გამარჯობა ბექა, ჩემო საამაყო შვილო, ჩემო სიცოცხლევ!
იყავი უფალთან და ის გაგაძლიერებს.
დიდი მადლობა, შვილო, მოლოცვისათვის, მადლობა თბილი სიტყვებისათვის, მეც ვამაყობ შენით, როგორც შენ - ჩემით, ვამაყობ, რომ კარგი ადამიანი ხარ და ღმერთს ვევედრები, მოგცეს ძალა, შენი კეთილი ბუნება ღვთის სიყვარულსა და ადამიანების სამსახურში გამოიყენო, რომ პატივმოყვარეობის ჭია არ შეგეპაროს გულში. ის გიჩვენებს ჭეშმარიტების გზას. მეც ძალიან მენატრები, შვილო, ჩვენი მონატრება გაუსაძლისი რომ არ გახდეს, უნდა ვისწავლოთ სულიერად ერთად ყოფნა, ეს შესაძლებელია უფლის დახმარებით. რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით მეტად უახლოვდება მისი სული სხვა ადამიანების სულს. რას ნიშნავს ღმერთთან დაახლოება? - მისი მთელი არსებით, მთელი გულით სიყვარულს და მისი მცნებების აღსრულებას. უნდა ვიცოდეთ მასთან მიახლოება მისი წმინდა სახელის განუწყვეტელი განმეორების გზით. ამისთვის ადამიანს მოთმინება და ვაჟკაცობა სჭირდება. ვაჟკაცობის გარეშე არ შეიძლება იყო მომთმენი, მოთმინების გარეშე კი არ შეიძლება ღმერთთან მიახლოება და, აქედან გამომდინარე, ადამიანების სულის შეგრძნება. მაგალითად, ბერული ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა განუწყვეტელი მოთმინება, რადგან მოთმინების ფასი ხსნაა, ასე გვპირდება უფალი ღმერთი. მოთმინების ფასია ასევე მასთან დაახლოება. უნდა ვილოცოთ მოთმინებით, უნდა ვიშრომოთ მოთმინებით, მოთმინებით უნდა გადავიტანოთ ყველა განსაცდელი, რასაც უფალი ჩვენზე დაუშვებს და მაშინ ის თავად მოვა ჩვენთან, ჩასახლდება ჩვენს გულებში და მაშინ ყველა ადამიანი უახლოეს სულიერ მეგობრად იქცევა.
***
გწამდეს, ჩემო ბექა, მე ჩვენი ერთად გატარებული ყოველი წუთი მახსოვს, ყოველი შენი საქციელი, სიტყვა თუ მოქმედება. ჩემი სიყვარული უსაზღვროა შენდამი და მე შენით ვხარობ. მადლობა უფალს, მიხარია, რომ ქართული ბერმონაზვნური ცხოვრებით ხარ დაინტერესებული და გული რომ შეგტკივა. მე განუწყვეტლივ ვლოცულობ ქართული ეკლესია-მონასტრების აღორძინებისათვის. ბერ-მონაზონთა ლოცვა ქვეყნის ფასია, მისი აღორძინების საფუძველია, ამიტომ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი აქ, ათონზე, სადაც ღვთის განსაკუთრებული მადლი ტრიალებს, განუწყვეტელი ლოცვა საქართველოსთვის, განსაკუთრებით - ერთობლივი ლოცვა, ამისთვის კი საჭიროა სავანე-მონასტერი ან სკიტი. შენც ილოცე, ჩემო შვილო, რომ უფალმა მოგვიტეოს ქართველებს ჩვენი შეცდომები და გვაკურთხოს, რომ შევქმნათ ათონზე ერთობლივი სალოცავი ადგილი. შენ ახსენე გრიგოლ ხანძთელი, ის არის სწორედ ჩემი ზემოთქმული სიტყვების დამადასტურებელი. ამ დიდი მამის მოღვაწეობის დაწყებამდე საქართველო განადგურების პირამდე იყო მისული. ჯერ მურვან-ყრუ შემოესია საქართველოს და ნახევარი მოსახლეობა გაჟლიტა, შემდეგ შავმა ჭირმა იფეთქა და დარჩენილის ნახევარი გაწყდა, არც ეკონომიკა, არც პოლიტიკა, არც სასულიერო ცხოვრება და კულტურა არ არსებობდა, თითქოს ორი ათასი წლის სახელმწიფოებრიობის მერე ქართული გენი უნდა გადაშენებულიყო, მაგრამ ასეთი არ იყო ღვთის ნება, მან აკურთხა სამოღვაწეოდ დიდი მოსაგრე მამა გრიგოლ ხანძთელი და ნახევარი საუკუნის განმავლობაში საქართველო ეკლესია-მონასტრების ქსელით დაიფარა, ათეულობით თუ ასეულობით წმინდანი იშვა და მათმა ლოცვის მადლმა თავისი ნაყოფი გამოიღო, სულ მალე დადგა საქართველოს ოქროს ხანა - ივერიამ თავისი პირველი დიდი გაბრწყინება იგემა. სულიერი ცხოვრების აღმავლობისა და პოლიტიკური გაძლიერების ურთიერთკავშირს ყველა მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული მეცნიერი აღიარებს, ამიტომ არის, ჩემო ბექა, სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ერის მორიგი გაბრწყინებისათვის ახალი ხანძთა, ახალი შატბერდი, ახალი ბანა, ახალი ხახული... ღმერთო, შეგვეწიე ივერიელთ, ღმერთო, გვაკურთხე. იმედი მაქვს, ბექუნა, მოახერხე ტაო-კლარჯეთში გამგზავრება, დარწმუნებული ვარ, ტკბილ-მწარე შთაბეჭდილებით აივსე, ტკბილით - იმიტომ, რომ იხილე საქართველოს დიდების აკვანი, მწარით - იმიტომ, რომ ის გავერანებული, განადგურებული და შეურაცხყოფილია. მაგრამ გული ნუ დაგწყდება, შვილო, წარსულზე ტირილი ბევრს არაფერს მოგვიტანს, ახლა მოქმედების დროა, თქვენმა თაობამ უნდა აღადგინოს და ააღორძინოს ძველი და დაიწყოს ახლის შექმნა. ეს ასეც იქნება, ქართული გენი აღორძინდება და მართლმადიდებლობის ბურჯად იქცევა. ის იქნება როგორც ჭეშმარიტი რწმენის ოაზისი ურწმუნოთა უზარმაზარ უდაბნოში. დიდება, ღმერთო, შენს წმინდა სახელს, დიდება შენდა.
***
ჩემო საყვარელო შვილო, რაც შეეხება შენს ათონზე გამომგზავრებას, ვფიქრობ, წელს ეს ნაადრევია, ღმერთია მოწამე, რომ მე არაფერი ისე არ გამახარებს, როგორც შენი ხილვა და ჩახუტება, მაგრამ ისევ და ისევ შენზე ზრუნვა მაძლევს ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. ჩემო ბიჭო, საქმე ისაა, რომ ათონი - ეს მართლმადიდებლობის მწვერვალია, ის უზარმაზარი მადლია და მის მისაღებად და აღსაქმელად მომზადებაა საჭირო. ალპინისტები, რომლებსაც ევერესტის დაპყრობა სურთ, ჯერ უფრო მცირე ზომის მწვერვალებზე ადიან და იძენენ გამოცდილებას. ასევეა ათონთან დაკავშირებით, ადამიანმა სწორად რომ შეაფასოს ყველაფერი, რაც აქ ხდება, გარკვეული სულიერების დონე სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ-ერთ უკიდურესობაში ჩავარდება - ან აღტაცებულ რომანტიკას აჰყვება, ან მოსაწყენი იმედგაცრუება იპყრობს. ეს რომ არ მოხდეს, გირჩევდი, ცოტა გამოცდილება დააგროვო. მაგალითად, მამა ფოკასთან ორი კვირით წახვიდე ბორჯომში და იქ მორჩილება აიღო, მეუფე სერაფიმესაც გაიცნობ, დააკვირდები, თუ რას წარმოადგენს ყოველდღიური მონასტრული ცხოვრება, ცოტა გალობასაც ისწავლი, ხუცურსაც და მათთვისაც რაიმე სასარგებლო სამუშაოს შეასრულებ. მომავალ წელს კი სპეციალურ მოწვევას გაგიკეთებ და ერთად მოვილოცავთ ათონის წმინდა ადგილებს. კიდევ ერთი მიზეზით გირჩევ, გაისად ჩამოსვლას - მაშინ უკვე შენს პროფესიულ არჩევანში გარკვეული იქნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა ათონის რომანტიკული ციებ-ცხელება შეიძლება შეგეყაროს, რაც ძალიან ხშირად სულიერი სიცივით და იმედგაცრუებით მთავრდება.
რაც შეეხება შენს პროფესიულ არჩევანს, არაფერი მკითხე შენს წერილში, მაგრამ მე მაინც გავბედავ, ორიოდე სიტყვით დაგმოძღვრო. ჩემო ბექა, არჩევანის პროცესში იხელმძღვანელე უფლის ნებით, მისი გაგება შენი სინდისის კარნახით შეგიძლია, შეევედრე უფალს ლოცვაში, რომ სწორი გადაწყვეტილება გიკარნახოს, მთავარია, სწორად შეაფასო შენი ნიჭი და შესაძლებლობები, ნუ იქნები პატივმოყვარე, თავმოყვარე და ამპარტავნული განწყობის, ზუსტად შეაფასე შენი ძალები, შენი ტალანტის ზომა უფრო მცირედ შეაფასე, ვიდრე გგონია. მიჩქმალული ნიჭი თავის თავს თვითონ წარმოაჩენს, ხოლო გადაჭარბებული სასაცილო მდგომარეობაში ჩაგაგდებს. ყველაზე ადვილი გზა, თუ როგორ გაიგო ღვთის ნება, არის მოძღვრისადმი ნდობა. გადაშალე გული, არაფერი დაუფარო, ყველა შენი მინუსი და პლუსი, ყველა აზრი ამასთან დაკავშირებით აცნობე და სთხოვე, სამი დღე ილოცოს შენთვის და მერე გაცნობოს ღვთის ნება.Gგარწმუნებ, თუ ნამდვილად გულახდილი იქნები, ის გაცნობებს ერთადერთ სწორ ცნობას ღვთისგან.Dდიდება უფალს!
ჩემო საყვარელო შვილო, ჩემო ბექა, ამჯერად ამით დაგემშვიდობები. ბოდიშს გიხდი, რომ ჩამოსვლაზე უარი გითხარი, გარწმუნებ, ეს შენდამი უსაზღვრო სიყვარულის გამო გავაკეთე. გჯეროდეს, ჩემო კეთილო ბიჭო, ჩემი გული შენით და დაჩით გადაურჩა გახეთქვას.
გკოცნი, ჩემო ბექა. მარად შენთვის მლოცველი შენი მამა
ბერი ერმოლაოსი
წმინდა ათონი, საბერძნეთი,
21. 06. 2005 წ.