საეკლესიო მსახურება - ეს ღვთისკენ მიმართული სიყვარულით ნათქვამი სიტყვებია, ჩვენი ყოფის ყველაზე ნეტარი წუთები ეკლესიაში, ძმებთან ერთად უფალთან ურთიერთობის, ღვთის მსახურების, გალობისა და ზიარების დროა. ყველანი ერთად ვისმენთ წმინდა წირვა-ლოცვას, უფლის სიტყვებს სახარებიდან, მოციქულთა გამონათქვამებს, ოქტოიხის, სამების, მინეის ტროპარებს, ვგრძნობთ ქრისტესთან ერთობას.
ღვთისმსახურთათვის სატანას მრავალი განსაცდელი აქვს მომზადებული. მაცდური ჩვენთვის შუმჩნეველად, მზაკვრულად განალაგებს თავის ხრიკებს.
ხშირად ეკლესიაში მსახურებისას რული მოგვეკიდება, თითქოს აქ ძილის გასაგრძელებლად მოვსულვართ... და როგორც კი სიტყვას გავიგებთ ან ფსალმუნების კითხვას იწყებენ, მაშინვე გვეხუჭება თვალი, ვდუნდებით, ვეღარ ვისმენთ ლოცვას, ტროპარს, გალობას. ძილბურანში უფლის მსახურება - ეს სატანის ხრიკებია.
რომ იცოდეთ, ძმებო, რას ვკარგავთ ეკლესიაში ასე გაფანტულად ყოფნისას!
სინდისი გვქენჯნის და წინასწარ ვარწმუნებთ ჩვენს თავს: "...დღეს ყურადღებით ვიქნები, არ მივცემ თავს უფლებას, ისევ მოვდუნდე..."
ამ ზედაპირული სიტყვებით არაფერი იცვლება, რადგან ასეთი შთაგონება იძულებითია, უკურეაქციას იწვევს. ასეთი ზემოქმედებით ვერაფერს ვაღწევთ. პირიქით, ის უფრო გვძაბავს, გაურკვევლობაში გვაგდებს და გვანადგურებს.
მაცდური გვკარნახობს:
- მოიკრიბე გულისყური, დაიძაბე, ის გააკეთე, რაზეც ფიქრობ... შენ ჩემს კლანჭებში ხარ. დაგიჭერ და ჩაგებღაუჭები, შენ კი, თუ შეგიძლია, განაგრძე, - მიდი, მიდი!
იმას, რასაც ძალად აკეთებ, სულის შინაგანი წინააღმდეგობა მოსდევს და ვნების მეტს არაფერს მოგიტანს. შეცდომაა, ნებისყოფის დაძაბვით ვაიძულოთ საკუთარი თავი, ვილოცოთ. აუცილებელია გულწრფელად დავინტერესდეთ და შევიყვაროთ ლოცვა. ხშირად მითქვამს ამის თაობაზე...
ბერი მაკარის თარგმანის მიხედვით. ათონი