"გამარჯობა დაჩი, ჩემო სიცოცხლე ბიჭო!
ძალიან გამახარე, შვილო, შენი წერილით, ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს. დიდი მადლობა მოლოცვისათვის, დიდი მადლობა, რომ შენ, ბექა და დედიკო მხარს მიჭერთ და გესმით ჩემი. ჩვენი გულები ერთმანეთისთვის ძგერენ, ჩვენ გვაერთიანებს არა მარტო საერთო სისხლი და ხორცი, არამედ უფრო დიდი და სანუკვარი - ღვთის მადლი. დიახ, ეს უფალმა, ყოვლადმოწყალემ ინება ჩვენი ერთიანობა, ერთსულოვნება და ამისთვის მას ჩვენ ჩვენი მადლიერება უნდა ვუჩვენოთ. ჩემო დაჩიკო, ვიცი, ჩვენი განშორება დიდად სტკივა შენს კეთილ გულს, მაგრამ გამაგრდი, მამა, ჩვენთან თავად უფალია, მისი უსაზღვრო კაცთმოყვარება ჩვენს ოჯახზე წარმოჩნდება, ამიტომ ჩვენი გულები იმედით, რწმენით და სიყვარულით უნდა ავავსოთ, არ მივცეთ უფლება ბნელ ძალებს სევდა და ტკივილი შემოგვაპარონ. რამ უნდა შეგვაშინოს, რამ უნდა შეგვაწუხოს? როცა სამყაროს შემოქმედმა, თვით მაღალმა ღმერთმა ინება ჩვენზე თავისი კეთილი ნების ჩვენება. დიდება უფალს, ჩვენს შემოქმედს, დიდება ყოვლადწმინდა სამებას!
დაჩი, შენს წერილში მეკითხები, თუ როგორ ვცხოვრობ ათონის მთაზე. მოკლედ შევეცდები აგიწერო ბერთა ყოველდღიური ცხოვრება: შენ იცი, რომ ბერთა მთავარი საკეთებელი ლოცვაა, დიახ, დღე-ღამის ოცდაოთხი საათიდან ეკლესიაში მსახურებისთვის გამოყოფილია რვა საათი, ლოცვა-მსახურება მიმდინარეობს ადრე დილით და გარიჟრაჟზე, თქვენი დროით დილის ოთხ საათზე იწყება და ხუთი საათი გრძელდება, მთავრდება წირვით (ლიტურღიით), ღვთისმსახურებაში მაქსიმალურად ყველა ბერი მონაწილეობს, ზოგი მსახურობს (მღვდელი და დიაკვანი), ზოგი გალობს, ზოგი მედავითნეობს. მე დიდი მუსიკალური სმენით არ გამოვირჩევი, ამიტომ მედავითნე ვარ, ხან ფსალმუნებს ვკითხულობ, ხან ჟამნებს და სხვა. ჩემო დაჩი, მამა, როგორც შეამჩნიე, ჩვენ ათონელები ეკლესიაში ვლოცულობთ და ვგალობთ მაშინ, როცა შენ გძინავს, როცა დილით სკოლაში წასასვლელად ემზადები, როცა სკოლის ეზოში შედიხარ და როცა პირველი ზარი დარეკავს, განუწყვეტლად მთელი ოთხი-ხუთი საათი, ამ დროს მე ღმერთს ვავედრებ შენს თავს, მთელ ჩემს საძმოსთან ერთად ვლოცულობ, რომ მთელ მსოფლიოში იყოს მშვიდობა, რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ, რომ შეგვიწყალოს უფალმა და მოგვიტევოს ჩვენი აურაცხელი ცოდვები, რომ გაძლიერდეს მართლმადიდებლური რწმენა და ღვთის მადლი გადმოვიდეს ჩვენზე - მორწმუნე ქრისტიანებზე. ამ დროს ეკლესიაში იმდენად ამაღლებული და სულიერად დატვირთული ატმოსფეროა, რომ ყველაზე ურწმუნო და სკეპტიკოსი თანადამსწრენიც კი იძულებული არიან, აღიარონ - იქ რაღაც ზებუნებრივი იყოო. დანარჩენი რვა საათი ეძღვნება მორჩილებათა შესრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სხვადასხვა ფიზიკურ თუ გონებრივ სამუშაოს ასრულებს. მორჩილებები სხვადასხვა სირთულისაა, ამიტომ, სამართლიანობის დასაცავად ისინი ყოველწლიურად საძმოს წევრთა შორის გადანაწილდება. მორჩილების დამთავრების შემდეგ ბერებს ეძლევათ რვა საათი თავისუფალი დრო დასვენებისათვის, ძილისთვის, სწავლისთვის და კელიის კანონის წასაკითხად. ეს უკანასკნელი არის ლოცვა კელიაში და ყოველ ბერს ენიშნება მოძღვრის მითითებით, ის საშუალოდ საათი გრძელდება ბერის დასვენების დროის ხარჯზე და ისიც მხოლოდ მოძღვრის კურთხევით. ბერები ერთად ჭამენ სატრაპეზოში დღეში ორჯერ, ოთხშაბათს და პარასკევს კი დღეში ერთელ. მარხვების დროსაც მხოლოდ დღეში ერთხელ. ბერები არ ჭამენ ხორცს. ზოგიერთს კი აქვს კურთხევა, არ ჭამოს თევზეულიც და რძის ნაწარმიც, მათ მმარხველ ბერებს უწოდებენ. ბერის საქმიანობის ნებისმიერ ფორმას განსაზღვრავს მისი სულიერი მოძღვარი, მას აბარებს ბერი, რაც შეიძლება ხშირად, აღსარებას და მისგან იღებს საჭირო მითითებებს. ბერს არა აქვს უფლება, თავისი ნებით დატოვოს მონასტრის ტერიტორია, დარეკოს ტელეფონზე, მოუსმინოს რადიოს, წაიკითხოს ჟურნალ-გაზეთები ან სხვა რაიმე ურთიერთობა ჰქონდეს ერთან, უმრავლესობას წერილობითი ურთიერთობაც არა აქვს არავისთან, ხოლო ვისაც აქვს, მას მოძღვარი განუსაზღვრავს, ვის და რა უნდა მისწეროს.
რადგან მოძღვარი ვახსენე, შენს მეორე კითხვაზე გიპასუხებ, სადაც ჩემს მოძღვარზე მეკითხები. ჩემს მოძღვარს ჰქვია მამა მაკარი, ის ძალიან კეთილი და ჭკვიანი ადამიანია, რაც მთავარია, აღვსილია სულიწმინდის მადლით და ამიტომ ჩვენთვის ძალიან ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლია. მართალია, სიტყვაძვირი კაცია, მაგრამ მის ერთ სიტყვას სასწაულმოქმედი ძალა აქვს. მადლობელი ვარ უფლის, რომ გამხადა ღირსი ასეთი სულიერი მამის ყოლისა.
ამჯერად ამით დაგემშვიდობები, ჩემო სიცოცხლე, ჩემო საყვარელო შვილო. ისევ და ისევ გთხოვ, მამა, არ დაიდარდო, არ დაეცე სულით, იყავი უფლის იმედით, ილოცე და ის შენს გულში ჩასახლდება. მასთან იყავი, მას მიმართე და არ მიგატოვებს, ოღონდ არ დაეჭვდე და არ დაბრკოლდე. რაც არ უნდა მოხდეს, ეს მისი ნებითაა და სწორედ ეს არის ჩვენთვის სასარგებლო. გწამდეს, როგორც ყოველი სხვა ადამიანი, შენც უსაზღვროდ უყვარხარ, შენ მისთვის უფრო ძვირფასი ხარ, ვიდრე მთელი ხილული ქვეყნიერება, მხოლოდ შენგანვე ელოდება ასეთსავე სიყვარულს. გწამდეს, მეც ასევე უსაზღვროდ მიყვარხარ, მართალია, ჩემი სიყვარული უფლის სიყვარულთან შედარებით მიწიერია, მაგრამ იცოდე, შენ ჩემი სიცოცხლე ხარ. მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!!!
წმინდა ათონის მთა, საბერძნეთი.
2005 წელი. 21. 06.
შემეცნებითი ხასიათის შემდეგი ავტორები: ჟიულ ვერნი, მაინ რიდი, კარლ მეი, ვალტერ სკოტი, ჩარლზ დიკენსი ("დავით კოპერფილდი"), დანიელ დეფო, სტივენსონი ("განძის კუნძული").
ამავე ხასიათის წიგნებს განეკუთვნება სერია გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებანი და წმინდანთა ცხოვრებანი, ეს უკანასკნელი როგორც სახარებას კითხულობ ყოველდღე, ასევე ყოველდღე უნდა წაიკითხო, თუნდაც დღეში ერთი წმინდანის ცხოვრება და მოღვაწეობა.
ღმერთმა ხელი მოგიმართოს! ღმერთმა დაგლოცოს!"