს.
წმინდა იოანეს წასვლის მერე საოპერაციოდ მოსულ ექიმებს ქალი ჯანმრთელი დახვდათ, 36,8 გრადუსი ტემპერატურით, და კიდევ, ნაყოფი ცოცხალი იყო, ბავშვი მოძრაობდა. იმავე ღამეს ლიზამ სრულიად ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა...
* * *
წმინდა იოანე მრავალგზის უნახავთ ლოცვისას ღვთაებრივი ცეცხლით გარემოცული. მას ჰქონდა მადლი წინასწარმეტყველებისა. მისი ლოცვით ქოლერის ეპიდემიაც კი შეწყვეტილა. მას ჰქონდა მადლი უსხეულო ძალთა ხედვისა.
ერთხელ წმინდა იოანე კრონშტადტელი პეტერბურგის ქუჩებში კარეტით მიდიოდა. დაინახა, მიცვალებულს ათიოდე კაცი მიასვენებდა. წმინდანს სახე შეეცვალა, აღელდა, ლოცვა და პირჯვრის გამოსახვა დაიწყო. შემდეგ თავის მორჩილს უთხრა: - აი, რა საშინელია მემთვრალის სიკვდილი. იცნობდით მას, მამაო? - ჰკითხა მორჩილმა. ისევე არ ვიცნობდი, როგორც შენ, - მიუგო წმინდა იოანემ, - მაგრამ მე ვხედავ ეშმაკებს, რომლებიც ხარობენ მემთვრალის სულის დაღუპვით.
დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე
* * *
წმინდა იოანე კრონშტადტელს, მიუხედავად იმისა, რომ ათასგვარ ცილს სწამებდნენ, შეურაცხყოფდნენ, არასოდეს დაუწუწუნია. პირიქით, ყოველთვის მიუტევებდა და კეთილს უყოფდა ცილისმწამებლებს. ერთ კრონშტადტელს პოლიციის უფროსმა მრავალი განსაცდელი მოაწია. ბოლოს იგი მექრთამეობისა და გამომძალველობისთვის დაიჭირეს. სასამართლოზე მოწმედ წმინდა იოანე გამოიძახეს. იგი სასამართლოზე მხოლოდ განსასჯელის მიერ გაკეთებულ სიკეთეებს ჰყვებოდა. მოსამართლემ მოუწოდა - მოვალე ხარ, სასამართლოს მხოლოდ სიმართლე განუცხადოთო. უცბად წმინდა იოანეს სახე შეეცვალა, თვალებიდან მრისხანების ნაპერწკლები წამოსცვივდა და ბრძანა: "მე ამას ვამბობ, როგორც მღვდელი!" მოსამართლემ დაკითხვაზე უარი განაცხადა. მაშინ წმინდა იოანემ დატოვა სასამართლოს დარბაზი და უკან განსასჯელის დაცვაც მიჰყვა.
როგორც უკვე ვთქვით, წმინდა იოანეს ბევრი მტერი ჰყავდა, მათ შორის სასულიერო პირებიც. წმინდა იოანეს მთელ რუსეთში იწვევდნენ ლოცვისთვის, და ყოველთვის ხალხით იყო გარემოცული, რაც არ მოსწონდა ბევრ ადგილობრივ შურიან მღვდელს. ეგ კი არა, წმინდა ანდრიას ტაძარში, სადაც ის მსახურებდა, ერთი მღვდელი იყო, რომელიც ამბობდა: ჩვენც იგივე მადლი გვაქვს რაც იოანესო, რისთვისაც ის დაისაჯა ღვთისაგან, ისე გასუქდა, რომ ვეღარ იჩოქებოდა, და როცა მოკვდა, ისე სწრაფად გაიხრწნა, სიმყრალის გამო წესი ვერ აუგეს.
ერთხელ მიტროპოლიტ ისიდორეს საჩივარი გაუგზავნეს, სადაც წმინდა იოანეს ბრალს სდებდნენ, სხვის სამრევლოებში მსახურობსო. მიტროპოლიტმა წერილი საწერი მაგიდის უჯრაში შეინახა და მომჩივანი, ბრალდებულთან ერთად, თავისთან მოიხმო. როცა წმინდა იოანე მიტროპოლიტთან გამოცხადდა, მან საჩივარი უჯრიდან ამოიღო, მაგრამ ქაღალდი რომ გაშალა, ის სუფთა დახვდათ. ეს ნახეს მომჩივნებმაც. გაოგნებულმა მიტროპოლიტმა წმინდა იოანეს ჰკითხა, ეს რას ნიშნავსო. წმინდა იოანემ ილოცა და საჩივარი კვლავ გამოჩნდა ფურცელზე. ამ სასწაულმა მიახვედრა მიტროპოლიტი, რომ წმინდა იოანეს თვით ღმერთი იფარავდა, მან საჩივარი დახია, მომჩივნები გალანძღა და გაყარა. წმინდა იოანეს კი უთხრა, იმსახურე, მამაო, როგორც გინდაო.
ერთხელ წმინდა სინოდის ცნობილმა ობერპროკურორმა კონსტანტინე პობედონოსცევმა ასევე უთხრა წმინდა იოანეს:
- თქვენზე ამბობენ, სასწაულებს ახდენსო, ფრთხილად იყავით, ცუდად არ დაამთავროთ.
- ნუ შეწუხდებით ამაზე, დაიცადეთ და ნახავთ, როგორი იქნება აღსასრული, - უპასუხა წმინდა იოანემ.
წმინდა იოანეს ძალზე ხშირად საყვედურობდნენ გარემოცვის გამო. რაზეც წმინდა იოანე პასუხობდა:
- თუ მაცხოვარი არ განაგდებდა თავისგან მრუშებს და ცოდვილებს, და თავის გვერდით ითმენდა იუდა გამცემელს, მაშინ მე მისმა უღირსმა მსახურმა არ უნდა მივბაძო მის გზას? მეც იმნაირივე ცოდვილი ადამიანი ვარ, როგორიც თქვენ ყველა. ცოდვილი ვარ და ვინანიებ... უფრთხილდი სიამაყეს, არ გძლიოს!
ხშირად ეუბნებოდნენ, შენი მედავითნეები და გარემოცვა ფულს გპარავენო, რაზეც მან უპასუხა: სხვებიც მოიპარავენ, ჯობს, ბევრის მაგიერ ერთი სცოდავდეს.
წმინდა იოანე ღვთისა და მამულის ერთგული შვილი იყო, მხურვალე მონარქისტი, მამხილებელი იმ დროის ლიბერალური სულისა და მათი კერპის ლევ ტოლსტოისა, რის გამოც მრავალი მტერი გაუჩნდა, რომლებიც კბილებს აღრჭენდნენ. ერთხელ, თითქოს ავადმყოფთან წაიყვანეს ლოცვისთვის. და როცა ოთახში შევიდა და კარი მიიკეტა, სამი პირუტყვი დაესხა თავს. იგი დანებით დასერეს და ძლივს გადარჩა ცოცხალი. აქვე უნდა გავიხსენოთ იოანიტები, რომელთაც მკაცრად ამხილებდა წმინდა იოანე. "ეშმაკი ლაპარაკობს თქვენი პირით", - ეუბნებოდა მათ. იოანიტები საცოდავი, ეგზალტირებული ხალხი იყო, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ წმინდა იოანე იყო არა კაცი, არამედ ღმერთი, იესო ქრისტე, რომელიც კაცთა მოდგმის სახსნელად მოვიდა. მათი უგუნურება იქამდე მიდიოდა, რომ თუ მოახერხებდნენ წმინდა იოანეს კბენდნენ, სისხლს სწოვდნენ და ასე "ეზიარებოდნენ ღმერთის" სისხლს.
ყველა მხრიდან ისე გამრავლდა თავდასხმები წმინდა იოანეზე, რომ მორწმუნეებმა მამა იოანეს დაცვის საზოგადოება შექმნეს.
გავიდა წლები. მოახლოვდა წმინდა იოანეს ამქვეყნიდან გასვლის ჟამი. მიუხედავად ასაკისა და ავადმყოფობისა, ის სიცოცხლის ბოლომდე იღებდა აღსარებებს და სწირავდა. მან დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილის დრო. წმინდა იოანე 1908 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ წმინდა საფლავთან უამრავი ადამიანი მოვიდა მთელი იმპერიიდან. მრავალი სასწაული აღსრულდა მის საფლავთან, მისი კანონიზაცია კი მოგვიანებით მოხდა. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1990 წლის 01 ივნისს ადგილობრივ კრებაზე მამა იოანე სერგიევი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 20 დეკემბერი, ახალი სტილით 2 იანვარი დააწესა. წმინდა იოანეს ლოცვა არ მოაკლდეს მთელ საქრისტიანოს.
.............................
წმინდა იოანესთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
უფალმა ინება სასწაული მომხდარიყო
წმიდა მართალი იოანე კრონშტადტელი და რომაულ-კათოლიკური პაპიზმი
"პაწიავ, გტკივა?.. ტანჯულო ჩემო..." - ჩურჩულებდა იგი...
იქ, სადაც ბავშვებია - თბილა და კარგია
მე ვლაპარაკობ, როგორც მღვდელი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი