ახლა შევეხოთ საკითხს, თუ რატომ უნდა გვიყვარდეს ადამიანები. დიახ, უნდა გიყვარდეთ ყოველი ადამიანი, მიუხედავად მისი სარწმუნოებისა, ურწმუნოებისა, ეროვნებისა, კანის ფერისა, გონებრივი განვითარების დონისა, ასაკისა, სქესისა, ყველა და ყოველი ერთნაირად - გულით! პირველი - იმიტომ, რომ არც ჩვენ ვართ ანგელოზები და არაფრით ვჯობივართ სხვას რომელიმეს, ჩვენც, როგორც სხვები, მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ ახლობლებზე ვფიქრობთ, ჩვენი აზრები და ოცნებები ეგოისტურია. ადამიანთა უმრავლესობა ვფიქრობთ მხოლოდ საკუთარ თავზე. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომლებიც უცხოზე უფრო მეტს ფიქრობდნენ, ვიდრე საკუთარზე. ამიტომ არც სხვებს უნდა მოთხოვოთ ჩვენი უპირობო ერთგულება და არ უნდა განვსაჯოთ ისინი, როცა საკუთარ ინტერესებს ჩვენზე მაღლა აყენებენ. ადმიანები არასრულყოფილი არსებები ვართ, არ შეგვიძლია ზუსტად დავადგინოთ, რა ხდება ამა თუ იმ კაცის გულში, რატომ სჩადის ის ცუდ საქციელს, რატომ ადგას ურჯულოებისა და ბოროტების გზას, ამიტომ ჩვენი ნებისმიერი განსჯა შეცდომისთვისაა განწირული. მოციქული პავლე დიდსულოვნად გვირჩევს, მოთმინებით ავიტანოთ ადამიანთა არასრულყოფილება და არ განვსაჯოთ მათი ქცევა, ის მოგვიწოდებს: "სანამ დრო არ დამდგარა, ნურავის განსჯით; დაიცადეთ, სანამ უფალი მოვა, მაშინ ყოველი თავის წილს მიიღებს ღვთისგან" (1 კორ 4,5). მეორე - იმიტომ, რომ ყოველი ადამიანი სულის ტაძარია, თქვენც, ასევე, ჩემო შვილებო, თქვენც სულიწმინდის სავანე-ტაძარი ხართ. "თუ არ იცით, რომ თქვენი სხეული სულიწმინდის ტაძარია, რომელიც თქვენში ცხოვრობს და რომელიც ღმერთისგან გაქვთ და თქვენ თქვენს თავს არ ეკუთვნით?" (1 კორ 6, 19), - გვეკითხება მოციქული პავლე და ყოველმა ადამიანმა თავი ბედნიერად უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ასეა. მაგრამ ჩვენ, ადამიანთა უმრავლესობა, იმდენ ცოდვას ვჩადით, რომ სულიწმინდა ტოვებს ჩვენს სხეულ-ტაძარს და მაშინ ჩვენი სხეული მიწისძვრისგან დანგრეულ ეკლესიას ჰგავს. მოწიწებით და პატივისცემით მოეპყარით ყოველ, თუნდაც ყოვლად გაუბედურებულ და გაბოროტებულ ადამიანს, რადგან ნებისმიერ დროს, როგორც მიწისძვრისგან დანგრეული ეკლესია, შეიძლება აღდგეს.
მესამე - იმიტომ, რომ თვით ღმერთი უშვებს ხანდახან ადამიანთა უმწეობას და დაცემას, რომ ასე გამოსცადოს ისინი, ის უხშობს მათ ღვთის სიტყვის გაგების უნარს, ართმევს რწმენის იმედს, რომ ასეთ მდგომარეობაში გამოსცადოს ისინი, ჩვენ, ადამიანებმა, ხშირად თავადაც არ ვიცით, თუ რატომ არ გვწამს, თუ რატომ არის ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი მეზობელთან ურთიერთობის გარკვევა, ვიდრე ღმერთთან, თუ რატომ არის, რომ ამხანაგს, რომელსაც რაღაც ვაწყენინეთ, ერთი კვირა გარს ვუვლით და თავს ვევლებით, რომ გვაპატიოს წყენა, ხოლო უფალი ღმერთი, სამყაროსა და თავად ჩვენი არსებობის მიზეზი და მიზანი, არც გვახსენდება, როცა საზიზღარ ცოდვებს ვჩადით და ღვთის მცნებებს ვარღვევთ. მერე, როცა გონს მოვალთ, თავადაც ვერ ვხსნით, თუ რატომ იყო ასე. რა თქმა უნდა, ეს არ გვამართლებს ადამიანებს. უფალი იესო ქრისტე გვაფრთხილებს: "ვაი ამ ქვეყანას მათ საცთურთა გამო. მართალია, საცთური უნდა იყოს, მაგრამ ვაი იმ კაცს, რომლისგანაც მოვიდეს საცთური" (მათე 18,7). საცთური ჩვენი შემოწმებაა, ამიტომ, შვილებო, დიდსულოვნად უნდა მოეკიდოთ სულიერ განსაცდელში, ღვთის მადლის გარეშე მყოფ ადამიანებს, მოთმინება უნდა მოიკრიბოთ, შეუნდოთ ყველა წყენა და დაეხმაროთ საცთურის გადალახვაში, თქვენი უანგარო სიყვარულით მხარდაჭერა აგრძნობინეთ საცთურის გადალახვაში, თქვენი უანგარო სიყვარულით მხარდაჭერა აგრძნობინეთ მათ, თუნდაც მათი საცთური თქვენთვის ბოროტების ქმნა იყოს.
მეოთხე - იმიტომ, რომ თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გვაპატია ცოდვილ და გაბოროტებულ ადამიანებს, ის, თავად ღმერთი, ჩვენდამი სიყვარულის გამო გახდა ადამიანი და ჩვენი ცოდვებისათვის ეწამა და ჯვარს ეცვა. მე არ მახსოვს, სამწუხაროდ, იმ ქალბატონის სახელი, რომელმაც იესოზე ასეთი ბრწყინვალე სიტყვები თქვა: "დედამიწაზე თუნდაც ერთი ადამიანი რომ ყოფილიყო სახსნელი, იესო მისთვისაც ეწამებოდა და მოკვდებოდა ჯვარზე". დიახ, უფალმა გამოიჩინა ენით აუწერელი სიყვარული ცოდვილი და დაცემული ადამიანებისადმი და მათი პატიება და ხსნა მოინდომა, ამიტომ თქვენც, ჩემო შვილებო, უნდა აპატიოთ ყოველ ადამიანს, რომელიც თქვენს წინაშე შესცოდავს და არათუ აპატიოთ, სიყვარულით უნდა უპასუხოთ მათ, რადგან უფალს უყვარს ყოველი მათგანი. ვინც გაგაბრაზოთ, გაუღიმეთ, ვინც ხელი გკრათ, ხელი გაუწოდეთ, ვინც გაგლანძღოთ, თავი დაუხარეთ, ვინც შეგაგინოთ, აპატიეთ, ვინც დაგივიწყოთ, შეუნდეთ, ვინც გაგამწაროთ, დაინდეთ, ვინც შეგიძულოთ, შეიყვარეთ, ვინც მარჯვენა ლოყაზე გაგარტყათ, მარცხენა მიუშვირეთ, ნუ განსჯით და არ განისჯებით, - ასე მოგვიწოდებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და თავადაც, როცა ადამიანი იყო, ასე იქცეოდა, თქვენც ასე მოიქეცით, მიბაძეთ მას და თავის დროზე უხვ მოსავალს მოიმკით. შეიძლება იფიქროთ, "ასე რომ მოვიქცეთ, სულელებად ჩაგვთვლიანო". არა და არა! სულელი ის არის, ვინც საწინააღმდეგოს აკეთებს. გახსოვდეთ, გველი მხოლოდ იმას კბენს, ვინც შეუტევს ან დააბიჯებს. თავმდაბალ და სიყვარულით სავსეს ადამიანს ყველაზე გულბოროტი კაციც კი ვერაფერს აკადრებს. სიყვარული ყველაზე დიდი იარაღია ბოროტების წინააღმდეგ. იმის შიშს კი, ღვთისნიერებას სისულელედ ჩამითვლიანო, სატანა უნერგავს ადამიანს, რადგან მოყვასზე გულგასიებული, ჯიბრით ტვინადუღებული, შურით გამსკდარი და სამაგიეროს ჟინით გაბოროტებული ადამიანი ადვილად სჩადის სულ ახალ-ახალ ცოდვას და სინათლის სიჩქარით შორდება ღმერთს.
მეხუთე - იმიტომ, რომ ჩვენ, ადამიანებმა, არ ვიცით უფლის განზრახვანი, თუ რა გეგმები აქვს ამა თუ იმ ადამიანთან მიმართებით. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ყოვლად ბოროტი და ურწმუნო ადამიანი შეიძლება ხვალ ღვთის მადლით შეიმოსოს, რათა ღვთის წინაშე რაიმე ფუნქცია შეასრულოს, მაგალითად, მოციქული პავლე, სანამ სულიწმინდის მადლს მოიღებდა, თავად დევნიდა ქრისტიანებს და ეკლესიას, მაგრამ უფალმა, იესო ქრისტემ, ის შეიწყალა და რომ წარმართებისთვის სახარება ექადაგებინა, მიიღო ღვთის მადლი. თქვენ წარმოიდგინეთ იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებმაც იჩქარეს და პავლე განსაჯეს, რბილად რომ ვთქვათ, ისინი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამიტომ თქვენც არავის განსჯა და განკითხვა არ იჩქაროთ, მიენდეთ უფალს, რაც ხდება ქვეყანაზე, მისი გრანდიზული ჩანაფიქრის ნაწილია და ის, რაც ჩვენთვის გაუგებარია და ჩვენი, ადამიანური, საზომით უსამართლო გვეჩვენება, დავტოვოთ ღვთის გამგებლობაში, ადამიანს არ ძალუძს ღვთის ყველა ჩანაფიქრის ამოკითხვა და გაგება, მიენდეთ მას და ის ყველაფერს კეთილად დააბოლოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ კაცს დაემგვანებით, რომელმაც მიწაში აუფეთქებელი ბომბი იპოვა და დანით უჩხიკინა მისი აგებულების გასაგებად, არ არის ძნელი მისახვედრი, თუ რა ბედი ეწია მას. ბიბლია პირდაპირ გვირჩევს: "ნუ ეცდები, ჯიუტად გაიგო, თუ რისი მიღწევა და გაგება შეგიძლია, ეს უკვე საკმაოზე მეტია, რომ ხედავ".
ხედავთ, შვილებო, რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანებისადმი სიყვარულს, ამიტომ გირჩევთ და გთხოვთ მეც - გიყვარდეთ ადამიანები!
მაგრამ ფრთხილად იყავით, ნუ ენდობით მათ!
დავუბრუნდეთ ისევ ნდობის საკითხს და თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ადამიანთა ორ ჯგუფზე, რომლებსაც ასევე შეიძლება ვენდოთ და ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად გავიხადოთ.Pპირველნი არიან წმინდანები. უფალი გვასწავლის წმინდანთა პატივისცემას, მოხსენიებას ლოცვებში. მართალია, ისინი ამქვეყნად არ არიან, მაგრამ ღვთის წინაშე მათი უდიდესი დამსახურების გამო იმ ქვეყნიდან გვმფარველობენ ჩვენ და გვშუამდგომლობენ ღვთის წინაშე, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ამას მათ გულით ვთხოვთ. რისი თქმა მინდ,ა თქვენთვის თვალსაჩინო გახდება, თუUერთ ამბავს მოგიყვებით: იყო ერთი ქურდი, როცა საქურდლად წასვლის წინ ეკლესიაში მიდიოდა და წმინდა ნიკოლოზის ხატის წინ სანთელს დაანთებდა, ყველა საქმეში უმართლებდა. ერთხელ კი, ქურდობის დროს, მეპატრონეები გამოედევნენ. სადაცაა მიეწეოდნენ. თავქუდმოგლეჯით მორბენალ ქურდს ერთი მოხუცი შემოეფეთა. ქურდმა სთხოვა: "მოხუცო, მიშველე, სადმე დამმალე, თორემ რომ დამეწიონ, მომკლავენო". მოხუცმა მიუთითა გზის პირას დაგდებულ ძროხის ლეშზე - შიგ შეძვერიო. ქურდი დაემორჩილა და შეძვრა ამყრალებულ ლეშში, ძლივს მოითმინა, სანამ მდევრებმა ჩაირბინეს და შეწუხებული გამოვარდა ლეშიდან. "მოხუცო, ეს სად დამმალე, კინაღამ დავიხრჩვე სიმყრალისგან", - უსაყვედურა. მან კი უპასუხა: "სწორედ ასე ვიხრჩობი ყოველთვის სიმყრალისაგან, როცა შენ საქურდლად გამზადებული ჩემი ხატის წინ ლოცულობ და სანთელს ანთებ" და მოხუცი გაუჩინარდა. ქურდი მიხვდა, რომ წმინდა ნიკოლოზი იყო, შეიგნო თავისი შეცდომა და იმ დღიდან აღარ უქურდია. ამ ამბიდან ჩანს, თუ რამხელა ძალა აქვს წმინდანისადმი რწმენას, როგორ ფასდება მისადმი ნდობა და ყურადღება. ასე რომ, ჩემო შვილებო, თქვენც მიმართეთ, როცა დაგჭირდეთ, ამა თუ იმ წმინდანს, ისინი, მერწმუნეთ, აბსოლუტურად სანდონი არიან. მე, მაგალითად, თქვენთვის შევარჩიე წმინდანები, რომლებსაც ყოველდღიურად ვავედრებ თქვენს თავს. ბექასთვის წმინდა პანტელეიმონს ვევედრები, მე სადაც ვარ, ის მონასტერი მისი სახელობის არის, ის ქრისტიანული სამყაროს დიდად მნიშვნელოვანი წმინდანია, მკურნალი იყო და ხალხს უანგაროდ მკურნალობდა, ვინ იცის, იქნებ შენც დაგებედოს მისი უნარი და ექიმი გახდე, ჩემო ბექუნა, ყოველ შემთხვევვაში, მე ვთხოვ დიდმოწამე მკურნალ წმინდა პანტელეიმონს, ევედროს უფალს შენთვის. დაჩი, შენთვის წმინდა მარიამ ღვთისმშობელს ვევედრები, მჯერა, ის, როგორც დედა, თავის მფარველობას არ მოგაკლებს. ვთხოვ, რომ ჯანმრთელობა და ბედნიერი ბავშვობა გაჩუქოს. პირველ რიგში კი, ჩემო შვილებო, ყველა წმინდანს და უფალს ვევედრები, რომ ღმერთმა გაჩუქოთ სულიწმინდის ძალა, რომ რწმენის მადლმა დაიბუდოს თქვენს გულში, რომ თქვენ უფალთან მიხვიდეთ არა ისე, როგორც მე - ბევრი ტანჯვით და შეცდომებით, არამედ პირდაპირი გზით.
ჯერ ერთი, ახლონათესაური პრინციპიდან გამომდინარე, ისე არავის უყვარს მეორე ადამიანი, როგორც მშობელს შვილი და ჯაჭვი მშობელი-შვილი უწყვეტია, რამდენი თაობაც არ უნდა გავიდეს. აქედან გამომდინარე, სიყვარულიც უყვეტია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც მამას უყვარს შვილი, ისევე უყვარს ბაბუასაც, ისევე - ბაბუის მამას და ბაბუის ბაბუას და ასე შემდეგ, ამიტომ როგორც უშუალო დედ-მამა არ უნდა დაივიწყოს კაცმა, ასევე პატივი უნდა მიაგოს ყველა წინაპარს. მეორეც, რახან მათ უყვართ ისინი, სამოთხეში ჩვენზე ევედრებიან უფალს, გვგულშემატკივრობენ და გვილოცავენ ყოველ ნაბიჯს და როცა ჩვენ ასი წლის მერე მოვკვდებით, ისინი, ჩვენი უშუალო წინაპრები და არა სხვების წინაპრები, შეგვხვებიან სამოთხის კართან და რა უხერხული იქნება ჩვენი შეხვედრა, თუ სიცოცხლეში ერთხელაც არ გაგვხსენებია ისინი. არა აქვს მნიშვნელობა, ისინი გვინახავს თუ არა, მათ მეობას და ხასიათს ჩვენს გენებში ვატარებთ და თუ გაინტერესებთ, როგორი იყვნენ ისინი, თქვენს თავს დააკვირდით. ისინი თქვენ გგვანან, უფრო სწორად, თქვენ ჰგავხართ მათ.
ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ჩემი ბაბუის ბაბუა ან მისი ბაბუა დამყურებს ცათა სასუფევლიდან და სიხარულის ცრემლები მოსდის, რომ მე, მისი შთამომავალი, მათი ხსოვნის შენარჩუნებას და თქვენთვის გადმოცემას ვცდილობ.
აი, ყველაფერი, რაც ამჯერად, ამ წერილში თქვენთვის მინდოდა მეთქვა. მხოლოდ ერთს დავამატებდი, რომ აბსოლუტური ნდობის ღირსი არის მხოლოდ და მხოლოდ უფალი იესო ქრისტე. არც დედა, არც მამა, არც ნათესავი, არც წმიდანი და არც წინაპარი არ გაიხადოთ კერპად, ყველას მიაგეთ თავისი წილი პატივი, ხოლო დიდება ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს, თქვენი გულები ეკუთვნის უფალს, ის გასწავლით სხვების სიყვარულს და ნდობას, ის გაგიძღვებათ ცხოვრების ურთულეს გზაზე, ენდეთ მას და ყოველთვის გამარჯვებული დარჩებით!
სექტემბერი, 2002 წელი