თვითონ მაგ სამარცხვინო ფარ-ხმლის მჭედელს, ბეზღის მთქმელს, ადამიანი, როგორც იქნებოდა, გაუძღვებოდა, მოიგერიებდა, გამგონი და დამჯერე რომ არ ჰყავდეს და რომ მაგ საზიზღარი ფარ-ხმლით მორთულს შაბაშის და ბარაქალას ძახილით არ აქეზებდეს იმისთანა წმინდა რამ, როგორიც ლიტერატურაა. როცა ლიტერატურა, - ეგ ადამიანის ჭკუისა და ზნეობის საგანძური, - მაგ საძაგლობას შეიკედლებს, როცა მაბეზღარს თავის კარს გაუღებს ხოლმე, მაშინ თვით საზოგადოების გახრწნილება ცხადია და მისი წყობის სულთმობრძაობა უეჭველია.
ყველაზე საშიში და საზიზღარი ის ბეზღობაა, რომელსაც საგნად მთელი ერი ჰყავს, ნამეტნავად იმისთანა ერი, რომელიც "შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა" ყოველ ღონეს მოკლებულია, რომ თავი იმართლოს, თავისი გულისნადები, სულის წყურვილი საქვეყნოდ გამოფინოს. ამისთანა ერის წინაშე ერთი გაცვეთილი მაბეზღარი უფრო შემძლებელია და ღონიერი, ვიდრე მთელი ერი, იმიტომ რომ მაბეზღარს ხელში ყოველი იარაღი აქვს, დაბეზღებული კი იარაღაყრილია. დაბეზღებულს იმის მეტი აღარა რჩება რა, რომ გულში ჩაიხვიოს უსამართლოდ შეურაცხყოფილი, მაგრამ სამართლიანად გაბოროტებული გრძნობა. ეგრე ჩახვეული გრძნობა სალესავია იმისი, რის დაჩლუნგებაც სასურველია ხოლმე.
პირდაპირ ზედ მოსეული ავაზაკი იმდენად საზიზღარი არ არის, რამდენადაც ქურდბაცაცა. იმიტომ, რომ ამისთანა ავაზაკი თავისთავსაც იმდენად იმეტებს, რამდენადაც მოპირდაპირე ჰყავს გამეტებული. ამ შემთხვევაში მისი გადარჩენის თავდები მარტო გამარჯვებაა. ქურდბაცაცა კი მტერია, მისი ანგარიში იმაზეა აგებული, რომ გაიმარჯვებს თუ დამარცხდება, თვითონ მას არაფერი დააკლდება: მე კი შემიძლია ვავნო, თუ გავიმარჯვე, ხოლო თუ დავმარცხდი, ის ვერას მავნებსო. ქურდბაცაცაზე უარესნი არიან ისინი, რომელნიც თავზე ხელს იმდენად იღებენ, რომ თავიანთ მოპირდაპირეს ცილისწამებით, ხმების დაყრით და იდუმალად უბღალავენ პატიოსნებასა და ნამუსს. რაკი ვინმეზე გულში ჯავრს ჩაიდებენ, აღარაფერს ერიდებიან, კაცი იქნება თუ ქალი, რომ ყოველგვარი ლაფი თავს გადაასხან და სახელი გაუტეხონ და დაუმხონ. ასეთი საზიზღარი საქციელი მაშინ უფრო საზიზღარია, როცა ნიშნად დედაკაცია ამოღებული. მამაკაცს, ასე თუ ისე, შეუძლია, რომ ცილისმწამებელს არ შეუშინდეს და ტყუილს ტყუილის კარამდე სდიოს. მაგრამ რა ქნას ამის ვერშემძლებელმა დედაკაცმა! დედაკაცის უსამართლოდ, ცილისწამებით შეურაცხყოფილმა გრძნობამ ღირსებისა სად და რაში ეძიოს თვისი მსჯავრი, თვისი უკმაყოფილება? აქ ნამუსის მპარავს შიში არაფრისა აქვს, ყოველგვარი განსაცდელისაგან დაზღვეულია და ამიტომაც არის იგი უფრო ბილწი და, მაშასადამე, უფრო საზიზღარი.
ვინმე მშიერ-მწყურვალმა, კონკებში გამოხვეულმა ღატაკმა, შიმშილით სიკვდილის უძლეველი შიშით სირცხვილის გრძნობადახშულმა რომ დახლზე ორშაურიან პურს სტაცოს ხელი და მოიპაროს, დიდი და პატარა თავს დაესხმება: "როგორ თუ იქურდა, პატიება ქურდობისა და მტაცებლობისა წაქეზება და წახალისება იქნება!"
რაში მდგომარეობს აქ დანაშაული, რომლის შენდობაც ცოდვად მიგვაჩნია? იმაში, რომ ხელშეუხებელი, შერყეული და შებღალულია პატივი საკუთრებისა, რომელიც კაცთა ურთიერთობის დედაბოძად არის მიჩნეული, და თუ ეს ასეა, რამდენად უფრო გასამეტებელია დასასჯელად ის, ვინც ადამიანს იმას ჰპარავს, რაც მის უძვირფასესს საუნჯეს და საკუთრებას შეადგენს და ყოველგვარ ნივთიერ საკუთრებაზე უფრო მეტად უღირს. განა ნამუსი და პატიოსნება ამისთანა დაუფასებელი საუნჯე არ არის? განა ადამიანი ნამუსითა და პატიოსნებით არ ადამიანობს და კაცური კაცობა ამით არ კაცობს? განა ერთსა და ორს გაუწირავს სიცოცხლე ნამუსისა და პატიოსნების შენარჩუნებისა და ხელშეუხებლობისათვის? მაშასადამე, რამდენად უფრო დიდი შემცოდეა პურის მპარავზე ის, ვინც კაცს ნამუსს, პატიოსნებას ჰპარავს. ახლანდელ დროში რომ ლოგიკას უკუღმა ტრიალი არ დაეწყო, სწორედ ამ გზით უნდა ევლო და ნამუსის მპარავი სამარცხვინო ბოძზე გაეკრა. მაგრამ ახლანდელი ლოგიკა ამას არ დაგიდევს, შიმშილისაგან იძულებულ მპარავს ორშაურიანი პურის ქურდობისთვის სჯის, ნამუსის მპარავს კი ქების ტაშსაც შეაწევს ხოლმე, - დახე, რა ყოჩაღია, ამა და ამ კაცს საქვეყნოდ თავზე ლაფი დაასხაო. ძნელია ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის ნამუსს და მისი კაცური ღირსების გრძნობას პატივი და მფარველობა არა აქვს, სადაც ხელშეხება, შებღალვა ყოველივე ამისა ეადვილებათ და სადაც საზოგადოებაში მოტრიალე კაცი ცილისწამებისა და უსაბუთოდ კაცის ავად ხსენების დევნას თავის უწმინდეს მოვალეობად არ თვლის.