როცა ელისემ სრულყოფილ ასაკს მიაღწია თავის სათნო ცხვრებისა და სულიერი სიწმინდის გამო, უფალმა მას წინასწარმეტყველების ღვაწლისკენ მოუწოდა. ეს კი ასე მოხდა: ქორების მთაზე წმინდა ელია წინასწარმეტყველს უფალმა უთხრა: "ელისე შაფატის ძეს კი, აბელ-მელქოლადან რომ არის, სცხე მირონი, რათა წინასწარმეტყველებდეს შენ ნაცვლად".
წავიდა წმინდა ელია და მოძებნა ელისე შაფატის ძე, რომელიც მიწას ხნავდა. თორმეტი უღელი ეყენა წინ, თავად მეთორმეტეს უდგა. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი მოსასხამი, რაც მის წინასწარმეტყველად მოწოდებას ნიშნავდა. მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას და უთხრა: გამიშვი, ვაკოცო ჩემს დედ-მამას და მერე წამოგყვები. უთხრა: "წადი და მიბრუნდი, რადგან რა გამიკეთებია შენთვის?"
გაბრუნდა უკან ელისე, მოიყვანა და დაკლა ერთი უღელი ხარი. ხარის უღლით მოხარშა ხორცი და ხალხს გაუნაწილა, და ხალხმაც შეჭამა. თავად ადგა და გაჰყვა ელიას, და ემსახურებოდა.
როცა უფალი ელიას ცად-აყვანას აპირებდა ქარბორბალათი, გილგალიდან გადიოდა ამ დროს ელია ელისესთან ერთად.
უთხრა ელიამ ელისეს: აქ დარჩი, რადგან ბეთელში მაგზავნის უფალი. მიუგო ელისემ: უფალს და შენს თავს გეფიცები, არ მიგატოვებ. და წავიდნენ ბეთელს. გამოვიდა ბეთელის წინასწარმეტყველთა გუნდი ელისესაკენ და უთხრეს: ხომ იცი, რომ დღეს წაიყვანს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ? მიუგო: მეც ვიცი. იდუმეთ. უთხრა მას ელიამ: ელისე! აქ დარჩი, რადგან იერიხონში მაგზავნის უფალი. მიუგო: უფალს და შენს თავს გეფიცები, თუ მიგატოვო. და წავიდნენ იერიხონში. მიადგა ელისეს იერიხონის წინასწარმეტყველთა გუნდი და უთხრა: ხომ იცი, რომ დღეს წაიყვანს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ? მიუგო ელისემ: მეც ვიცი. იდუმეთ. უთხრა მას ელიამ: აქ დარჩი, რადგან იორდანეზე მგზავნის უფალი. მიუგო: უფალს და შენს თავს გეფიცები, თუ მიგატოვო. წავიდნენ ორნი. წამოვიდა ორმოცდაათი კაცი წინასწარმეტყველთა გუნდიდან და მოშორებით დადგნენ მათ პირისპირ. ეს ორნი იორდანესთან იდგნენ. აიღო ელიამ თავისი მოსასხამი, დაგორგლა და დაარტყა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი მშრალად გავიდნენ. როცა გაღმა იყვნენ გასული, უთხრა ელიამ ელისეს: მთხოვე, რა გაგიკეთო, ვიდრე ავმაღლდებოდე შენგან. მიუგო ელისემ: შენი სულის ორმაგი წილი გადმოვიდეს ჩემზე. უთხრა: ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებულს, აგისრულდება; თუ ვერა, და არ აგისრულდება. როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი.
ელისე ღაღადებდა: "მამაო, მამაო, ეტლო ისრაელისაო და მჴედარო მისო!" (IV მეფეთა, 2;9-12). მეტი არაფერი დაუნახავს. ხელი ჩაავლო თავის სამოსელს და ორად გახია. აიღო მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, გაბრუნდა და იორდანეს ნაპირზე ჩამოჯდა. დაარტყა წყალს მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, და თქვა: სად არის უფალი, ელიას ღმერთი? დაარტყა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა. შორიდან დაინახეს იგი იერიხონში მყოფმა წინასწარმეტყველებმა და თქვეს: ელიას სული გადმოვიდა ელისეზე. მიეგებნენ და მიწამდე თაყვანისცეს (IV მეფეთა, 2;1-15).
წმინდა ელისე იერიხონში მივიდა და იქ შეჩერდა საცხოვრებლად. ქალაქის მკვიდრნი მივიდნენ მასთან და უთხრეს, მათ ქალაქს კარგი მდებარეობა აქვს, თუმცა აქ წყალი უგემურია და ნიადაგიც მოუსავლიანიო. წმინდა ელისემ მათ უთხრა: მომეცით ახალი თასი და მარილი ჩაყარეთ შიგ. მისცეს. ავიდა წყლის სათავესთან და ჩაყარა მარილი, თქვა: ასე ამბობს უფალი: განმიკურნავს ეს წყალი. ამიერიდან ნუღარ იქნება მისგან სიკვდილი და უნაყოფობა.
ელისეს სიტყვით წყალი გაგემრიელდა და ნაყოფის მომტანი გახდა.
იერიხონიდან ელისე ბეთილში გაემგზავრა. როდესაც იგი ქალაქს მიუახლოვდა, გზაზე ბავშვები შეხვდნენ და დაცინვა დაუწყეს. უკეთურ ბავშვებს საშინელი სასჯელი ეწიათ: 42 მათგანი ტყიდან გამოსულმა ორმა დათვმა დაგლიჯა. ამის შემდეგ წინასწარმეტყველი კარმილის მთისკენ გაემართა, ხოლო იქიდან სამარიაში დაბრუნდა.
როდესაც ისრაელის მეფე იორამი, იუდეველთა მეფე იოსაფატი და ედომელთა მეფე მოაბელთა წინააღმდეგ საბრძოლველად შეიკრიბნენ, წინასწარმეტყველი ელისეც მოკავშირეთა ჯართან ერთად იყო. უდაბნოში მგზავრობის სიმძიმისა და უწყლობის გამო ჯარი მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
წავიდნენ ისრაელის მეფე, იუდას მეფე და ედომის მეფე; იტრიალეს შვიდი დღე და ვერ ნახეს წყალი ლაშქრისთვის და პირუტყვისთვის, უკან რომ მოჰყვებოდათ.
თქვა ისრაელის მეფემ: აჰა, შეჰყარა უფალმა ეს სამი მეფე, მოაბს რომ ჩაუგდოს ხელში. თქვა იოშაფატმა: ხომ არ არის აქ სადმე უფლის წინასწარმეტყველი, რომ უფლისთვის ვაკითხვინოთ? მიუგო ისრაელის მეფის ერთ-ერთმა მორჩილმა და თქვა: არის აქ ელისე შაფატის ძე, რომელიც ელიას უსხამდა წყალს ხელის დასაბანად. თქვა იოშაფატმა: უფლის სიტყვაა მასთან. ჩააკითხეს მას ისრაელის მეფემ, იოშაფატმა და ედომის მეფემ.
უთხრა ელისემ ისრაელის მეფეს: რა გინდა ჩემგან? წადი მამაშენის წინასწარმეტყველებთან და დედაშენის წინასწარმეტყველებთან. მიუგო ისრაელის მეფემ: არა. იმისთვის ხომ არ შეუყრია უფალს ეს სამი მეფე, რომ მოაბს ჩაუგდოს ხელში. თქვა ელისემ: საბაოთ უფალს გეფიცები, რომლის წინაშეც მე ვდგავარ, რომ ზედაც არ შეგხედავდი, პატივს რომ არ ვცემდე იოშაფატს, იუდას მეფეს. ახლა, მომიყვანეთ მეჩანგე.
როცა უკრავდა მეჩანგე, უფლის ხელი იყო ელისეზე. თქვა: ასე ამბობს უფალი: თხრილები დათხარეთ ამ ხევში. რადგან ასე ამბობს უფალი: ვერ დაინახავთ ქარს, ვერ დაინახავთ წვიმას, მაგრამ წყლით აივსება ეს ხევი. თქვენც სვით, თქვენმა ჯოგმაც და თქვენმა პირუტყვმაც. ამას არ იკმარებს უფალი: მოაბსაც ჩაგაგდებინებთ ხელში. ყველა გამაგრებულ ქალაქს, ყველა რჩეულ ქალაქს შემუსრავთ, ყველა საუკეთესო ხეს აჩეხავთ, ყველა წყაროსთვალს ამოყორავთ, საუკეთესო ყანებს ქვებით აავსებთ. დილით, მსხვერპლის მიტანისას, წამოვიდა წყალი ედომის გზაზე და წყლით აივსო მიწა. ხალხმა წყურვილი დაიცხრო, მოძლიერდა, მერე შეუტიეს მოაბელებს და სასტიკი დამარცხება აგემეს.
ერთმა ქალმა, რომელიღაც წინასწარმეტყველის ცოლმა, შეჰღაღადა ელისეს: მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მორჩილი. შენ იცი, ღვთისმოშიში იყო შენი მორჩილი. მოვიდა მევალე და ჩემი ორი ბავშვი მონებად მიჰყავს.
უთხრა ელისემ: რა გიყო? მითხარი, რა გაქვს სახლში? მიუგო: სახლში არაფერი აქვს შენს მორჩილს, გარდა მცირედი ზეთისა.
უთხრა: წადი და ჭურჭელი ინათხოვრე ყველა მეზობლისაგან, ცარიელი ჭურჭელი. ბევრი დააგროვე. მერე მოდი, ჩაიკეტეთ სახლში შენ და შენი შვილები და აავსე ყველა ეს ჭურჭელი; სავსეები გვერდზე გადადგი.
წავიდა მისგან ქალი და ჩაიკეტა სახლში თავის შვილებიანად. ისინი აწვდიდნენ, თვითონ ასხამდა. როცა ჭურჭლები აივსო, უთხრა ვაჟიშვილს: კიდევ მომაწოდე ჭურჭელი. უთხრა: არ არის მეტი ჭურჭელი და შეწყდა ზეთიც. მივიდა და უამბო ღვთისკაცს. უთხრა მან: წადი, გაყიდე ზეთი და გაისტუმრე ვალი. დანარჩენით თავი ირჩინეთ შენ და შენმა შვილებმა.
ამ მოვლენის შემდეგ წინასწარმეტყველი ისაქარის ტომის ქალაქ სომანში გადავიდა, სადაც იგი ერთმა კეთილმორწმუნე დედაკაცმა ისტუმრა სახლში. დედაკაცმა ელისეს თავის სახლში ოთახი გამოუყო, რომლითაც მას სურვილისამებრ შეეძლო ესარგებლა. ელისეს მასპინძლები უშვილონი იყვნენ, რაც ებრაელთა შორის ღვთისგან მოვლინებულ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ, დედაკაცსა და მის მეუღლეს შვილი შეეძინათ. ერთხელ, მკის დროს ყრმა მამასთან წავიდა მინდორში და უეცრად თავის ტკივილი იგრძნო. როდესაც იგი დედასთან მიიყვანეს, მშობლის კალთაში გარდაიცვალა. დედაკაცი თვითონ წავიდა წინასწარმეტყველთან კარმილის მთაზე. ელისემ იგი შორიდანვე დაინახა, თავის მსახურ გეზს მიეგება და მოკითხვა უბრძანა: "მშვიდობა არს შენდა და მშვიდობა არს ქმრისა შენისა, გინა მშვიდობით არსა ყრმა იგი?" (IV მეფ. 4,26). ელისეს ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ წინასწარმეტყველები ყველაფერს კი არ ჭვრეტდნენ, არამედ მხოლოდ იმას, რასაც მათ სულიწმიდა უცხადებდა. წი-ნასწარმეტყველი დედაკაცს გაჰყვა და მისი მხურვალე ლოცვის შემდეგ ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა.
ეს იყო მდინარე იორდანესთან ახლოს მდებარე სოფელი, სადაც იგი ძალიან ხშირად ჩერდებოდა. აქ ხშირად მოდიოდნენ წინასწარმეტყველის მოწაფეები. ისინი თავს იყრიდნენ ხოლმე ელისესთან, მისგან სწავლა-დარიგებების მოსასმენად. ერთ-ერთი ასეთი თავშეყრის დროს, როდესაც გალგადში შიმშილობა იყო, წინასწარმეტყველმა მსახურს ხილის შეჭამანდის მომზადება დაავალა. მოსამსახურე მინდორში გავიდა, იქ გარეული ყურძენი მოაგროვა და ქვაბში ჩაყარა. როდესაც მოწაფეებმა ამ ნაყოფებისგან მომზადებული საჭმელი გასინჯეს, შეამჩნიეს, რომ ქვაბში საწამლავი იყო და შიშისგან დაიყვირეს: "სიკვდილი არს, კაცო ღმრთისაო, ქვაბსა მაგას" (4 მეფ. 4,40). ელისეს ბრძანებით ქვაბში ფქვილი ჩაყარეს და არავინ მოწამლულა. ამ დროს მიეკუთვნება, აგრეთვე, ელისეს მიერ ოცი პურით ასი კაცის დაპურება.
ელისემ სასწაულებრივ განკურნა კეთრისგან ასურეთის მეფის მხედართმთავარი ნემანიც. ყველა საშუალება, რომელსაც მხედართმთავარმა ამ სენისგან განსაკურნებლად მიმართა, უშედეგო აღმოჩნდა. ბოლოს, მას ერთმა მოსამსახურემ -ტყვე ისრაელელმა ქალიშვილმა სამარიაში წასვლა ურჩია. ნემანმა მეფეს სთხოვა, მიეცა ისრაელში წასვლის უფლება. მეფე დათანხმდა, თან ისრაელის მეფესთან წერილიც გაატანა და თავისი მხედართმთავრის განკურნებას ითხოვდა. ასეთი უცნაური თხოვნა ისრაელის მეფემ, რომელსაც მკურნალობის ნიჭი არ ჰქონდა, ომის საბაბად მიიჩნია. მან ტანსაცმელი შემოიხია, რაც ებრაელთა შორის გლოვის გარეგნულ გამოხატულებად ითვლება, და თქვა: "ღმერთი ნუ ვარა მეა, ვითარცა მოვაკვდინე და ვაცხოვნე?. უწყოდეთ და გულისხმაჰყავთ, რამეთუ მიზეზობს რასმე" (IV მეფეთა, 5,7). როდესაც ამის შესახებ ელისემ გაიგო, მან ნემანის მოყვანა ბრძანა.
მხედართმთავარი ეტლებით მიადგა წინასწარმეტყველის სახლს. ელისემ მსახურის პირით შეუთვალა: "მივედ, იბანე იორდანესა შვიდგზის და მოიქცეს ფერი შენი შენდა და განსწმნდე" (4 მეფ. 5,10).
წინასწარმეტყველის ასეთმა დამოკიდებულებამ და მკურნალობის სიმარტივემ ასურელი დიდებული განარისხა და უკან დაბრუნება გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, მსახურების რჩევით, მან მაინც შეასრულა ელისეს ნათქვამი იორდანეში შვიდგზის განიბანა და განიკურნა. სასწაულით გაოცებულმა ნემანმა წინასწარმეტყველს საჩუქრები შესთავაზა, მაგრამ ელისემ არაფერი მიიღო. სამაგიეროდ, გეზმა ისარგებლა მისი სახელით და ნემანს ორი ტალანტი ვერცხლი და ორი ბრწყინვალე სამოსელი გამოსთხოვა, რისთვისაც სასტიკად დაისაჯა -ნემანის კეთრი მასზე გადავიდა.
წინასწარმეტყველთა გუნდმა ელისესთან რომ დასდევდა, მას უთხრა: აჰა, გვევიწროება ეს ადგილი, სადაც შენ წინაშე ვცხოვრობთ. იორდანეზე ჩავალთ, თითო მორს ავიღებთ იქიდან და ავიშენებთ იქ სადგომს საცხოვრებლად. უთხრა: ჩადით. თქვა ერთმა: იქნებ შენც წამოგვყვე შენს მორჩილთ. მიუგო: წამოგყვებით. და წაჰყვა მათ. ჩავიდნენ იორდანეზე და შეუდგნენ ხის ჭრას. ძირს დასცა ერთმა მორი და წყალში ჩაუვარდა რკინა. იყვირა: ვაი, ბატონო! ნანათხოვარი იყო!
თქვა ღვთისკაცმა: სად ჩავარდა? მანაც უჩვენა ადგილი. მოჭრა ხე, ისროლა იქითკენ და ამოტივტივდა რკინა. თქვა: ამოიღე. მანაც გაიწოდა ხელი და აიღო.
როდესაც ასურელებსა და ისრაელელებს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს მოწინააღმდეგეთა მზაკვრული გეგმების შესახებ აწვდიდა ცნობებს. განრისხებულმა ასურეთის მეფემ ელისეს შესაპყრობად მთელი ლაშქარი გაგზავნა.
ადგა დილაადრიანად ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა გარეთ და, აჰა, ჯარია ქალაქის ირგვლივ, ცხენები და ეტლები. უთხრა ბატონის მსახურმა ბიჭმა: ვაი, ბატონო, რა გვეშველება? უთხრა: ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ.
ილოცა ელისემ და თქვა: უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს. აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.
ჩავიდნენ მასთან არამელები. ილოცა ელისემ უფლისადმი და თქვა: დააბრმავე ეს ხალხი! და დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ.
უთხრა მათ ელისემ: აქ არ არის გზა და არც ქალაქი. წამომყევით და მიგიყვანთ იმ კაცთან, ვისაც ეძებთ. და წაუძღვა სამარიამდე. როცა სამარიაში მივიდნენ, თქვა ელისემ: უფალო! აუხილე თვალი ამათ. აუხილა უფალმა მათ თვალი და დაინახეს, რომ სამარიაში არიან.
როცა ისინი დაინახა ისრაელის მეფემ ელისეს უთხრა: დავხოცო, დავხოცო, მამაო?
უთხრა მათ წმინდა ელისემ: არ დახოცო. შენი მახვილით და მშვილდით ხომ არ დაგიტყვევებია, რომ შენ ამოხოცო? მიეცი პური და წყალი; ჭამონ და სვან, და თავიანთ ბატონთან წავიდნენ.
გაუმართა დიდი პურობა. მათაც ჭამეს, სვეს და თავიანთ ბატონთან წავიდნენ. ამის მეტად აღარ შემოსულან სათარეშოდ ისრაელის ქვეყანაში არამელები.
ამის შემდეგ მეფე ბენ-ჰადადმა ალყაში მოაქცია სამარა და ქალაქი შიმშილობის უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანა. მეფე იორამმა მიზეზი ელისეში დაინახა და წინასწარმეტყველის შესაპყრობად მეომრები გაგზავნა, ხოლო შემდეგ თვითონაც მივიდა მასთან. ელისემ მეფეს, ღვთის სახელით, მეორე დღისთვის შიმშილობის შეწყვეტა აღუთქვა. მართლაც, იმავე დღეს მოულოდნელი შიშით ზარდაცემულმა მოწინააღმდეგემ ალყა მოხსნა და უკუიქცა, ხოლო მეფის დიდებული, რომელმაც არ ირწმუნა ელისესი, წინასწარმეტყველის სიტყვებისამებრ: "აჰა, იხილო თუალითა შენითა და მისგან შენ არა სჭამო" (IV მეფეთა, 7,2), ხალხის მიერ იქნა გადაქელილი ქალაქის კარიბჭესთან.
სომანელ დედაკაცს, რომელსაც შვილი მკვდრეთით აღუდგინა, ელისემ მოსალოდნელი შიმშილობის შესახებ უწინასწარმეტყველა და ურჩია მას, ამ ხნის განმავლობაში ფილისტიმელთა ქვეყნისათვის შეეფარებინა თავი. მეზობელ ქვეყანაში დროებით გადასახლებას სომანელი დედაკაცის სახლისა და მიწების სხვა მეპატრონის საკუთრებაში გადაცემა მოჰყვა შედეგად. ქალი იძულებული გახდა, მეფესთან წასულიყო საჩივლელად. ამ დროს მეფეს წინასწარმეტყველის სასწაულების შესახებ ესაუბრებოდნენ. მეფე იორამმა, ეჭვგარეშეა, ამ საუბრით გულმოლბობილმა, დედაკაცის საუბარი გულისყურით მოისმინა და სათხოვარი შეუსრულა. ამ დროს ასურეთის მეფე ბენ-ჰაიდი მძიმე სენით დაავადდა. როგორც კი მეფემ წინასწარმეტყველის ჩამოსვლის შესახებ შეიტყო, მაშინვე გაგზავნა მასთან აზაილი. ელისემ აზაილს მოკლე ხანში მეფის გარდაცვალება და მისი გამეფება უწინასწარმეტყველა, მაგრამ ამის თქმა ბენ-ჰაიდისთვის აუკრძალა.
წინასწარმეტყველი ელისე 65 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ისრაელის მეფეების: აქაბის და იოსიას დროს. იგი უშიშრად ამხელდა მათ უსჯულოებასა და კერპთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილებას.
წინასწარმეტყველი ელისე ღრმა მოხუცებულობაში, დაახლოებით ასი წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი საფლავი ნეტარი იერონიმეს აზრით, სამარიის მახლობლად მდებარეობდა. სასწაულები, რომლებსაც წინასწარმეტყველი ახდენდა, მხოლოდ მისი ამქვეყნიური ცხოვრებით როდი შემოიფარგლებოდა. გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ელისეს საფლავის ახლოს მიცვალებულს მიასვენებდნენ. ამ დროს მოაბელთა რაზმი გამოჩნდა. ხალხი შეშინდა და მიცვალებული უახლოეს გამოქვაბულში დაასვენა, სწორედ იმ გამოქვაბულში, სადაც წინასწარმეტყველი იყო დაკრძალული. ელისეს ძვლებთან შეხებით მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. უფალმა ამ სასწაულით გარდაცვალების შემდეგაც ადიდა თავისი ერთგული მსახური.
წმინდა ელისეს, ისევე როგორც წმინდა ელიას წინასწარმეტყველების წიგნები არ დაუტოვია და მხოლოდ ზეპირად ვრცელდებოდა. ისო ზირქმა დაწერა ორივე წინასწარმეტყველის შესხმა (ისო ზირაქი 48,15). წმინდა იოანე დამასკელმა ელისე წინასწარმეტყველის პატივსაცემად კანონი დაწერა, ხოლო კონსტანტინოპოლში წინასწარმეტყველის სახელზე ეკლესია ააგეს. ივლიანე განდგომილს (351-363) ბრძანა წინასწარმეტყველების – ელისეს, აბდიასა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები დაეწვათ, მაგრამ მორწმუნე ქრისტიანებმა გადამალეს წმინდა ნაწილები და მათი ნაწილი გადაიტანეს ალექსანდრიაში.
"შესხმა ელისე წინასწარმეტყველისა"
ქართულად თარგმნილი ბასილი სელევკიელის (+458) მიერ
......................
ტროპარი
ხორცითა ანგელოზმან და წინასწარმეტყუელთა თავმან, ქრისტეს მოსვლისა მეორემან წინამორბედმან, ილია ყოვლადდიდებულმან ზეგარდამო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთროვანთა განწმედად, და პატივისმცემელთა მისთა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობასა.
კონდაკი
წინასწარმეტყუელ ღმრთისა გამოსჩნდი და მოიღე მრჩობლი მადლი ჭეშმარიტად ღირსებით, ელისე ნეტარო, რამეთუ იქმენ შენ თანა მკვიდრ ილიასა, მისთანავე ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
......
აქვე წაიკითხეთ:
წინასწარმეტყველ ელისეს ძვლებთან შეხებით მიცვალებული მკვდრეთით აღდგა