უზნეო საზოგადოება ვერ აღაშენებს ჯანსაღ სახელმწიფოს
22.11.2012
უფალმა გაკურთხოთ, გაგაძლიეროთ, სიმშვიდე მოგფინოთ!
როგორც თქვენ იცით, ამ ბოლო პერიოდში ბევრი რამ მოხდა ჩვენს ქვეყანაში.
ახლა ხალხი იმედით არის განწყობილი და ღმერთმა ქნას, რომ ეს იმედი არ გაგვიცრუვდეს, რადგან უკვე მერამდენე შემთხვევაა, ჩვენი ქვეყანა გარკვეული სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. როდესაც გვეგონა, რომ გამოსავალი გამოჩნდა და ჩვენი ცხოვრება შეიძლებოდა ბევრად უკეთესად, მშვიდად და წარმატებით წარმართულიყო, მოხდა ისე, რომ პირიქით, უფრო უკან და უკან მივიწევდით. ყურადღებას ჩვენ აღარ გავამახვილებთ იმ ფაქტებზე, რომლებიც გამოვლინდა და თქვენ ყველამ კარგად უწყით, მით უმეტეს, ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ძირეულ საკითხში, რასაც უსამართლობა, უზნეობა და არაადამიანური ქმედება ჰქვია, ალბათ ყველა საღად მოაზროვნე და გონიერი ადამიანი ერთ პოზიციას დააფიქსირებს. ეს მოვლენა დასაგმობია და მსგავსი რამ არცერთ შემთხვევაში აღარ უნდა განმეორდეს. ზოგადად ეს არის დანაშაული არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ კაცობრიობის წინაშე.
მაგრამ საქმე ისაა, რომ როგორც არ უნდა წარიმართოს მოვლენები, თუ ქართველი ადამიანი ჭკუას არ ისწავლის, მსგავსი სირთულეებისა და არაადამიანურობის წინაშე კვლავაც შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ, მარტო მოვლენა კი არ უნდა დავგმოთ და ვთქვათ, რომ ასეთი მოქმედება არ შეიძლება, არამედ სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ამ შემთხვევაში ეს არის მთავარი, ვინაიდან ხშირად ვაფიქსირებთ პოზიციას, მაგრამ თავად არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაღაც შეიცვალოს.
ახლა შეიძლება ვფიქრობთ, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია, მაგრამ ამგვარი ფიქრი დიდი შეცდომა და დანაშაულია. თითოეულ ადამიანს დიდი ცვლილების მოხდენა შეუძლია, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ პიროვნებასთან მიმართებით, რადგან ადამიანი იმისკენ არის მოწოდებული, რომ ღმერთს მიემსგავსოს, ზნეობრივ და სულიერ სრულყოფილებას მიაღწიოს. როდესაც პიროვნება ამ გზას არ ადგას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკვე დამნაშავეა არა მარტო საკუთარი თავის, არამედ თავისი თანამოქალაქეების, ქვეყნისა და კაცობრიობის წინაშე. ამიტომ, ნურცერთი ჩვენგანი ცალმხრივად ნუ გამოვხატავთ იმ პოზიციას, თითქოს არაფერი შეგვიძლია. პირიქით, ჩვენი სულიერი სრულყოფილებით შესაძლებელია ბევრ ადამიანს ზნეობრივი მაგალითი მივცეთ და ამავდროულად თანადგომა და მზრუნველობა გამოვუხატოთ. ამის შესახებ მაცხოვარი პირდაპირ მიგვითითებს: "თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი; უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაითამე დაიმარილოს? არღარა შემძლებელ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ" (მათ.5:13).
მაგრამ მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას, ეს არის სამოქალაქო თვითშეგნების ძალიან დაბალი დონე, ვინაიდან ფაქტობრივად არ არსებობს ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ქვეყნის ღირსეულად მართვაში დაეხმარება. ავირჩევთ ხოლმე ხელისუფლებას, შემდეგ ვავალდებულებთ და ველით მათგან, რომ ჩვენი სახელმწიფო ააშენონ და ამ დროს თავად ჩვენ ქვეყნის აღმშენებლობის თვალსაზრისით არაფერს აღვასრულებთ. ამიტომ ხდება, რომ თითქოსდა სიკეთისთვის მოსული ხელისუფლება, საბოლოო ჯამში, არათუ ხალხს ემსახურება, არამედ ხალხს აქცევს თავის მსახურად.
ჩვენი ქვეყნის პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თუკი დემოკრატიული სახელმწიფოს აღშენება გვსურს, და პრინციპში სხვა გზა არც ჩანს, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი თავისებურებები - ქვეყნის მმართველი ხალხია და ადამიანის ხმა განსაზღვრავს მის კურსს. ზოგადად დემოკრატია ნიშნავს სახელმწიფოს მართვის ისეთ ფორმას, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ეკუთვნის. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ ეს თავისებურება გამოგვეპარა და მთელ პასუხისმგებლობას მხოლოდ ხელისუფლებას ვაკისრებთ.
რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ მძიმე მდგომარეობას?
აღვნიშნეთ, რომ დიდი იმედით ვართ განწყობილნი. ყველა შეიძლება არ არის ამ იმედით, მაგრამ ვინც აცნობიერებდა, რომ ქვეყანა კრიზისისკენ მიემართებოდა, მისთვის გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ახალი იმედი გაჩნდა იმისა, რომ ქვეყანა ამოისუნთქებს და განვითარების გზას დაადგება. მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: თუკი საზოგადოება პასიური იქნება, მაშინ ვერ აღვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს. ეს გამორიცხულია, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოება იმ უღირს ხელისუფალსაც კი ეხმარება, რომელსაც საკუთარ ხელში აქვს მთელი ძალაუფლება თავმოყრილი - აკონტროლებს მას და გარკვეულწილად ზღუდავს, რომ არ იყოს ერთპიროვნული მმართველი. ხოლო თუ ხელისუფალი ღირსეულია, მაშინ, პირიქით, უფრო მეტად ხელს უწყობს სახელმწიფოს წინსვლაში. ამდენად ჩვენ გვჭირდება აქტიური, ინტელექტუალური და კარგად მომზადებული სამოქალაქო საზოგადოება, რომ ასეთ მძიმე კრიზისამდე აღარ მივიდეს ჩვენი სახელმწიფო.
ნახეთ როდის აიმაღლა ხალხმა ხმა?! მაშინ, როდესაც უკვე სხვა გზა პრინციპში აღარც იყო. მაგრამ რატომ მივედით აქამდე? იმიტომ რომ ეგოიზმმა იმარჯვა ჩვენზე. სანამ უშუალოდ არ შეგვეხებიან, ნაკლებად ვუთანაგრძნობთ სხვას, ხოლო როდესაც უსამართლობა ჩვენც დაგვატყდება თავს, მაშინ უკვე სხვა იჩენს გულგრილობას. აი ასეთი მდაბიო სამოქალაქო თვითშეგნებისა და უსიყვარულობის გამო მოვედით აქამდე.
თუკი გადავხედავთ ევროპულ განვითარებულ ქვეყნებს და ამერიკას, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ბევრად უფრო განვითარებულია, დავინახავთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ აქტიურად არის ჩართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში. აღნიშნულ ქვეყნებში მცირეოდენი ცდომილებაც კი, რომელსაც შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდეს ადგილი, უყურადღებოდ არ რჩებათ, ცივილიზებული ფორმით პროტესტს გამოთქვამენ და ხელისუფლებასთან თანამშრომლობითა და სჯა-ბაასით შეთანხმებულ გადაწყვეტილებამდე მიდიან. მაგრამ ჩვენთან ასეთი რამ არ არსებობს, სანამ თითქმის ყველა სფეროში პრობლემების მთელი რიგი არ დაგროვდება და ქვეყანა საფრთხის წინაშე არ დადგება, მანამდე ძალიან პასიურები ვართ. შემდგომ, უკვე სხვა გზა როცა აღარ არის, ვცდილობთ ხელისუფლებას წასვლისკენ მივუთითოთ, რითაც სახელმწიფოს გადატრიალების საფრთხის წინაშე ვაყენებთ.
სახელმწიფო არ არის ხელისუფლება, სახელმწიფო - ეს არის მთლიანი საზოგადოება, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია ხელისუფლება და ჩვენ მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხოლმე ამ ხელისუფლებას. ესეც იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პასიურნი. თუ იქნება ერთობა, სულისკვეთება და სურვილი იმისა, რომ მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარების საქმეში, მაშინ ადვილად შეიკრიბება სამოქალაქო საზოგადოება.
როგორც აღვნიშნეთ, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებელი პირობა ქვეყნის ინტერესების გარშემო გაერთიანებაა. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად სამოქალაქო საზოგადოების თვითშეგნება განპირობებულია მათი სულიერი და ზნეობრივი მდგომარეობით. ხოლო სულიერი და ზნეობრივი მდგომარეობა დამოკიდებულია ადამიანის ღმერთთან ურთიერთობაზე. ღმერთთან დაკავშირების საშუალება კი ქრისტეს წმინდა ეკლესიაა. ამდენად ეკლესიას უდიდესი როლი აკისრია მაღალზნეობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
კიდევ ერთხელ თუ გადავხედავთ დემოკრატიულად განვითარებულ ქვეყნებს, სადაც სამოქალაქო საზოგადოება განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების კურსს, თითქოს ძალიან მარტივი ჩანს ამ მოდელების პირდაპირი გადმოღება, მაგრამ ეს ჩვენ არ გამოგვადგება, ვინაიდან არაქრისტიანული და სეკულარული საზოგადოება მთლიანად დაყრდნობილია დემოკრატიულ პრინციპებზე. თუ ასეთ მშრალ მოდელს გადმოვიღებთ, მაშინ დავკარგავთ მეობას, თავისთავადობას და ყველაზე ძვირფასს – ღმერთს, ამის საშიშროება ნამდვილად არსებობს. ახლა უკვე დროა გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ თუ სიფრთხილეს დავკარგავთ და აღნიშნული თავისებურება გამოგვრჩება, მაშინ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სახელმწიფოს წინსვლის მიუხედავად, უდიდეს საფრთხეს მოგვიტანს. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს თითოეულ ჩვენგანს.
წმინდა ამბროსი ხელაია პატრიოტთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე შემდეგ სიტყვებს ამბობს: "ჩვენ დავივიწყეთ ღმერთი, სარწმუნოება, სახარების უკვდავი იდეალები, მოძმეთა სიყვარული, კაცი კაცისთვის შეიქმნა მგელი. ვიძახით: ერთობა, სიყვარული და თანასწორობა და ყველა ეს თემა მშვენიერი, სანატრელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ცხოვრებაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. არ არსებობს ნამდვილი ძმობა და თანასწორობა. ამის მაგიერ გამეფებულია ჩვენში შური, მტრობა და სიძულვილი. თუ გვინდა, რომ არ მეორდებოდეს ამნაირი მოვლენანი, ერთი რომელთაგანის მოსაგონებლად აქ ვართ შეკრებილნი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ სარწმუნოებას, გავატაროთ, განვახორციელოთ ჩვენს ცხოვრებაში ქრისტეს იდეალები თანასწორობის, ძმობის და სიყვარულისა".
მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება მრავალფეროვან სპექტრს მოიცავს და ზოგჯერ ისეთი უზნეო მოთხოვნები გააჩნიათ, რომ პირდაპირ სახარებისეული სულისკვეთების წინააღმდეგაა მიმართული. ხშირად საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გააჩნია უზნეო, არაადამიანური, არატრადიციული და ცხოველური მისწრაფებები. იმისათვის, რომ ასეთი უზნეობისაგან ვიყოთ დაცულნი, საჭიროა აქტიურად ჩავერთოთ ეკლესიურ ცხოვრებაში. ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამიანის მიზანი ის კი არ არის, რომ ამ ქვეყანაზე მოიწყოს სამოთხე, არამედ ის, რომ მოიპოვოს ზეციური სასუფეველი: "ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (მათ.6:33). აქ სამოთხეს ვერავინ აღაშენებს, ამის მცდელობა იყო ძალიან ბევრ ეპოქაში, მაგრამ ვერავინ განახორციელა.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამიანი სულისა და სხეულის ერთობლიობაა. სახელმწიფო ადამიანის სულიერ მოთხოვნილებებს კი არ აკმაყოფილებს, თუმცა ესეც გარკვეუწილად სახელმწიფოს მოვალეობაა, არამედ მატერიალურ სიკეთეს, ეკონომიკურ გარანტიებს და ასე შემდეგ. ანუ სახელმწიფო ვალდებულია ადამიანს საარსებო წყარო და შემოქმედების უნარის მაქსიმალური განხორციელების საშუალება მისცეს, რათა ყოველმა მოქალაქემ თავისი უნარ-ჩვევები გამოიყენოს ოჯახისა და სახელმწიფოს სასარგებლოდ. ხოლო ეკლესიის დანიშნულება ადამიანისთვის სულის ცხონების მინიჭებაა. რადგან ორი ბუნება გაგვაჩნია სულისა და სხეულის სახით, ორივეზე უნდა ვიზრუნოთ. არ შეიძლება მარტოოდენ სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე ფიქრის მოტივით სულის კეთილდღეობაზე ვთქვათ უარი და არც სულის ცხონებაზე ფიქრი იქნება გამართლებული მოყვასისა და ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფის ფონზე.
სამწუხაროდ, ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში საზოგადოების უმეტესობა აღარ ფიქრობს სულიერ წინსვლასა და საზრდოზე. ბევრ ქვეყანაში ეკლესიები ქირავდება ან იყიდება, შემდგომ კი სხვა გაუგებარი ფუნქციები ენიჭება. ღმერთმა დაგვიცვას ამ საფრთხისაგან, მაგრამ სიფრთხილე აუცილებლად გვმართეს! სამოქალაქო საზოგადოება უნდა განვითარდეს, მოძლიერდეს, მაგრამ მისი წინსვლა ზნეობრივ საფუძვლებზე უნდა დამყარდეს. უზნეო საზოგადოება ვერ აღაშენებს ჯანსაღ სახელმწიფოს. დემოკრატიული ფასეულობების დაცვა სახელმწიფოს წეს-წყობილების მოწესრიგებას ემსახურება და არა ადამიანის სულიერ განვითარებას. ღმერთმა ქნას, რომ ამ შეცდომებზე გვესწავლოს, ნელ-ნელა ღირსეული ადგილი დაგვეკავებინოს დემოკრატიულ სივრცეში და ზოგადად ადამიანურ ურთიერთობებში ქართველ ხალხს თავისი სიტყვა ეთქვას. თუ ქრისტეს მცნებებზე აღზრდილ საზოგადოებას ჩამოვაყალიბებთ, მაშინ ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოს აღვაშენებთ, თუმცა იდეალურის მოლოდინი მაინც არ უნდა გვქონდეს, რადგან სამოთხისეული მდგომარეობა მხოლოდ ღმერთთან ერთობაშია შესაძლებელი. ღმერთმა ქნას, რომ ეს რთული მისია ღირსეულად შეგვესრულებინოს.
ეკლესიის როლი სახელმწიფოს განვითარებაში მარტოოდენ მაღალზნეობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებით როდი შემოიფარგლება, არამედ ის ქვეყნისადმი მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გაღვივებასაც უწყობს ხელს.
ასევე, ხშირად ვიხსენებთ ხოლმე წარსულს და მივტირით ისტორიის დიდებულ პერიოდებს, როდესაც ქართველ ერს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ეკავა მსოფლიოში, მაგრამ მაშინ სხვა წყობა იყო. მაშინ მეფე იყო პოლიტიკის განმსაზღვრელი და ძირითადად ყველაფერი მასზე იყო დამოკიდებული. ახლა ხომ ასე არ არის? ახლა რაღატომ ვცდილობთ, რომ ახალი მხსნელი, ახალი მესია ვიპოვოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანს?!
უფალმა მშვიდობა და სიყვარული მოგვფინოს, ადამიანობა შეგვენარჩუნებინოს, უზნეობაზე უარი გვეთქვას, სხვისი სატკივარი და გასაჭირი გულთან მიგვეტანოს და რაც უფრო რთულია, სხვისი სიხარულიც გაგვეზიარებინოს და მათთან ერთად გაგვხარებოდეს. ვეცადოთ, რომ უფრო ღრმად ჩავწვდეთ ჩვენს ეკლესიურ ცხოვრებას. ღვთის მცნებებს უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ, თორემ ხომ ხედავთ, დღევანდელ დღეს მრავალგვარი იდეოლოგია არის გამეფებული და რომელი მათგანი წაგვლეკავს, ეს არავინ იცის, რადგან ძირითადად ყველა იდეოლოგია იმას ამბობს, რომ რელიგიაც იდეოლოგიაა და ეს უკვე დიდი სიცრუეა. იდეოლოგია ის არის, რასაც ადამიანი ქმნის, ხოლო რელიგია ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობა, გულის გამოძახილი და თავად ადამიანის სულის ღმერთთან ერთობის მოთხოვნილებაა. უფალმა იმის ძალა მოგვცეს, რომ ღმერთთან კავშირი არ დაგვეკარგოს. თუკი ამას შევძლებთ, თუ უფრო მეტად გავაცნობიერებთ ჩვენს როლს სახელმწიფოს წინაშე, მაშინ ჩვენი ქვეყანაც წინსვლას განაგრძობს და ადამიანებიც მეტად მშვიდად და ბედნიერად იცხოვრებენ.
იცოცხლეთ და გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი!