უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი მორწმუნე ქრისტიანი არ შეიძლება დაეჭვდეს იმის ჭეშმარიტებაში, რაც შეემთხვა იონა წინასწარმეტყველს, რამეთუ თვით ქრისტემ დაასვა ბეჭედი ამ სადავო საკითხს, როდესაც ბრძანა: "ვითარცა-იგი იონა იყო მუცელსა ვეშაპისასა სამ-დღე და სამ-ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისა გულსა ქუეყანისასა სამ-დღე და სამ-ღამე" (მათე 12,40). აქ იესო ქრისტე გამორიცხავს იონა წინასწარმეტყველის წიგნის ალეგორიულობას, რადგან ასეთ შემთხვევაში ალეგორიულად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე თავად ქრისტეს ყოფნა "გულსა ქვეყანისასა სამ-დღე და სამ-ღამე". საქმე ისაა, რომ ძველი აღთქმის უარყოფა გზას უკაფავს თვით ქრისტესა და მისი სიტყვების უარყოფას.
იონა წინასწარმეტყველის ისტორიის უარყოფა ტოლფასია მთელი საღმრთო წერილის უარყოფისა, ხოლო ეს რწმენის უარყოფას ნიშნავს. ნუთუ კაცობრიობისათვის საკმარისი არ არის ის მრავალრიცხოვანი დამარცხება, რომელიც განიცადეს ეგრეთ წოდებულმა "მეცნიერულმა შეკამათებებმა" ბიბლიასთან? რამდენჯერ მომხდარა, რომ ამა ქვეყნის ბრძენთა მიერ წმინდა ბიბლიის უარყოფა და დაცინვა მათ წინააღმდეგვე მომართულა.
ტექსტის დედნის უბრალო შესწავლა და ზოგადი მეცნიერული ცოდნა კი ბევრ რამეზე გვაძლევს პასუხს.
ყველასთვის ცნობილია, რომ ბიბლიის დედანი ებრაულ ენაზე არის დაწერილი. ვეშაპი ებრაულად არის "თანან", მაგრამ ბიბლიაში ზღვის არსება, რომელმაც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა, მოხსენიებულია სიტყვით "დაგ", რაც "დიდ თევზს" ან "ზღვის ურჩხულს" ნიშნავს.
წმინდა ეკლესია მას წყლის ცხოველს უწოდებს (ქართულ საღვთისმსახურო წიგნებში, თითქმის ყველგან, ზემოხსენებული წყლის მხეცის მაგივრად ნახსენებია ვეშაპი).
მეცნიერებისთვის ვეშაპთა რამდენიმე ნაირსახეობაა ცნობილი. ასე მაგალითად: არის ისეთი ჯიში ვეშაპისა, რომელსაც ქვედა ყბაზე 44 კბილი აქვს და სიგრძით 60-65 ფუტს აღწევს, მაგრამ საყლაპავი ძალიან პატარა აქვს და ამიტომ დიდი მოცულობის საგანს ვერ გადაყლაპავს. როგორც ჩანს, სკეპტიკოსები სწორედ ამ ჯიშის ვეშაპს გულისხმობენ, როცა უარყოფენ იონას ვეშაპთან დაკავშირებულ ამბავს.
არის სხვა ვეშაპის სახეობაც, ეგრეთ წოდებული "ბოთლცხვირა" ანუ "ნისკარტიანი" ვეშაპი. ეს მცირე ზომის ვეშაპი 30 ფუტი სიგრძისაა. თუმცა იგი მცირე ზომისაა, სამაგიეროდ აქვს დიდი საყლაპავი და სავსებით შესაძლებელია გადაყლაპოს კიდეც ადამიანი, მაგრამ ცოცხალი ვერ გადაურჩება, რადგან ამ ვეშაპს აქვს კბილები და ღეჭავს საკვებს.
არსებობენ ვეშაპები, რომელთაც კბილები არა აქვთ, სამაგიეროდ, აქვთ ულვაში. ასეთ ჯიშთა შორის არიან ზვიგენები, რომლებსაც "ფონ-ბაკს" უწოდებენ. მათი სიგრძე 88 ფუტს აღწევს. ასეთი ვეშაპის კუჭს აქვს 6 საკანი ანუ განყოფილება, ამასთანავე, ნებისმიერ მათგანში შეიძლება დაეტიოს ადამიანთა მცირე ჯგუფი. ეს ვაშაპები ისუნთქავენ ჰაერს, თავში აქვთ ჰაერის სათადარიგო საკანი, რომელიც აფართოებს ცხვირის ღრუს. რაიმე დიდი საგნის გადაყლაპვამდე ვეშაპი მას ამ საკანში აგდებს. თუ მას თავში ძალიან დიდი საგანი აღმოაჩნდება, მაშინ იგი მიცურავს უახლოესი ხმელეთისაკენ, წვება თავთხელში და გარეთ გამოტყორცნის ჩაყლაპულს.
დოქტორი რანსონ ჰარგეი ამოწმებს, რომ მისი ნაცნობი, რომელიც 200 გირვანქას იწონის, მკვდარი ვეშაპის პირიდან სწორედ ამ საჰაერო საკანში შეძვრა. ასევე გვამცნობს, რომ ძაღლი, რომელიც გადავარდა ვეშაპებზე მონადირე გემიდან 6 დღის შემდეგ ვეშაპის თავში იპოვეს ცოცხალი. აი, ასეთი ვეშაპის "მუცელში", ანუ საჰაერო საკანში იონას ნამდვილად შეეძლო დაეყო სამი დღე და ღამე და ცოცხალიც გადარჩენილიყო. საკნის მოცულობა ხომ 686 კუბურ ფუტს უდრის.
ცნობილმა მეცნიერმა ფრანკ ბულენმა დაადგინა, რომ კაშალოტი (ვეშაპის ერთ-ერთი ნაირსახეობა) სიკვდილის წინ, ხშირად, თავისი კუჭის მთელ შიგთავსს გამოტყორცნის გარეთ.
მაგრამ ბიბლიური სიტყვა "დაგ" ნიშნავს "დიდ თევზს". საფიქრებელია, იონა ზღვის არსებამ, დიდმა თევზმა გადაყლაპა. ეს უნდა ყოფილიყო "ვეშაპ-ზვიგენი" ანუ "ძვლიანი ზვიგენი".
სახელწოდება "ვეშაპ-ზვიგენი" მან კბილების უქონლობის გამო მიიღო. ვეშაპ-ზვიგენის სიგრძე 70 ფუტს აღწევს. საკვებს პირის ღრუში განლაგებულ ფირფიტებში (ულვაშებში) ატარებს. ამ ზვიგენს აქვს საკმაო ზომის კუჭი, რათა ადამიანი დაიტიოს.
"ლიტერარი დაიჯესტმა" გამოაქვეყნა ერთი ფრიად საგულისხმო და საინტერესო ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ გადაყლაპა ვეშაპ-ზვიგენმა მეზღვაური. 48 საათის (ე.ი. ორი დღე-ღამის) შემდეგ ზვიგენი მოკლეს. როდესაც გაკვეთეს, შიგ იპოვეს ცოცხალი, მაგრამ გრძნობადაკარგული მეზღვაური. ამასთანავე მეზღვაურს არ აღმოაჩნდა ამ არსების მუცელში ყოფნის არავითარი კვალი, ერთადერთი - დასცვივდა თმა და ტანზე რამდენიმე ბებერა დააჩნდა. შემდგომში მეზღვაური ყვებოდა, მხოლოდ შიშის გრძნობა არ მაძლევდა მოსვენებას ვეშაპის მუცელში ყოფნისასო.
ამას წინათ, - წერს მამა ი.ს., - ჰავაის კუნძულებთან იაპონელმა მეთევზეებმა მოკლეს თეთრი ზვიგენი. მის კუჭში იპოვეს ადამიანის მთლიანი ჩონჩხი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო დეზერტირების სიაში შეყვანილი ჯარისკაცი, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკის არმიის ყაიდის სამხედრო ფორმა ეცვა.
როგორც ვხედავთ, იონა შესაძლებელია გადაეყლაპა დიდ თევზს და თანაც ბუნების ყოველგვარი კანონის დაურღვევლად. ჭეშმარიტია და უცვლელი ღვთის სიტყვა, იგი არასოდეს არ შეიძლება შეეწინააღმდეგოს ჭეშმარიტ მეცნიერებას.
მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ ჩვენთვის, მორწმუნეებისათვის, სრულიად აშკარაა, რომ იონა წინასწარმეტყველის ისტორიაში მოქმედებდა ღვთის ძალა, რამეთუ უფალს, როგორც თვით ბუნების კანონების შემოქმედს, აქვს თავისუფალი ნება, მართოს ისინი, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ყოვლისშემძლე წინასწარგააზრებული მოქმედებით.
არტურ ჰუკის წიგნის
"ბიბლიური სასწაულების უტყუარობის" მიხედვით
"ბიბლიური სასწაულების უტყუარობის" მიხედვით