წინასწარმეტყველი მკაცრი მხილების გამო იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს
წმინდა იერემია წინასწარმეტყველი ძველი აღთქმის ოთხ უდიდეს წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთია.
იგი ანათოთელი მღვდლის ექელკისიას შვილი იყო, მოღვაწეობდა იუდეველთა სახელმწიფოს ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში - ისრაელის მეფის იოშიასა და მისი ოთხი მემკვიდრის მეფობის ჟამს. 15 წლის იერემიას გამოცხადებით ეუწყა, რომ შობამდე იყო მოწოდებული წინასწარმეტყველად. მას შეეშინდა ასეთი დიდი და მძიმე მსახურებისა, რადგან ჯერ ყრმა და გამოუცდელი იყო, მაგრამ უფალმა თანადგომა და მფარველობა აღუთქვა. "და განყო უფალმა ხელი მისი და შეახო პირსა ჩემსა და თქვა უფალმან ჩემდამო: აჰა, მიგცენ, სიტყვანი ჩემნი პირსა შენსა. აჰა, დაგადგინე შენ დღეს ნათესავსა ზედა და მეფობასა აღმოფხუარად და აღფხრად და წარწყმედად და აღშენებად და დანერგვად".სახელი იერემია იუდეველთა შორის საკმაოდ გავრცელებული იყო.
იერემიამ წინასწარმეტყველება იოშიას მეფობის მეცამეტე წელს (627 წ.) დაიწყო, იუდეის ბოლო მეფეების (იოშია, იოაქაზი, იოაკიმე, იექონია და სედეკია) პერიოდში და იერუსალიმის დარბევის შემდეგ ეგვიპტეშიც გააგრძელა. საერთო ჯამში დაახლოებით 50 წელს წინასწარმეტყველებდა.
იოშია (640-609 წწ.) კეთილკრძალული მეფე იყო. 16 წლის ასაკში (მეფობის მე-8 წელს) მან რელიგიისადმი დიდი ინტერესი გამოიჩინა, ხოლო 20 წლისამ იუდეის სამეფოში აღსრულებულ კერპმსახურებას შეუპოვარი ბრძოლა გამოუცხადა. 26 წლის ასაკში ტაძარში აღთქმის წიგნის აღმოჩენისას იოშიამ სწორედ ამ წიგნის მიხედვით განაახლა ღვთისმსახურება.
იერემიამ მწარედ დაიტირა ღირსეული მეფე იოშია, როდესაც მისი გარდაცვალება შეიტყო, და სამგლოვიარო გოდება მიუძღვნა ხსენებულ მეფეს, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. სწორედ ამ დროს ჩნდება იგი იერუსალიმში და სოლომონის ტაძარში უამრავი ხალხის თანდასწრებით მამხილებელ სიტყვებს წარმოთქვამს.
იოაქაზი მხოლოდ სამი თვე მეფობდა. მას წინასწარმეტყველმა ტახტის დაკარგვა უწინასწარმეტყველა.
იოაკიმე, იოაქაზის უფროსი ძმა, სამეფო ტახტზე ეგვიპტის ფარაონის ნეხაოს აჰყავს. მან 11 წელი იმეფა (608-597 წწ.). მამისგან განსხვავებით ის კერპმსახურებას მფარველობდა და თეოკრატიულ ტრადიციებს არად აგდებდა. იერემია მკაცრად ამხელდა მეფეს და მისი აღსასრულის შესახებ იუწყებოდა.
წინასწარმეტყველი იერემია თავისი მოღვაწეობის გამო, მის მიერ გამოთქმული შეუპოვარი მხილებისთვის არაერთ საფრთხესა და განსაცდელს ეწია. ერთხანს პატიმრობაშიც იყო. მას თანამოქალაქეთა უდიდესი ნაწილი დაუპირისპირდა. წინასწარმეტყველს ხალხის თანდასწრებით სიტყვის წარმოთქმის უფლება ჩამოერთვა. სწორედ ამის გამო მიიღო უზენაესისგან დავალება, საკუთარი სიტყვები წერილობით ჩამოეყალიბებინა. ბარუქი, მისი ერთგული მოწაფე, მწერლის ფუნქციას ასრულებდა, ხოლო შემდგომ ჩაწერილს ტაძარში თავმოყრილ ხალხს უკითხავდა. იოაკიმეს მეფობის მეოთხე წელს, როდესაც ბარუქი ტაძარში კითხულობდა ჩაწერილ წინასწარმეტყველებას, მას წიგნი ჩამოართვეს და მეფეს მიუტანეს. იოაკიმემ ბრძანა, იერემია და მისი მოწაფე შეეპყროთ, თუმცა ეს უკანასკნელნი დროულად გაერიდნენ საფრთხეს.
ნაბუქოდონოსორის მიერ ტახტზე აყვანილი მეფე სედეკია (597-586 წწ.) იოშიას უმცროსი შვილი და იექონიას ბიძა იყო. მისი 11-წლიანი მმართველობა იუდეის სამეფოს დაღუპვით დასრულდა. იმის ნაცვლად, რომ ხსენებულ მეფეს ჭეშმარიტი ღმერთი მოეძია და მასზე დაემყარებინა იმედი, მოინდომა საკუთარი ძალებით დაეძლია საფრთხე და ამ მიზნით ბაბილონის მორჩილებაზე უარი განაცხადა.
იერემია მეფესა და საკუთარ ხალხს მთელი ძალით უქადაგებდა, რომ ერთდაერთი იმედი გადარჩენისა ღმერთშია და სხვა გზა არ არსებობს; რომ ბაბილონის მძლავრობა ღვთის ნებით ხდება და არ შეიძლება ამის წინააღმდეგ წასვლა; ხალხმა და მეფემ ქალდეველთა მეუფება უნდა აღიარონ გარკვეული დროის მანძილზე. სედეკია წინასწარმეტყველის სიტყვის საპირისპირო ქმედებებს აღასრულებდა. სედეკიას მმართველობის მე-4 წელს, როდესაც ბაბილონის სამეფო გარკვეულ სირთულეებს წააწყდა ელამთან ომისას, იუდას მეფემ ქალდეველთა მორჩილებაზე უარის თქმა გადაწყვიტა, წინასწარმეტყველი მთელი ძალებით შეეწინააღმდეგა ამგვარ გადაწყვეტილებას. იერემიამ უღელი დაიდგა კისერზე, რითიც ნაბუქოდონოსორის დაპყრობასა და იუდეველთა დამონებას წინასწარმეტყველებდა.
იერუსალიმის აღების შემდგომ ნაბუქოდონოსორმა, რომელსაც სმენოდა წინასწარმეტყველის შესახებ, თავისი ერთ-ერთი მხედართმთავრის მეშვეობით იერემიას ნება დართო, თავად განესაზღვრა საკუთარი მომავალი: ან წასულიყო ბაბილონში, ან დარჩენილიყო იუდეაში. წინასწარმეტყველმა უკანასკნელი შეთავაზება აირჩია, რადგან იმედოვნებდა, რომ ქალდეველთა მიერ მეფის მონაცვლედ დატოვებული გოთოლია იუდეაში დარჩენილ იუდეველებს გარშემო შემოუკრებდა (სწორედ მის რეზიდენციაში მასიფაში ცხოვრობდა იერემია), მაგრამ გოთოლია სამეფო ჩამომავლობის ერთ-ერთმა იუდეველმა იზმაილმა მოკლა, რომელსაც სურდა, ამონიტელებს სათნოყოფოდა ამ საქციელით. იუდეველები გოთოლიას სიკვდილის გამო ბაბილონელთა რისხვას შეუშინდნენ და ეგვიპტეში გადაწყვიტეს გაქცევა. იერემია დიდი მონდომებით ცდილობდა, მათთვის ამ განზრახვის არასწორობა დაემტკიცებინა. მიუხედავად მისი ღვაწლისა თავად წინასწარმეტყველიც იძულებით წაიყვანეს ეგვიპტეში და ქალაქ ტაფნისში (ქვედა ეგვიპტე) დასახლდნენ. იერემია არც იქ დადუმებულა. ეგვიპტეში გადასახლებისას, გადმოცემით, იგი 70 წელს მიღწეული უნდა ყოფილიყო და დაახლოებით 10 წელიწადში გარდაიცვალა (იოსებ ფლავიუსის ცნობით, ხუთი წლის შემდეგ, 581 წელს). საეკლესიო გარდამოცემა გვამცნობს, რომ წინასწარმეტყველი მკაცრი მხილების გამო იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს.
იერემია ცრუ წინასწარმეტყევლთა ცნობების საპირისპიროდ იერუსალიმისა და იუდეის განადგურებაზე იუწყებოდა. მოსახლეობას ტყვედ გადაასახლებდნენ. 25-ე თავის (11 მხ.) მითითებით, ბაბილონური ტყვეობა 70 წელი გაგრძელდებოდა; ამის შემდეგ თავად ბაბილონი დაემხობოდა (50-51 თავები) და რჩეული ერი შინ დაბრუნდებოდა.
იერემია არის ადამიანი, რომელიც ღრმად განჭვრეტს ჭეშმარიტი თეოკრატიის არსს. მისი რწმენით, არა გარეგნული წინადაცვეთაა ღვთის მადლის მიმნიჭებელი, არამედ გულის წინადაცვეთა. იერუსალიმის ტაძარი არ წარმოადგენს ამ ქალაქის (და საზოგადოდ სამეფოს) ერთობის გარანტს. პირიქით - ეს ტაძარი, იუდეველთა ცოდვებით შებღალული, ღვთის რისხვას მოიწევს. არც ღვთისმსახურების გარეგნული მხარეა რაიმე სიკეთის მომტანი, თუ ის ჭეშმარიტ შინაგან განწყობას არ ეთანხმება.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა წინასწარმეტყველის ხსენების დღეს ძველი სტილით 1 მაისს, ახალი სტილით კი 14 მაისს აღნიშნავს.