XVI საუკუნესა და XVII საუკუნის პირველ ნახევარში მომხდარ მოვლენას, რომელმაც შეცვალა აღმოსავლეთის, ჩრდილოეთის და ცენტრალური ევროპის რელიგიური რწმენისა და ცხოვრების წესი, რეფორმაცია ეწოდება. რეფორმაციის დაწყების მიზეზი 1517 წელს ინდულგენციის წინააღმდეგ მარტინ ლუთერის გამოსვლა გახდა.
რომთან დაპირისპირება დასრულდა ჩრდილოეთი და ცენტრალური ევროპის დიდი ნაწილის კათოლიკური ეკლესიიდან გამოყოფითა და ლუთერის მიერ შემუშავებული ახალი ქრისტიანული ცხოვრების წესის დანერგვით. ლუთერმა ლათინურენოვანი ბიბლია გერმანულად თარგმნა და ამის მეშვეობით ხელი შეუწყო გერმანული ლიტერატურული ენის დაარსებას. 1525 წელს მან ცოლად შეირთო ყოფილი მონაზონი, ეს კი ბერმონაზვნობის კანონების უხეშ დარღვევას ნიშნავდა. ამის შემდეგ ის წერს თხზულებებს და ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას გერმანიის რელიგიურ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ლუთერი იყო მგზნებარე მქადაგებელი, იგი აღავსებდა გარშემომყოფებს თავისი ენერგიულობითა და ცოცხალი რწმენით. ამასთან, ამბობდა, რომ განიცდიდა შიშს, რადგან ეჭვი ეპარებოდა თავისი სწავლების ჭეშმარიტებაში და ამით უამრავი ხალხი მარადიული სატანჯველისკენ მიჰყავდა.
* ზიარების დროს გარდაისახება თუ არა პური და ღვინო მაცხოვრის ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად?
* შესაძლებელია თუ არა პიროვნების გადარჩენა ბიბლიის გარეშე მხოლოდ ღვთაებრივი გამოცხადების გზით?
* თუ გადარჩენაში მთავარი პირადი რწმენაა, შეიძლება თუ არა ახალშობილთა მონათვლა, რომლებსაც ჯერ პიროვნული რწმენა არ გააჩნიათ?
სხვადასხვა პროტესტანტული მიმართულება ამ კითხვებზე განსხვავებულ პასუხს იძლეოდა. მთავარ მიმართულებებად კი XVI საუკუნიდან მოყოლებული რჩებიან:
* ლუთერანები – გერმანელების ძირითადი ნაწილი, ასევე სკანდინავიურ ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ახლა მსოფლიოში დაახლოებით 75 მილიონი ლუთერანია.
* კალვინისტები – ძირითადად ჰოლანდიასა და შოტლანდიაში, აგრეთვე აშშ-ში, გერმანიასა და საფრანგეთში.
* ანგლიკანები – ინგლისში, აშშ-ში, ავსტრალიაში. მსოფლიოში დაახლოებით 70 მილიონი მორწმუნეა.
მე-17 საუკუნეში გაჩნდა ბაპტიზმი, რომელიც ძალიან სწრაფად პროტესტანტიზმის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვან მიმართულებად გადაიქცა (დაახლოებით 35 მილიონი). მათი რწმენის მთავარი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი უარყოფენ მცირეწლოვანთა ნათლობას.
ბაპტისტები ყურად არ იღებენ ახალ აღთქმაში აღწერილ ოჯახების მონათვლის შემთხვევებს, რომელთა შორისაც, ცხადია, მცირეწლოვანი ბავშვებიც იყვნენ (საქ. 10:1-48; 1 კორ. 1:16). ეკლესია ყოველთვის ნათლავდა და ახლაც ნათლავს ბავშვებს, რადგან მიიჩნევს, რომ არ უნდა იქნეს დარღვეული იესო ქრისტეს მცნება: "აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი" (მთ. 19:14).
XIX საუკუნის 30-იან წლებში ამერიკელმა ბაპტისტმა მქადაგებელმა უ. მილერმა (1782-1849) დააარსა ადვენტისტების ქრისტიანულ-პროტესტანტული სექტა. ადვენტიზმს ბევრი წეს-ჩვეულება გადმოღებული აქვს ბაპტისტებისაგან, მას საფუძვლად უდევს რწმენა ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ადვენტისტებს სწამთ, რომ ღვთის ათასწლიანი მეუფების შემდეგ, განკითხვის დღეს მიცვალებულნი მკვდრეთით აღდგებიან, მართალნი საუკუნო სიცოცხლეს მიიღებენ, ცოდვილნი სამუდამოდ მოისპობიან (ადვენტისტებს არ სწამთ ჯოჯოხეთის მუდმივი სატანჯველის).
XX საუკუნის დასაწისში ორმოცდაათიანელებმა სათავე დაუდეს "ქარიზმატულ მიმდინარეობას". ისინი ამტკიცებენ, რომ სულიწმინდის მადლი (ქარიზმა), უპირველესად, ვლინდება სხვადასხვა ენაზე საუბრის უნარში. ორმოცდაათიანელები თავიანთ შეკრებებში ცდილობენ ტრანსულ მდგომარეობამდე მისვლას, რათა დაიწყონ საუბარი სხვადასხვა, ხშირ შემთხვევაში არაბუნებრივ ენაზე. ამ მოვლენას ისინი "სულიწმინდით მონათვლას" უწოდებენ.
ორმოცდაათიანელთა "სულიწმინდით მონათვლა" ყველა სხვა ქრსტიანული მიმდინარეობის რწმენას ეწინააღმდეგება. მრწამსში ნათქვამია: "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა". ნათლისღების საიდუმლო ცხოვრებაში ერთხელ ხორციელდება და არ შეიძლება გამეორდეს ან დაემატოს რაიმე ტიპის ნათლობა. ისინი ფიქრობენ, რომ ორმოცდამეათე დღის მოვლენები - სულთმოფენობა (საქ. 2:4-11) არის ადამიანთა გაუცხოებისა და ურთიერთგაუგებრობების მოგვარების გზა, იმ გაუგებრობების, რომელიც ბაბილონის გოდოლის წარუმატებელი მშენებლობით დაიწყო. თანამედროვე ორმოცდაათიანელები ვერ ასაბუთებენ და ვერ ასახელებენ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ქრისტიანული ქადაგება სასწაულებრივად არაბუნებრივ ენებზე არაქრისტიანების წიაღში მომხდარა.